Join our Waitlist for Expert Advice!

ტურიზმის ინდუსტრია გიდების ახალ თაობას იკრებს მრავალფეროვანი გარემო, გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაცია და რა თქმა უნდა მაღალი ანაზღაურება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა სჭირდებათ ახალგაზრდებს საინტერესო ცხოვრებისთვის? მრავალფეროვანი გარემო,გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, მაღალი ანაზღაურება. ახლა კი წარმოიდგინეთ სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს.

გიდები თავიანთ საქმიანობაზე განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ გიდობა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ შემოსავლიანი საქმიანობაა. Entrepreneur ერთ-ერთ გიდს, სოფო ფრუიძეს, დაუკავშირდა და მისი საუბრიდან აღმოჩნდა, რომ მართლაც ასეა. სოფომ ის 5 მიზეზი გაგვიმხილა, თუ რატომ არის გიდის პროფესია საინტერესო:

"ჩვენი სტუმრები უაღრესად განათლებული და გამოცდილი მოგზაურები არიან. მათი უმეტესობა 50-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესოა მათთან ურთიერთობა. ტურის განმავლობაში მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ცოდნასა და შთაბეჭდილებებს. განსაკუთრებით სასიამოვნო კი დღის ბოლოს ჭიქა ღვინო და მრავლისმომცველი საუბრებია.

ჩემთვის ხშირად უკითხავთ, საზღვარგარეთ რატომ არ მივდივარ სამუშაოდ. სხვა მრავალ მიზეზს შორის მთავარი ალბათ ის არის, რომ გიდად მუშაობამ საშუალება მომცა ჩემს ქვეყანაში მქონოდა ღირსეული ანაზღაურება და თან საინტერესო საქმე მეკეთებინა. გიდის კარგ ანაზღაურებას ისიც განაპირობებს, რომ საინტერესოდ და კარგად ჩატარებული ტურისთვის არა მარტო ხელფასს, არამედ სტუმრებისგან გულუხვ საჩუქარსაც − ე.წ. თიფს იღებს.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საოფისე საქმიანობა დიდად არ იზიდავთ. მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. გიდის ოფისი მთელი საქართველოა. ყოველდღე საქართველოს სხვადასხვა ადგილს ვსტუმრობთ. მუდმივად ვიცვლით გარემოს. თან მუშაობ და თან ბუნების ულამაზესი ხედებით ტკბები. სამსახური გაძლევს საშუალებას, იმოგზაურო. მახსოვს, ხშირად მითქვამს, სვანეთსა და თუშეთში არ ვარ ნამყოფი-მეთქი. ახლა კი სეზონი ისე არ ჩაივლის, რამდენიმეჯერ არ ვესტუმრო. აქვე დავძენდი, რომ სამუშაო პროცესში უამრავ უცნობ ადგილობრივ კერძსა და ღვინოს აგემოვნებ. ყოველი დღე საინტერესო სიახლეებითაა დახუნძლული.

გიდობას ასევე ერთი საინტერესო მხარე აქვს − ტურისტული სეზონი 7 თვე გრძელდება. ამ პერიოდში აქტიურად მუშაობ, დარჩენილი 5 თვე კი თავისუფალი გრჩება. მე თუ მკითხავთ, იდეალური გადანაწილებაა. ზამთრის პერიოდში ვმოგზაურობთ, თვითგანვითარებაზე ვზრუნავთ, სხვა საქმიანობით ვართ დაკავებულნი და უფრო მეტ დროს ვუთმობთ საკუთარ ინტერესებს. სეზონზე დაგროვებული დანაზოგი კი ყველა სურვილის ასასრულებლად სრულიად საკმარისია.

უცხოელებთან კომუნიკაცია ენის ცოდნაზეც დიდ გავლენას ახდენს. ტურისტულ სეზონზე ხალხთან მუდმივად უცხო ენაზე გაქვს კომუნიკაცია, რაც ბუნებრივ გარემოს ქმნის ენის გასაუმჯობესებლად. ტურისტული სააგენტო, რომელშიც მე ვარ დასაქმებული, ძირითადად ევროპულ ბაზარზე მუშაობს. მაგალითად, თუ სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან და სკანდინავიიდან არიან, შესაბამისად, ჩემი ინგლისურიც მუდმივად ვითარდება. ტურისტები ძალიან ხშირად აღნიშნავენ ჩვენი გიდების კარგ ინგლისურს და უჭირთ ხოლმე იმის დაჯერება, რომ ხშირ შემთხვევაში, გიდების უმეტესობას გარკვეული დროით მაინც ინგლისურენოვან ქვეყანაში არ უცხოვრია".

Entrepreneur დაინტერესდა, სჭირდება თუ არა ქართულ ტურიზმს გიდების ახალი თაობა. ბაზრის შესწავლის შედეგად გამოვარკვიეთ, რომ მსხვილი ტურისტული სააგენტოები ახალი ნაკადების მიღებასა და გადამზადებას ნოემბრის თვიდან გეგმავენ, რაც ათეულობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ახლა კი კარგი დროა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა, იქნებიან ესენი სტუდენტები თუ სამსახურის მაძიებლები, დროულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა არის საჭირო გიდის პროფესიის დასაუფლებლად:

  1. რომელიმე უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა
  2. უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი
  3. უმაღლესი განათლება და ახალი პროფესიის შესწავლის სურვილი
  4. მოგზაურობის ინტერესი

დღეისათვის საქართველოში გიდების პროფესიული მომზადების მრავალი კურსი არსებობს. მათი ხანგრძლივობა საშუალოდა 3-4 თვეა. აღნიშნული სასწავლო კურსების ფარგლებში, კანდიდატები გიდისთვის საჭირო თეორიულ განათლებასა და პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. ზოგი კურსი ფასიანია, ზოგიც − უფასო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რამდენიმე თვეში სრულიად ახალ პროფესიას დაეუფლოს, საინტერესო სამსახურიც დაიწყოს და სოფოსავით აღტაცებულმა ისაუბროს საკუთარ საქმიანობაზე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი