Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ელექტრონული კომერციის პლატფორმა B2C უმოკლესი გზა მომხმარებლამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

დღევანდელ მსოფლიოში ელექტრონული კომერცია ყველაზე სწარაფად განვითარებადი და მომხმარებელზე სულ უფრო მეტად მორგებული ინდუსტრიაა, რომლსაც სამყარომ განსაკუთრებით მარტივად აუწყო ფეხი. ეს არის სფერო, რომელმაც მოხსნა ბიზნესის წარმოების გეოგრაფიული ჩარჩოები და დღეს თანაბარი წარმატებით ვითარდება განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში. ამასთან, ყველასთვის ცხადია, რომ ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო პოპულარიზაცია გარდაუვალი პროცესია, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებელს უზოგავს დროს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს, ხოლო მეორე მხრივ, ანტრეპრენერს აძლევს საშუალებას ეფექტურად გაყიდოს პროდუქტი, გასცდეს ვიწრო სამოქმედო არეალს და შეაღწიოს გლობალურ ბაზარზე, ეს ყოველივე კი საწყის ეტაპზე მსხვილი ინვესტიციის გარეშეა შესაძლებელი.

სულ მალე მსოფლიოში საცალო ონლაინგაყიდვების წილი 20%-ს გადააჭარბებს, მაშინ, როცა ჩვენს რეგიონში − საქართველოში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია. ეს სტატისტიკა კი ინდუსტრიის ჩანასახოვან მდგომარეობაზე მიუთითებს.

სწორედ ზემოთ ხსენებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით დაინახა შესაძლებლობა ქართულმა ვებდეველოპერულმა კომპანია "გრიფინმა", რომლის დამფუძნებლები ალექსანდრე ცინცაძე და ქეთევან ვაჩიბერიძე არიან. ისინი სულ რამდენიმე თვეა, რაც სათავეში ჩაუდგნენ პროექტ B2C -ს და უკვე დიდ წარმატებებს მიაღწიეს. B2C (www.b2c.ge) ელექტრონული კომერციის პლატფორმაა. ჟურნალი Entrepreneur სწორედ ამ პროექტზე სასაუბროდ ეწვია მათ.

წარმატების პირველი გასაღების დადგენას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ოფისში სტუმრობისას თვალში გეცემათ არაჩვეულებრივი, სიმწვანეში ჩაფლული გარემო, ეზოში კალათბურთის სათამაშო მოედნით და აუზით. გარდა ამისა, გრაფიკიც მოქნილია − როცა დაიღლები, შეისვენებ. ყველას თავისი საქმე აქვს, მათ შორის ალექსანდრესაც და ქეთევანსაც. ყველა აცნობიერებს თავის მნიშვნელოვან როლს კომპანიაში.

ალექსანდრე ფიქრობს, რომ შემოქმედებით ადამიანს ჩარჩოებში თუ მოაქცევ, ის ეფექტური ვეღარ იქნება. ინფორმაციულ ტექნოლოგიებში პროექტის წარმატება კი უმთავრესად ადამიანებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ყველაზე მთავარი გუნდის წევრების კომფორტია, რისთვისაც კომპანიის დამფუძნებლები თავს არ ზოგავენ.

წარმატების მეორე გასაღები კი ამბიციაა, რომ საქართველო, შემდეგ კი რეგიონი ელექტრონული ვაჭრობის განვითარების იმ საფეხურზე აიყვანონ, სადაც განვითარებული სამყარო დგას. სწორედ ამ მიზნით, დაწვრილებით შეისწავლეს ყველა ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას საქართველოში, შემდეგ კი ამ ბარიერების გათვალისწინებით შექმნეს ელექტრონული კომერციის პლატფორმა B2C. პლატფორმა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად შექმნას ონლაინმაღაზია სრულყოფილი ფუნქციონალით ისე, რომ ამაში არ გადაიხადოს თანხა, ერთჯერადი ინვესტიციის სახით.

ბაზრის კვლევამ და წლების გამოცდილებამ ვებდეველოპმენტში აჩვენა, რომ ანტრეპრენერებს უპირველესად სანდო დეველოპერული კომპანიის მოძიება და მათთან ურთიერთობა უჭირთ; ასევე, ონლაინმაღაზია ინდივიდუალური შეკვეთით და იმ ფუნქციონალით, რომელსაც B2C-პლატფორმა უზრუნველყოფს, საკმაოდ ძვირი − დაახლოებით ათი ათასი ლარი ჯდება, ხოლო მაღაზიის გასამართად 3-4 თვეა საჭირო;

ასევე აღმოაჩინეს, რომ საბანკო სერვისების დაერთება (საკრედიტო ბარათით გადახდის სისტემა, განვადება) საკმაოდ მტკივნეული პროცესია ქართულ რეალობაში. ანტრეპრენერი ხშირად იძულებულია თავად ჩაერთოს მიწოდების სერვისის ორგანიზებასა და საწყობში ნაშთის კონტროლის მართვაში, რადგან როგორც წესი, ვერ ხერხდება საკურიერო კომპანიებთან და აღრიცხვის სისტემებთან ონლაინმაღაზიის ფუნქციონალის ინტეგრაცია.

დამატებითი თავისტკივილია უსაფრთხოების სისტემებზე, ჰოსტინგპროვაიდერებზე, სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციაზე, მომხმარებელთან კომუნიკაციის არხებსა და ყველა სხვა ფუნქციონალზე წინასწარ ფიქრი, რომელიც აუცილებლად დასჭირდება ონლაინმაღაზიას წარმატებით მუშაობისთვის.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბარიერი მოგვეხსნა და შევქმენით გამართული პლატფორმა, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავად შეძლებდა საკუთარი სრულყოფილი საიტის აწყობას მოკლე დროში და საწყისი ინვესტიციის გარეშე. კერძოდ, თუ ადამიანს აქვს ელ.ფოსტა აქვს ფეისბუქი, მან თავისუფლად უნდა შეძლოს ონლაინმაღაზიის შექმნა და მართვა, სასურველ მომენტში შესაბამისი ფუნქციონალის დამატება და გააქტიურება. პლატფორმაზე განთავსებული საორიენტაციო ვიდეოების ნახვის შემდეგ, ეს პროცესი უმარტივესია", − გვიყვება ქეთევანი.

პროექტის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივ ბაზარს, აბსოლუტურად ითვალისწინებს საქართველოს სპეციფიკას, საგადასახადო კოდექსს, რეგულაციებს, ადგილობრივი ბანკების, საკურიერო კომპანიებისა და სხვა აუცილებელი მომწოდებლების სერვისებს. აღნიშნული მიდგომა პლატფორმას განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს გლობალურ კონკურენტებთან მიმართებაში. 2020 წლიდან B2C მეზობელი ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც ამ მეთოდით გეგმავს.

B2C-ის პლატფორმაზე ონლაინმაღაზიის აწყობის პროცედურა და ფასი

პლატფორმაზე ონლაინმაღაზიის ჩონჩხი სულ რაღაც ხუთ წუთში ავტომატურად იქმნება. მომხმარებელი ირჩევს დიზაინსა და სტრუქტურას, ტვირთავს ლოგოს, საკუთარი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას; წყვეტს, თავიდან ბანერი იყოს ნაჩვენები თუ პირდაპირ პროდუქტი.

კონტენტის შეტანა უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებული: პროდუქტების ფოტოები თუ აქვს და ფასები იცის, თუნდაც ძალიან მსხვილი კომპანია მაქსიმუმ ერთ კვირაში ონლაინმაღაზიას დასრულებულ სახეს მისცემს. ფუნქციების დაერთება კი ღილაკებზე დაჭერით შეიძლება, არჩევანი დიდია. ონლაინმაღაზიის მფლობელს შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი ანგარიშსწორების ერთი ან რამდენიმე მეთოდი საკუთარ მაღაზიაში. მაგალითად, გაააქტიუროს გადახდა საბანკო ბარათით, PayPal-ით, ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაძლებელია ინვოისის გენერაციაც. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის განვადება უნდა, მხოლოდ მონიშნავს და ინფორმაცია ავტომატურად გაიგზავნება ბანკში, სადაც კონტრაქტს გაამზადებენ, გამოაგზავნიან და ონლაინმაღაზიის მფლობელი ხელს მოაწერს. ხოლო თუ გარე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფაა საჭირო, მიუთითებს და ამჯერად ფოსტისგან მიიღებს კონტრაქტს. როცა პროდუქტი გაიყიდება, ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში გადაიგზავნება ფოსტაში და რაც მთავარია, საბოლოო მომხმარებელი ტვირთის ტრანსპორტირების სტატუსებს მარტივად დაინახავს. ამასთან, მაღაზიაზე შესაძლებელია Google Analytics-ის ან/და Facebook-პიქსელის მიბმა, რომლებიც გაძლევენ სრულ ინფორმაციას ონლაინმაღაზიის ვიზიტორების შესახებ. შესაძლებელია ნახო, რამდენი ვიზიტორი ჰყავს მაღაზიას ქვეყნების მიხედვით, დააკვირდე მათი ინტერესის სფეროებს, გაარკვიო რა არხით მოხვდა ვიზიტორი საიტზე, კონკრეტულად რომელი პროდუქტით დაინტერესდა და ა.შ.

სრულად გამართულ B2C პლატფორმაზე ონლაინმაღაზიის აწყობის ფიქსირებული ფასი თვეში 99 ლარია, 30-დღიანი უფასო საცდელი პერიოდის შემდეგ. არ მოგესმათ, პირველი თვე ნამდვილად უფასოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიის მსურველს შეუძლია პლატფორმა ერთი თვის განმავლობაში გამოსცადოს და შემდეგ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა თანხის გადახდა. მომხმარებლებთან ურთიერთობის გასამარტივებლად, ონლაინმაღაზია ფუნქციონირებს, ვიდრე მფლობელი თანხას იხდის.

კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც 99 ლარი, პასუხი შემდეგია: "რთულია ფასი დაადო ინოვაციურ პროდუქტს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ჩვენ შემდეგ გზას მივმართეთ: დავადგინეთ, რა ჯდება საიტის მართვა ყოველთვიურად, გამოვიკვლიეთ სამიზნე აუდიტორიის გადახდისუნარიანობა, უარი ვთქვით ფიქსირებულ გადასახადთან ერთად თითოეულ ტრანზაქციაზე პროცენტის დაწესებაზე, რაც სხვათა შორის, ამ სფეროში წამყვანი ელექტრონული მაღაზიების პლატფორმებისთვის სრულიად აპრობირებულია. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ფასი, რომლის გაზრდას, მიუხედავად სფეროს ექსპერტების რჩევისა, არ ვგეგმავთ".

მთავარი ამ შემთხვევაში არის ბაზრის პოტენციალის აღქმა, თუ ვის ვხედავთ ჩვენს მომხმარებლად. აქ რომ ლაპარაკი იყოს პოტენციურად მხოლოდ 100 მსხვილ მაღაზიაზე, ფასი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი იქნებოდა თითოეული მაღაზიისთვის, მაგრამ ჩვენი აღქმით, საკუთარი პროდუქციისა და სერვისების ინტერნეტსივრცეში განთავსება და მათი ეფექტური ფორმით რეალიზება ისეთივე აუცილებელია ყველა კომპანიისთვის, როგორც მაგალითად ჰქონდეთ საბანკო ანგარიში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ პლატფორმა ფინანსურად და ტექნოლოგიურად თანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც თვეში 1000 ლარის პროდუქტს ყიდის და მათ, ვინც მილიონიან ბრუნვას აფიქსირებს. ყველაფერი კომპანიების სწორ მარკეტინგზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, როგორც თავად დამფუძნებლები გვირჩევენ, საჭიროა სამიზნე აუდიტორიის დადგენა, სწორი "თარგეთირება", საძიებო სისტემებში მიმზიდველი პოზიციების მოპოვება, სწორი საკვანძო სიტყვების შერჩევა, აქტიურობა სოციალურ ქსელებში და ზრუნვა თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე.

პლატფორმის უპირატესობაა ისიც, რომ ყველა განახლება/"აფდეითი", რომელიც კი გამოდის, ხელმისაწვდომია მაღაზიის მფლობელებისთვის − სურვილის შემთხვევაში, პირდაპირ, უფასოდ შეუძლიათ გაანახლონ საკუთარი საიტი.

პლატფორმა, რომელიც მუდამ ვითარდება

არსებობს მრავალი ფუნქცია, რომელიც თავად მომხმარებელმა ითხოვა, რომ დაშენებულიყო პლატფორმაზე. ეს ძალიან მისაღები და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა B2C-თვის. "მაგალითად, იმისათვის, რომ გლობალურ ბაზარზე გაეყიდათ, PayPal-ით გადახდის მეთოდი მოითხოვეს. ჩვენც ავდექით და ჩავაშენეთ. ახლა არის მოთხოვნა მიწოდების ისეთ პროვაიდერზე, რომელიც მაქსიმუმ ერთ საათში მიაწვდის ნივთს მომხმარებელს, რაც საინტერესო იდეად გვეჩვენება და ვგეგმავთ მოლაპარაკებას Glovo-სთან. კიდევ, მაგალითად, აქვთ სურვილი, რომ ლოიალურობის პროგრამა ჩააშენონ პლატფორმაზე და ა.შ. ჩვენ ამ მოთხოვნებს ვაანალიზებთ და მიზანშეწონილობის მიხედვით ვნერგავთ", − ამბობს ალექსანდრე.

აღმოჩნდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში ბარიერს ხშირად ენის პრობლემა წარმოადგენს, რაც გაითვალისწინეს პლატფორმის დეველოპერებმა და ორენოვანი − ქართული და ინგლისური სამართავი პანელი შექმნეს, ხოლო თავად ონლაინმაღაზია მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე შეიძლება გავხადოთ ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი.

"ჩვენი მიზანი მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი ვებგვერდის შექმნა არ არის. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, საკუთარი ბიზნესის ონლაინმიმართულება მთლიანად ჩვენი პლატფორმის საშუალებით მართოს მეწარმემ და ამით რეალური ფული იშოვოს. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვერგებით თითოეული ჩვენი კლიენტის საჭიროებებს და ვითვალისწინებთ მათ", − განმარტავს ალექსანდრე. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბიზნესი გააციფრულონ საქართველოში და მოხსნან არაეფექტურობის პრობლემა.

როცა ჯერ მხოლოდ დასაწყისია

პროექტი სულ რაღაც ექვსი თვეა რაც ჩაეშვა და პლატფორმაზე უკვე 40-მდე ონლაინმაღაზია წარმატებით ფუნქციონირებს, ხოლო 200-მდე დარეგისტრირებულია. 2018 წლის ნოემბერში ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ გაყიდვები მომენტალურად დაიწყო. მოგვიანებით მოიპოვეს გრანტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების კონკურსში, სადაც თავად ინვესტორებისგან შემდგარმა ჟიურიმ მათი პროექტი ყველაზე ინოვაციურად და თანამედროვედ აღიარა. პროექტში დაახლოებით 150 ათას დოლარამდეა უკვე ინვესტირებული. ძირითადი ინფრასტრუქტურა კომპანიის საკუთრებაშია.

პოპულარობა თანდათან მოვიდა. დღეს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში რეგისტრირდებიან, ვიდეოებს ნახულობენ, იწყებენ გამოცდას, პროდუქტებს ამატებენ, აქვთ კითხვები, დამფუძნებლები კი ყოველთვის მზად არიან, მათ უპასუხონ. "დღევანდელი რესურსის გათვალისწინებით, ჩვენს პლატფორმაზე შეგვიძლია დაახლოებით 2000 ონლაინმაღაზია გვქონდეს და არსებული ინფრასტრუქტურა თავისუფლად ვმართოთ, ტრაფიკში შეზღუდვების გარეშე".

ახლა კომპანია აქტიური მარკეტინგული კამპანიის ფაზაში შედის, რათა პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა უფრო სწრაფი ტემპით გაზარდოს. სამომავლოდ, საქართველოს საზღვრებს გარეთაც გეგმავენ გასვლას. საერთაშორისო ბრენდებთან შედარებით, მათი კონკურენტული უპირატესობა ის იქნება, რომ მაქსიმალურად მოერგებიან ადგილობრივ ბაზრებს, რომელთა სპეციფიკიდან გამომდინარე გაანახლებენ პლატფორმას.

თამთა მარიდაშვილი

Entrepreneur Staff

რედაქტორი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ცოტა რამ წარმატებული ადამიანების შესახებ

წარმატებული ადამიანები არ იბადებიან განსაკუთრებული ცოდნით