"ვარიანტი" - პლატფორმა, სადაც სამოსის შეძენა და შემოსავლის წყაროდ ქცევა ერთდროულად არის შესაძლებელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვარიანტი", როგორც ონლაინპლატფორმა, 2020 წელს შეიქმნა. მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებდა. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტანისსამოსის შეძენა ონლაინ უწევდა.
ეს ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია იყო ბიზნესის წამოსაწყებად. თუმცა ასევე, იმ ქალბატონებისთვის, რომელთა გარდერობში ბევრი ერთ დროს საყვარელი, მაგრამ ახლა უკვე უსარგებლო ტანსაცმელი თავს იყრიდა, ახალი შესაძლებლობა გაჩნდა.
გარდა იმისა, რომ ტანსაცმლის მეორადად გამოყენება კეთილშობილური საქციელია, საკუთარი ნივთების გაყიდვა ძალიან სასიამოვნო პროცესია, ასევე ბევრი ქალბატონისთვის ეს შემოსავლის წყაროდ ვაქციეთ.
ჩვენს ჯგუფში 30 000 ქალბატონია გაწევრებული, საიდანაც 5000 რეგულარულად ყიდის და მათთვის ეს დამატებითი შემოსავლის არხია. საქართველოში ონლაინშოპინგი ბოლო წლებში შედარებით გამარტივდა, თუმცა შოურუმის შექმნის აუცილებლობას მაინც ვხედავდი.
მას შემდეგ, რაც "ვარიანტის" ფიზიკური სივრცეც გაიხსნა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბიზნესი განვითარების სწორ გზაზე დგას. ვფიქრობ, მარტივი არ არის ერთდროულად ორი მომხმარებელი (გამყიდველი და მყიდველი) იყოს კმაყოფილი, თუმცა "ვარიანტმა" ამ უნიკალური შესაძლებლობით ეს ნამდვილად მოახერხა", - მარიამ გურგენიძე, "ვარიანტის" დამფუძნებელი.
როგორც მარიამი გვიყვება, იგი 20 წლიდან მოღვაწეობს ბიზნესის სფეროში. ფიქრობს, რომ ბიზნესის განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მომხმარებელია. დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ პრობლემას არ შეუშინდნენ, თუ მისი წარმოშობის მიზეზს იპოვიან, გადაჭრის გზასაც მოძებნიან.
"არ ვეთანხმები იმ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია, თუმცა მიმაჩნია, რომ ბიზნესის სწორი განვითარებისთვის იგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ბიზნესის შემქმნელი. თუ მათ შორის სწორი კომუნიკაცია ვერ დამყარდება, ბიზნესი წინსვლას შეწყვეტს.
ანტრეპრენერი ყოველთვის რაღაც ახლის წამოწყებასთან ასოცირდება, შესაბამისად, ჩემთვის ის ადამიანები, ვინც სიახლეებს არ უშინდებიან და დიდი რისკის მიუხედავად რაღაც ახალს და საინტერესოს ქმნიან, ამ სიტყვის პირდაპირი "შესატყვისები" არიან".
"ვარიანტის" შოურუმი 1 თვეა, რაც გაიხსნა, თუმცა არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.
"არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ გაყიდვა და მომხმარებლები, რომლებსაც სურთ ყიდვა. ჩვენი ბიზნესი სწორედ ამ საჭიროებებიდან არის ინსპირირებული. ყოველი ახალი მომხმარებელი არის შთაგონების წყარო, ვაკეთოთ მეტი და მეტი, მათ პრაქტიკულ სურვილებს მოვუსმინოთ და ასრულებაში დავეხმაროთ. ყოველთვის ვიფიქროთ განვითარებაზე და რაღაც კიდევ უფრო საინტერესო შევქმნათ".