Fashionholics Online-ის წარმატების გზა და უნიკალური მოდელი მედიაპლატფორმის საქმიანობისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Fashionholics Online-ის დამფუძნებლებს 2014 წელს არც უფიქრიათ, რომ მათი სურვილი, მოდის შესახებ დაგროვილი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინათ, ბიზნესმოდელად იქცეოდა. Facebook-ზე გვერდი საერთო ინტერესისა და მიზნების მქონე ახალგაზრდებმა დააარსეს 9 წლის წინ და მათი მთავარი მიზანი გამომწერებისთვის ინფორმაციის გაზიარება იყო.
Fashionholics Online-ის გუნდი ახლა ოთხი ადამიანისგან შედგება: გვანცა კიკალიშვილი, მარიამ ზუმბაძე, ნინო იმერლიშვილი და თათა ფარცხალაძე. თავდაპირველად გვერდის დამფუძნებლები მოდისა და თანამედროვე კულტურის სიყვარულმა გააერთიანა, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურობამ, მკითხველების ჩართულობამ და ამ ყველაფრისადმი ინტერესმა აჩვენა, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო პროფესიული შეიძლებოდა გამხდარიყო.
თათა ფარცხალაძე
"მკითხველებისგან წამოსულმა ინტერესმა გვიბიძგა გადავსულიყავით ახალ ეტაპზე და დავისახეთ მიზანი, ჰობი გვექცია დამოუკიდებელ მედიად, რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავისი სარედაქციო პოლიტიკით, წერის სტილით და მკითხველებთან ურთიერთობის ფორმით. საიტზე მუშაობა დავიწყეთ 2018 წელს და 2019 წელს უკვე გაეშვა ვებგვერდი", − გვიყვებიან ავტორები.
ვებგვერდი FashionholicsOnline.com უკვე ოთხი წელია, თანამედროვე კულტურითა და განსაკუთრებით მოდით დაინტერესებულ ქართველ მკითხველს ინფორმაციას აწვდის მიმდინარე სიახლეებზე, სთავაზობს მოდის კვირეულებისა თუ ხმაურიანი მოვლენების ანალიზს. გუნდის მუშაობის პრინციპი ყველასგან გამორჩეულია − გარდა იმისა, რომ არსებობს Facebook და Instagram-გვერდები და ონლაინგამოცემა, "ფეშენჰოლიკებს" მათი მკითხველებისთვის ჯგუფიც აქვთ შექმნილი. მასში გაწევრება თემატიკით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ. ეს არის სივრცე, სადაც მედიის წარმომადგენლები და მათი მკითხველები ერთად განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს, ერთმანეთს სიახლეებს უზიარებენ და შეიძლება ითქვას, ერთ დიდ საზოგადოებად ყალიბდებიან, საერთო ინტერესებით.
დამფუძნებლები Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობენ, რომ ჯგუფისა და გვერდის, მედიის ასეთ წარმატებას არ ელოდნენ. მათივე თქმით, Fashionholics-ის შემქმნელებს გვერდის მკითხველებთან მუდამ უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნაც − ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიური რომ გამხდარიყო.
"რადგან ჩვენს მკითხველთან გვაქვს პერსონალური და ემოციური კავშირი, გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც საშუალება გვექნებოდა ინტერაქცია კიდევ უფრო უშუალო ყოფილიყო. თუმცა, როგორც 2014 წელს არ გვქონდა მოლოდინი, რომ გვერდი ამგვარ მასშტაბზე გავიდოდა, ისე არ ვფიქრობდით, რომ ჯგუფი ამდენად აქტიური გახდებოდა. ჯგუფის ასეთი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, მისი თითოეული წევრის დამსახურებაა".
ნინო იმერლიშვილი
როგორც ყველა მედიისთვის, Fashionholics Online-ის დამფუძნებლებისთვისაც კომერციული მხარე და შემოსავალი მნიშვნელოვანია, რათა უპირველესად, თავად მედიამ მოახერხოს ფუნქციონირება. როგორც ისინი გვიყვებიან, საქართველოში მოდისადმი ინტერესი გაიზარდა, რაც შესაბამისად აისახება მედიის კომერციულობაზეც.
მედიის თანადამფუძნებლები ამბობენ, რომ საწყის ეტაპზე ბევრ სირთულეს გადააწყდნენ. ვინაიდან მათი მედია ვიწროპროფილურია და ძალიან კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, პლატფორმა არაერთხელ აღმოჩნდა ფინანსური და რესურსობრივი კრიზისის წინაშე.
"Fashionholics Online ჩვენთვის არის პერსონალური პროექტი, მისმა სიყვარულმა და მხარდაჭერამ, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდით ჩვენი მკითხველებისგან და გულშემატკივრებისგან, არ მოგვცა უფლება გავჩერებულიყავით. ჩვენმა ენთუზიაზმმა და მონდომებამ გარკვეული შედეგი გამოიღო და დღეს Fashionholics Online-ს ჰყავს დამკვეთების სტაბილური და ერთგული ბაზა", − გვიყვებიან ისინი.
გარდა ამისა, ავტორები ხაზს უსვამენ ქართულ საზოგადოებაში მოდითა და პოპკულტურით დაინტერესების ფაქტორსაც. ისინი ფიქრობენ, რომ Mercedes-Benz Fashion Week-ის დაარსებამ, დემნას ფენომენმა, ქართველი მოდელების პირველმა ნაბიჯებმა საერთაშორისო პოდიუმზე ამ ყველაფერს დიდწილად შეუწყო ხელი და განაპირობა ის, რომ თუნდაც ონლაინმედიაში გაჩნდა პლატფორმა Fashionholics Online, რომელიც მხოლოდ ამ თემატიკის შესახებ აწვდის მკითხველს ცნობებს.
"მოდის მიმართ ინტერესის ზრდამ ბუნებრივად იმოქმედა Fashionholics-ის მიმართ ინტერესის ზრდაზეც, შესაბამისად კომერციულ მხარეზეც. ჩვენი შემოსავლის წყარო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმთავრესად არის კომერციული სტატიები და კოლაბორაციული პროექტები".
გვანცა კიკალიშვილი
Fashionholics Online-ის გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და Luxury რითეილის სფეროში. როგორც დამაარსებლები ამბობენ, მიუხედავად მათთვის მოულოდნელი წარმატებისა, პლატფორმა ჯერ კიდევ ვერ არის იმ მასშტაბის, რომ დამფუძნებლებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყოს. გარდა ამისა, მოდის ჟურნალისტიკის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ფორმალური განათლების მიღება ძალიან რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კია. სწორედ ამიტომ განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები მედიაში მუშაობამდე ინტერნეტსივრცეში არსებული მასალით საზრდოობდნენ.
მარიამ ზუმბაძე
"დიდი სურვილის მიუხედავად, არათუ მაშინ, როდესაც პროფესიებს ვირჩევდით, არამედ ახლაც კი არ არსებობს მოდის ჟურნალისტიკის მიმართულებით განათლების მისაღებად სასწავლებლები, ამ მიმართულებით ცოდნის დასაგროვებლად ყველაზე ეფექტიანი გზა პრაქტიკაში მუშაობა და ინტერნეტსივრცეში არსებული დიდი მასალის გაცნობა იყო. თუმცა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ციფრული სივრცე ძალიან კარგი საშუალებაა განათლების მისაღებად", − ამბობენ ავტორები.
პლატფორმის დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ Fashionholics Online მკითხველს მალე დიდ სიახლეებს შესთავაზებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დეტალების გამხელა არ შეუძლიათ, გვეუბნებიან:
"Entrepreneur-ის მკითხველებს პირველებს გავუმხელთ, რომ Fashionholics Online ძალიან მალე ახალ თავს იწყებს".