TNET - ციფრული ტრანსფორმაციის ახალი ერა TNET-ში შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იმაზე, რომ, დღესდღეობით, ტექნოლოგიური ბიზნესი და ზოგადად ტექ-ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის გამწევ ლოკომოტივადაა ქცეული აღარავინ დავობს, რაც განსაკუთრებით ხელშესახები პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ რეალობაში გახდა. კაცობრიობა ცნობიერებისა და ცხოვრების წესის სრულიად ახალ რელსებზე გადაეწყო, რასაც ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან ახალ-ახალი ციფრული პროდუქტები და ნოვატორული გადაწყვეტები მოჰყვა.
ტექნოლოგიურ რბოლას, ამ ტერმინის ყველაზე პოზიტიური გაგებით, არც საქართველო ჩამორჩება და თუკი აქამდე, ქართული ფინ-ტექ გადაწყვეტები იქცევდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას და ამ კუთხით რეგიონში წამყვან მოთამაშედ მივიჩნეოდით, ახლა უკვე ციფრული ცხოვრების დანარჩენ ასპექტებშიც მნიშვნელოვან პროგრესს ვადევნებთ თვალს. ამის ნათელი მაგალითია თიბისი ჯგუფის წევრი, საქართველოში და რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია - Tnet, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაასრულა ე.წ. "მერჯერის" პროცესი და ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა ისეთი პოპულარული ქართული პლატფორმები, როგორებიცაა: myauto.ge, vendoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge, და swoop.ge. Tnet, ამჟამად აქტიურად მუშაობს SuperApp-ის შექმნაზე, რომელიც ქართველი მომხმარებლის განუყრელ თანამგზავრად იქცევა, პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს შესთავაზებს და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სამომხმარებლო გამოცდილების ახალ ერას დაუდებს სათავეს ქართულ ბაზარზე.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, Tnet-ში შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს შეადგენს და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრაფიკის 40% უჭირავს. ამავდროულად, კომპანია 9 ვებ-გვერდსა და 5 Ios თუ Android აპლიკაციას აერთიანებს და ახალ პლატფორმებზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ Tnet-ს გასული წლიდან მოყოლებული სათავეში უდგას ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანტრეპრენერი, გიორგი ჩუმაშვილი, რომლის ინიციატივაც იყო აღნიშნული პლატფორმების გაერთიანება, ცენტრალიზება და საერთო სტრატეგიით შეკავშირება. Tnet-ის ამბიციური და მასშტაბური გეგმების შესახებ, Entrepreneur კომპანიის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩუმაშვილს ესაუბრა.
ლოკაცია: Bioli Wellness Resort
გვიამბეთ Tnet-ის შექმნის ისტორია. რა უძღოდა წინ ამ პლატფორმების გაერთიანებას და რა ღირებულებას ქმნის Tnet ქართულ ბაზარზე?
მოგეხსენებათ, Tnet "თიბისი ჯგუფის" წევრი კომპანია გახლავთ, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ბანკისგან და ორიენტირებულია ციფრულ პროდუქტებზე, აპლიკაციებზე და ვებ-გვერდებზე. თიბისი ჯგუფის გადაწყვეტილება იყო, ციფრული ეკოსისტემის განვითარება ბანკისგან დამოუკიდებლად და სწორედ ამიტომ, მათ დაიწყეს ინვესტირება ისეთ ქართულ პლატფორმებში, როგორებიცაა: My ჯგუფი, Tkt, Allproperty.ge, შეიქმნა Vendoo და კიდევ ბევრი სამუშაო გატარდა. თუმცა მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ ეს კომპანიები ცალ-ცალკე იმართებოდნენ.
2021 წელს, Tnet-ის გენერალურ დირექტორად დავინიშნე და გამოვიჩინე ინიციატივა, რომ მომხდარიყო კონსოლიდაცია, შექმნილიყო ერთი მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც ამ პლატფორმების ბენეფიტებს გააერთიანებდა და ერთიან ცოცხალ ორგანიზმად აქცევდა. პროცესს დაახლოებით ერთწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა დასჭირდა, თუმცა ამ ნაბიჯმა თავისი შედეგი გამოიღო. დღესდღეობით, გაერთიანებულ ეკოსისტემაში 2 მილიონი მომხმარებელია, რაც ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებელია. გვაქვს დაახლოებით 70%-ანი პენეტრაცია, რაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან იშვიათი მოვლენაა. ქვეყნის მოსახლეობის 70% ჩვენს ეკოსისტემაში ყოველდღიურადაა ჩართული - ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, თუმცა ეს სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს. ადამიანები ყოველდღიურად ყიდულობენ ბილეთებს, ეძებენ ტექნიკას, ათვალიერებენ ავტომობილებს, ქირაობენ ან აქირავებენ ბინებს, სარგებლობენ ფასდაკლების ვაუჩერებით და ა.შ.
ჩვენი მიზანია, ეს ეკოსისტემა იმდენად მასშტაბური და კომპლექსური იყოს, რომ ადამიანმა ყველაფერი მიიღოს ჩვენი პლატფორმებიდან, მაქსიმალურად აისრულოს თავისი სურვილები და დაიკმაყოფილოს საჭიროებები, დაზოგოს დრო, ფინანსური რესურსი, მიიღოს დამატებითი სარგებელი და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება შეექმნას.
როგორც ვიცით, Tnet ოთხ ძირითად მიმართულებაზეა კონცენტრირებული, ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. რა პრინციპით მოხდა ამ მიმართულებების შერჩევა და რა სიახლეებს ელოდოს მომხმარებელი ამ კუთხით ახლო მომავალში?
ოთხივე მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, გლობალურ ჭრილშიც რომ განვიხილოთ, ტრანზაქციების ყველაზე დიდი რაოდენობა, ისევე როგორც ფულადი ნაკადები ამ ოთხ მიმართულებაზე ნაწილდება. მაგალითისთვის, ავტოინდუსტრია მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი ინდუსტრიაა თანხის ბრუნვის კუთხით. თითქმის ყოველი მესამე ადამიანი, ყოველდღიურად ახორციელებს გარკვეულ აქტივობებს ავტო თემატიკის გარშემო. ჩვენ ვაერთიანებთ როგორც უშუალოდ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმას - Myauto.ge, ისე Myparts.ge-s, რომელიც როგორც მეორადი, ისე ახალი ავტონაწილების სავაჭრო პლატფორმაა. ვინაიდან ავტომობილებს სისტემატიური მოვლა და შეკეთება სჭირდება, გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია დაგვეწყო და ეს საიტი ელექტრონული კომერციის სრულყოფილ პლატფორმად გვექცია, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ადგილიდან გაუსვლელად შეუკვეთოს ნაწილი, ჩაშენებული გადახდის სისტემით ისარგებლოს და მიტანის სერვისით მიიღოს მისთვის საჭირო პროდუქცია.
ასევე, თანხების ბრუნვის კუთხით, უპირობო ლიდერია უძრავი ქონების მიმართულება, სადაც Myhome.ge-სა და Livo.ge-ს სახით ვართ წარმოდგენილი. გვაქვს უძრავი ქონების აუქციონი, ინოვაციური სერვისები და პარტნიორი ბანკების მომსახურება, რომლებიც მომხმარებლებს მოქნილ პირობებს სთავაზობენ, რათა მათ სწრაფად და მარტივად აიღონ სესხები. ამ მხრივაც მრავალფეროვნებას ვთავაზობთ მომხმარებლებს, ვინაიდან მათ 5-6 ბანკს შორის შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება და მათზე მორგებული შეთავაზების მიღება.
რაც შეეხება ელექტრონულ კომერციას, ეს მიმართულება ჯერ პატარაა, თუმცა ჩვენ ვხედავთ ამ სფეროს მომავალს. ვფიქრობთ, რომ მისი წილი გაყიდვებში 5 წელიწადში 10-ჯერ გაიზრდება საქართველოში. დღესდღეობით, არსებული დაბალი მაჩვენებლები, ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ქალაქის სიმჭიდროვით, ფიზიკურ სივრცეში სხვადასხვა ტიპის მაღაზიების სიუხვით და მომხმარებლის ნაწილობრივი უნდობლობით ელექტრონული ვაჭრობის მიმართ. დღეს, ელექტრონული კომერციის დიდი საჭიროება არაა, თუმცა გარკვეული დრო სჭირდება ამის განვითარებას. Tnet აერთიანებს ელ.კომერციის ისეთ მსხვილ პლატფორმებს, როგორებიცაა Mymarket.ge და Vendoo.ge. Mymarket ამჟამად ბაზრის ლიდერია მეორადი პროდუქციის გაყიდვების კუთხით და მისი ალტერნატივა ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს. ხოლო Vendoo ახალი პროდუქციის შეძენის პლატფორმაა.
Lifestyle მიმართულებით გამოვყოფდი Tkt.ge-ს და Swoop.ge-ს, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებაზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს ყიდის.
ლოკაცია: Bioli Wellness Resort
მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის, ვგეგმავთ ახალი პლატფორმის - Myshop.ge-ს გაშვებას, რომელიც ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და თავის მოვლაზე იქნება ორიენტირებული. პლატფორმა გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბრენდებს. სამომავლოდ კიდევ ერთი ცნობილი ტანსაცმლის პლატფორმის ინტეგრაციას ვგეგმავთ ჩვენს სისტემაში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ქართველ მომხმარებლებს შორის, თუმცა ახლა ისინი ქართულად მიიღებენ მომსახურებას, ხელმისაწვდომი იქნება მიტანის სერვისი და ანგარიშსწორებასაც ქართულ ლარში განახორციელებენ.
Tnet აქტიურად მუშაობს SuperApp-ის შექმნაზე, რომელიც ქართველი მომხმარებლების ყოველდღიურობას შეცვლის. თუ შეიძლება დეტალურად გვიამბეთ ამ სიახლის შესახებ და როდის იქნება აპლიკაცია ხელმისაწვდომი მომხმარებელთათვის?
ამჟამად მიდის აქტიური მუშაობა Tnet-ის "სუპერაპის" შექმნაზე, რომელიც ჩვენს ყველა პლატფორმას და სერვისს ერთ აპლიკაციაში მოუყრის თავს. ზოგადად, ადამიანი დღის განმავლობაში საშუალოდ 5 აპლიკაციას მოიხმარს, ხოლო ჩვენი მიზანია, ადამიანების ყოველდღიურობაში Tnet-ის აპლიკაციაც დავნერგოთ. "სუპერაპების" არაერთი წარმატებული ქეისი არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში. ეს არის აპლიკაციები, რომლებიც ადამიანისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისს აერთიანებს და მომხმარებლებს "ციფრულ ცხოვრებას" უმარტივებს.
რაც შეეხება, უშუალოდ ჩვენს "სუპერაპს", ერთი მხრივ იქნება ჩვენი პროდუქტები, რომელზეც მიბმული იქნება გადახდის სისტემაც, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პარტნიორი კომპანიების სერვისები, როგორებიცაა: კვების ობიექტები, სამრეცხაოები, სასტუმროები და მომსახურების სხვა სფეროები. ადამიანს ერთი აპლიკაციიდან გაუსვლელად შეეძლება, როგორც კომუნალური მომსახურების გადახდა, ისე რაიმე პროდუქტის შეძენა, საჭმლის გამოძახება, ქიმწმენდა, ჯანდაცვა, დაზღვევა და ა.შ. გვსურს აპლიკაციაში ჩაშენებული იყოს კრიპტობირჟაც, სადაც მომხმარებელი ვაჭრობასა და ინვესტირებას განახორციელებს. საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გვინდა ისეთი სერვისები გავაერთიანოთ, რომლებიც შესაძლოა ჩვენს პლატფორმებზე არ იყოს, თუმცა ადამიანებს სჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
"სუპერაპი" ინდივიდუალური მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე განვითარდება და შესაბამისად, პროდუქტებიც ამ ინტერესის მიხედვით დაემატება. აპლიკაციის ალგორითმში გაწერილი იქნება, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მისთვის აქტუალური შეთავაზებები მიიღოს. თუ ადამიანს არ აინტერესებს სპორტი, აპლიკაცია მას სპორტულ ღონისძიებებს არ შესთავაზებს, ან თუკი კონკრეტულ პიროვნებას არ მოსწონს კლუბური ცხოვრება, შესაბამისი ივენთები მასთან არ მოხვდება. სერვისების ყოველდღიური გამოყენებით, მონაცემთა ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის წყალობით, კონკრეტული ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება გაცილებით მარტივდება, რაც "სუპერაპს" შეუცვლელ ატრიბუტად აქცევს მომხმარებლებისთვის.
"სუპერაპში" ასევე იგეგმება ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ტოკენების გამოშვება, ისევე როგორც ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
Tnet-ის "სუპერაპი" წლის ბოლოს ჩაეშვება სატესტო რეჟიმში. სუპერ აპს მუდმივი განვითარება და დეველოპმენტი დაჭირდება, ადამაინაების საჭიროებები დინამიკაში სწრაფად იცვლება და ჩვენც მოგვიწებს ფეხი ავუწყოთ ტემპს. სრულყოფილი პროდუქტის მიღებას დაახლოებით 5 წელი დასჭირდება.
იგეგმება თუ არა Tnet-ის ბლოკჩეინ მიმართულებით განვითარება და თუ შეიძლება გაგვიზიარეთ დეტალები ამ კუთხით?
ბლოკჩეინ ტექნოლოგია სულ უფრო აქტიურად შემოდის თანამედროვე ტექ-ბაზრის ყოველდღიურობაში და განვითარებისკენ სავალ გზაზე აუცილებლად მოგვიწევს მისი ჩართვა. ბლოკჩეინი შეიძლება ორ მიმართულებად გავყოთ: Back და Front. კომპანიაში უკვე დავიწყეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გარჩევა და ვფიქრობთ, ახლო მომავალში ამ ინსტრუმენტის დანერგვას აუქციონების ნაწილში.
ლოკაცია: Bioli Wellness Resort
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტოკენიზაციის პროცესიც. გვსურს ჩვენს ეკოსისტემაში არსებობდეს ტოკენი, რომელიც იქნება ერთი მხრივ საგადახდო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ ბირჟაზე მოხდეს მისი რეალიზება.
ვფიქრობთ, "მეტავერსის" მიმართულებაზე ცოტა ნაადრევია ამ ეტაპზე საუბარი, ვინაიდან საკმაოდ ახალი კონცეფციაა და მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა Facebook აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. თუმცა როგორც კი გვექნება შესაძლებლობა "მეტავერსში" მოვსინჯოთ ჩვენი ძალები, ამისთვის მაქსიმალური მზაობა გვექნება. იდეის დონეზე, შესაძლებელია Myauto-ს ავტობაზრობა "მეტავერსში" განვათავსოთ და მომხმარებელმა ბაზრობაზე გასვლის გარეშე დაათვალიეროს ის მანქანა, რომელიც აინტერესებს. იდეა გვაქვს, თუმცა პრაქტიკული ნაწილი არაა სრულყოფილად განვითარებული, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
რას გვეტყოდით Tkt.ge-ს განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით საერთაშორისო მასშტაბით. როგორც ვიცით, სულ ახლახან TKT-ზე დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ბილეთების გაყიდვა. რა იქნება სამომავლო ნაბიჯები?
დიახ, TKT ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური რესელერი გახდა და ამ სპორტული ღონისძიების ბილეთების შეძენა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სწორედ ჩვენს პლატფორმაზე გახდა შესაძლებელი. TKT დღეს ბილეთების გაყიდვის უპირობო ლიდერია ბაზარზე.
ახლო მომავალში, იგეგმება სხვადასხვა სპორტის მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონატების ბილეთების განთავსებაც. ასევე, როგორც მუსიკალური, ისე სხვა სახის ღონისძიებების ბილეთების გაყიდვა საერთაშორისო დონეზე. გვექნება სიურპრიზებიც, რომლებთან დაკავშირებით სულ მალე შეიტყობს ქართველი მომხმარებელი.
ამ ეტაპზე, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვართ ქართულ ბაზარზე. ვმუშაობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტების დახვეწასა და მომხმარებლის გამოცდილების მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე, რას სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი პროდუქტების გატანაში როგორც მეზობელ, ისე არა რეგიონის ქვეყნებში. ამჟამად მიდის მოლაპარაკება ერთ-ერთ უცხოურ ბაზარზე, თუმცა კონკრეტულ დეტალებს ვერ ვასაჯაროებთ. Tnet-სგან 2023-სთვის მომხმარებლები ბევრ სიახლეს მიიღებენ.
ლოკაცია: Bioli Wellness Resort
Tnet დღესდღეობით საქართველოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის უზარმაზარი ტრაფიკით. განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს იყო მოწინავე ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე? როგორი ბიზნეს გარემოა ამ სფეროში და პასუხისმგებლობებთან ასოცირდება ლიდერობა საქართველოს ტექ.ბაზარზე?
როგორც უკვე ვახსენეთ, Tnet-ს 2 მილიონამდე აქტიური ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან ზოგი თვეში ერთხელ შემოდის, ზოგი 20-25-ჯერ, თანაც სხვადასხვა პლატფორმებზე, სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საქართველოში წარმოქმნილი ინტერნეტ ტრაფიკის 40% ჩვენს კომპანიაზე და პლატფორმებზე მოდის, რაც ავტომატურად დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. მომხმარებელი კრიტიკულია სიახლეების მიმართ და როდესაც რაიმე კუთხით ცვლილებები გვინდა განვახორციელოთ, ამას სწრაფად ვერ ვაკეთებთ. როდესაც მომხმარებელი მიჩვეულია რაიმე პროდუქტს, მისი ქცევის და ჩვევის ცვლილება სწრაფად არ ხდება. ქართველი მომხმარებელი მუდმივად ითხოვს ცვლილებებსა და გაუმჯობესებას, თუმცა სიახლეებთან შეჩვევა უჭირს, ამიტომაც ოქროს შუალედის დაცვა გვიწევს.
გარდა ამისა, როდესაც რაიმე ახალ სფეროში გვსურს შესვლა, ჩვენს არსებულ პლატფორმებზე ამას ვერ ვაკეთებთ, არამედ ახალ საიტებს ვამატებთ. ესეც, უპირველეს ყოვლისა მომხმარებლის ქცევისა და გამოცდილების არდაზიანების და მოფრთხილების მიზნით კეთდება. ახალი პლატფორმები სწორედ ახალი სამომხმარებლო ჩვევების შექმნის მოტივით იქმნება.
აღვნიშნავდი, რომ ლიდერობას თავისი ტვირთი აქვს. მოწინავე პოზიციებმა მარტივად შეიძლება ნებისმიერი გააზარმაცოს და მოადუნოს, რაც ბიზნესისთვის დამღუპველი შედეგების მომტანია. ამიტომ არ ვწყვეტთ ახალ პროდუქტებზე მუშაობას, გუნდის მხრიდან ინიციატივების და შეთავაზებების მოსმენას და ანალიზს, სიახლეების გატესტვას და რაც ყველაზე მთავარია, ექსპერიმენტებს.
უშეცდომო არავინაა და სიახლეების ძიების გზაზე ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს, თუმცა ვცდილობთ უცხოური მაგალითები გავაანალიზოთ, ქართულ რეალობაში მათ ადაპტირებაზე ვიმუშაოთ და თუკი თეორიულად მაინც ვგრძნობთ, რომ რაიმე უცხოური მიდგომა საქართველოშიც გაამართლებს, აუცილებლად ვნერგავთ.
რა არის ის მთავარი გამოწვევები, რასთან გამკლავებაც მრავალი მიმართულების გამაერთიანებელ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უწევს საქართველოში?
ტექნოლოგიურ ბაზარზე ორი მთავარი გამოწვევაა: გლობალური ტექნოლოგიების დროულად და რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული საუკეთესო IT ტალანტების მოძებნა და შენარჩუნება.
ერთია გაიგო რა არის ახალი, რა ნოვატორული გადაწყვეტებია დასავლეთში, თუმცა ვინ იქნება ადგილზე ამ ტექნოლოგიების აღმსრულებელი და ცხოვრებაში გამტარებელი? IT სპეციალისტები დეფიციტური კადრია. განსაკუთრებით ჩვენნაირი მასშტაბის პროექტებზე საქართველოში არავის უმუშავია. როგორც წესი, კარგი სპეციალისტები გადიან ქვეყნიდან და უცხოურ კომპანიებში საქმდებიან. ზოგი დეველოპერი დისტანციურად მუშაობს გლობალურ გიგანტებთან, თუმცა შედეგი მაინც ერთია - ქართველი ტალანტები არაქართული პროდუქტის განვითარებაზე ხარჯავენ თავიანთ ინტელექტუალურ რესურსს.
დღესდღეობით, ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი გამოწვევა კომპეტენტური და გამოცდილი დეველოპერების პოვნა და მათი შენარჩუნებაა ე.წ. "ტვინების გადინების" შემცირების გზით.
ლოკაცია: Bioli Wellness Resort
Tnet საქართველოს წამყვანი დამსაქმებელია IT მიმართულებითაც. თუ შეიძლება გვიამბოთ უშუალოდ თქვენი გუნდისა და IT მიმართულების პერსპექტივის შესახებ საქართველოში.
ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500-მდე გაიზრდება, ხოლო Tnet ყველა დასაქმებულს პროფესიული განვითარების 3 წლიან გეგმას შესთავაზებს.
ჩვენს ეკოსისტემაში გამოიყენება სხავადასხვა ტიპის ტექნოლოგიები და ენები, როგორებიცაა: Node.js; Python; Java; PHP; Laravel; C#; .NET; Vue.js; Next.js; React; Angular; Swift; Kotlin; Dart; Flutter; MySQL; MSSQL; ElasticSearch.
ძირითადად, ჩვენ Middle დონის დეველოპერებს ვეძებთ, რომლებსაც რეალური შესაძლებლობა აქვთ სამი წლის განმავლობაში ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ ამ სფეროში, დააგროვოს ცოცხალ საიტებთან და პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, რომლებსაც ყოველთვიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
Tnet ადამიანებს, რომლებსაც განვითარების სურვილი აქვთ როტაციის შესაძლებლობასაც სთავაზობს, რაც მათ სხვადასხვა სპეციფიკის და სირთულის ამოცანებთან გამკლავებას ასწავლის. შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ჩვენი დასაქმებულები რომლებიც სხვა დიდ კომპანიებში გადადიან სამუშაოდ, უკვე საკმაოდ მდიდარ პორტფოლიოებს ფლობენ, რაც მათ სამომავლო დასაქმებაშიც ეხმარება.
ცხადია, ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები განვავითაროთ და მაქსიმალურად ვეცადოთ დავიტოვოთ და ჩვენთან გააგრძელონ მუშაობა. IT ტალანტს რამდენიმე წელიწადში შეუძლია Junior-დან Chapter Lead-მდე მიღწევა, რომელიც ჩვენს რეალობაში უკვე ასოცირებულ პარტნიორად მიიჩნევა. სამი წლის გასვლის შემდეგ, ჩვენს დეველოპერებს ვთავაზობთ ჩვენთან ქოუჩებად დარჩენას, რათა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ, თუმცა თუკი კადრი ძლიერი და დიდი პოტენციალის მქონეა, ჩვენ თამამად ვაძლევთ მათ რეკომენდაციას მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში. გვსურს ავაწყოთ რეფერალური სისტემა, რათა ქართველმა ტალანტებმა ჩვენი რეკომენდაციით მოახერხონ მაგალითად Google-ში დასაქმება, რაც პირიქით, გაგვახარებს კიდეც, ვინაიდან Tnet-ს ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.