Get All Access for $5/mo

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსანდრე სირაძე

"ჩაი გურიიდან 3" ჩაის ახალი ბრენდია გურიიდან, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ჩაის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის სახეობები შესთავაზა.

2019 წელს გურიის მხარეში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, სამი საწარმო გაერთიანდა. თითოეულ მათგანს მაღალხარისხიანი ჩაის წარმოების 20-25-წლიანი გამოცდილება აქვს. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთო გამოცდილებით, სამი დამფუძნებელი – გიორგი ლომთათიძე, ვარლამ ლიპარტელიანი და გაბრიელ თენიეშვილი, გურული ჩაის ისტორიაში ახალი ფურცლის წერას, სახელწოდებით "ჩაი გურიიდან 3" შეუდგნენ.

პარალელურად, საქართველოში ქართული ჩაის ონლაინმაღაზია შექმნეს, რომელიც როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში უკვე პოპულარობით სარგებლობს.

"ახალგაზრდა თაობამ გადავწყვიტეთ, ჩვენი მამების დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ შევქმენით ახალი ბრენდი "ჩაი გურიიდან 3". ცოდნის გასაღრმავებლად ჩინეთს ვესტუმრეთ. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იქ შევისწავლეთ ჩაის ახალი ჯიშები, სახეობები, ტექნოლოგიები. ამან დიდი გამოცდილება შეგვძინა. გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა სხვადასხვა მაღალი ხარისხის ჩაი. ვიმედოვნებთ, რომ ამ წამოწყებით მყარად დავამკვიდრებთ ქართულ ჩაის ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ", – აცხადებენ ჩაის საწარმოს დამფუძნებლები Entrepreneur-თან საუბრისას.

"ჩაი გურიიდან 3" ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. ნედლეულს გურიის მთიანი, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან და ადგილობრივი ფერმერებისგან იღებენ. კრეფისას მხოლოდ დუყს, ანუ ახლად გაშლილ სამ თოთო ფოთოლს კრეფენ, რაც ჩაის ფოთლის გადამუშავების ტექნოლოგიის ზედმიწევნით დაცვასთან ერთად, ჩაის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.

"ჩაი გურიიდან 3"-ის უსასუქო ჩაის ასორტიმენტში შემდეგი დასახელების პროდუქციას შეხვდებით:

  • "ჩაი პრემიუმი" (შავი და მწვანე)
  • "ჩაი კლასიკი" (შავი და მწვანე)
  • "ველური მთის ჩაი"
  • "თეთრი ჩაი"
  • "ველური მოცვის ჩაი"

თითოეული მათგანის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებული და უნიკალურია.

"ჩაი პრემიუმი" გამორჩეული, იაპონური დაორთქლვის მეთოდით მზადდება. მისთვის ნედლეული აუცილებლად მაისსა და ივნისში, დილის 9:00-13:00 დროის მონაკვეთში იკრიფება. დაორთქლვა, ანუ ფიქსაცია მოკრეფიდან ნახევარ საათში ტარდება. "ჩაი პრემიუმს" გამჭვირვალე, კრიალა ფერი, ხილისა და კენკრის სურნელოვანი არომატი ახასიათებს.

"თეთრი ჩაი", ჩაის კვირტისა და ერთი ფოთლისგან, განსაკუთრებული შრობის მეთოდით, ბიოქიმიური ჩარევის გარეშე მზადდება. ის სრულად ინარჩუნებს ისეთივე საგემოვნო თვისებებს, როგორიც ნედლ ფოთოლს ჰქონდა. ახასიათებს იშვიათი სამკურნალო თვისებები. ამ ეტაპზე ჩაის ეს სახეობა შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.

"ველური მოცვის ჩაი" 100%-ით ბიოპროდუქტია, რომელიც ალპურ ზონაში, მხოლოდ ნაზი ფოთლების სახით იკრიფება და შავი ჩაის ტექნოლოგიით მზადდება. მისი ნაყენი მუქი-მოყავისფრო შეფერილობით ხასიათდება და მასაც არაერთი სამკურნალო თვისება აქვს.

"ველური მთის ჩაი" კი არომატულად სრულიად გამორჩეული ბიოპროდუქტია. ახასიათებს განსაკუთრებული სურნელი და მყარი ნაყენი.

"გვჯერა, რომ ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ექსპორტის საკითხებზე. ჩვენი ჩაის ნაყენზე ჩეხეთში უკვე დაამზადეს ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც სულ მალე საქართველოშიც იხილავთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ წინსვლისთვის", – ამბობს გიორგი ლომთათიძე, "ჩაი გურიიდან 3"-ის თანადამფუძნებელი და ასევე ამატებს, რომ კომპანიის მისიას ქართული, გურული ჩაის, მისი უნიკალური მახასიათებლების როგორც მთელი საქართველოსთვის, ისე სრულიად მსოფლიოსთვის გაცნობა წარმოადგენს. "ჩაის პლანტაციებს პერიოდულად სტუმრობენ აგროტურიზმით დაინტერესებული ტურისტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, უმეტესად ჩეხეთიდან. ტურისტული სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება და საშუალოდ ყოველწლიურად 70-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ, რომლებიც ჩვენთან 6-7 დღის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი აკვირდებიან საწარმოო პროცესებს და აგემოვნებენ მათ მიერვე დაკრეფილ ჩაის".

გუნდი წარმოების გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვას ყოველდღიურად აგრძელებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე