Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლებში გლობალურ ბაზარზე უნიკალური სანელებლების მოთხოვნა მნიშვნელოვნად სცილდება უმეტეს სუპერმარკეტებში არსებულ ძირითად სანელებლებს, ხარისხსა და რაოდენობას. მომხმარებლები ეძებენ ახალ და საინტერესო გემოს, რათა განავითარონ საკუთარი კულინარიული რეპერტუარები, ხოლო ერთ-ერთი კომპანია, როგორიცაა Waime Spices, ცდილობს დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა.
Waime Spices ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოში მოკრძალებული ინვესტიციით დაარსდა, რომლის ოდენობა სულ რაღაც 600 აშშ დოლარს შეადგენდა. კომპანია მას შემდეგ გაიზარდა და დღეს ორ ფილიალს ფლობს თბილისში. ბრენდის არასტანდარტული ბიზნესმოდელი და ემოციური ბრენდის შექმნის ვალდებულება განასხვავებს მას სანელებლების სხვა მაღაზიებისგან.
კერძოდ, Waime Spices-ს გამოარჩევს მისი არასტანდარტული ბიზნესმოდელი. იგი მიზნად ისახავს ემოციური ბრენდის შექმნას, რომელიც სცილდება უბრალოდ სანელებლების გაყიდვას. საწყისი კომუნიკაციიდან დაწყებული, ყოველი პროდუქტის გამოყენების მომხმარებელთა გამოცდილებამდე, კომპანია ცდილობს ღრმად და ემოციურად დაუკავშირდეს თავის მომხმარებლებს. Waime Spices-ს სჯერა, რომ შინ საჭმლის მომზადება სახალისო და განტვირთვის გამოცდილება უნდა იყოს, ამიტომ კომპანიას სურს დაეხმაროს მომხმარებლებს ამის მიღწევაში არა მხოლოდ საჭმლის სანელებლების შეთავაზებით, არამედ ემოციებითა და გამოგონებებით, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს.
Entrepreneur-თან საუბრისას Waime-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგიამ კომპანიის მთავარი საქმიანობის შესახებ და მის მიზნებზე ისაუბრა.
"ჩვენ ვაშენებთ ემოციურ ბრენდს ჩვენი დარგისთვის არასტანდარტული ბიზნესმოდელით, რომელსაც დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ გააჩნია ანალოგი ევროპაში. ყველა ეტაპზე, დაწყებული პირველადი კომუნიკაციით და დასრულებული პროდუქტის გამოყენების სამომხმარებლო გამოცდილებით, ვცდილობთ მოვახდინოთ ღრმა და ემოციური კომუნიკაცია. ამ კონცეფციის მაღაზიების ამოქმედებით, ვცდილობთ, ისეთი სამომხმარებლო გამოცდილება დავნერგოთ, სადაც მყიდველი მიიღებს არა მხოლოდ უშუალოდ პროდუქტს, არამედ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას. ამ სანელებლების ისტორიის, მათი გამოყენების, სასარგებლო თვისებების შესახებ ვუამბობთ, რაც მათ ახალი გემოების შთაგონებას მისცემს. ამასთან, მომხმარებელი ჩვენს სანელებელს ესთეტიკურად მისაღებ და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით შეიძენს. ვცდილობთ თანამედროვე მოთხოვნებს ვუპასუხოთ და პროდუქტის რეალიზებისას პლასტმასა და პოლიეთილენი არ გამოვიყენოთ".
ნიშანდობლივია ისიც, რომ Waime Spices-მა უნგრეთში ადგილობრივი კომპანია დააფუძნა, სადაც სამი კონსულტანტი დასაქმდება, კომპანიის ხუთწლიანი გეგმა კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 15 მაღაზიის გახსნას და სანელებლების მაღაზიების პირველი საერთაშორისო ქსელის შექმნას ითვალისწინებს.
გიორგის თქმით, WaimeSpices-ის პირველი ფლაგმანი მაღაზია ბუდაპეშტის სავაჭრო ცენტრში განთავსდება − ლოკაციას, რომელსაც ყოველწლიურად 19 მლნ ადამიანი სტუმრობს.
"ფლაგმანური მაღაზია განთავსდება Westend City Mall-ში, ბუდაპეშტის უდიდეს სავაჭრო ცენტრში, Starbucks-ის გვერდით. ეს ლოკაცია სტრატეგიულად შეირჩა სავაჭრო ცენტრის ვიზიტორთა დიდი მოცულობის გამო, რომელსაც ყოველწლიურად 19 მილიონი ადამიანი სტუმრობს. სამი მაღაზიის გახსნა ბუდაპეშტში არის საინტერესო ახალი თავი Waime Spices-ისთვის, რადგან ის აფართოებს თავის უნიკალურ მიდგომას სანელებლების შოპინგისადმი ახალ ბაზარზე. პირველი სამი თვის განმავლობაში მე და კომპანიის საოპერაციო დირექტორი ლევან ნურიევი ჩვენს დაგროვილ ცოდნას ადგილობრივად დასაქმებულ კადრებს გადავცემთ, რადგან ის მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, სტანდარტული არ არის. შემდეგ უკვე ადგილობრივი კადრები დარჩებიან და თითოეულ ფილიალში სამი ადამიანი დასაქმდება".
კომპანიის პირველი მაღაზია უცხოეთში 3 მაისს გაიხსნა, კიდევ 2 ფილიალი კი მომდევნო 3 კვირის განმავლობაში გაიხსნება. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ კომპანიის მთავარ მიზნებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 15 მაღაზიის გახსნა წარმოადგენს, ხოლო მომავალში − ხელმისაწვდომი ფრანჩაიზის ფორმატის შექმნა.