ვინ არის ლინდა იაკარინო? ყველაფერი Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესახებ ილონ მასკმა აღმასრულებელი დირექტორის ჩირაღდანი 5 ივნისს ოფიციალურად გადასცა ახალ ლიდერს, ლინდა იაკარინოს, გამოცდილ აღმასრულებელს სარეკლამო სფეროში, რომელიც ადრე NBC Universal-ში მუშაობდა.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ილონ მასკმა Twitter 2022 წლის ოქტომბერში შეიძინა და მას შემდეგ სოციალური მედიის პლატფორმის გზა ია ვარდებით მოფენილი არასოდეს ყოფილა: რეკლამის განმთავსებლები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებდნენ Twitter-ს, მომხმარებლები მიმდინარე ცვლილებებით იყვნენ აღელვებულები (მათ შორის, Twitter Blue-ის ინტეგრაცია), მასობრივმა გათავისუფლებებმა კი, კომპანიის შიგნით დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
დეკემბერში მასკმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა, პლატფორმას სთხოვა მისი, როგორც სოციალური მედიის პირველი ხელმძღვანელის ბედი გადაეწყვიტა: "უნდა დავტოვო თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელის პოსტი? მე ამ გამოკითხვის შედეგებს დავემორჩილები". ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი და მასკმა ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებდა, როგორც კი ვინმეს იპოვიდა "საკმარისად უგუნურს, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებაზე იქნებოდა თანახმა".
თუმცა, Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო, ასეთი სულაც არ არის. 60 წლის მედიის ვეტერანმა თავისი ახალი პოსტი ოფიციალურად 5 ივნისს დაიკავა (მოსალოდნელზე დაახლოებით ორი კვირით ადრე, მასკის 12 მაისით დათარიღებული განცხადების თანახმად).
საინტერესოა, ვინ არის იაკარინო, Twitter-ის ახალი ხელმძღვანელი? ქვემოთ ყველაფერია ამ უზღვავი ენერგიის მქონე რეკლამის დიდოსტატისა და Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესახებ.
საიდან არის ლინდა იაკარინო?
ლინდა იაკარინო იტალიელი ამერიკელია, დიაპარკში, ნიუ-იორკში გაიზარდა, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციების განხრით სწავლობდა, რომელიც 1985 წელს ხარისხით დაამთავრა.
ბოლოს სად მუშაობდა ლინდა იაკარინო?
იაკარინო Twitter-ში მისვლამდე ათწლეულების განმავლობაში სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობდა. იგი NBC Universal-ის სარეკლამო და მომხმარებელთან პარტნიორობის განყოფილების თავმჯდომარე იყო, სადაც კომპანიის საბაზრო სტრატეგიასა და NBC-ის საკაბელო, სამაუწყებლო და ციფრული აქტივებით მიღებულ სარეკლამო შემოსავალზე იყო პასუხისმგებელი.
"ჩემთვის უზომოდ დიდი პატივი იყო, რომ Comcast NBCUniversal-ის ნაწილი ვიყავი და ყველაზე გასაოცარ გუნდს ვხელმძღვანელობდი", - ნათქვამია იაკარინოს განცხადებაში, რომელიც მან NBC-დან წასვლისას გამოაქვეყნა, - "ჩვენ შევცვალეთ ჩვენი კომპანია და მთელი ინდუსტრია და მე ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ".
იაკარინომ NBC-ში თითქმის 12 წელიწადი გაატარა. იქამდე იგი Turner Broadcasting Systems-ში ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა, სხვადასხვა პოსტს იკავებდა, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტით დაწყებული და ოპერაციების მიმართულების მთავარი ოფიცრით დამთავრებული.
დაოჯახებულია თუ არა ლინდა იაკარინო?
როგორც BBC აღნიშნავს, იაკარინო თავის მეუღლეს, კლოდ მადრაზოს პაემანზე ისე შეხვდა, რომ არც კი იცნობდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს და ისინი სი-კლიფში, ნიუ-იორკში ცხოვრობენ.
რა თქვა ლინდა იაკარინომ იმის შესახებ, რომ Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა?
ამ მდგომარეობაში მყოფი Twitter-ის ხელმძღვანელობა ადვილი სულაც არ არის, თუმცა, იაკარინო თავისი თავისი ახალი როლით მაინც აღფრთოვანებულია. გასულ თვეს, იაკარინომ როგორც Twitter-ზე, ასევე LinkedIn-ზე განაცხადა, რომ მისი შთაგონების წყარო Twitter-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, მასკის იდეა გახდა, "ნათელი მომავლის შექმნის" თაობაზე.
"მოხარული ვარ, რომ ამ იდეას Twitter-ზე მივიტან და ბიზნესს ერთად გარდავქმნით. Twitter-ის მომავლისთვის თითოეული ადამიანის გამოხმაურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და მე აქ ვარ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო", - წერს ახალი აღმასრულებელი დირექტორი LinkedIn-ზე.
ახლა Twitter-ზე რას აკეთებს ილონ მასკი?
ახლა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იაკარინო გახდა, მასკმა კი, მაისში Twitter-ზე დაწერა, რომ მისი როლი აღმასრულებელ თავმჯდომარეს, ტექნიკურ დირექტორს, პროდუქტის დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების ზედამხედველობის სფეროს წარმომადგენლებს გადაეცემოდათ.