Mynanny - ნინო დვალიძე "სერვისში ჩართვის მსურველთა შერჩევის საკითხს სიღრმისეულად ვეკიდებით"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mynanny

"საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის "საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ "საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

ნინო დვალიძე

Mynanny, თანადამფუძნებელი

MyNanny მშობლებს ცხოვრებას უმარტივებს. ინოვაციური ონლაინპლატფორმა წამებში აკავშირებს მათ ისეთ ძიძასთან ან ტუტორთან, რომელიც ზუსტად ერგება მათ მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს, სასურველ დამხმარესთან თანამშრომლობა მარტივად დაგეგმონ. ძიძისა და ტუტორის ტრადიციული ძებნიდან, რაც ბევრი კუთხით ზღუდავდა მომხმარებელს, ჩვენ ძიება ციფრულ სივრცეში გადავიტანეთ, სადაც სწრაფად და მარტივად ხდება ასობით კანდიდატის გაფილტვრა, საუკეთესო შესატყვისის მოძებნა და ამ ორი მხარის დაკავშირება.

ნებისმიერი ბიზნესწამოწყება გარკვეულ რისკს გულისხმობს და სტარტაპში ეს რისკ-ფაქტორები კიდევ უფრო მაღალია თუნდაც იმიტომ, რომ სტარტაპს ზრდის სწრაფი ტემპი სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში, დიდი გამოწვევა იყო, მომხმარებლის ტრადიციული ქცევის რადიკალურად შეცვლა და თან სწრაფი ზრდა პანდემიის ფონზე.

სტარტაპიდეის განხორციელება იოლი არსად არის და მით უმეტეს საქართველოში, სადაც პატარა ბაზარია და ნებისმიერი სტარტაპიდეა გლობალური პოტენციალის გარეშე განწირულია. მეორე მხრივ, საქართველო ხელსაყრელი სივრცეა ინოვაციური წამოწყებების ტესტირებისთვის. მცირე რესურსით აქ შესაძლებელია იდეის საბაზრო პოტენციალის დემონსტრირება და ამ შედეგებით უფრო დიდ ბაზარზე გასასვლელად საჭირო ინვესტიციის მიღება.

სერვისის გაციფრულებამ მნიშვნელოვანი გამოწვევა გააჩინა. მასშტაბების ზრდასთან ერთად, ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა სანდოობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი. ამავდროულად, ძიძების გადამზადებაზეც უნდა გვეზრუნა.

ბუნებრივია, მშობლებისთვის უცხო ადამიანის ნდობა რთულია. თავადაც მშობელი ვარ. ამიტომ, სერვისში ჩართვის მსურველთა შერჩევის საკითხს სიღრმისეულად ვეკიდებით. MyNanny-ის პლატფორმაზე მოხვედრამდე კანდიდატები შერჩევის ეტაპებს გადიან. ერთი-ერთი ეტაპი კი ფსიქოლოგთან გასაუბრება და რეკომენდატორი მშობლის არსებობაა, რომელთანაც დაკავშირება მარტივად შეუძლიათ დაინტერესებულ მშობლებს ჩვენსავე პლატფორმაზე.

მნიშვნელოვანია ძიძების განათლებაც. ყველა ასაკს განვითარების სპეციფიკური ამოცანები აქვს და როცა ძიძამ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები კარგად იცის, ის უკეთ ეხმარება პატარას სწრაფ განვითარებაში. ამ მიზნით, Mynanny-ის გუნდმა სპეციალური სატრენინგო ონლაინკურსი შექმნა "ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან" თანამშრომლობით. კურსის გავლა სავალდებულოა სერვისში ჩართული ძიძებისათვის და მიღებული ცოდნის დადასტურება ტესტირების საფუძველზე ხდება.

ვფიქრობ, სტარტაპში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი გახლავთ. აუცილებელია, დამფუძნებელი გუნდი კარგად ერკვეოდეს სტარტაპის განვითარებასთან დაკავშირებულ

ყველა საკითხში: ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, ფინანსებში, მენეჯმენტში და რაც მთავარია, ადამიანებში.

დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ, გუნდში მხოლოდ ისეთი ადამიანები შეარჩიონ, რომლებსაც ერთი მხრივ სტარტაპისთვის საჭირო ცოდნა და უნარები აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, სტარტაპის განვითარების რთულ პერიოდებში საიმედო საყრდენი როლის შესრულება შეუძლიათ.

ჩვენი იდეა, რომელიც თავიდან მხოლოდ დროებითი ძიძის სწრაფად გამოძახების სერვისს მოიცავდა, პროცესში საკმაოდ გარდაიქმნა და დაიხვეწა. "კოვიდმა" ონლაინსერვისების საჭიროება განსაკუთრებით წამოსწია წინ და MyNanny-ზეც გაჩნდა ონლაინსერვისები − ძიძა ან ტუტორი, რომელიც დისტანციურად ეხმარება ბავშვებს დავალებების მომზადებაში ან საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, ან სულაც, სთავაზობს სხვადასხვა შემეცნებით და განმავითარებელ აქტივობას (მუსიკა, ხატვა, რობოტიქსი, იოგა და სხვა).

ჩვენმა სტარტაპმა პირველი დაფინანსება 2020 წლის თებერვალში მოიპოვა − საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი გრანტი. პლატფორმის გაშვებიდან მოკლე დროში, Mynanny-ი 500 Startups აქსელერაციის პროგრამაში გავიდა, რაც ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა ამბიციური გეგმების განსახორციელებლად. საქართველოს შემდეგ, ჩვენი სერვისი უკვე უკრაინაშიც გახდა ხელმისაწვდომი და მასშტაბირების პროცესის დასაჩქარებლად, გუნდი ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება. Mynanny-ის აქვს პოტენციალი, აღმოსავლეთ ევროპაში ბავშვზე ზრუნვის ფრაგმენტირებული ბაზარი სწრაფად აითვისოს და გლობალური ბრენდი გახდეს.

500 Startups მსოფლიო ტოპ-სტარტაპის აქსელერატორებს შორისაა. ეს ნიშნავს შეუფასებელ შესაძლებლობას, სრულიად სხვა განზომილებაში გადაიყვანო საკუთარი სტარტაპი, გასცდე ლოკალურ შესაძლებლობებს და ბიზნესი გლობალურ ბაზარზე გაიტანო. ესაა აზროვნების მასშტაბირება და ხედვის გაფართოება, რაც ასე ძალიან სჭირდება ნებისმიერ ახალ წამოწყებას. ასევე, ეს არის უდიდეს რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა, რისი ფუფუნებაც ქართულ სტარტაპებს ამ დრომდე არ ჰქონდათ.

ჩვენს გუნდში კარგად ვიცით, სად გვაქვს ცოდნისა და გამოცდილების შეძენის საჭიროება. 500 Startups-ი ბრწყინვალე შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს სიცარიელეები საუკეთესო ექსპერტებით, ზუსტად ჩვენზე მორგებული კონსულტაციებითა და ცოდნის მიღებით შევავსოთ. ეს არის შეუფასებელი რამ, რასაც მოცემული პროექტი ქმნის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი