Wegotrip - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას
By ელენე ბერიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა ალექსანდრე, სტანისლავი და კირილი 2015 წელს ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ, პირველი ერთობლივი კომპანიაც სწორედ მაშინ დააფუძნეს, ორი წლის შემდეგ კი მათ ქალაქების საძიებო სისტემის პლატფორმა შექმნეს.
როცა გაიაზრეს, რომ თვითშემეცნებითი ტურები უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, მოგზაურობა პლატფორმაზე მთავარ აქცენტად აქციეს.
ისინი თავად წარმოადგენენ მოგზაურობის მოყვარულთა გუნდს, რომელსაც ჯგუფური ტურები ნაკლებად ხიბლავს. ამავე გემოვნების მქონე ადამიანებისთვის მათ ტურიზმის მეტად ხელმისაწვდომად ქცევა და თვითშემეცნების მეტი საშუალების გაჩენა გადაწყვიტეს.
უამრავი ადამიანი ყიდულობს ტურს პოპულარულ ტურისტულ ატრაქციებზე − იქნება ეს კოლიზეუმი თუ ლუვრი, და ხშირად ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებიან (80-კაციანი დიდი ჯგუფები, რომელშიც იკარგებიან; არ ესმით გიდის, რომელიც ჯგუფს ხშირად აჩქარებს; ზოგჯერ ხომ საერთოდ ტური უქმდება იმის გამო, რომ გიდი არ გამოცხადდა ან ჯგუფში ადამიანთა რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა; იქნებ გიდს არ ესმის ინგლისური და სხვა...). სამმა სტარტაპერმა კი ტურიზმის მიმართულებით ახალი სიტყვა თქვა და wegotrip-ის აპლიკაცია შექმნა, რომელიც მათთვისაა, ვისაც საკუთარ თავზე მორგებული მოგზაურობა სურს.
აპლიკაციით ტურისტი პირად აუდიოტურს ჯგუფური ტურის ფასად შეიძენს. ტური გულისხმობს მუზეუმის ბილეთს და აუდიოკონტენტს მშობლიურ ენაზე. Wegotrip-ის უპირატესობა ერთ აპში გაერთიანებული რამდენიმე შეთავაზებაა: აუდიოტური და ბილეთები, რომელიც 30 ქვეყანაში ნებისმიერ დროს, ყველაზე აქტიურ სეზონებზეც მოქმედებს.
რაც მთავარია, ტურები პროფესიონალი გიდების მიერაა შედგენილი და ნებისმიერი ტურისტისთვისაა, რომელიც გამოარჩევს მთავარ ლოკაციებს და მოგზაურებს, ასევე ქალაქების დამალულ განძს გააცნობს.