Black Friday Sale! 50% Off All Access

ქართული ლუდსახარშების მედგარი კონკურენცია ლუდის წარმოების ახალი ტენდენციები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ქერის ალაოს, სვიისა და წყლის შერევის შედეგად, უძველესი, დაბალალკოჰოლური სასმელი მიიღება. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ლუდის მოხარშვა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში, მესოპოტამიაში დაიწყეს. მომზადების ტექნოლოგია მოგვიანებით ბაბილონსა და ეგვიპტეშიც შეისწავლეს.

ინგრედიენტების დოზირება, დუღილის განსხვავებული ტემპერატურა და პერიოდი ლუდის განსხვავებულ სახეობებს აყალიბებს. განსხვავებულია ალკოჰოლისა და შაქრის შემადგენლობა, არომატი, ალკოჰოლის შემცველობა.

საქართველოს მთიანეთში ლუდს სარიტუალო დანიშნულებით ოდითგანვე იყენებდნენ. სასმელის სახელმა დროთა განმავლობაში ფორმა იცვალა და ალუდიდან ლუდად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყნად მიიჩნეოდა, ლუდის ხარშვის კულტურა მაინც განვითარდა.

ლუდის წარმოებამ მასშტაბური სახე გასული საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მიიღო. ქვეყანაში ეკონომიკური ფონის დასტაბილურების შემდეგ, მცირე და მასშტაბური ლუდსახარშების რაოდენობა გაიზარდა.

დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე 20-მდე მცირე და დიდი ქარხანა არსებობს. უზარმაზარი ლუდსახარშებიდან დაწყებული, მცირე, ოჯახური მეურნეობებით დამთავრებული, ქართული ლუდის წარმოება ყოველდღიურად წინ მიიწევს.

მცირე ლუდსახარშებმა ბოლო წლების განმავლობაში ნაწარმის კომერციალიზაცია დაიწყეს – მათი პროდუქცია როგორც სხვადასხვა მაღაზიაში, ასევე არაერთ კაფესა და რესტორანში იყიდება და ექსპორტზეც გადის.

ბოლო წლებში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა – ქართულმა წარმოებებმა ე.წ. კრაფტ, იგივე ცოცხალი ლუდის ჩამოსხმა დაიწყეს. კრაფტ-ლუდი არ გადის პასტერიზაციის პროცესს. შესაბამისად, "ველურ", ბუნებრივ გემოს ინარჩუნებს. მზადდება 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან. კრაფტ-ლუდი მცირე დოზებით იწარმოება. წარმოება აქცენტს მრავალფეროვან არომატებზე, ბუნებრივ პროდუქციასა და ხარისხზე ამახვილებს.

ჟურნალი Entrepreneur იმ მცირე და მასშტაბურ წარმოებებზე მოგითხრობთ, რომლებიც დღესდღეობით ლუდის ქართულ, მრავალფეროვან ბაზარს ქმნიან. ჩვენ ლუდის ხარშვის საინტერესო დეტალებში, წესებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებში გაგარკვევთ.

ზედაზენი

ქართული ლუდის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ლუდსახარში "ზედაზენია". ცეზარ ჩოჩელმა კომპანია მცირე წარმოებით 1990-იან წლებში დაიწყო. იდეა ლომისობაზე, ტრადიციული ლუდის დაგემოვნების შემდეგ მეგობრებს გაუჩნდათ. საარყე ქვაბები შეიძინეს და საქმე ხარშვის ტრადიციული მეთოდებით დაიწეს. დღეში 300-400 ლიტრ ლუდს ხარშავდნენ და აბსოლუტურად ყველა პროცესში თავად იყვნენ ჩართულნი. "ჩვენ ვიყავით მშენებლებიც, ლუდის მხარშავებიც, ორგანიზატორებიც, მრეცხავებიც და ყველაფერი. შენობაც კი ჩვენ თვითონ გავარემონტეთ", – იხსენებს ჩოჩელი.

პირველი ბრენდი – "ლომისი", 1991 წელს შეიქმნა. დღეში 100 ბოთლ ლუდს ყიდდნენ. მომდევნო წელს რაოდენობა 200-300 ბოთლამდე გაიზარდა.

ლუდის ხარშვის ტექნოლოგია დროთა განმავლობაში შეისწავლეს. 1997 წელს ჩეხეთში ჩავიდნენ და ლუდის დიდი წარმოება ნახეს, შეიძინეს დანადგარები. საწარმო მცხეთის რაიონში, საგურამოში, ზედაზენის მთის ძირას, 24 ჰექტარზეა გაშენებული.

ლოკაცია ზედაზენის წყაროს წყლის უნიკალური თვისებების გამო შეარჩიეს. გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, ლუდის ხარშვისთვის იდეალურ წყალს წლების წინ მიაგნეს. ამჟამად ნედლეულს ჭაბურღილებიდან იღებენ. წყალი დარბილების პროცესს გერმანული სისტემით გადის. "ჩვენი წყალი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რომ არ საჭიროებს სხვა სახის დამუშავებას. ამჟამად ხორციელდება რეგულარული კონტროლი ჭაბურღილებზე – როგორც კომპანიის, ასევე მოწვეული სპეციალისტებისა და უცხოური ლაბორატორიების მიერ", – ამბობს ჩოჩელი.

ლუდსახარში "ზედაზენი" არაერთი საერთაშორისო დონის ბრენდის ლიცენზიას ფლობს. "ბავარია", და ახლა უკვე "ჰოლსტენი", რომელიც მსოფლიოში უდიდეს ჯგუფ "კარლსბერგის" ბრენდია. უცხოური, მით უმეტეს ასეთი ცნობილი და მსხვილი ბრენდების ჩამოსხმის ლიცენზიის მოპოვება, საკმაოდ გრძელი და რთული, თუმცა ძალიან საინტერესო პროცესია. კომპანიები ჯერ წარმოების ხარისხსა და კარგ იმიჯში უნდა დარწმუნდნენ. გარდა კომერციული დეტალებისა, ისინი აქტიურად და ღრმად სწავლობენ ქარხანას, პერსონალს და აქ მიმდინარე საწარმოო პროცესებს. ფაქტი, რომ დღეს ჩვენ საქართველოში მსოფლიოს ორი უდიდესი ჯგუფის ბრენდებს წარმოვადგენთ, იმისი დასტურია, რომ ჩვენი წარმოება სრულად შეესაბამება, და ზოგ შემთხვევაში, აჭარბებს კიდეც მათ სტანდარტს. ესე იგი, საქართველოშიც გვაქვს იგივე დონის ლუდის წარმოება, რომელიც მსოფლიოშია აღიარებული", – სიამაყით მოგვითხრობს დამფუძნებელი.

ლუდსახარში "ზედაზენი" 7 ბრენდის ლუდს აწარმოებს. მათ შორისაა ფლაგმანი "ზედაზენი" – ჩეხური ტიპის, ზომიერზე ოდნავ მწარე ლუდი. ასევე ბელგიური, სკანდინავიური და გერმანული ტიპის ლუდის ბრენდები: "ბავარია", "ჰოლსტენი", "რაგნარ პილსნერი", "ბელგიური". ასევე, "სვიანი", "კრაფტი".

საწარმოს წლიური წარმადობა, ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ჩათვლით, 200 მილიონი ლიტრია. "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია, სანდოობისა და ხარისხიანობის თვალსაზრისით, მოწინავეა ამიერკავკასიის მასშტაბით. საწარმოს აქვს უმწიკვლო საქმიანი რეპუტაცია, რაც მისი მთავარი მონაპოვარია. ამის დამსახურებით, ათობით უცხოელ პარტნიორთან თუ ინვესტორთან არსებული საქმიანი ურთიერთობის კარგი წინაპირობაა. ცალსახად მიგვაჩნია, რომ ჩვენს პროდუქციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ხარისხის თვალსაზრისით, კონკურენტი არ ჰყავს", – ამბობს ცეზარ ჩოჩელი.

"ზედაზენისთვის" წარმოებაში უმნიშვნელოვანეს როლს მარკეტინგული სტრატეგია და დაგეგმარება თამაშობს. წლევანდელი წელი ლუდსახარშისთვის ამ კუთხით საკმაოდ აქტიური გამოდგა – პროდუქცია მომხმარებელს ახალი შეფუთვითა და მარკეტინგული კონცეფციით მიაწოდეს. "თქვენი ცხოვრების ისტორია" – ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებში ბრენდი სასმელის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას. "ჩვენი ლუდი მომხმარებლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მნიშვნელოვანი მოვლენების მუდმივი თანმდევია".

ცოტა ხნის წინ ჩაეშვა "რაგნარ პილსნერის" და "ჰოლსტენის" კამპანიაც. "რაგნარი" – ვიკინგების სამეფო ლუდი, ქართული კომპანიის პორტფელში წამყვან როლს თამაშობს. კომპანია სეზონის განმავლობაში არაერთი მარკეტინგული აქტივობის განხორციელებას გეგმავს.

შავი ლომი

გოგა მაჩაიძე წლების განმავლობაში მცირე წარმადობის ქარხანას ამუშავებდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჩამოსხმული ლუდი პოპულარობით სარგებლობდა, გოგას განვითარებისთვის უფრო დიდი ასპარეზი სჭირდებოდა.

2015 წელს მაჩაიძემ საწარმოს "შავი ლომი" დაარქვა და საქართველოში პირველმა კრაფტ-ლუდის წარმოება დაიწყო. "შავი ლომი" ქართულ ბაზარზე ჩამოსასხმელი ლუდის სახით შემოვიდა.

ბრენდი ქართველ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს.

ლუდსახარში "შავი ლომი" მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში მდებარეობს. განთავსებულია 10 ათას კვადრატულ მეტრზე. კომპანიამ, კოლეგების მსგავსად, გამოსადეგი წყლის ძიებაში წარმოებისთვის საჭირო წყაროებს მცხეთის რაიონში მიაგნო.

"თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო ორგანული პროდუქტი, გამოგვეყენებინა უმაღლესი ხარისხის ალაო და ქართული წყალი, რომელსაც საკუთარი ჭაბურღილის საშუალებით მოვიპოვებთ".

"შავი ლომისთვის" მაქსიმალურად ბუნებრივი პროდუქცია პრიორიტეტია.

გოგა მაჩაიძეს ლუდის წარმოების 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ლუდის ხარშვის ტექნოლოგიები და პროცესების საფუძვლიანი შესწავლა 2013 წლიდან დაიწყო და წარმოების პროცესში ბოლომდე ჩაერთო.

ლუდსახარშისთვის პრიორიტეტული საკუთარი ბრენდის ლუდის წარმოებაა. ჯერჯერობით უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას არ აპირებს. შესაბამისად, არცერთი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი არ გახლავთ. "მიგვაჩნია, რომ ქართული წარმოება ბევრად მნიშვნელოვანია, და მეტიც – აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის საკითხზე. ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქტი აუცილებლად უნდა გადიოდეს საზღვრებს გარეთ", – ამბობს გოგა მაჩაიძე.

"შავი ლომის" ბრენდით 4 ტიპის ლუდის წარმოება ხორციელდება. ლუდსახარშში დადუღებული პროდუქცია, დამფუძნებლის მოთხოვნით, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კლასის რესტორნებში შედის. კრაფტ ლუდი "შავი ლომი" პრემიუმკლასის სასმელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საფასო კატეგორია, დანარჩენთან შედარებით, მაღალია. "ჩვენ დავიწყეთ კრაფტ-ლუდის რევოლუცია ქართულ ბაზარზე", – ამბობს გოგა მაჩაიძე.

ლუდსახარშმა "შავი ლომი" საქმიანობა ჩამოსასხმელი ლუდის წარმოებით დაიწყო. მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი, ლუდის ბოთლებში დაფასოებას შეუდგა.

ყოველწლიურად, საწარმო 3 მილიონ ლიტრ ლუდს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე და ქართულ მცირე ბაზარზე, ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია.

ლუდის სხვა წარმოებების მსგავსად, ლუდსახარშისთვის მარკეტინგის მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თუმცა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კრაფტ-ლუდის მარკეტინგული სტრატეგია სტანდარტულისგან სრულიად განსხვავებულია – იგი ფრთხილ და ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე უნდა იყოს მორგებული.

"ასევე მიგვაჩნია, რომ მთავარია ლუდის მოყვარულმა "შავი ლომი", უბრალოდ, გასინჯოს. შემდეგ ის აუცილებლად გადაიხდის – თუნდაც, შედარებით მეტს, რომ მაღალი ხარისხის, ქართული, პასტერიზების გარეშე დამზადებული სასმელი მიირთვას", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. სამომავლოდ, ლუდსახარში არაერთი სახეობის ლუდის დამატებას გეგმავს.

"ჩვენ უარს ვამბობთ "იაფი ლუდის" სტერეოტიპზე და არ მიგვაჩნია, რომ ეს უბრალო სასმელია, რომელსაც, ძირითადად, ერთი და იგივე გემო აქვს. ჩვენ ვცდილობთ, ლუდის ხარშვა ხელოვნებად ვაქციოთ".

"შავი ლომის" ფილოსოფია მარტივია: ნამდვილი ლუდის სიწმინდე სვიაა, ტემპერატურა კი, 0 გრადუსი. სწორედ ამიტომ, უარს ვამბობთ ბრინჯზე, სიმინდსა თუ სხვა დანამატზე, რომელიც ამცირებს წარმოების ხარჯს და რა თქმა უნდა, ლუდის ბუნებრივ არომატსაც. მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლები საუკეთესო ხარისხის სვიით გვამარაგებენ, ჩვენ კი უარს ვაცხადებთ პასტერიზაციაზე, რადგან ეს პროცესი არომატს ანადგურებს და მოხარშულ ლუდს სტაბილურად 0 გრადუსზე ვინახავთ", – ნათქვამია ლუდის ბრენდის Facebook-გვერდზე.

ანეტა

იაგო ბიტარიშვილი "იაგოს ღვინოების" მწარმოებელია. სასმელს საკუთარ სახლში, ეზოში ამზადებს, შემდეგ კი ისეთ ქვეყნებში გააქვს ექსპორტზე, როგორებიცაა ავსტრალია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია.

ლუდის ხარშვის იდეამ დიდი ხნის წინ შეაწუხა. ლუდი მისთვის ყოველთვის სარიტუალო დანიშნულების სასმელი იყო – მცხეთის რაიონში, ჩარდახში, მისი ბებია და სოფლის სხვა ხნიერი ქალები ყოველ აღდგომას ლუდს რიტუალურად ხარშავდნენ. "ამ პროცესში მხოლოდ მოხუცი ქალები ერთვებოდნენ. დღემდე ვერ გავარკვიე, რატომ", – გვიყვება იაგო.

"ყველაფერი ბუნებრივი სჯობს", – ამბობს იაგო ბიტარიშვილი და სწორედ ამ ლოგიკით ქმნის ნაწარმს, რომლის შემცველობა 100%-ით ნატურალურია, შემადგენელი ინგრედიენტების აბსოლუტური უმრავლესობა კი ბიტარიშვილების სახლის ეზოშია მოყვანილი.

ლუდსახარშს "ანეტა" სწორედ ბებიის პატივსაცემად დაარქვა. წინაპრებისგან აიღო ლუდის ხარშვის ტექნოლოგიაც – "ანეტას" მოსახარშად, მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ პროდუქციას იყენებენ. ნაწილი თავად იაგოსაც მოჰყავს. მაგალითად, ქერის უიშვიათესი სახეობა – ქერშვილი. "ქერშვილი თითქმის გადაშენებული ჯიშია. მას ექსპედიციის დროს მიაგნეს. როგორღაც 30 გრამი ვიშოვე და დავთესე", –ამბობს ბიტარიშვილი. ქერშვილი ბუნებრივად მუქი ფერისაა და ტრადიციული ალაოს ნაცვლად გამოიყენება.

იაგოს ლუდსახარში მწარმოებლის სახლის ეზოში, 72 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ლუდი პირველად რამდენიმე კვირის წინ ჩამოასხა. სულ რაღაც 100 ლიტრი სასმელი "ღვინის ფესტივალზე" სტუმრებმა, მოწვეულმა ჟურნალისტებმა, იმპორტიორმა კომპანიებმა დააგემოვნეს და მარაგიც რამდენიმე საათში ამოიწურა.

იაგო ბიტარიშვილის გეგმებში მიკროსაწარმოს გაფართოება არ შედის – "ეს არ არის ინდუსტრიულ წარმოებაზე გათვლილი ლუდი. გვირჩევნია, ჩვენი ნიშა შევინარჩუნოთ", – ამბობს მეწარმე. ქართულ ბაზარზე ბიტარიშვილის წარმოებული ლუდისა და ღვინის პოვნა გაგიჭირდებათ. ლუდსახარშის დაარსების დღიდან, იაგო გათვლას ექსპორტზე აკეთებს. ექსპორტზე გადის მისი ღვინის სახეობებიც. რამდენიმე ასეულ ბოთლში ჩამოსხმული სასმელი 11 ქვეყანაში მხოლოდ რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება. სწორედ ამ მიმართულებას შეინარჩუნებს ბიტარიშვილის წარმოებული ლუდიც. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მოახერხებს პირველი ნაკადის ექსპორტზე გაშვებას, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში, შემოდგომაზე, "ანეტას" გასინჯვას მინიმუმ 2 პარტნიორ ქვეყანაში შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ზომას რადიკალური ცვლილება არ ემუქრება, ბიტარიშვილი აპირებს ჩამოსხმული სასმელის მცირე რაოდენობა ადგილზეც დატოვოს. "აქ ღვინისა და ლუდის ტურიზმის განვითარება მინდა", – გვიხსნის იაგო.

"მიკროწარმოების პლუსი მისი მოქნილობაა" – ამის დამსახურებით, "ანეტა" ახერხებს სპეციალურად ლუდსახარშისთვის 100 ლიტრამდე წყალი პირდაპირ ბაკურიანიდან ჩამოიტანოს. ბუნებრივი წყაროებიდან წყლის ჩარდახამდე მოტანა დამფუძნებელს არანაირ პრობლემას არ უქმნის და უმყარებს აზრს, რომ მისი ნიშა სწორედ მცირე სათამაშო მოედანზე თამაში და ექსპორტია.

რაც შეეხება მარკეტინგს – იაგო ბიტარიშვილის არცერთ წარმოებას გამოკვეთილი მარკეტინგული სტრატეგია არ გააჩნია. "ანეტას" Facebook-გვერდი დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. რაც შეეხება ბაზარს, ლუდიცა და ღვინოც მზა პლატფორმაზე – სასტუმროებსა და რესტორნებში იგზავნება, სადაც პროფესიონალი სომელიეები ახლებური, ე.წ. ნიშური სასმელის დაგემოვნების მსურველთ სასმელებს მათივე გემოვნებიდან გამომდინარე ურჩევენ.

იაგო ბიტარიშვილი მინიმალური დოზით ამუშავებს ვებგვერდსაც, რომელიც მისმა შვილმა და მეგობრებმა შექმნეს. www.iago.ge-ზე ჭარბად შეხვდებით ისეთი საერთაშორისო დონის გამოცემების სტატიებს, როგორებიცაა Тhe Guardian, Forbes. მედისაშუალებები ქართული ღვინის სახეობებზე საუბრისას აუცილებლად ახსენებენ იაგოს ნაწარმსაც. ეს კიდევ უფრო გვისახავს იმედს, რომ ღვინის წარმატების შემდეგ, იაგო ბიტარიშვილის ლუდს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარება ელოდება.

ალხანაიძე

გია ალხანაიძე ლუდის ხარშვის ტექნოლოგიით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინტერესდა. წარმოშობით თუში მეწარმე, ლუდის ხარშვის რიტუალს მთაში ხშირად ესწრებოდა. "იქ ყოველწლიურად დღეობები იმართება. ათნეგენობა ჰქვია. ყველა სოფელი ლუდს ხარშავს. მაშინ, ალბათ, 18 წლის ვიყავი. ამ პროცესმა ჩემზე იმხელა გავლენა მოახდინა, სარიტუალო მოქმედება ისე მომეწონა, გადავწყვიტე, ლუდის მოხარშვა მეც მესწავლა", – იხსენებს გია ალხანაიძე.

ლუდის ხარშვის ტექნოლოგიაზე ალხანაიძე ინფორმაციის მიღებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. იმ პერიოდში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დაბალი იყო. იდეა 18 წლისას მოუვიდა და 33 წლის ასაკში განახორციელა.

პირველად 30 ლიტრი ლუდი მოხარშა. "შინ, გარდერობში შევინახე და იქ დაიწყო დადუღება", – იხსენებს მეწარმე.

2000-იან წლებში რუსეთში სპეციალურად ტექნოლოგიის შესასწავლად გაემგზავრა და 2007 წელს საქართველოში დაბრუნდა. თან უჟანგავი ლითონის ფირფიტები და ავზის ლუქები ჩამოიტანა. მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დაბრუნებული ალხანაიძე ჯერ აზერბაიჯანში ჩავიდა – იმ პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი მიმოსვლა შეჩერებული იყო, – შემდეგ კი კახეთში გაემართა. ბინა თელავში დაიდო.

ფირფიტებითა და ლუქებით, პირველი ლუდის ქვაბი დაამზადებინა და წარმოებასაც შეუდგა.

ალხანაიძის ლუდსახარში 10 წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. თელავთან ახლოს შენობა შეიძინა. ყოველდღიურად, მის გაფართოებასა და მოწყობაზე თავად ზრუნავდა. საჭირო ტექნიკის ნაწილიც საკუთარი ხელით ააწყო. მოთხოვნა ძალიან მაღალია.

ალხანაიძისთვის პრიორიტეტული კრაფტ-ლუდის წარმოება იყო. შეკითხვაზე, თუ რა რაოდენობის კრაფტ-ლუდს ამზადებს, პასუხს არ გვცემს. "კრაფტი, იგივე ცოცხალი ლუდი – ფილოსოფიაა. თუკი კრაფტ-ლუდია, ის აუცილებლად მცირე დოზით უნდა დამზადდეს. მისი მიზანი კომერციული არ უნდა იყოს – მეგობრებს უნდა გაუმასპინძლდე. სოციალური ფენომენია. დაფუძნებულია მეგობრობაზე. ამ სფეროში კონკურენცია არ მოსულა", – გვიხსნის მეწარმე.

კრაფტ-ლუდის შემდეგ, ალხანაიძემ ინდუსტრიული წარმოება წამოიწყო. მიზეზი აღებული კრედიტი და მეტი შემოსავლის გაჩენის საჭიროება იყო. თუმცა, ლუდსახარშმა კახურ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. "დავიწყე 30 ლიტრით. შემდეგ 100 ლიტრზე ავედი, შემდეგ 250 ლიტრზე, ბოლოს კი – 2 ტონაზე. თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა ჩამოსხმული ლუდის რაოდენობა, მით ნაკლებად ვაკმაყოფილებდი ლუდზე მოთხოვნას. ამიტომ გავჩერდი და ჩამოსხმა ისევ შევამცირე".

მეწარმესთან ლუდის საყიდლად, უმეტესწილად, ლუდსახარშშივე მიდიან. სტუმრებს ხშირად ხელცარიელებს უწევთ უკან გაბრუნება. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ალხანაიძემ კედელზე წარწერების გამოკვრაც კი დაიწყო – ყველა მისულს ატყობინებს, აქვს თუ არა გასაყიდად დადუღებული სასმელი. მოგვიანებით კი, წითელი და მწვანე მაისურები შეიძინა - "თუკი წითელი მაცვია, ესე იგი, ლუდი გათავდა, ხოლო მწვანეს შემთხვევაში – ჯერ კიდევ გვაქვს", – სიცილით გვიხსნის ალხანაიძე.

ლუდის საკუთარი მაღაზია და ღია კაფე თელავის მეწარმის საკუთრებაა. ცოტა ხანში, თელავში "ლუდის ბაღიც" გაიხსნება. სამივე ობიექტზე ალხანაიძის ლუდის დაგემოვნებას შეძლებთ. მისი ნაწარმი თბილისშიც იყიდება.

"შედარებით ინდუსტრიული ლუდის არსენალში გვაქვს "ათენგენი" – ნაკლებად გაზიანი, ქარვისფერი, თუშეთის ტრადიციული ლუდი; "შირაქის ველი" – ხორბლის ლუდი; ლუდი "შეილი" – მინდოდა ეს სახეობა ქალებისთვის მიმეძღვნა, ვარდის ფურცლებისგან ვამზადებთ. ბებიაჩემის სახელი დავარქვი. ასევე, "კაბა-ხაბარდა" – ხავერდოვანი, მუქი ფერის ლუდი. გავაკეთე "ტიპა" – ინდური სახეობა "იპადან" გამომდინარე დავარქვი".

ალხანაიძის ლუდსახარში თვეში 60 ტონამდე ლუდს ასხამს. პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი – წყალი, გამოყენებამდე ფილტრაციის პროცესს გადის. მეწარმე პროდუქტის რეკლამირებას არ ეწევა, არ იყენებს სოციალური მედიის არცერთ პლატფორმას. თუმცა, ფაქტია, რომ მის პროდუქციაზე გაცხოველებული მოთხოვნა წლებია არ წყდება.

9 მთა

ფარმაცევტული კომპანია GPC-ის ორმა დამფუძნებელმა – ირაკლი ცინცაძემ და ლევან კანკიამ ნორვეგიაში სტუმრობისას კრაფტ-ლუდი პირველად დააგემოვნეს. პროდუქტის გაცნობისთანავე ისინი მეტად დაინტერესდნენ, გაეცნენ მის ისტორიას, ფილოსოფიას და მოისურვეს, ნამდვილი კრაფტ-ლუდი ქართველ მომხმარებელსაც გაეცნო და შეეყვარებინა.

როგორც ირაკლი გვიყვება, "სრულებით სხვა, მრავალფეროვანი და გამორჩეული სამყარო აღმოვაჩინე. განსხვავებული გემოთი, არომატებით, სტილით, ალკოჰოლის შემადგენლობით და ა.შ. კრაფტ-ლუდის სამყარომ გაგვიჩინა ვნება, დიდი სიყვარული, და შეგვიპყრო სურვილმა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალი ხარისხის კრაფტ-ლუდი. ამიტომ შევადგინეთ ბიზნესმოდელის კონცეპტი და ასე შეიქმნა კრაფტ-ლუდის ბრენდი – "9 მთა". მისი მთავარი ღირებულებებია თავისუფლება, სიახლისკენ ლტოლვა, დაუღალავი შრომა და გამბედაობა".

ბიზნესგეგმის განხორციელება მალევე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ცინცაძეს ლუდის ხარშვის გამოცდილება არ ჰქონდა, ზედმიწევნით შეისწავლა ყველა დეტალი, კრაფტ-ლუდის დამზადების ტექნოლოგია, რეცეპტები; დააგემოვნა მრავალი სახეობის განსხვავებული ლუდი. ერთი სიტყვით, ძალიან მოკლე დროში უძველესი ალკოჰოლური სასმელის ნამდვილ ექსპერტად ჩამოყალიბდა.

"9 მთა" ნორვეგიაში, ქალაქ დრამენში ისხმება. 3 განსხვავებული სახეობის კრაფტ-ლუდი ქარხანა Haandbryggeriet-ში მზადდება და საქართველოში ჩამოდის. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ლუდის ნორვეგიაში მოხარშვისთვის, კრაფტ-ლუდის ხარშვის დიდი გამოცდილების გარდა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა, შესაბამისად – სუფთა წყალი იყო. "წყალი, რომლითაც "9 მთა" იხარშება, ანკარა წყაროებიდან მოდის. "აღსანიშნავია ისიც, რომ ნორვეგია არის ქვეყანა, სადაც კვლევების თანახმად, ყველაზე ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. ამ ფაქტმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე დადებითად იმოქმედა".

კრაფტ-ლუდი, როგორც წესი, მცირე რაოდენობით იხარშება და ისხმება. ამას თავისი მიზეზები აქვს: ნედლეული, რომელსაც ლუდსახარში იყენებს, იშვიათი და ექსკლუზიურია. ჩამოსხმული რაოდენობა, პირველ ჯერზე, 4,5 ტონა იყო.

"9 მთა" ქართულ ბაზარზე, საკუთარი ლუდის გარდა, 5 საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს. მათ შორისაა აშშ-ში სიდიდით მე-9, ეპოქალური კრაფტ-ლუდსახარში Stone Brewering; დანიელი ვირტუოზი მხარშველის მიერ დაარსებული კომპანია Mikkeller, რომელსაც 1000-ზე მეტი რეცეპტით აქვს ლუდი მოხარშული; ახალგაზრდა გერმანული კომპანია Crew Republic; სახელოვანი კანადური ლუდსახარში Steamworks და ნორვეგიაში პირველი კრაფტ-ლუდის სახარში – Nogne.

ქართულ ბაზარზე ბრენდი 3 განსხვავებულ კრაფტ-ლუდს უშვებს: სვიიანი ლაგერი/Hoppy Lager ტრადიციული გემოს მოყვარულთათვის, ღია ფერის ელი/Pale Ale ბალანსირებული გემოს მოყვარულთათვის და ინდური ღია ფერის ელი/IPA მკვეთრი და დამახასიათებელი გემოს მოყვარულთათვის. "უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, "9 მთას" საძმოს კიდევ ერთი განსხვავებული ლუდი შევმატოთ", – ამბობენ კომპანიაში.

ბრენდი საკუთარ კონკურენტულ უპირატესობად საქართველოში ისეთი ახალი რამდენიმე სტილის წარდგენას მიიჩნევს, როგორებიცაა სვიიანი ლაგერი, ღია ფერის ელი, ინდური ღია ფერის ელი.

წარმოდგენილი სხვა ბრენდები მსოფლიოს წამყვანი კრაფტ-ლუდის მწარმოებელი კომპანიები არიან. "კონკურენტული უპირატესობაა ასევე გამოყენებული ნედლეულის უმაღლესი ხარისხი, განსაკუთრებით კი – უხვად გამოყენებული იშვიათი ჯიშის სვიები. მთავარი განმასხვავებელი კი ის არის, რომ თითოეული ლუდი განსაკუთრებული სიყვარულითა და პასუხისმგებლობით იხარშება".

დამფუძნებლებისთვის კრაფტ-ლუდი უბრალოდ ლუდი კი არა, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფიაა. "იგი ემსახურება მიზანს, რომ ლუდის სამყარო და მისი მომხმარებელი თავისუფალი გახდეს, იყოს მრავალფეროვანი, უნიკალური, განუმეორებელი და გამბედავი". ყოველი მარკეტინგული კამპანიის მთავარი მიზანიც ესაა – ლუდის მოყვარულს ის მუხტი, ვნება და სიყვარული გაუზიაროს, რომლითაც კრაფტი იქმნება".

ლუდსახარშის შემდეგ, "9 მთამ" კრაფტ-ლუდის ბარიც გახსნა. მოყვარულებს ტაბიძის 10-ში 24 დასახელების ჩამოსასხმელი და 50-მდე სახეობის ბოთლის/ქილის კრაფტ-ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ. სახეობათა მრავალფეროვნება თითოეულ სტუმარს ადგილზე შესაფერისი ლუდის აღმოჩენის საშუალებას აძლევს.

Global Beer Georgia

ლუდსახარში Global Beer Georgia უკვე ერთი წელია ქართულ ლუდს "აისი" ასხამს. ეს "თელიანი ჯგუფის" მიერ შექმნილი საწარმოა. კომპანია ბოლო 10 წელია Heineken-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. შესაბამისად, ლუდის ნაციონალური ბაზრის თავისებურებები ძალიან კარგად ესმის.

"წლების განმავლობაში მთლიანად ლუდის კატეგორიას ვიკვლევდით და ვაკვირდებოდით. ამ ხნის განმავლობაში, ახალი ლუდსახარშის შექმნისთვის მოთხოვნა და დიდი პოტენციალი დავინახეთ. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანია Heineken-თან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეშენებინა ახალი ლუდსახარში Global Beer Georgia, რომელშიც ქართული და Heineken-ის საერთაშორისო ბრენდების წარმოება მოხდებოდა", – გვიყვებიან საწარმოში.

ხელშეკრულება Heineken-თან 2015 წელს გააფორმეს. შესაბამისად, საერთაშორისო დონის ბრენდის პროდუქციის წარმოების უფლება საქართველოში ოფიციალურად აქვთ.

პირველი ქართული ლუდი "აისი" 2017 წლის მაისში ჩამოასხეს.

კომპანიამ საქმიანობა ლუდის გაყიდვასა და მარკეტინგში დიდი გამოცდილებით დაიწყო, თუმცა ლუდის ხარშვის ტექნოლოგიები, წარმოება, საჭირო დანადგარები სრულიად უცხო მიმართულება იყო. Global Beer Georgia-მ ლუდსახარში Heineken-ის კონსულტანტების მეთვალყურეობით აამუშავა.

"აუდიტის პროცესს გავდივართ და ნიმუშებს გასატესტად Heineken-ის სხვადასხვა ლაბორატორიაში ვაგზავნით. ჩვენი გენერალური დირექტორი, ზდენეკ რადილი, წლების განმავლობაში კომპანია Pivovary Lobkowicz Group-ის – წამყვანი ჩეხური ლუდის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. შესაბამისად, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ლუდის წარმოების მიმართულებით. ასევე, ჩვენმა ლუდის მხარშავმა 15 წელი ჩეხეთში, "კრუშოვიცეს" ლუდსახარშში, ამავე პოზიციაზე გაატარა და მისი გამოცდილება ჩვენი კომპანიის დიდი უპირატესობაა", – ამაყობენ ლუდსახარშში.

ლუდს "აისი" მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში ასხამენ. პრიორიტეტს, ბევრი კომპანიის მსგავსად, პროცესის დროს გამოყენებული წყლის ხარისხს ანიჭებენ. მას მიწისქვეშა ტბებიდან მოიპოვებენ. ამუშავებენ ფიზიკურად და ქიმიურად. პირველ ეტაპზე წინასწარი დამუშავება ხდება, შემდეგ ქვიშის ფილტრებით სცილდება მექანიკური ნაწილაკები, ხდება ქიმიური შემადგენლობის რეგულაცია, დაქლორვა დეზინფექციისთვის, ხოლო შემდეგ – დექლორირება. ბოლოს კი, წყალი დარბილების პროცესს გადის.

Global Beer Gеоrgia-ს პირველი ბრენდი "აისია". ის სულ რაღაც 1 წლისაა. კომპანიას "ჰაინეკენის", "კრუშოვიცეს", "ამსტელის" ქართულ საწარმოში ჩამოსხმის ლიცენზიაც აქვს. "ლიცენზირებული ბრენდების წარმოების უფლების მოპოვება საკმაოდ რთულია, რადგან ლუდსახარშის დანადგარებიდან დაწყებული, ლუდის წარმოების ყველა პროცესი Heineken-ის სტანდარტით უნდა მიმდინარეობდეს. მოგეხსენებათ, ის მსოფლიოში ლუდის კატეგორიის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. რაც მთავარია, ორიენტირებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის ლუდის სახეობების წარმოებაზე. შესაბამისად, ასეთი პარტნიორობის მოპოვება საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი საქმეა, დიდ რესურსს მოითხოვს – როგორც ადამიანურს, ისე ფინანსურს".

კომპანიაში აცხადებენ, რომ აბსოლუტურად ყველა ბრენდს, იქნება ეს ქართული თუ საერთაშორისო, თანაბრად უმაღლესი სტანდარტით ასხამენ. ხორციელდება მეინსტრიმ და პრემიალური საფასო კატეგორიის ბრენდების ჩამოსხმა.

ამ ეტაპზე 3 ბრენდის ლუდს ასხამენ. საწარმოს წლიური წარმადობა ნახევარი მილიონი ლიტრი ლუდია.

კომპანიის განვითარებისთვის მარკეტინგულ სტრატეგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ბრენდების სწორი პოზიციონირება და ღირებულებები წინსვლისა და განვითარების მთავარი საწინდარია. ბრენდი პოტენციურ მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ, აბსოლუტურად ყველა არხს იყენებს.

"თუმცა, წარმატებისთვის მხოლოდ სწორი მარკეტინგული სტრატეგია არ კმარა. ჩვენი მთავარი უპირატესობაა Global Beer Georgia-ს ადამიანური რესურსები და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის ცოდნა. ამასთან ერთად კი, Heineken-ის მრავალწლიანი გამოცდილება ლუდის წარმოებასა და მარკეტინგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნატახტარი

ლუდსახარში "ნატახტარი" ქართულ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. 2008 წლიდან მოყოლებული, კომპანია ლუდის ბაზარზე, საცალო ვაჭრობის აუდიტის თანახმად, ლიდერობას არავის უთმობს.

2007 წელს ბრენდით "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფი" დაინტერესდა და "ნატახტარიც" ჯგუფის

ნაწილი გახდა.

2009-2010 წლებში ქარხანაში ჩამოსასხმელი ხაზები და ლაბორატორია განახლდა. ტექნიკური განყოფილების თანამშრომლებმა კი გადამზადება ბერლინში, VLB-ის უნივერსიტეტში გაიარეს, ლუდის წარმოებისა და გემური თვისების შეფასების თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეუფლნენ.

მწარმოებლის ტექნიკური სამსახური ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. წარმატების დიდი წილი სწორედ ამ გუნდზე მოდის – ადამიანებზე, რომლებიც წლებია ერთად მუშაობენ და არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებენ.

ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად, ნებისმიერი ლუდსახარშისთვის, ტექნოლოგიური განვითარების გარდა, გადამწყვეტ როლს წყალი თამაშობს. სასმელი წყლის უნიკალური თვისებების გამო, 2005 წელს ლუდსახარშმა ბინა ნატახტარში დაიდო. ქარხნის ტერიტორიაზე განლაგებული ჭაბურღილებიდან წყლის ამოღება ხორციელდება, რომელსაც შემდეგ წარმოებაში იყენებენ. 2011 წელს კომპანიამ წყლის სპეციალური გამწმენდი სისტემა აამოქმედა. სისტემის მიზანია, გაწმინდოს ლუდის წარმოების შემდეგ მოხმარებული წყალი. კერძოდ კი, დანადგარების რეცხვის შემდეგ, გაათავისუფლოს წყალი სარეცხი საშუალებებისგან და ისე დაუბრუნოს იგი ბუნებას. შედეგად, მდინარე ნარეკვავში გაწმენდილი წყალი ჩაედინება – კომპანია გარემოზე ზრუნავს. წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 6 მილიონი ლარი დაჯდა. ყოველწლიურად მისი ფუნქციონირება 350 ათასი ლარი ჯდება.

"ნატახტარი" ბრენდებს მაღალ, საშუალო და პრემიუმ კატეგორიაში აწარმოებს: "ნატახტარი", "ნატახტარი კასრის", "ნატახტარი ექსტრა", "მთიელი", Old Irish, "34", "ქარვა", "კაიზერი", "ჰერენჰოიზერი", "ველკოპოპოვეცკი კოზელი", "მილერი" საქართველოში ისხმება, ხოლო "ეფესი" – იმპორტირებულია.

2012 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე პირველად მოიპოვა გერმანული ბრენდის წარმოების უფლება და "კაიზერი" ჩამოასხა. დღესდღეობით "ნატახტარი" ისეთი ცნობილი გერმანული და ჩეხური ლუდის ბრენდებს აწარმოებს, როგორებიცაა ბავარიული ლუდი "ოტინგერი", "კაიზერი" და ჩეხური ლუდის ბრენდები – "სტაროპრამენი" და "კოზელი". "საერთაშორისო ბრენდების ჩვენთან თანამშრომლობა იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესიონალიზმი დამაკმაყოფილებელია. ოფიციალურ ჩამოსხმას ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სატესტო ჩამოსხმები უძღვის. თითოეულ საერთაშორისო ბრენდს, ზურგს სულ მცირე საუკუნოვანი ჩამოსხმის ტრადიცია უმაგრებს. კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე, ცდილობს გაუმრავალფეროვნოს არჩევანი".

ლუდსახარში არც ექსპერიმენტებს ერიდება: "გვაქვს ბრენდები, რომლებმაც მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ დღეს მათ ჩვენს მაცივარში ვერ წააწყდებით. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს – ტენდენციები, გემური პრეფერენციების ცვლილებები". "ნატახტარი" ხშირად მოკლევადიანი პროდუქტებითაც ახალისებს ბაზარს: "ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა არის გამოცდილება, საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობების სრულყოფა".

არსებობის განმავლობაში, "ნატახტარს" არაერთი ექსპერიმენტული პროდუქტი შეუთავაზებია მომხმარებლისთვის: "კუბიჩეკი", 3D, Old Irish.

2012 წელს "ნატახტარმა" "მთიელის" წარმოება განსაკუთრებული რეცეპტით დაიწყო. ხარშვის პროცესში ქართულ ველურ სვიას იყენებდნენ – ეს იყო პირველი კრაფტ-ლუდი.

ლუდსახარში მარკეტინგულ სტრატეგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კონკურენტულ ბაზარზე მარკეტინგული კომუნიკაცია წარმატების უმთავრესი განმაპირობებელია.

კამპანია "მერე რა, რომ ზამთარია", 2009-2010 წლებში ნიკო გომელაურის ლექსითა და ვიდეორგოლით დაიწყო. მომდევნო წლებში ნიაზ დიასამიძის, "ფრანისა" და რობი კუხიანიძის სიმღერები შეემატა. პარალელურად, ბრენდი საუბრობდა "უსაზღვრო მეგობრობაზე", რომელიც თბილისსა და სოხუმში მცხოვრები ორი ადამიანის მეგობრობით აღწერა. 2017 წელს შექმნილ ვიდეორგოლში ბრენდი "ერთად გამარჯვებაზე" ამახვილებდა ყურადღებას და გამარჯვების სიმბოლოდ მამუკა გორგოძისა და სხვა მორაგბეების ერთობლივი ბრძოლა ჰქონდა მოყვანილი.

ინოვაციური იყო "34"-ისა და Old Irish-ის კომუნიკაცია. ერთ შემთხვევაში, ბრენდის პირველ მომხმარებლებს ქალაქში ძეგლები დაუდგეს. მეორე შემთხვევაში კი, ირლანდიაში ვირტუალურად მოგზაური, რეალურ ირლანდიურ პაბში აღმოჩნდა.

"34"-ისა და Old Irish-ის ამ კამპანიებმა საერთაშორისო აღიარება და კანის "ლომები" დაიმსახურა.

ქვევრის ლუდი

ზაზა ზედგინიძემ ლუდის დამზადება სახლის პირობებში დაიწყო. ინგრედიენტებს იგი აშშ-იდან იწერდა.

ლუდის ხარშვის ტექნოლოგიით, შეერთებულ შტატებში სწავლის დროს დაინტერესდა. "ლუდის მოყვარული ყოველთვის ვიყავი და მინდოდა, ჩემი ლუდი მქონოდა. საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ქალაქში ბევრი ლუდსახარში იყო. მსურდა, მეც გამეკეთებინა. არანაირი გამოცდილება არ მქონია, არც ტექნოლოგია ვიცოდი. ყველაფერი, როცა ჩამოვედი, მერე ვისწავლე", – იხსენებს მეწარმე.

დაახლოებით 3 წლის წინ, ზედგინიძემ გააცნობიერა, რომ ლუდსახარშის გახსნის სურვილი არ ასვენებდა. პარალელურად სხვა პროექტებზე ფიქრისთვის, აზრები ლუდსახარშზე არც დროს უტოვებდა და არც სურვილს. ცოტა ხანში ბიზნესგეგმა შეადგინა, რისკფაქტორებიც გათვალა, და გადაწყვიტა, ოცნება აესრულებინა.

ასპინძაში ზაზა ზედგინიძეს საკუთარი სახლი ჰქონდა, რომლის ეზოში მცირე წარმოებისთვის შესაფერისი, 100-120 კვადრატულ მეტრამდე ლუდსახარში გააკეთა. გამოიწერა საჭირო ტექნიკა: ალაოს საფქვავი, ლუდის ქვაბი, მაცივარი; შეისყიდა ქვევრები. ლუდის ხარშვის მცირე გამოცდილება ჰქონდა, თუმცა გააცნობიერა, რომ პროფესიონალის დახმარება დასჭირდებოდა. სწორედ ამ მიზნით დაუკავშირდა გერმანელ ექსპერტს, რომელიც საქართველოში მოიწვია.

სტუმარმა ქვევრი პირველად დაინახა, მაგრამ დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, ზაზასთან ერთად შექმნა ტექნოლოგია, რომელიც რამდენიმე თვეში ზედგინიძის წარმოების მთავარ ღერძად იქცა. ქვევრის ლუდის წარმოების კუთხით, ზედგინიძე პიონერია. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ არსებობდა. რაც შეეხება მსოფლიოს – რასაკვირველია, ქვევრების გამოყენება სხვა ქვეყნებში არ ხდება, თუმცა ხარშვის მსგავსი ტექნოლოგიით ლუდის დამზადება მეტ-ნაკლებად გავრცელებული პრაქტიკაა.

როგორც ზაზა ამბობს, საწყის ეტაპზე მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა და მარცხიც ბევრჯერ განიცადა, თუმცა არ დანებდა. ახლაც მორიგ ექსპერიმენტს ატარებს – ლუდის მინის ბოთლებში ჩამოსხმა ტესტირების პროცესს გადის.

კრაფტი, იგივე ცოცხალი ლუდი, 4 ინგრედიენტით და გერმანული ტექნოლოგიით მზადდება: სვიის, ალაოს, წყლისა და საფუარის შერევით, სქელი, ქარვისფერი სითხე მიიღება, რომელიც შემდეგ ფერმენტაციის პროცესს გადის, ბოლოს კი ბოთლში ინაცვლებს.

ლუდსახარშში ჩამოსხმული ლუდის პირველი ნაკადის რაოდენობა 200 ლიტრი იყო.

ქვევრის ლუდი სამი ტიპის – მუქ, ღია და ხორბლის ლუდს ამზადებს. ხორბლის ლუდი მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომაზე მზადდება. ქვევრის გამოყენების მთავარი მიზანი სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებაა. ფერმენტაციის პერიოდი 10 დღიდან 3 კვირამდე მერყეობს.

ქვევრის ლუდი საშუალოზე მაღალ საფასო კატეგორიაში გადის. იქიდან გამომდინარე, რომ ზედგინიძის წარმოებას პროდუქტის გასაღების საკუთარი წერტილები არ აქვს, მეწარმეს ლუდის ჩაბარება რესტორნებში უწევს. შესაბამისად, ღირებულება 400-500%-ით იზრდება. ზედგინიძემ, ჩამოსასხმელი ლუდის გემური თვისებები რომ არ დაკარგულიყო, სპეციალური კეგებიც ჩამოიტანა. იგი ლუდს არომატს ბევრად დიდხანს უნარჩუნებს. "საკუთრივ, ლუდი კლასით განსხვავებულია, ნატურალური პროდუქტია. ახლა მთელ მსოფლიოში ეს მიმართულებაა მოდაში", – ამბობს ზედგინიძე.

ზაზა ზედგინიძე ინდუსტრიულ წარმოებაზე გასვლას არ გეგმავს. მისთვის პრიორიტეტი ლუდის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებაა. დიდ ყურადღებას უთმობს მარკეტინგულ სტრატეგიას: "როცა პროექტზე მუშაობა დავიწყე, მარკეტინგული გათვლა ჩემთვის პრიორიტეტული იყო. უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია მისია, დიზაინი, ლოგო. მარკეტინგს უდიდესი როლი აქვს. მე მასიურ წარმოებაზე არ გადავდივარ და ვცდილობ, მცირე სამიზნე აუდიტორიას ინფორმაცია სწორად მივაწოდო".

საწარმო ამჟამად ფართოვდება – ზედგინიძე უახლოეს მომავალში ლუდის ყოველთვიური წარმადობის ზრდას 90 ტონამდე ფიქრობს. რაც შეეხება ექსპორტს, "ქვევრის ლუდის" საცდელი პარტია ამჟამად ჰონკონგის ბაზრისკენ უკვე გაგზავნილია და ტესტირებას გადის. აპრილში ქვევრის ლუდის გაყიდვა ბათუმშიც დაიწყო. 2018 წლის ბოლოსკენ კი, საწარმო ქვევრის ლუდისგან გამოხდილი არყის წარმოებას იწყებს.

ექსპერიმენტი სახელად: შანტრაპა

გია პირადაშვილის სახელი "შატო მერეს", "ვინოტერას" და რამდენიმე სხვა წარმატებულ ბრენდს უკავშირდება. პირადაშვილმა გასული საუკუნის 90-იან წლებში "თელიანი ველი" დააარსა, მოგვიანებით კი გამოჩნდა ღვინის სასტუმრო "შატო მერე" – სასახლე შუა კახეთში თვალწარმტაცი ხედით ალაზნის ველზე.

გია პირადაშვილს ლუდის წარმოებაში გამოცდილება არ აქვს. სამაგიეროდ, ექსპერიმენტირების დაუსრულებელი სურვილი არ ასვენებს. ასე შექმნა ლუდის ახალი ბრენდი "შანტრაპა".

ბიზნესში გამოცდილმა გია პირადაშვილმა ლუდის ხარშვაში გამოცდილ გია ალხანაიძეს წარმოებაში დახმარება სთხოვა. ლუდს კახეთში, ალხანაიძის ლუდსახარშში ასხამენ. პირადაშვილსა და ალხანაიძეს დიდი ხნის მეგობრობა და ახლა უკვე ბიზნესპარტნიორობაც აკავშირებთ. "გიას, როგორც მეწარმის, გამოცდილებას ვენდობი, ბრენდინგის კუთხით კი ჩემს გამოცდილებას ვიყენებთ", – ამბობს გია პირადაშვილი.

ექსპერიმენტული პროექტი ამ ეტაპზე ტესტირების პროცესშია.

"საკუთარი ქარხანა არ გვაქვს. უფრო პატარა ფოკუსპროექტია. საკუთარ თავს ვცდით, სერიოზულ წარმოებაზე ჯერჯერობით საუბარიც კი არ გვაქვს", – ამბობს გია პირადაშვილი.

ლუდის ბაზარზე თავის დამკვიდრებას მომავალში აპირებს. ქართული ინგრედიენტებით სურს შექმნას მაქსიმალურად ნატურალური ნაწარმი – "შემოტანილ პროდუქციას საერთოდ არ ვიყენებთ. ქართული წყალი, ქართული ხორბალი, ქერი, სვია – წარმოებაში აბსოლუტურად ყველაფერი ადგილობრივია".

სასმელს ყოველ სამოც დღეში ერთხელ ასხამენ. პირველად ჩამოსხმული ლუდის რაოდენობა ათას ლიტრს შეადგენდა.

"შანტრაპას" მარკეტინგული სტრატეგია ჯერჯერობით არ შექმნილა. სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, გაყიდვების მონაცემებით და პროდუქტზე მოთხოვნით, განისაზღვრება, თუ რა სამიზნე აუდიტორიაზე უნდა მოხდეს გათვლა.

"შანტრაპას" შეძენა როგორც თბილისში, ღვინის მაღაზიაში, ისე კახეთში – "შატო მერეში" შეგიძლიათ.

ამ ეტაპზე პირადაშვილისა და ალხანაიძის კოლაბორაცია ლუდს შამპანურის ტიპის, 0,75 გრამაჟის ბოთლში ასხამს. "შანტრაპას" ბრენდით 6 სახეობის ლუდი წარმოებს. მათ შორისაა: "ზანგური", "შეილი", "სტაუტი", ქონდრის ლუდი, რომელიც მთათუშეთიდან ჩამოტანილი ბექქონდარას არომატით ჩამოისხმება.

"ეს არ არის საკამპანიო მასშტაბის პროდუქტი. ეს მცირერიცხოვან მომხმარებელზე გათვლილი ლუდია", – ამბობს გია პირადაშვილი და ექსპერიმენტულ წარმოებას თამაშსაც კი უწოდებს. თამაში სერიოზულ ბიზნესპროექტად მას მერე იქცევა, რაც "შანტრაპა" ექსპერიმენტულ პერიოდს დაასრულებს და სატესტო რეჟიმს წარმატებით გაივლის.

წარმატებები "შანტრაპას"!

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

Payze - საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

დამფუძნებლები: გეგა წურწუმია, კახა გელაშვილი

სიახლეები

რა ნიშნავს ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობა

თანამედროვე დიზაინში უფრო ფართოდ გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობის პრინციპები