ლიდერი უნდა იყოს... არსებობს თუ არა ლიდერად ჩამოყალიბების მზა ფორმულა?!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლიდერობის, როგორც ადამიანის უნარის, შესახებ, ბევრი მეცნიერული კვლევა და წიგნი წამიკითხავს. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, არაერთი თეორიაა განვითარებული ლიდერობის შესახებ. მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ ადამიანს შეიძლება ბავშვობიდან ჰქონდეს ლიდერისათვის დამახასიათებელი თვისებები, მაგრამ ვერ შეძლოს მისი განვითარება და ვერასოდეს ჩამოყალიბდეს ლიდერად. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ჩემი სკოლის პერიოდი, სადაც იმ დროისთვის ლიდერობით დაჯილდოებულმა ჩემმა სკოლელებმა, რომლებიც ძალიან აქტიურები, კლასიკური გაგებით ექსტრავერტები იყვნენ და ქარიზმაც ჰქონდათ, ვერ შეძლეს ლიდერებად ჩამოყალიბება.
ამიტომ ვფიქრობ, ლიდერად გახდომას სჭირდება ყველა ის თვისება, რომელიც ყველასთვის ცნობილია და ამავე დროს, ლიდერობის დაუოკებელი სურვილი, საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფა და შესაბამის ეპოქასა და გარემოებაში მოხვედრა. მე ღრმად მწამს, რომ ნაპოლეონი, განდი ან სხვა მსგავსი ლიდერები, რა თვისებებითაც უნდა ყოფილიყვნენ დაჯილდოებულნი, შესაბამის ეპოქასა და გარემოებებში მოხვედრის გამო გახდნენ თავისი დროის უდიდესი ლიდერები.
იმისათვის, რომ ადამიანი "ჯანსაღ" ლიდერად ჩამოყალიბდეს, ჩემი აზრით, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს დიდი პასუხისმგებლობა და ადამიანთათვის სიკეთის მოტანის ვალდებულება. ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანების რაოდენობასა და წრეს, მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი – პიროვნებების ან სოციუმის პატარა ჯგუფს მართავ, კომპანიას, სახელმწიფო ორგანიზაციას თუ უზარმაზარ სახელმწიფოს. მე ვფიქრობ, რომ ძალაუფლების მიღების შემთხვევაში, დიქტატორი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ატომური იარაღის ან ავტოკრატიული ქვეყნის ლიდერი, არამედ კომპანიის ან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელი, თუ მას გაცნობიერებული არ აქვს ვალდებულებები. ასეთი მაგალითები ყველას უნახავს საკუთარ სამსახურშიც, როცა ამა თუ იმ მართვის რგოლში ტიპური "პატარა დიქტატორია" მოკალათებული. ცნობილი ფორმულა, რომ "ძალაუფლება რყვნის ადამიანს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის მას აბსოლუტურად", რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია. ამიტომ ნებისმიერი ლიდერი, იმისათვის, რომ დიქტატორად არ იქცეს, უნდა ფლობდეს შინაგანი და გარეგანი კონტროლის მექანიზმებს და გაცნობიერებული ჰქონდეს სოციუმთან სიკეთის კეთების ვალდებულება.
ამას წინათ საინტერესო კვლევას წავაწყდი, რომელიც ძალიან მომეწონა. კვლევაში ლიდერისთვის აუცილებელ 5 თვისებას გამოყოფდნენ: ინტელექტს, თვითრწმენას, გამბედაობას, პატიოსნებას და სოციალურობას. ვფიქრობ, ეს ის საუკეთესო თვისებებია, რომლებიც თანამედროვე ლიდერს უნდა ახასიათებდეს. ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია ლიდერი იყოს ქარიზმატული. როგორც იუნგი ამბობდა, "ქარიზმატული ლიდერები ფლობენ თვითმონიტორინგისა და შთაბეჭდილების მართვის თვისებებს, მოტივაციას სოციალური ძალაუფლების მოპოვებისა და თვითრეალიზაციისათვის". შეუძლებელია, მას არ დავეთანხმოთ.
მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ ლიდერად უნდა ჩამოყალიბდე. შესაბამისად, ვფიქრობ, არ არსებობს თანდაყოლილი გენეტიკური კოდი ლიდერობისა. ლიდერად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, თვითდისციპლინა, ქარიზმა, იუმორის გრძნობა, სტრესის მართვის უნარი, კრიტიკულ სიტუაციებში თვითკონტროლისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მუდმივი განვითარება და განგრძობადი განათლება, ადაპტაციის უნარი, პრინციპულობა იდეებისადმი და რაც მთავარია, საქმის უპირობო სიყვარული.