"თეგეტა ჰოლდინგის" უპრეცედენტო ემისია - კომპანიამ "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
- ეს საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი ემისიაა
- ობლიგაციების ინვესტორების ბაზა დივერსიფიცირებულია. განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება
- თეგეტა კავკასიის რეგიონში, ავტოინდუსტრიის სფეროში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აქვს
საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა "თეგეტა ჰოლდინგმა", "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა. ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე. გამოშვებული ობლიგაციის ფასი განისაზღვრა TIBR+3.5%-ით. განთავსების იურიდიული მრჩეველი იყო BLC Law.
"თეგეტა ჰოლდინგის" გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ლიკვიდურობას. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.
ვახტანგ კაჭარავა, "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე ენდობა თეგეტას. ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენი კომპეტენტური გუნდის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით შევძელით. აღსანიშნავია "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერა და როლი ამ უპრეცედენტო ფინანსურ ოპერაციაში. ბონდების ძირითადი უპირატესობა მისი არაუზრუნველყოფილი ბუნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის საბანკო სესხის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც კომპანიას ფინანსური ვალდებულებების დივერსიფიცირების მარტივ შესაძლებლობას აძლევს. ის სახსრები, რაც ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, სრულად მოხმარდება ჩვენი ჰოლდინგის განვითარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას. ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში გამოიცა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰოლდინგის სავალუტო რისკებს".
"თეგეტა ჰოლდინგის" მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს. გამოშვებულ ობლიგაციებთან მიმართებით ფინანსური ორგანიზაციების დაინტერესებასა და აქტიურობას "თეგეტა ჰოლდინგში" კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობით ხსნიან.
აღნიშნული ობლიგაციები "თიბისი კაპიტალის" მიერ წელს რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ისტორიულად "თიბისი კაპიტალს", ჯამში, 60-ზე მეტი ორგანიზაციის ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა.
2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე "თიბისი კაპიტალი" ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.
მერი ჩაჩანიძე, "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი: "პირველ რიგში, ვულოცავთ "თეგეტა ჰოლდინგს" წარმატებით დახურულ ტრანზაქციას. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ფასიანი ქაღალდების ყველაზე მსხვილი კორპორაციული ობლიგაცია "თიბისი კაპიტალის" ჩართულობით განთავსდა. კაპიტალის ბაზრის მეშვეობით, კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ და შესაძლებლობა მივეცით, დაფინანსების სტრუქტურა გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინათ "თეგეტამ"პირველი ემისიის გამოშვებაც ჩვენი დახმარებით განახორციელა. "თიბისი კაპიტალი" ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ჩვენ განვითარებაში ხელს ვუწყობთ როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ისე კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის".
პირველი წარმატებული ემისია "თეგეტამ" 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გაანაღდა. ეს უპრეცედენტო მოცულობის ტრანზაქცია იყო კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა. მომდევნო წელს "თეგეტა ჰოლდინგი" კაპიტალის ბაზარზე გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:
უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თიბისი კაპიტალის შესახებ:
"თიბისი კაპიტალი" საქართველოს ბაზარზე #1 საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, "თიბისი კაპიტალი" ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge