თიბისის მხარდაჭერით აშენებულ სათბურებში კომპანია "სტრელეციას" საქართველოში უნიკალური მცენარეები გამოჰყავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქოთნის ყვავილების სათბური და სავაჭრო ცენტრი "სტრელეცია", რომელიც ამავე სახელწოდების ულამაზესი ეგზოტიკური ყვავილის სახელს ატარებს, საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ოთახის ყვავილებისა თუ სხვა დეკორაციული მცენარეების მოყვარულთა ყურადღება.
მისი დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე, რომელმაც ჰოლანდიაში 26 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მეყვავილეობა პროფესიად აქცია, სამშობლოში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ ევროპაში დაგროვილი გამოცდილება კონკრეტულ საქმედ ექცია და, როგორც თავად ამბობს, ამით სამშობლოს განვითარების პროცესში ერთი აგური დაედო.
მერაბ ფუტკარაძემ საკუთარი სახსრებით იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში 2 ჰა მიწის ნაკვეთი იყიდა, სასათბურე მეურნეობა გააშენა და ქოთნის მცენარეების უნიკალური ჯიშების ევროპიდან შემოტანასა და საქართველოში მათ პოპულარიზაციას შეუდგა. სწორედ ასე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე უამრავი უნიკალური მცენარე, მათ შორის კი ყვავილების დედოფალი, ულამაზესი სტრელეციაც, რომელიც, სხვა მცენარეებთან ერთად, კომპანიას ახლა უკვე ადგილზე, თავად გამოჰყავს.
"მთავარი, რაც ჩვენს კომპანიას ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან განასხვავებს, მცენარეების ხარისხია. ევროპიდან შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის ტორფი, ადგილზე სპეციალური დანადგარების მეშვეობით გამოგვყავს მცენარეებისთვის ინდივიდუალურად საჭირო მიწა. ჩვენთან ყველა მცენარე ქოთანში იზრდება. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები შხამ-ქიმიკატი მივაწოდოთ მათ. როგორც შხამ-ქიმიკატებით მოწამლული ხილი თუ ბოსტნეულია მავნე ორგანიზმისთვის, ასევეა ქოთნის ყვავილების შემთხვევაშიც, რომლებიც ამ შხამს შემდეგ ჰაერში გამოყოფენ და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ მიერ გამოზრდილი მცენარე ჯანმრთელი იყოს. ქოთანში მცენარე კი ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ღია გრუნტში გამოზრდილი თუნდაც წიწვოვანი მცენარეები, რომლებიც სწორედ მიწაში არსებული დაავადებებით ავადდებიან," - ამბობს კომპანია "სტრელეციას" დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე.
იმერეთში, 2 ჰა მიწაზე, თიბისის მხარდაჭერით აგებულ 15-ამდე სათბურში, "სტრელეციას" საგანგებოდ დატრენინგებული პერსონალი, მერაბ ფუტკარაძის თაოსნობით, 200-მდე სახეობის მცენარეს უვლის. მცენარეების 60-ამდე სახეობა საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, უმეტესობა კი, მათ შორის წიწვოვანი მცენარეები, ადგილზე გამოჰყავთ.
მერაბ ფუტკარაძისვე ინიციატივით, მეურნეობას წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჰოლანდიიდან მოწვეული აგრონომი, რომელიც "სტრელეციაში" დასაქმებულ, საგანგებოდ შერჩეულ პერსონალს კონსულტაციას უწევს და ატრენინგებს. ამჟამად კომპანიაში 7 დასაქმებულია.
მომავალში "სტრელეცია" ტერიტორიის ორჯერ გაფართოებას, იმპორტის შეჩერებას და ყველა მცენარის ადგილზე გამოყვანას, სახეობების გამრავალფეროვნებას და ფასების განახევრებას გეგმავს.
რამდენიმე თვეში კი, მერაბ ფუტკარაძის ინიციატივით, კომპანიის ბაზაზე აგრონომიის შემსწავლელი ინსტიტუტი გაიხსნება.