Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Vili - ონლაინ ჰიპერმარკეტი ქართველი ფერმერებისა და ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად 143 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია "შარქებისგან"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – "Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

"შარქ თენქის" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული ონლაინჰიპერმარკეტის პლატფორმა Vili გახდა, რომელმაც "შარქებისგან" − ქეთი ქვარცხავასა და დაჩი ჭოლაძისგან 143 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა.

VILI-ს შექმნის იდეა პანდემიის საწყის პერიოდს უკავშირდება, როდესაც შეიცვალა როგორც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტილი, ისე სამომხმარებლო ქცევა. პლატფორმის დამფუძნებელმა მიხეილ ნემსიწვერიძემ და დირექტორმა ლაშა სტურუამ შეამჩნიეს, რომ ახალ ვითარებაში განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა საკვები პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთების შინიდან გაუსვლელად შეძენასა და მიტანის სერვისზე, რამაც თავის მხრივ, არსებულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე დატვირთა გაზარდა, წარმოქმნა პროდუქციის დეფიციტი, გამოიწვია ფასების ზრდა და ბაზარზე ახალი ონლაინსუპერმარკეტების საჭიროება წარმოშვა.

"სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ონლაინსივრცე, რომელიც უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს და ამასთან, მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომს გახდიდა ადგილობრივ ნატურალურ პროდუქციას. იდეის დამუშავების ეტაპიდან ერთ-ერთ მიზნად გვქონდა ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის რეალიზაციაც. ჰიპერმარკეტის სახელიც ხომ სწორედ ინგლისური სიტყვიდან − Village (სოფელი) წამოვიდა. ამით გვინდოდა ხაზი გაგვესვა "ვილის" პროდუქციის წარმომავლობაზე", − აცხადებს ლაშა სტურუა, − "რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, 2021 წლის იანვრის ბოლოს ჩავუშვით ჩვენი ონლაინპლატფორმა და მივიღეთ პირველი შეკვეთები. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ონლაინჰიპერმარკეტი, სადაც განთავსებულია როგორც ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ასევე ფერმერული მიმართულების პროდუქცია, რაც ჯამში 1500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს მოიცავს".

აღსანიშნავია, რომ Vili-ს გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლებით, ხოლო დამფუძნებლები არიან ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინტერნეტტექნოლოგიები, დეველოპმენტი, საგანმანათლებლო მიმართულება (logicmeter) და საერთაშორისო გადაზიდვებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანები, რაც მათ ამჟამინდელ საქმიანობაში ეხმარება.

"შარქ თენქში" მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ მაშინ, როდესაც კომპანიის სწრაფი განვითარებისათვის საჭირო ინვესტორების მოძიებას შევუდექით. აღნიშნული პროექტის შესახებ ვიცოდით და მალევე, აქტიურად დავიწყეთ მომზადება, გავაანალიზეთ და ჩამოვაყალიბეთ ის საკითხები, რომელთა მოგვარებაში დაგვეხმარებოდა პროექტში მონაწილეობა. მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო, რომ მოვიპოვებდით დაფინანსებას, რაც, როგორც უკვე იცით, შევძელით კიდეც. ვფიქრობთ, "შარქ თენქ საქართველო" ძალიან წარმატებული და დროული პროექტია ქართული რეალობისათვის, რომელიც საქართველოში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სტარტაპერებისათვის. ამ პროექტში მონაწილე პირებს, გარდა დაფინანსებისა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ კარგი გამოცდილება, საჭირო რჩევები და რასაკვირველია, მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი კომპანიისა თუ პროდუქტის ცნობადობაც", − აღნიშნავს ლაშა სტურუა.

დღესდღეობით, Vili-ს უკვე საკმაოდ ბევრი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებმაც კომპანიის დახმარებით ყოველდღიურ საყიდლებზე სიარულის პროცესი გაიმარტივეს და პროდუქტებით მომარაგება მთლიანად Vili-ს მიანდვეს. ბიზნესი კვლავ განვითარების ეტაპზეა, თუმცა სტარტაპი სწრაფი ტემპით იზრდება, ყოველდღიურად ემატება მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, შეკვეთების რიცხვიც. ამავდროულად, მომხმარებლის მატებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა სხვადასხვა სახის პროდუქციაზე, რაც Vili-ს ასორტიმენტის სწრაფ ზრდაზეც აისახება. რაც შეეხება პროექტში ჩაბმული "შარქების" მხარდაჭერას, როგორც ლაშა აღნიშნავს, ფინანსური ჩართულობის გარდა, ქეთისგან და დაჩისგან ბევრი საინტერესო რჩევა მიიღეს, რაც ბიზნესს კიდევ უფრო სწრაფ ზრდასა და სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

Entrepreneur Vili-ს უახლოესი სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა. როგორც დამფუძნებლები გვიამბობენ, ამ ეტაპზე Vili პროდუქციის მიწოდებას მხოლოდ თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფს, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად პლატფორმა საკუთარი დაფარვის არეალის ზრდას აპირებს და თბილისის მიმდებარე სააგარაკე ზონების მომსახურებასაც ისახავს მიზნად. "გარდა ამისა, ვგეგმავთ თბილისში დამატებით ფილიალების გახსნას, შემდგომ ეტაპზე კი, უკვე ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გასვლას და ოპერირებას", − აცხადებენ Vili-ს დამფუძნებლები.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს