Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ჯაზი და ბიზნესი რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ჯაზს ბიზნესთან ?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჯაზი ბევრი ადამიანისთვის დღესასწაულს წარმოადგენს. უფრო ბევრისთვის კი − გაუგებარ და რთულ კონსტრუქტად რჩება. არადა, ყველაფერი გენიალური მარტივია. ჯაზის პრინციპების აღმოჩენა ყველაფერში შეიძლება, ფეხის ყოველ ნაბიჯზე. ყველა და ყველაფერი, რაც თავის თავს მოძრაობისა და განვითარების უფლებას და შესაძლებლობას აძლევს, თავისდაუნებურად ქმნის ჯაზს. არ მგონია შემთხვევითი იყოს სალაპარაკო ენაში სიტყვა "გაჯაზების" სწორედ ამ მნიშვნელობით დამკვიდრება. "თავისას აჯაზებს", ანუ "თავისას ერეკება" − ასე გამოითქმის ჯიუტი ადამიანის ჯიუტი გადაწყვეტილება საკუთარი სათქმელის ავთენტურად გამოხატვის შესახებ. როგორც წესი, საუკეთესო გამჯაზებლები ისინი არიან, ვისთვისაც ჯაზი არის არა მხოლოდ მუსიკა, არამედ ცხოვრების მრწამსი და არჩევანი.

რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ჯაზს ბიზნესთან?!.

ჰერბი ჰენკოკი იგონებს, როგორ ღელავდა ერთ-ერთი დიდი კონცერტის დროს საკუთარი სოლოს შესრულებისას. "ისეთი აკორდი ავიღე, თავადაც შემაცბუნა და მაილსის რეაქციას დაველოდე", − იხსენებს იგი. მაილს დევისი, როგორც ყველა დროის საუკეთესო მასწავლებელი და ლიდერობის შეუდარებელი ხელწერის შემოქმედი, ცნობილი მისი უპრეცედენტო გამოვლინებებით, როგორც სხვა კონცერტებზე, ამჯერადაც საყვირით დააბიჯებდა სცენაზე. "ის ფრთხილად მომიახლოვდა", − იგონებს ჰერბი ჰენკოკი, − "შეუცვლელად აიღო ჩემი აკორდი, წაიღო და საჯაროდ, ხალხის წინ დაამუშავა. სწორედ ამ ამბის თხრობისას გვიხსნის ჰენკოკი ერთ-ერთ უმთავრეს საიდუმლოს − ჯაზში არ არსებობს არასწორი აკორდები, აქ მხოლოდ მოულოდნელი აკორდებია. ჯაზში დამკვიდრებული ნდობა და მიმღებლობა უნივერსალური პრინციპებია ურთიერთობის ნებისმიერი განზომილებისთვის. სწორედ ნდობასა და მიმღებლობაზეა აგებული თანამედროვე აღზრდისა და განათლების სისტემები, ქოუჩინგი და რასაკვირველია, ბიზნესი. წარმატებული ბიზნესპროექტებისა და ბიზნესიდეების უკან კონკრეტული ადამიანების დაფრთიანების ისტორიებია, რომლებიც სწორედ მათ მიმართ გამოვლენილი ნდობისა და მიმღებლობის წყალობით შედგა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ჯაზის მუსიკოსებისგან შეიძლება ვისწავლოთ, მოსმენაა. ბენდში სოლოშემსრულებლის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და დაკვირვების ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება კარგი მოსმენის უნარებსაც კი. ბენდის შემსრულებლების მიერ ერთმანეთის გულისყურით მოსმენა პრაგმატულ მიზნებს ემსახურება. რადგან შესრულებისთვის განმსაზღვრელია ერთსულოვნება. თითოეულმა შემსრულებელმა უნდა მოახერხოს მისი თანაშემსრულებლისთვის ყველაზე შესაფერისად მხარის აბმა. ჯაზის შესრულების პროცესის უნიკალურობა იმ ერთიანობაშია, რომელსაც მუსიკოსების მიერ ერთმანეთის შესრულების ინდივიდუალიზმის მიმართ გამოვლენილი პატივისცემა და მთავარი თემისადმი ერთგულება ქმნის. თუ ჩვენს წარმოსახვას გავაღვიძებთ, ადვილად შევადარებთ ჯემ სეიშენს ბიზნესშეხვედრებს, სადაც გონებრივი და არაგონებრივი იერიშების პერფორმანსი იმართება. წარმოვიდგინოთ, რომ კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ბენდის შემსრულებლები არიან და ერთმანეთის სოლოებს განსაკუთრებული გულისხმიერებით უსმენენ. ასეთი კოლაბორაცია დაცლილია შეჯიბრებითობის ყოველგვარი მუხტისგან და გულწრფელი გაგების მოტივაციითაა გამსჭვალული. თუ სადმე უსმენენ, იმიტომ, რომ გაიგონ − ეს სწორედ ჯაზში ხდება. წარმოიდგინეთ, რა ჯადოქრობა დატრიალდება ასეთი ერთსულოვნების ბიზნესკონტექსტში გადმოტანით.

ჯაზის სული იმპროვიზაციაა. ასეა ბიზნესშიც. ერთსა და იმავე თემაზე ახალ-ახალი, დროისა და კონტექსტისათვის შესაფერისი ინტერპრეტაციების შექმნა უმთავრესია როგორც ჯაზის, ისე ბიზნესისათვის. ჯაზშიც და ბიზნესშიც კარგად იციან, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. სად, თუ არა ჯაზში, შეიძლება დაიბადოს ისეთი გამბედაობა, რომელიც ძველი თემების გაცოცხლებას გახდის შესაძლებელს. მაილს დევიდის ნამოწაფარი ჰერბი ჰენკოკი იხსენებს: ბენდის წევრები ხშირად ვიკრიბებოდით შინ მაილსთან. მუშაობის პროცესში მაილსი გვტოვებდა და მეორე სართულზე ადიოდა. ეს ჩვენთვის არც იყო გასაკვირი − ჩვენ მაშინ დამწყები მუსიკოსები ვიყავით და მიგვაჩნდა, რომ გამუდმებით ჩვენი მოსმენა ბუმბერაზი მაილსისთვის შეიძლებოდა არ ყოფილიყო საინტერესო. მხოლოდ წლების შემდეგ გავიგეთ მისი განცალკევების ჭეშმარიტი მიზეზი: თურმე ზემოთ იმიტომ ადიოდა, რომ ჩუმად მოესმინა ჩვენთვის − იცოდა, რომ მის არყოფნაში უფრო თამამად გავბედავდით იმპროვიზებას და თავისი ქმედებით თავისუფლებისთვის სრულ გასაქანს გვაძლევდა.

ბიზნესის სამყარო კარგად იცნობს კონტრასტულ მიდგომებს თანამშრომლების მიმართ კონტროლის სისტემის გამოყენების შესახებ. მუდმივი დაკვირვებისა და სუპერვიზიის ქვეშ ადამიანებს ბუნებრივად უქრებათ შემოქმედებითი მუხტი და საკუთარი ავთენტურობის მნიშვნელობის შეგრძნება. კონტროლის სისტემების არსებობა, მათი მიზნობრიობის სათანადო დასაბუთების პირობებშიც კი, ხშირად თანამშრომლების მიმართ უნდობლობის გამოხატულებად აღიქმება. ბევრი ლიდერი ვერ გაბედავს ისეთ რისკზე წასვლას, როგორიც გუნდის წევრებისთვის სრული თავისუფლების მიცემაა. მაგრამ ვინც გაბედავს, მაილსის კვინტეტს იღებს.

ჯაზის პრინციპებზე აგებული კომპანიები ჯაზივით იშვიათი და არასტანდარტულია. იქ სხვანაირად აჯაზებენ, თავისას ერეკებიან...

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!