თიბისიმ საერთაშორისო კონფერენციაზე "UNITING BUSINESS EUROPE" მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა წარადგინა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
9 ოქტომბერს, თბილისში, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საერთაშორისო კონფერენცია "Uniting Business Europe" გაიმართა. კონფერენციაზე, ღონისძიების ერთ-ერთი გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა თიბისის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკაზე ისაუბრა.
"Uniting Business Europe" აერთიანებს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს: ადგილობრივ და გლობალურ ბიზნეს ლიდერებს, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან.
"Uniting Business Europe"-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში განხილული იყო, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას როგორებიცაა: მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესი, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციები, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი დაფინანსება, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და სხვა.
"თიბისისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. თიბისი უკვე 10 წელია, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრია და რეგიონული კონფერენციის გენერალური სპონსორობით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია. თიბისის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, მათ შორისაა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება, ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის. სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ მდგრადი ბიზნეს მოდელების მხარდაჭერა და მომხმარებლების, ბიზნესის, თანამშრომლების და მთლიანად საზოგადოების მდგრადობის გაზრდა ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილია" - აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.
"Uniting Business Europe" კონფერენციის სპიკერები იყვნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: ჰეიდი ჰაუტალა - ევროპული პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი (ჰიბრიდული ფორმატით), ვიტორია ფერაგამო - "ილ ბორო ტოსკანას" მფლობელი, იმრან აჰმადზადა - NEQSOL Holding Azerbaijan ხელმძღვანელი, მელინა არაკელიანი - ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ჩეხერია - "რუმს ჰოტელსის" აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა - "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბატი - "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი, იკინ ჰაჯიევი - "Sustainera Solution"-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენინგ სასე, "Norm"-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა.
კონფერენციის "Uniting Business Europe" ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.