ყველაზე შედეგიანი მიდგომა - ადამიანები უმთავრესია და მაინც, როგორია ახალი ერა შრომის ბაზარზე?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ხელოვნური ინტელექტი (AI) კი არ ჩაანაცვლებს ადამიანებს, არამედ AI-ის გამომყენებელი ადამიანები ჩაანაცვლებენ მათ, ვინც AI-ს არ იყენებს", - ქერიმ ლაქანი, HBS პროფესორი
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინსტიტუციური და პიროვნული გაძლიერების პროექტის ფარგლებში ცვლილებების მართვის ვორქშოპიდან მიღებული გამოცდილება გავაანალიზე, ჩემთვის ერთ-ერთი საყურადღებო მიგნება სწორედ ადამიანების ჩართულობისა და მათზე ზრუნვის ურთიერთკავშირი აღმოჩნდა. ამ თემის გარშემო საინტერესო ამბები მიმოვიხილე Entrepreneur Georgia-ში გამოქვეყნებულ ჩემს ადრინდელ სტატიებში: "ცვლილებების მართვა ადამიანთა ჩართულობით" (ჟურნალი #70) და "ლიდერობა 4.0 ანუ რა გამოარჩევს მომავლის ლიდერებს" (ჟურნალი #68). აქ კი საკითხების აქტუალობას განსხვავებული რაკურსით შევეხები, რომლის თანახმადაც, მდგრადი განვითარების ვექტორი ორგანიზაციულ კულტურაში პიროვნების როლის წინ წაწევისკენ არის მიმართული.
ახლა, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია სწრაფად ცვალებად გარემოში გვაცხოვრებს და ბიზნესის განვითარების ტემპიც აჩქარდა, არსებითად შეიცვალა სამუშაო ძალის მიმართ მენეჯმენტის დამოკიდებულება. "თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, აკეთე სხვანაირი რაღაცები, ან აკეთე რაღაცები სხვანაირად", - პიტერ დრაკერის ეს ცნობილი გამონათქვამი არაერთი წარმატებული ბრენდის მისიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამავდროულად, თუ დავაკვირდებით, ეს "სხვანაირობა" სწორედ საუკეთესო ადამიანთა ჩართულობით ხორციელდება და, რაც მთავარია, ბრენდის "ადამიანურობით" გამოიხატება.
გამორჩეულობის შესანარჩუნებლად უაღრესად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სათანადო ადამიანების შერჩევა საჭირო დროს, საჭირო ადგილას კონკრეტული საქმის შესასრულებლად, მეორე მხრივ, მათი მუდმივი მომზადება-გადამზადება მიმდინარე ცვლილებების უკეთ სამართავად. ადრე ეფექტურობის მსაზღვრელი მხოლოდ ტექნიკური ცოდნა და მასში სათანადო კაპიტალდაბანდება იყო. ამჟამად ის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რადგან სხვადასხვა ინდუსტრიის გაციფრულებამ, ბიზნესმოდელების ოპტიმიზაციამ და ეჯაილ სისტემაზე გადასვლამ, მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ და ციფრული მედიის პროგრესულმა ზრდამ, მომსახურების სფეროში ხარისხის გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებამ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა.
და მაინც, როგორია ახალი ერა შრომის ბაზარზე?
ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის გაძლიერების კვალდაკვალ გამოიკვეთა, რაოდენ მნიშვნელოვანია ტექნიკური გამოცდილების, სტრატეგიული აზროვნების, ლიდერობისა და კომუნიკაციის ურთიერთბალანსი. ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის პროგრესთან ერთად წარმატების ფორმულას განაპირობებს ადამიანური ფაქტორის გავლენა გრძელვადიან ხედვაზე, გუნდის წევრების მუდმივი ინტერაქცია და ტაქტიკური ამოცანების შესრულებისთვის ნავიგაციის უნარის არსებობა.
ამის გათვალისწინებით სამუშაო ადგილების ან თუნდაც პროფესიების მზარდ დინამიკას განაპირობებს მიზანდასახულ, პროდუქტიულ ადამიანთა ერთობლიობა. მის მთავარ სახასიათო ნიშანს წარმოადგენს მკაფიოდ ჩამოყალიბებული რბილი უნარები (soft skills). მათ შორის არსებითია: ემოციური ინტელექტი, პრობლემის გადაჭრა, გუნდური შეჭიდულობა და ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. რბილის უნარების დახვეწა საჭიროებს თვითშემეცნებას, მუდმივ განათლებას, დროულ უკუკავშირსა და უწყვეტ სწავლას. ცნება "რბილი უნარი" განიმარტება, როგორც შედეგიანი კომუნიკაციის განმსაზღრელი პიროვნული თვისება. ინტერპერსონალური შინაარსობრივი ხასიათის გამო, მყარი უნარებისგან განსხვავებით, მისი გაზომვა თითქოს რთულია. თუმცა, ფუნქციური დატვირთულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ რბილი უნარების მეშვეობით მიღწეული სარგებელი.
მოდი, ცოტა სიღრმისეულად განვიხილოთ კონკრეტული რბილი უნარები, როგორც მოქნილობის გამოვლენისა და მდგრადი განვითარების საშუალება. მკაფიო, დამაჯერებელი, მრავალმხრივ გაწონასწორებული, ღია ურთიერთობა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს პოტენციური ინვესტორი ან სხვა რანგის პარტნიორი, თანამშრომელი თუ მომხმარებელი, ყოველთვის აადვილებს პრობლემის იდენტიფიცირებას, ამცირებს გაურკვევლობით გამოწვეულ რისკებს და აძლიერებს საერთო ინტერესებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. გუნდის შთაგონება და გაძღოლა, რაც ჭეშმარიტი ლიდერობის მუხტით არის გაჯერებული, თავის მხრივ, განაპირობებს ღირებული კავშირების შექმნას და შემდგომ გაძლიერებას. ამავდროულად, ემპათიით შეზავებული გონებრივი სიმტკიცე მოვლენების გაანალიზებასა და სწორად შეფასებას უწყობს ხელს. შესაბამისად, შეცდომების გაკვეთილად მიღების საშუალება წარუმატებლობის შიშით გამოწვეული ბარიერების გადალახვას უზრუნველყოფს და ბუნებრივად ამაღლებს წინსვლის მოტივაციას.
რაც შეეხება მყარ უნარებს, ის მოიცავს მოცემული დარგის ან, უფრო მასშტაბურად, ინდუსტრიის გაცნობიერებას და საფუძვლიან ცოდნას ტექნიკური უნარების ჩათვლით; ფინანსურ წიგნიერებას ანუ ფინანსების განკარგვას (ხარჯები, შემოსავლები, ბუღალტრული პროცედურები), სტრატეგიულ გათვლებსა და ანგარიშვალდებულებას; გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებზე დაყრდნობით რაციონალურ დაგეგმვას და გეგმის შესრულების მონიტორინგს; მარკეტინგული პროდუქტების შექმნას, მათი ცნობადობის გაზრდისა და გაყიდვების მაჩვენებლების აღრიცხვიანობას.
ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი კორპორაციების, როგორიცაა Google-ი, Amazon-ი, Apple-ი, საერთო სახასიათო მყარ უნარებს წარმოადგენს სფეროს განვითარებაში ტრანსფორმაციული გარდაქმნები, სახელდობრ, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, მონაცემთა ანალიტიკა და ალგორითმების შემუშავება. რბილი უნარების მიხედვით, გუგლს გამოარჩევს თანამშრომლობა და შემოქმედებითობა; ამაზონს - ლიდერობა და მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვა; ეფლს კი დიზაინაზროვნება და ინოვაციურობა.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ციფრული ტექნოლოგიების კიდევ ერთი წამყვანი კომპანიის საინტერესო შემთხვევის განხილვას შემოგთავაზებთ. Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა, რომელსაც ტექნოლოგიების ღრმა ცოდნასთან ერთად გამოარჩევს სტრატეგიული მანევრირებისა და მტკიცე გადაწყვეტილების მიღების უნარი, ერთ-ერთი პირველია, ვინც კორპორაციულ კულტურაში თანამშრომლობითი გამოცდილების გაზიარება დანერგა. მის მიერ განხორციელებული რევოლუციური ცვლილებები უკავშირდება არა მარტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით ინოვაციურ წინსვლას, არამედ ემოციურად ინტელექტუალური მიდგომების მეშვეობით პროცესების მართვას. მას, როგორც ლიდერს, ახასიათებს მწვავე სიტუაციებში საჭიროებისამებრ რისკზე წასვლის მზაობა. როდესაც შიდა ორგანიზაციულ დონეზე ტოქსიკურ ურთიერთობათა შედეგად კომპანია კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ნადელამ გაბედული ნაბიჯი გადადგა წამყვანი AI ტალანტების შესანარჩუნებლად და ერთობლივი პროექტების გაგრძელებით ფინანსური წარმატების უზრუნველსაყოფად. მან ხელი შეუწყო გულწრფელი ურთიერთობების საფუძველზე მორალური კლიმატის გაჯანსაღებას და შეცდომებზე სწავლის დამკვიდრებით კომპანიის ახალ სიმაღლეებზე ასვლის განგრძობითობას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანიების ტოპლიდერები, რომლებიც აქცენტს თანამშრომელთა ძირითადი რბილი და მყარი უნარების თანამიმდევრულ განსაზღვრა-გაუმჯობესებაზე აკეთებენ, გაცილებით კონკურენტუნარიანები არიან, მათ წინსვლას სტაგნაცია არ ემუქრება და პირიქით, ისინი გამოირჩევიან ბაზრის ცვალებად მოთხოვნილებებზე დროული, შესაბამისი რეაგირებით. მათთვის პრიორიტეტულია, არჩევანი გააკეთონ ადამიანების განვითარებისკენ მიმართული სისტემის ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე, რაც თავისთავად არის ბიზნესპროცესების ოპერატიული შესრულებისა და მაღალი ხარისხის წინაპირობა.
დღესდღეობით თავად ცვლილება გადაიქცა ერთ-ერთ კრიტიკულ უნარად. რას გულისხმობს ეს?! ხელოვნური ინტელექტით დომინირებულ გარემოში კომპანიის აღმასრულებელმა რგოლმა და რიგითმა თანამშრომლებმა აუცილებელია, გაითავისონ ციფრული აზროვნება, ხოლო ცვლილების მართვა ორგანიზაციის წარმატებისთვის მის "დნმ"-ში მყოფ შეუცვლელ კომპონენტად ჩათვალონ. ნებისმიერი უნარ-ჩვევის მსგავსად, მასაც სჭირდება ყოველდღიური გავარჯიშება, პრაქტიკაში გამყარება და ეტაპობრივი დახვეწა. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელთა მხრიდან დასაქმებულთა სწავლებაში ინვესტირება და ადამიანზე ფოკუსირებული სტრატეგიული მიდგომა თანამედროვე ლიდერობის ძირეული საყრდენია მსოფლიო მასშტაბით.