"აგროჰაბის" წარმატების ისტორია Kotler Impact-ის "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში შევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი და ჰიპერმარკეტების ქსელი "აგროჰაბი" AWE Consulting-ის, CIS რეგიონში, ისრაელსა და ავსტრიაში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლისა და ადგილობრივი პარტნიორის, "ლურჯი ოკეანის" პროექტში "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში ჩაერთვება - ქართული კომპანია ერთ-ერთი იქნება მათ შორის, ვისი წარმატების ისტორიის შესახებაც წიგნში იქნება მოთხრობილი.
Kotler Impact თანამედროვე მარკეტინგის ფუძემდებლის, დოქტორ ფილიპ კოტლერის ნამუშევარია, რომელიც სტაბილური გლობალური გარემოსა და ეკონომიკური განვითარებისკენ განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით მიისწრაფვის.
წიგნი-სახელმძღვანელო "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" ქეისების შესწავლის ერთგვარი კოლექცია იქნება და მკითხველს კომპანიების მიდგომების, მიგნებებისა და წარმატებული ნაბიჯების შესახებ მოუთხრობს.
ცოტა ხნის წინ "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელი, თამთა ჯაფარაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ წიგნი უკვე გამოიცა იტალიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში, ხოლო წლის ბოლომდე ეს რიცხვი ათამდე გაიზრდება, მათ შორის, აშშ-სა და გერმანიაშიც. პროექტში მონაწილეობას იღებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Danone, Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და ა.შ.
უფრო მეტის გასაგებად პროექტისა და მასში "აგროჰაბის" მონაწილეობის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს, ბაია თორაძეს ვესაუბრეთ:
როგორ მოხვდა აგროჰაბი პროექტში - რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?
ადგილობრივი მეურნეობისა და წარმოების განვითარება რეგიონში წამოადგენს ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. "აგროჰაბმა" შეძლო საკუთარი წარმოებისა და მეურნეობის მეშვეობით მოეხდინა ნატურალური პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, რეგიონში არსებული მემკვიდრეობის მოდერნიზაცია, რაც უპირობოდ განიხილება კონკურენტუნარიან ბიზნეს კონცეფციად და "აგროჰაბის", როგორც ბრენდის, წარმატების ფორმულად.
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის პროექტში მონაწილეობას?
აგროჰაბის ბიზნეს ფასეულობების ღია ტრანსლირება შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, კერძო სექტორს, მსხვილ და მცირე ბიზნეს, სტარტაპებს, დაამკვიდროს და გაიზიაროს მაღალი ღირებულების მქონე ბიზნეს სტრატეგიის მაგალითები. მათ ვინც ჯერჯერობით არ არის კერძო სექტორის ან შრომითი ბაზრის მონაწილე, უნდა ჰქონდეთ წვდომა გამოცდილებაზე, რომელსაც ლიდერი, სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანიები უზიარებენ.
ისეთ მსოფლიო საგანმანათლებლო გამოცემებში, როგორიც არის კოტლერის "Essentials of Modern Marketing ", აგროჰაბის ქეისის განხილვა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიზნეს განათლების განსხვავებული გამოცდილების გაზიარებაში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ახალგაზრდა თაობას მიეცეს შესაძლებლობა, ისწავლონ ქართულ ბაზარზე არსებული წარმატებული ბიზნეს კონცეფციის მაგალითებზე.
პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი კომპანიის ბიზნეს პერსპექტივების წარმოჩენაა, ასევე ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკურ გარემოში წარმატებული კომპანიის იდეალური მაგალითი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სამომავლო საერთაშორისო პარტნიორების მოძიებასა და ეკონომიკურ ზრდაში.
და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს როგორც მონაწილე, ისე არამონაწილე ადგილობრივი კომპანიებისთვის?
სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოსა და მომავლის ტენდენციებს შეუძლია ზღვარი დაუწესოს ნებისმიერ ორგანიზაციას ან ბიზნესს, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ფუნქციონირებაზე. ბიზნესის ზრდასთან ერთად, სტრუქტურას, როლებს, უნარებსა და პროცესებს სჭირდება განვითარება. საოპერაციო და ფინანსური გამოწვევების საპასუხოდ, საჭიროა მსხვილმა ბიზნესებმა გააზიარონ გამოცდილება, რათა მომავალმა თაობამ, ორგანულად მოახდინოს რესურსების სტაბილიზაცია და ჩვენი კომპანიის მაგალითებზე შეისწავლონ როგორ დასახონ რეალური ხედვა ბიზნეს პოზიციების გასამყარებლად.