Get All Access for $5/mo

შალვა ძნელაძის მუზეუმი - ''პატარა გურია სოფელ დიღომში''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხშირია შემთხვევები, როდესაც უნიჭიერეს ხელოვანთა შემოქმედება, ისევე როგორც მათი სახელი, უგზო-უკვლოდ იკარგება და სრულიად უსამართლოდ მივიწყებას ეძლევა. ასეთ შემოქმედთა რიცხვს შესაძლოა გურულ გრაფიკოს შალვა ძნელაძის მემკვიდრეობაც შემატებოდა, თუმცა მისი შთამომავლების რუდუნებამ, მუხლჩაუხრელმა შრომამ და მონდომებამ, შალვა ძნელაძის გრაფიკული ნამუშევრები მომავალ თაობას შემოუნახა და მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა.

Entrepreneur-ს სურს გიამბოთ თბილისის შემოგარენში, სოფელ დიღომში გაშენებული "პატარა გურიის" − შალვა ძნელაძის მუზეუმის დაფუძნების ანტრეპრენერული ისტორია და გაგაცნოთ გურული ხელოვანის შვილიშვილი − ილია ძნელაძე, რომელიც ბაბუის შემოქმედების უკვდავსაყოფად, შეეშვა პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას და საკუთარი დრო სრულად მუზეუმის კეთილმოწყობას დაუთმო.

"მთელი ცხოვრება მქონდა განცდა, რომ შალვა ძნელაძის სახელი არ იყო საკმარისად აღიარებული და ცნობადი ფართო საზოგადოებისთვის. მუდამ მქონდა სურვილი, მისი სახელი მეტად პოპულარული ყოფილიყო, თუმცა ჩემი დატვირთული საექიმო საქმიანობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ საკმარისი დრო დამეთმო ამ საქმისთვის. იდეა გაჩნდა 2017 წელს, როდესაც შევიძინეთ სოფელ დიღომში მოზრდილი მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე ორსართულიანი, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობით და გადავწყვიტეთ მუზეუმის დაარსება. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი ძალებით ვაკეთებდით მუზეუმს, ეზოს, ეზოში- ეთნოგრაფიულ კუთხეს, რომელიც თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მარნის კეთილმოწყობითი სამუშაოები. მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახის წევრების გარდა, ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობაში სრულიად უცხო ადამიანებიც გვეხმარებიან. სოციალური ქსელით დაგვიკავშირდა ჩვენთვის უცნობი ადამიანი ჩოხატაურიდან − ლაშა ოსეფაიშვილი, და მუზეუმის ეთნოგრაფიული კუთხისთვის საჩუქრად გადმოგვცა ჩამური − ქვისგან გამოთლილი ჭურჭელი, რომელსაც ძველად საქართველოში ხორბლისა და ღომის დასაცეხვად იყენებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს არის კერძო მუზეუმი-გალერეა უნიკალური ნამუშევრებით, ხოლო მსგავსი ეთნოგრაფიული სივრცეებისგან გამოირჩევა იმით, რომ შესაძლებელია ერთდროულად ნახოთ 100 წლის წინ დახატული ნახატები და ამ ნახატებზე გამოსახული პეიზაჟების "რეინკარნაცია" ეთნოგრაფიულ სივრცეში", − გვიამბობს ილია ძნელაძე.

გრაფიკოსი შალვა ძნელაძე 1892 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში დაიბადა. დაწყებითი განათლება მან "ქუთაისის რეალურ სასწავლებელში" მიიღო, ხოლო მოგვიანებით სწავლა თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძელა.1913-1917 წლებში, შალვა ძნელაძე სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგი ფ. კრიჩევსკი გახლდათ. კიევში სწავლის პერიოდში, იმდროინდელი კიევის პერიოდული გამოცემა "ეპოხას" გვერდებზე დაიბეჭდა ვრცელი სტატია ნიჭიერ სტუდენტ შალვა-ვალერიან ძნელაძის შესახებ, რომლის დედანი, კიევში სწავლის დროს შესრულებულ ნახატთან ("შეტევაზე გადასვლა") ერთად, შალვა ძნელაძის მუზეუმშია დაცული.

კიევში სწავლის დასრულებისთანავე ხელოვანი სამშობლოში დაბრუნდა და ამ პერიოდიდან მისი შემოქმედების ცენტრალური ადგილი ისტორიულმა თემატიკამ დაიკავა, კერძოდ კი, მშობლიური გურიის წარსულმა, XIX საუკუნის 40-იანი წლების გურიის გლეხთა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და 1905 წლის გურიის აჯანყებამ.

შალვა ძნელაძე ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა, იშვიათად ფერწერაში. მისი მცირე ფორმატის ნამუშევრები უმეტესად ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშითა და აკვარელითაა შესრულებული. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გურიის ბუნების პეიზაჟებს, ასევე ყოფის ამსახველ ეთნოგრაფიულ ნამუშევრებსა და გლეხთა სახასიათო ტიპაჟის პორტრეტებს.

შალვა ძნელაძეს შესრულებული აქვს ს. გუგუნავას პოემა "თამარიანისა" და ე. ნინოშვილის თხზულებათა ილუსტრაციები. მისი ნახატებისათვის დამახასიათებელია რამდენიმე დეკორატიულ-დინამიკური კომპოზიცია, ცოცხალი, ექსპრესიული, ზოგჯერ თითქმის გროტესკული ფიგურები. შალვა ძნელაძის გამორჩეული ნამუშევრებია: "აჯანყებულთა ხელში" (1926), "ხევსურის სიკვდილი" (1928) "აჯანყებულთა ფიცი" (1932), "კრიმანჭული", "ჯანყი გურიაში" (1934) და ფერწერული ტილოები − "სადილი ხის ჩრდილში" (1925), "კალათიანი გოგონა" (1927) და სხვა.

შალვა ძნელაძის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმის (გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა, ჩოხატაურის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) ფონდებსა და კერძო კოლექციებში.

როგორც ილია ძნელაძემ Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნა, აგრეთვე მხატვარი გახლდათ შალვა ძნელაძის უმცროსი და − დარეჯან ძნელაძე, რომლის მხატვრად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სწორედ მისმა ძმამ ითამაშა. შალვამ 15 წლით უმცროსი და ჩამოიყვანა თბილისში, სადაც დარეჯანმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და სცენოგრაფიით დაკავდა. დარეჯანის მიერ 1930-იან წლებში გაფორმებულია ზაქარია ფალიაშვილის ოპერების − "დაისისა" და "ლატავრას" კოსტიუმები, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული რამდენიმე სპექტაკლი; ასევე მას ეკუთვნის 1936 წელს გამართულ საკავშირო სპორტსმენთა ჩვენებაზე ქართველი სპორტსმენების ტანსაცმლის ესკიზები. ეს საარქივო მასალა კი დღეს ძნელაძეების ოჯახში ინახება და მალე, დარეჯანის ნამუშევრებს მუზეუმში ცალკე სივრცეც დაეთმობა.

რაც შეეხება უშუალოდ მუზეუმის იდეის სულისჩამდგმელს − ილია ძნელაძეს, იგი შალვა ძნელაძის ძმის შვილიშვილი გახლავთ, რომლის სახელსაც ატარებს. როგორც თავად ამბობს, მისი პროფესიული არჩევანი, დიდწილად წინაპრების სამედიცინო საქმიანობას უკავშირდება, ვინაიდან ბაბუამისი ჩოხატაურის რაიონის მაშინდელი ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი და რაიონის მთავარი ქირურგი, ხოლო ბებია − ტატიანა კალანდაძე, ჩოხატაურის სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო. ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად 30-წლიანი ერთგული მუშაობის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა თავი დაენებებინა პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობისათვის და დროის მთელი რესურსი ბაბუამისის სახელობის მუზეუმისთვის და გარდაცვლილი ძმის ვაჟის აღზრდისთვის დაეთმო.

მუზეუმის გარდა, ილია ძნელაძე აქტიურადაა დაკავებული მეღვინეობითაც. როგორც თავად აღნიშნავს, ღვინის ჩამოსხმის იდეა შალვა ძნელაძის ნამუშევრების გამოფენისა და ალბომის პრეზენტაციის სამზადისის დროს, 2017 წელს გაუჩნდა. "გამოფენისთვის ჩამოვასხით ჩვენ მიერ წარმოებული ღვინო, შალვა ძნელაძის ნახატების ეტიკეტებით, რომელსაც ოჯახში ვაწარმოებდით და ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა. ეს ღვინო იყო სასაჩუქრედ გამოფენის სტუმრებისთვის, კატალოგთან ერთად; აქედან გაჩნდა ღვინის იდეა. ამჟამად ჩვენი ხელით დაყენებულ ღვინოს ვასხამთ ბოთლებში, რამდენიმე ნახატის ეტიკეტით, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს და სამომავლოდ ვგეგმავთ ღვინის წარმოების გაფართოებას", − აცხადებს ილია ძნელაძე.

აღსანიშნავია, რომ შალვა ძნელაძის მუზეუმი, მხატვრის ნამუშევრების საგამოფენო სივრცის გარდა, რომელიც ორ სართულზეა წარმოდგენილი, საკონფერენციო და ღონისძიებებისათვის განკუთვნილ სივრცესაც აერთიანებს. როგორც ილია ძნელაძე განმარტავს, სივრცე იმდენად თბილი და საინტერესო გამოვიდა, რომ მისი დასრულებისთანავე გაჩნდა იდეა, საგამოფენო დანიშნულების გარდა, მუზეუმს კულტურულ-საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიებების მასპინძლის როლიც შეეთავსებინა, რასაც "პატარა გურია" წარმატებით ართმევს თავს.

"2022 წელი ორივე და-ძმისთვის საიუბილეოა. შალვას დაბადებიდან 130 წელი სრულდება, ხოლო დარეჯანის − 115 წელი. ამჟამად ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ გამოვცეთ კატალოგი, რომელშიც ასახული იქნება და-ძმა ძნელაძეების შემოქმედება. რაც შეეხება მუზეუმს, ჩვენ ვგეგმავთ, ეს მუზეუმი იქცეს კულტურულ, საგანმანათლებლო, საგამოფენო სივრცედ, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი დამთვალიერებლები. ეს სივრცე ხელს შეუწყობს კულტურის პოპულარიზაციას ჩვენს ქალაქში, ასევე ეს ადგილი შეიძლება იქცეს დიდ ტურისტულ სანახაობად და რაც მთავარია, ყოველივე ეს კეთდება შალვა ძნელაძის სახელის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის", − აცხადებს ილია ძნელაძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე