Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი 2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქართველოს უნივერსიტეტის" (UG) დაარსებიდან 20 წელი გავიდა. ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა და საერთაშორისო გამოცდილების კუთხითაც დეფიციტს განიცდიდა, საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო.

დღეს UG 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს, რომლებსაც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის, დასაქმებისა და განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობას უქმნის, რაც სტატისტიკაშიც შესაბამისად ვლინდება. "საქართველოს უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულების 96% დასაქმებულია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქართველოსა თუ მსოფლიოს მასშტაბით, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ქვეყანაში. გარდა ამისა, UG მულტიკულტურულ გარემოში სწავლების გამოცდილებასაც იძლევა, რამდენადაც იგი საერთაშორისო სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა. აქ სწავლობს 4 600-ზე მეტი სტუდენტი 70-ზე მეტი ქვეყნიდან.

20-წლიანი განვითარების კვალდაკვალ საქართველოს უნივერსიტეტმა შეძლო ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტის სტატუსი მოეპოვებინა. აღნიშნული სტატისტიკა Webometrics-ის, uniRank-ის, UnversityGuru და ა.შ. კვლევებს ეფუძნება, რომლებიც ყოველწლიურად აფასებენ უნივერსიტეტების რეიტინგს პროფესურის ხარისხის, მათი სამეცნიერო წარმატებისა და უნივერსიტეტის გავლენის მიხედვით. მაგალითად, Webometrics-ის კვლევა 31 000-მდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ბოლო რამდენიმე წელია, რაც UG საქართველოსა და ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტია.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ საიდან დაიწყო განვითარება, რა გზა განვლო 20-წლიანი მოგზაურობის შედეგად და რა შესაძლებლობებს სთავაზობს UG სტუდენტებსა თუ დაინტერესებულ პირებს დღეს, Entrepreneur-ი "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორს, კონსტანტინე თოფურიას ესაუბრა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, UG-ის განვითარებას უდგას სათავეში.

განვითარების რა გზა განვლო უნივერსიტეტმა?

2000-იანი წლების დასაწყისში "საქართველოს უნივერსიტეტის" დამფუძნებლების, მანანა სანაძისა და გიული ალასანიას მთავარი მიზანი საქართველოში დასავლური ტიპის უნივერსიტეტის შექმნა იყო, სადაც ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებოდათ, მიეღოთ ისეთივე დონის განათლება, როგორც ეს ევროპასა და აშშ-ში იყო შესაძლებელი.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. უნივერსიტეტებისთვის რეიტინგის მიმნიჭებელი ევროპული ორგანიზაციების მიერ "საქართველოს უნივერსიტეტი" დღეს ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების საუკეთესო 20%-შია შეყვანილი", − აღნიშნავს "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი, კონსტანტინე თოფურია.

სტუდენტების პირველი ნაკადი საქართველოს უნივერსიტეტმა 2004 წელს მიიღო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი "საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლად" იწოდებოდა. სხვადასხვა დისციპლინაში საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შემდგომ, 2007 წლიდან, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას "საქართველოს უნივერსიტეტი" ეწოდა, რომელსაც იმთავითვე ჰქონდა ამბიცია, საქართველოში წამყვანი უნივერსიტეტი გამხდარიყო.

თავდაპირველად უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 3 ოთახით დაიწყო, სადაც ბიბლიოთეკა, კომპიუტერების სივრცე, აუდიტორია და ადმინისტრაცია ერთიანდებოდა. ამჟამად უნივერსიტეტის მფლობელობაში 6 შენობაა თბილისში, გარდა ამისა, გეგმაშია დამატებით საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობაც.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტმა - OPIC-მა შეიტანა, რომელიც აშშ-სა თუ მის ფარგლებს გარეთ ორგანიზაციებს აფინანსებს, რაშიც ამერიკული ინტერესი დევს. 2011 წელს, UG-იმ სესხის სახით OPIC-ისგან 12 მილიონი დოლარის პროექტისთვის დაფინანსება მიიღო, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.

"საქართველოს უნივერსიტეტი" დაარსებისთანავე განსხვავებული მოდელით განვითარდა − აქცენტი სოციალური მეცნიერებების პროგრამებსა და პროფესიონალ და პრაქტიკოს აკადემიურ პერსონალზე გააკეთა.

"ჩვენთან იმთავითვე ისწავლებოდა ისეთი პროფესიებიც, რომლებიც შესაძლოა არ იყო უნივერსიტეტისთვის კომერციულად მოგებიანი, თუმცა მისიიდან გამომდინარე, პრიორიტეტად ქვეყნის საგანმანათლებლო ინტერესები იდგა. "საქართველოს უნივერსიტეტი" თავიდანვე პოზიციონირებდა როგორც სასწავლებელი, სადაც სწავლების მაღალი ხარისხია", − ამბობს კონსტანტინე თოფურია.

"საქართველოს უნივერსიტეტისთვის" მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული ხარისხიანი სწავლება. იგი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ცენტრალიზებულად დაიწყო გამოცდების ჩატარება სპეციალურ სივრცეებში, დანერგა ნაწერების დაშიფვრის მეთოდიც, რაც მიკერძოებულად შეფასების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

"საქართველოს უნივერსიტეტის" 20-წლიანი წარმატების საფუძველია უნივერსიტეტის გამორჩეული აკადემიური პერსონალი, ინოვაციური და ერთგული ადმინისტრაციული გუნდი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში არიან თანამშრომლები, რომელთა მუშაობის წლები აღემატება 15 წელს, ეს მდგრად ორგანიზაციულ კულტურასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ჩვენი წარმატება დაკავშირებულია ჩვენს თითოეულ კურსდამთავრებულსა და სტუდენტთან, რომელიც უნივერსიტეტის არაოფიციალური ელჩი და სახეა ყველა ასპარეზზე", აღნიშნავს კონსტანტინე თოფურია.

რა განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს UG სტუდენტებს?

დღეს "საქართველოს უნივერსიტეტი" 36 საბაკალავრო, 31 სამაგისტრო, 11 სადოქტორო, მასწავლებლების მომზადების 1-წლიან პროგრამასა და 2-საფეხურიან პროგრამებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პროგრამას პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა აქვს ლაბორატორიებისა და ცენტრების სახით.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მიმართულების სტუდენტებისთვის სამშვილდის ტერიტორიაზე უნივერსიტეტს კეთილმოწყობილი არქეოლოგიური ბაზა აქვს, სადაც შესაძლებელია საველე მუშაობაში ჩართული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განთავსება, ასევე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პირველადი დამუშავება. გარდა ამისა, ამავე სკოლის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტები არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ლექტორობის მენტორობით ჩართული არიან UG ARCHIPROJECT-ის პროექტებში. ეს არის "საქართველოს უნივერსიტეტის" ბაზაზე მოქმედი არქიტექტურული, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე მომუშავე კომპანია, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული გამოცდილება UG PR Consulting ცენტრში დააგროვონ, სადაც სტუდენტები PR-ის, ბრენდინგის, მედიასთან ურთიერთობის, ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის პროექტებზე მუშაობენ კომპანიებისთვის. საინტერესო შესაძლებლობაა ასევე UG Security Platform (UGSP), ესაა პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სივრცეს აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიებისთვის რეგიონული უსაფრთხოების, სამხედრო, პოლიტიკური სისტემებისა და რეჟიმების პრობლემატიკაზე. ცენტრი მუდმივად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმულაციურ გათამაშებებს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებისთვის გამორჩეულად მრავალფეროვანი რესურსია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც Blockchain-ის დანერგვა დაიწყო. უნივერსიტეტში არსებობს Blockchain Lab-ის პლატფორმა, რომლის მიზანია, საქართველოში დაინერგოს და განავითაროს ახალი ციფრული ტექნოლოგიები, მათ შორის განათლებასა და სხვადასხვა პრაქტიკულ სფეროში. Blockchain Lab-ი სტუდენტებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო კურსებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურისთვის. ტექნოლოგიების მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი რესურსია UG Lemondo, რომელიც სტუდენტებსა და დამწყებ პროგრამისტებს მობილური აპლიკაციების შექმნის სრულ კურსებს სთავაზობს. ტრენინგცენტრი უნიკალურია, რამდენადაც სწავლების პროცესში ერთდროულად ერთვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და დეველოპერული კომპანია Lemondo. სწავლება ორიენტირებულია საბაზრო მოთხოვნებზე და მსურველებს აძლევს არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" პირველი საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში, რომელმაც Apple iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია მოიპოვა.

სამართლის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სამართლებრივი ინგლისურის სწავლა. "საქართველოს უნივერსიტეტი" კი თავის სტუდენტებს TOLES-ს, იმავე სამართლებრივი ინგლისურის ბრიტანული ცენტრის პროგრამით შესწავლას სთავაზობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ი, რომელშიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები აწარმოებენ კვლევებს, ქმნიან ანგარიშებსა და ანალიტიკურ დოკუმენტებს. GnomonWise-ი ხელს უწყობს საჯარო პოლიტიკაში აკადემიური სივრცის როლისა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას.

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის საინტერესო რესურსებს შორის აღსანიშნავია Discover Georgia for UG და UG Startup Factory. კერძოდ, უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამა ტურისტულ სააგენტო Discover Georgia-სთან თანამშრომლობს - "საქართველოს უნივერსიტეტის" ბაზაზე კი აღნიშნული სააგენტოს ფილიალი გაიხსნა, სადაც ტურიზმის პროგრამის სტუდენტები საქმდებიან და სტაჟირებას გადიან. რაც შეეხება UG Startup Factory-ს, ესაა სრულიად ახალი ტიპის, მოქნილი ინოვაციების ცენტრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები. ცენტრი თანამშრომლობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინკუბატორებსა და აქსელერატორებთან პერსპექტიული პროექტების ბაზარზე გატანის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საინვესტიციო ფონდი სტარტაპების დასაფინანსებლად.

ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებისთვის, ისევე როგორც სხვა მიმართულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტში შეხვდებით ისეთ რესურსებს, როგორიცაა სიმულაციური ჰოსპიტალი, აფთიაქი და UG რეავიტა-დენტი. სიმულაციური ჰოსპიტალი ლაბორატორიაა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო - სასწავლო სიმულატორებით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი. სტუდენტები რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ჰოსპიტალი მოიცავს 3 ფუნქციურ ნაწილს: სამანიპულაციო, სამეანო-გინეკოლოგიური და უშუალოდ ჰოსპიტალურ, საკუთარი სასწავლო აუდიტორიით. რაც შეეხება სიმულაციურ აფთიაქს, იგი ფარმაცევტული პროგრამის სიმულაციური ბაზაა, სადაც სიტუაციური ამოცანები სრულდება და ირჩევა კლინიკური შემთხვევები. UG რეავიტა-დენტი კი სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკასა და სამედიცინო უნარ-ჩვევების განვითარებას სთავაზობს.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციური, კრეატიული და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისგან შედგება. წამყვანი პრაქტიკოსი ლექტორები მზად არიან აღზარდონ აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.

აერთაშორისო პარტნიორები და შესაძლებლობები

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" აღიარებულია როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქართველოს უნივერსიტეტის" დიპლომით კურსდამთავრებულებს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მარტივად შეუძლიათ. უნივერსიტეტის სხვადასხვა პროფილის ინგლისურენოვანი პროგრამა კი აღიარებულია როგორც სახელმწიფო ოფიციალური სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

UG მაქსიმალურად ცდილობს, სტუდენტებს განათლების მიღების მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობები შესთავაზოს. უნივერსიტეტი პარტნიორობს დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან, სადაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.

ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტს 80-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში აქვს გაცვლითი პროგრამები. მოქმედებს როგორც Erasmus Mundus-ისა და Erasmusm+-ის პროგრამები, ასევე აქტიურია ინდივიდუალური თანამშრომლობები უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ტემპუსი, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში.

კარიერული განვითარების შესაძლებლობები

საქართველოს უნივერსიტეტში აქტიურად ფუნქციონირებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი. აღნიშნული დეპარტამენტი თითოეული სტუდენტის კარიერული წინსვლის პერსპექტივაზე ზრუნავს. კარიერული სერვისების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ხელმისაწვდომია ასევე სისტემატური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და ა.შ. დასაქმების ცენტრის მუშაობის საფუძველზე ჩატარებული კვლევის თანახმად, რასაც ცენტრი ყოველწლიურად აწარმოებს, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 96%-ია.

საქართველოს უნივერსიტეტში სჯერათ, რომ კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი პროფესიონალიზმი განპირობებულია არამხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდარტით, არამედ სტუდენტთან კარიერული წინსვლისთვის მიმართული ძალისხმევით.

სტუდენტური ცხოვრება

გამომდინარე იქიდან, რომ "საქართველოს უნივერსიტეტი" უცხოელი სტუდენტების დიდი ოდენობით გამოირჩევა, იგი მულტიკულტურულ გარემოში სწავლისა და საქმიანიობის შესაძლებლობას იძლევა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, დაამყარონ კონტაქტები და გააფართოონ საკუთარი მსოფლმხედველობა, რაც კიდევ უფრო დაეხმარებათ განვითარებაში.

"პრაქტიკულად, ჩვენთან თავმოყრილია დასავლური და აღმოსავლური კულტურები. სტუდენტებს კი აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას შეადგენენ ბიზნესის, პოლიტიკის თუ სხვადასხვა მიმართულებით ელიტებს. როდესაც სწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში, შენ გაქვს შესაძლებლობა, შეიქმნა ნაცნობთა ქსელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ კონტაქტები, შეიძლებისდაგვარად ბევრ ქვეყანაში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, ბიზნესი თუ სხვა საქმიანობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განავითარონ", − აღნიშნავს კონსტანტინე თოფურია.

სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტში "სტუდენტურ საქმეთა ცენტრი" არსებობს, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებულია სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე, მეორე მხრივ, აქტიურად ითვალისწინებს მათ სურვილებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ცენტრი მხარს უჭერს კლუბების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას. კერძოდ, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაერთიანდნენ საერთო ინტერესის ირგვლივ და ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბი, რომლის მეშვეობითაც მათთვის საინტერესო თემებს გაუწევენ პოპულარიზაციას. ისინი წერენ პროექტებს და იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ამა თუ იმ ინიციატივის განხორციელების მიზნით. გარდა ამისა, სტუდენტური ცხოვრება მათთვის სასურველი სპორტის სახეობებში ჩართვის შესაძლებლობაცაა.

UG არის ადგილი, სადაც უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად, სტუდენტებისთვის თითოეული გატარებული დღე დაკავშირებულია გართობასა და სასიამოვნო მოგონებებთან.

სტუდენტების გარდა "საქართველოს უნივერსიტეტი" აბიტურიენტების მხარდაჭერის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორისაა ღია კარის დღეები, ინდივიდუალური ტურები უნივერსიტეტში გარემოს უკეთ გასაცნობად, ტრენინგები, პროფესიული კვირეულები და იმიტირებული გამოცდები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სერვისებს შორისაა სტაჟირების პროგრამა, ლიტერატურული კონკურსი "ფოლიო", UG ბანაკები, უფასო სწავლის გათამაშება და სხვ.

წარმატების ისტორიები UG-იდან

დღეს საქართველოს უნივერსიტეტს ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი ჰყავს, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე არაერთ კონკურსსა და შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება უნივერსიტეტისთვის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრში მოპოვებული გამარჯვებაა. "ასეთი რამ საქართველოს არასდროს ჰქონია, რომ აკადემიური მიმართულებით რომელიმე ჯგუფი მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. 2019 წელს "საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის გუნდი ჩემპიონი გახდა და ჩვენ დავამარცხეთ ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორიცაა Pepperdine-ის სამართლის სკოლა, ჰარვარდი და ა.შ. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო".

2024 წლის დასაწყისში "საქართველოს უნივერსიტეტის" არქიტექტურის დეპარტამენტმა მსოფლიოში 39-ე, ხოლო აზიაში მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნული წარმატება უნივერსიტეტს სწორედ სტუდენტებმა და მათ მიერ შექმნილმა პროექტებმა მოუტანა, რომლებიც სტაბილურად იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსში.

ტექნიკური მიმართულებით, "საქართველოს უნივერსიტეტი" არის ერთადერთი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც კოლაბორაცია აქვს CERN-თან. CERN-ი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრია, რაც ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვთ საშუალება, მსოფლიო მნიშვნელობის, დიდ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა. UG-ის პროფესორები კი, რომლებიც მსგავსი ტიპის კვლევებში არიან ჩართულები, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებენ და მათაც აძლევენ საშუალებას, ჩაერთონ სხვადასხვა კვლევაში.

"საქართველოს უნივერსიტეტი", როგორც ბრენდი

"საქართველოს უნივერსიტეტი", როგორც ბრენდი, სწავლის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ ადამიანს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ერთი მხრივ, იგი მოიცავს უნივერსიტეტს, მეორე მხრივ კი, UG სკოლას, რომელიც კემბრიჯის მიერ აღიარებული საერთაშორისო სკოლაა თბილისში, რომლის კურსდამთავრებულებს კემბრიჯის სერტიფიკატი ეძლევათ და საშუალება აქვთ, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში პირდაპირ ჩაირიცხონ.

გარდა ამისა, "საქართველოს უნივერსიტეტის" ბრენდის ქვეშ ერთიანდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფაკატო კურსებს. ქართულ-ამერიკული კინოაკადემია, რომელიც შეიქმნა ნიუ-იორკის ფილმის აკადემიისა და ლოს-ანჯელესის კინოსკოლის მაგალითზე იმ მიზნით, რომ ქვეყანასა და რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას მიეცეს უნიკალური საშუალება, უმაღლეს დონეზე, სიღრმისეულად დაეუფლოს ფილმის წარმოების სფეროს და შედეგად მიიღოს არამხოლოდ დასავლური სტანდარტის ცოდნა, არამედ შეიქმნას საკუთარი პორტფოლიო სწავლის განმავლობაში ფილმის გადაღების პროცესში რეალური ჩართულობით. აქტიურად ფუნქციონირებს ასევე კულინარიული აკადემია არს-გუსტო, რომელიც სრულყოფილი კულინარიული სასწავლებელია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსოფლიო სტანდარტების ევროპული და ამერიკული კულინარიის აკადემიის დონის განათლება მიიღოს. თებერვალში UG-ის ბაზაზე ამერიკული ფსიქოლოგიური კლინიკების Medens Health-ის ერთ-ერთი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით იმუშავებს. პროცესში უნივერსიტეტის მაგისტრატურის ფსიქოლოგიის სტუდენტები იქნებიან ჩართულები, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას მისცემს.

UG-ის, როგორც ბრენდს, კარგად წარმოაჩენს ის საზოგადოებრივი პროექტები, რომლებსაც უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. "საქართველოს უნივერსიტეტი" აქტიურად ეწევა რეგიონული ბიბლიოთეკების გახსნასა და გამრავალფეროვნებას. მაღალმთიან რეგიონებში, თანამედროვე ლიტერატურის დიდი დეფიციტის გამო, მათ პროფესიული ლიტერატურა, ხოლო აბიტურიენტებისთვის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოები ჩაიტანეს. მაღალმთიან სოფელში მცხოვრები აბიტურიენტები, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდათ, ინტერნეტითა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს. უნივერსიტეტის გუნდი ხშირად უკეთებს ორგანიზებას გასვლით ღონისძიებებს რეგიონებში, სადაც ადგილობრივებს უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

საქართველო, როგორც საგანმანათლებლო ჰაბი და UG-ის წვლილი ამ პროცესში

როგორც "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი, კონსტანტინე თოფურია აღნიშნავს, საქართველოს მომავალი რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბად ქცევაა. მისი თქმით, ქვეყანას გააჩნია კონკურენტული უპირატესობები, რაც შესაძლებლს ხდის რეგიონული მასშტაბით საგანმანათლებლო ჰაბად მის ჩამოყალიბებას. საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყანა, კრიმინალის დაბალი დონით, საინტერესო კულტურით, ზომიერი კლიმატით, კარგი სამზარეულოთი და მაღალი ხარისხის აკადემიით, იზიდავს საერთაშორისო სტუდენტს, რაც საგანმანათლებლო ჰაბად ქცევის ერთ-ერთი წინაპირობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი საქართველოსთვის ამ კონცეფციის სარგებლიანობაზეც საუბრობს, რაც უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გარდა, გაზრდილ ექსპორტში, გამყარებულ ეროვნულ ვალუტასა და მზარდ შემოსავლებში გამოიხატება.

ეკონომიკური სარგებლიანობის გარდა, "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ქცევას გეოპოლიტიკურ მომავალსაც უკავშირებს და ამ კონცეფციას ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციად განიხილავს.

"გარდა პირდაპირი ეკონომიკური სარგებლისა, რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბად ქცევა, შესაძლოა საქართველოსთვის ისეთივე ფუნქციად იქცეს, როგორც ე.წ. "აბრეშუმის გზის" − სატრანსპორტო თუ ენერგომატარებლების დერეფნის ფუნქციაა. და, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტი შექმნას.

თუ ევრაზიის კონტინენტს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გამოვყვებით, კარგად დავინახავთ საზღვრებს, სადაც აშშ-მა, ცივი ომის პერიოდში, რუსეთ-ჩინეთის კომუნისტური ბლოკის ექსპანსია შეაჩერ და საკუთარი დასაყრდენები შექმნ. უკიდურესი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ეს იყო: იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, ტაივანი; ინდოჩინეთის ქვეყნები: მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი, სინგაპური; სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები: ისრაელი, თურქეთი და დასავლეთ ევროპა, რომლის ეკონომიკურ აღორძინებაში აშშ-მა ლომის წვლილი შეიტანა, ხოლო ნატოს ჩამოყალიბებით მისი უსაფრთხოება უზრუნველყო. საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის სწორედ აქ გადიოდა საომარი მოქმედებების ფრონტის ხაზი ცივი ომის პერიოდში. ცივი ომის დროს ეს საზღვარი ბერლინზე გადიოდა, ამჟამად კი ფრონტის ამ ხაზმა უკრაინასა და კავკასიაზე გადმოინაცვლა.

კავკასიასა და უკრაინაზე დღეს ისევე გადის რუსეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფრონტის ხაზი, როგორც, ვთქვათ, კორეაზე 1960-იან წლებში. იმის მიხედვით, თუ ვისი გავლენა გაიმარჯვებს, ჩვენი პერსპექტივა დაემსგავსება ან გაპარტახებულ ჩრდილოეთ კორეას, რომელთა საუბედუროდაც თავის დროზე იქ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა, ან ერთ-ერთ "აზიის ვეფხვს" − სამხრეთ კორეას, რომელიც აშშ-ის პლაცდარმად იქცა.

კავკასიასაც და უკრაინასაც, სხვა მისი დასაყრდენი ქვეყნების მსგავსად, აშშ ზღვით უკავშირდება. სწორედ ამ გეოგრაფიული თავისებურებით ეს რეგიონები პოტენციურად იმ ქვეყნების და რეგიონების კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ამერიკამ "მოიკიდა ფეხი" და საკუთარ დასაყრდენად აქცია.

თუ კვლავ შევავლებთ თვალს ევრაზიის კონტინენტს, შევნიშნავთ, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც აშშ-ის დასაყრდენს წარმოადგენს, ჩამოყალიბდა ან ყალიბდება რეგიონალურ საგანმანათლებლო ჰაბად და სწორედ ამ მიმართულებით წარმოადგენენ აშშ-ის გავლენის საშუალებებს დანარჩენ კონტინენტზე. არამხოლოდ დასავლეთ ევროპა, რომელიც ტრადიციულადად მსოფლიო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა რენესანსის ეპოქიდან მეორე მსოფლიო ომამდე, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთის და უკიდურესი აღმოსავლეთის ქვეყნებიც, რომლებიც უახლოეს წარსულამდე არანაირი სამეცნიერო თუ უმაღლეს საგანმანათლებლო ტრადიციებით არ გამოირჩეოდნენ, დღესდღეობით მსოფლიოში განათლების უდიდეს ექსპორტიორებად იქცნენ. მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგებში სულ ზევით იწევს სინგაპურის, ჰონგ-კონგის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, მალაიზიის, ტაივანის და ა.შ. უნივერსიტეტები.

საგანმანათლებლო "მაგნიტების" მეშვეობით დასავლური გავლენა მთელ ევრაზიის კონტინენტზე ვრცელდება. ასეთი რეგიონულ საგანმანათლებლო "ჰაბები" იზიდავენ ახალგაზრდებს მთელი დანარჩენი ევრაზიის კონტინენტიდან, აქედან უფრო კომპეტენტურები კი, ობიექტურად მოაზროვნე და პროგრესულები, შესაბამისად − "დასავლურები" ბრუნდებიან და საკუთარ ქვეყნებში ქმნიან აშშ-ისა და ევროპის დასაყრდენ ბირთვს.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რომელიმე ქვეყნის რეგიონული მასშტაბის საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბება მოცემულ რეგიონში დასავლეთის გამარჯვებას ნიშნავს.

უმთავრესი, რითაც შესაძლოა საქართველო საინტერესო იყოს აშშ-სა და ევროპისთვის, რაც შესაძლოა ჩვენ უმთავრეს ფუნქციადაც გახდეს − საგანმანათლებლო ჰაბად ქცევაა", − აღნიშნავს კონსტანტინე თოფურია.

კონსტანტინეს თქმით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 30 000 უცხოელი სტუდენტები სწავლობს. მიზანმიმართული, თანამიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შემთხვევაში კი არის შესაძლებლობა, რომ ეს ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტში 20 ათასი ადგილი ვაკანტური რჩება. კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი შემოსავლის წყაროა არამხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. "საქართველოს უნივერსიტეტი" მაქსიმალურად ცდილობს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ქცევაში.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!