Get All Access for $5/mo

PSP - 26 წელი ქვეყნის სამსახურში #ჯანმრთელი საზოგადოება - ძლიერი ქვეყანა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

საქართველოში ფარმაცევტული დარგის ლიდერ კომპანია PSP-ს ყველა იცნობს. სახელწოდება ლათინური ფრაზის – PAULATIM SUMMA PETUNTUR-ის აბრევიატურაა და "ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ სვლას" ნიშნავს. 1990-იან წლებში გმირთა მოედნის სარდაფიდან დაწყებული საქმიანობა დღეს ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 263 აფთიაქს, 7000-ზე მეტ დასაქმებულსა და 20 000 დასახელების პროდუქციას ითვლის. თუ როგორ დაიწყო საქმიანობა, განვითარდა და კიდევ საით მიიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ PSP, ამის შესახებ ENTREPRENEUR HEALTH-ს, მისი დირექტორი, ვაჟა ოქრიაშვილი უყვება:

"1994 წელს, სამოქალაქო ომის შემდეგ, საქართველოში განსაკუთრებით მწვავე პრობლემად მედიკამენტების დეფიციტი იდგა. ქვეყნის წამლით მომარაგების სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოისპო, საქართველოს მოსახლეობა და მედიკოსები კი მედიკამენტების გარეშე დარჩნენ; ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა გახდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა PSP, რომელმაც ევროპული ფარმაცევტული ქარხნების მედიკამენტების პირველი იმპორტი განახორციელა საქართველოში. თავდაპირველად, სულ 5 თანამშრომლით დავიწყეთ, დღეს კი PSP-ს გუნდი უკვე 7000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. 1996 წელს PSP უკვე მსოფლიოს 100-მდე წამყვანი ქარხნის იმპორტიორი იყო. ამ დროს, საჭირო მედიკამენტის შესაძენად, ბუკიას ბაღთან, ყოფილი "ელექტრონიკის" შენობაში არსებულ PSP-ს აფთიაქს არა მარტო სხვადასხვა უბნიდან, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან აკითხავდნენ მომხმარებლები. ამიტომ ჩვენი მორიგი გამოწვევა მედიკამენტების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გახდა. ამ მიზნით, სწრაფი ტემპით დავიწყეთ სააფთიაქო ქსელის გაშლა დედაქალაქის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა კუთხეში. ასორტიმენტისა და მომსახურების მაღალი ხარისხის თანხვედრის გამო, PSP-მ მალე მოიპოვა საზოგადოების ნდობა. ყოველთვიურად, 2 მლნ მომხმარებელი ირჩევს PSP-ს თავისი "ოჯახის აფთიაქად". ოჯახის აფთიაქი კი მისი ყველა წევრისთვის საჭირო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გულისხმობს, ზრუნვას არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ სილამაზეზე, შვილებზე, ხანდაზმულებზე. ამიტომ დღეს ჩვენს სააფთიაქო სივრცეში ჰიგიენის, მოვლის, სამედიცინო და დეკორატიული კოსმეტიკის, ბავშვთა მოვლისა და კვების საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია.

ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ განვითარებას, ვხვეწთ მომსახურების სტანდარტს და საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს ვთავაზობთ. დღეს PSP-ს 263 აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანშია, რაც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის ათეულ ათასობით დასახელების პროდუქტს.

რას იტყოდით თქვენს ორგანიზაციულ კულტურაზე? რომელ პრინციპებსა და ღირებულებებზე დგას PSP, რის გარშემოც ამხელა გუნდია შემოკრებილი?

PSP-ს ორგანიზაციული კულტურა მის ფასეულობებსა და ღირებულებებს ეფუძნება. სამართლიანად და პატიოსნად ვასრულებთ ჩვენს საქმეს, ყოველთვის ვიცავთ საკუთარ სიტყვას, გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვზრუნავთ მომხმარებელზე. წარმატების აღიარება, კრიტიკის მიმართ მიმღებლობა, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა, საერთო, დიდ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა − თითოეული PSP-ელის მახასიათებელია. აქ თანამშრომელთა შერჩევას განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დიდი გუნდი და ახალბედა თანამშრომლების შემომატებას დიდი პასუხისმგებლობით ვუყურებთ. მთავარი მოთხოვნები − განვითარების სურვილი, შრომისმოყვარეობა, მზრუნველობა და PSP-ს ღირებულებებთან იდენტიფიცირებაა. სწორედ ამ ნიშნით ვარჩევთ თანამშრომლებს. გამოცდილი პროფესიონალების შემოერთება დიდი სიამოვნებაა ჩვენთვის, თუმცა, სრულიად გამოუცდელ, ახალბედა სტუდენტებსაც ეძლევათ თვითრეალიზების შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა, დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გამოცდილი ექსპერტების მეთვალყურეობით, კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

როგორც ვიცით, თანამშრომლების განვითარებისა და კომპეტენციების ზრდისთვის აქტიურად ზრუნავთ. ამისათვის უკვე "PSP აკადემიაც" შეიქმნა. როგორი სისტემა აქვს შემუშავებული PSP-ს თანამშრომლების უწყვეტი სწავლება-განვითარებისთვის?

დღეს სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, ყოველდღიურად იზრდება ასორტიმენტის მრავალფეროვნება, იცვლება მსოფლიო ტრენდები, ჩნდება მედიცინის სიახლეები და ამ ფონზე თითოეული ფარმაცევტისა და კონსულტანტის ცოდნა და კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენს თანამშრომელს კარგად ესმის, რომ მათი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი მოსახლეობის ნდობის კიდევ ერთი გარანტია. "PSP აკადემიით" ჩვენ შევქმენით უწყვეტი პროფესიული და პიროვნული განვითარების სისტემა, გარემო და კულტურა ჩვენი თანამშრომლებისთვის. სწავლება ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტს − სათანადო სააფთიაქო პრაქტიკასა (GPP) და ფარმაცევტული ზრუნვის კონცეფციას. სატრენინგო პროგრამები მოიცავს პროფესიულ ტრენინგებსა და უნარების განვითარებას. ახალი თანამშრომლებისთვის გვაქვს 2-თვიანი მომზადების პროგრამები. თითოეული PSP-ელის კომპეტენციების განვითარებისთვის (ფარმაცევტები, კონსულტანტები და მენეჯერები) სწავლება უწყვეტად მიმდინარეობს. მუდმივად ხდება სატრენინგო პროგრამების თემატიკისა და ფორმატის განახლება. სწავლებებში მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერები, დარგის ექსპერტები. ასევე, აკადემია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, დარგის წამყვან მეცნიერებთან, ახორციელებს სტუდენტების პრაქტიკასა და სტაჟირებას. აქტიურობს საერთაშორისო კონფერენციებში, თანამედროვე უახლესი ფარმაცევტული ლიტერატურის გამოცემებში. "PSP აკადემიით" ჩვენ შევქმენით სივრცე საქართველოში ფარმაცევტული დარგისა და სპეციალისტების განვითარებისთვის.

როგორ და რამდენად ინტენსიურად ამდიდრებთ აფთიაქებში პროდუქციის ასორტიმენტს? მედიკამენტებთან ერთად, ბოლო დროს თვალსაჩინოა თავის მოვლის ხაზის გაძლიერებაც.

ჩვენი ძირითადი მოტივაცია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ფართო არჩევანის შეთავაზებაა − იქნება ეს მედიკამენტები თუ თავის მოვლის, ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქცია. მედიკამენტების მიმართულებით მუდმივად ვაფართოებთ კონტაქტებს, რათა ყველა თანამედროვე სამკურნალო საშუალება და მსოფლიო მედიცინის მიღწევა ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამასთან, მედიკამენტების მომწოდებლების შერჩევისას, 1994 წლიდან მოყოლებული, გარანტირებული ხარისხის პროდუქციას ვირჩევთ. დღეს PSP 15 000-მდე დასახელების თავის მოვლის სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. დარგი მუდმივად ვითარდება, ჩვენ კი ვცდილობთ ქართველ მომხმარებელს უწყვეტი წვდომა ჰქონდეს ყველა თანამედროვე მიღწევაზე. წლებია ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, შვეიცარიულ კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებს ვთავაზობთ მომხმარებელს. ბოლო წლებში მსოფლიოს ახლი ტრენდი კორეული კოსმეტიკა გახდა, რასაც PSP ორი კორეული ბრენდის − "მიზონისა" და "მისშას" შემოტანით გამოეხმაურა. ამ მიმართულებით მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ და კვლავაც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მიზანია ყველასთვის საინტერესო პროდუქცია, ხელმისაწვდომი ფასისა და ხარისხის თანხვედრით გვქონდეს. ამასთანავე, ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნას, რისი დასტურიცაა დეკორატიული კოსმეტიკისა და თმის მოვლის ფართო ასორტიმენტის შექმნა. ჩვენი ბოლო წლის სიახლეები − "ალგოლოჟი", "კეიპრო" და "პაეზე" კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებში წლევანდელი წლის ჰიტებია. მუდმივად ვადევნებთ თვალს მსოფლიო ტრენდებს და არასდროს ვტოვებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ამ პროდუქტების გარეშე.

პანდემიის პირობებში თქვენი თანამშრომლები ფაქტობრივად "ფრონტის წინა ხაზზე დგანან" და უწყვეტად ემსახურებიან მომხმარებლებს. რა სახის დამცავი მექანიზმებია ამოქმედებული თქვენს სივრცეში PSP-ს თანამშრომლებისა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის?

პანდემია საყოველთაო გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, უპირველესად, სამედიცინო პერსონალს, რომელიც ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, დიდ მადლობას გადავუხდი თავდადებული საქმიანობისთვის. გამონაკლისი არც ჩვენი სფეროა. ჩვენი ვალია მოსახლეობას უწყვეტი წვდომა ჰქონდეს მედიკამენტებზე, რათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა შევუმსუბუქოთ პანდემიის პირობებში. კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტული ბოლო ერთი წლის განმავლობაში უსაფრთხოება, თანამშრომელთა და მომხმარებელთა დაცულობაა. უსაფრთხოებაზე ზრუნვა კომპანიამ საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე დაიწყო. უკვე მარტის დასაწყისში ჩვენს ყველა აფთიაქში ფარმაცევტის სამუშაო მაგიდასთან დამონტაჟდა დამცავი მინები, ხოლო შესასვლელში − დეზობარიერები. მუდმივ შემოწმებას ექვემდებარება ყოველდღიურად ცვლაში მოსული თანამშრომლის ტემპერატურისა და ვირუსის პირველადი ნიშნების კონტროლი. მთავრობის დადგენილებების შესაბამისად, ერთ ღამეში იბეჭდება რეგულაციების შესახებ ყველა საინფორმაციო მასალა მომხმარებლებისა და თანამშრომლების აბსოლუტური ინფორმირებულობისათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების პერიოდში, კომპანია სრულად უზრუნველყოფდა თანამშრომლების სამსახურში ტრანსპორტირებას, ასევე მათ აღჭურვას ყოველდღიური მოხმარებისთვის აუცილებელი ნიღბებით, დამცავი ფარებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და ა.შ. აფთიაქებში ყოველდღიურ აღრიცხვას ექვემდებარება დიასახლისის მიერ დღის განმავლობაში ჩატარებული დასუფთავების სამუშაოები. ამასთანავე, ჩვენი კონტრაქტორი "სადეზინფექციო სერვისი 2010-ის" მიერ ხდება აფთიაქების სრული პროფესიული დეზინფიცირება.

კიდევ რომელი მიზნებისკენ მიიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ PSP და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენგან უახლოეს მომავალში?

ჩვენი მთავარი ორიენტირი მომხმარებელი, მასზე და მისი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის ზრუნვა, გარანტირებული ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უწყვეტი მიწოდებაა. კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რომ მსოფლიო სამედიცინო და კოსმეტიკური სიახლეები ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს PSP-ს სააფთიაქო სივრცეებში. აქცენტი ინოვაციურ პროდუქტებზეა გამახვილებული. საუკეთესო მომსახურების უზრუნველსაყოფად კი, სიახლეები ჩვენთან მუდმივად ინერგება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე