CSR: სტრატეგია, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა ერთგულებასა და ბიზნესის წარმატებას ამყარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) საქართველოს ბიზნესებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგია ხდება. თუ ადრე CSR ძირითადად მხოლოდ "კეთილ საქმეს" გულისხმობდა, დღეს ის კომპანიის რეპუტაციის გასაძლიერებლად და მომხმარებელთა ერთგულების მოსაპოვებლად საჭირო მძლავრი ინსტრუმენტია. ამ სტრატეგიის მნიშვნელობა საქართველოში მზარდია, რაც ნათლად ჩანს ბოლო კვლევის შედეგებიდან, რომელიც მომხმარებელთა და ბიზნესის ხედვებს აერთიანებს.

გლობალური ტენდენციები და ადგილობრივი გამოცდილება

მსოფლიოს მასშტაბით, CSR-ის ძალა კარგად არის დამტკიცებული. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ბრენდებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ სოციალურ და გარემოსდაცვით ინიციატივებს. Patagonia, მაგალითად, გამორჩეულია თავისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით, რამაც მომხმარებელთა ერთგულება და ბრენდის იმიჯი მნიშვნელოვნად გააძლიერა. გლობალური კვლევები აჩვენებს, რომ CSR არა მხოლოდ აძლიერებს ბრენდის რეპუტაციას, არამედ ხელს უწყობს გრძელვადიან ფინანსურ წარმატებასაც.

საქართველოში CSR-ისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გაზიარების ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ პერიოდში განვითარებულ ბიზნესპერსპექტივებთან. კომპანიები CSR-ს აქტიურად იყენებენ, როგორც მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებელ საშუალებას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის გასაძლიერებლად.

კვლევის მეთოდოლოგია

საქართველოში ჩატარებული კვლევა დაფუძნებულია შერეულ მეთოდოლოგიაზე, რომელიც მოიცავს:

  • რაოდენობრივი კვლევა: ონლაინგამოკითხვებით 161 მომხმარებლისგან შეგროვდა მონაცემები, სადაც შეფასდა, თუ როგორ აფასებენ ისინი CSR-ის გავლენას კომპანიის რეპუტაციაზე და როგორ აისახება ეს მათი გადაწყვეტილების პროცესზე.
  • თვისებრივი კვლევა 10 მენეჯერსა და ბიზნესის წარმომადგენელთან ჩატარებულმა ჩაღრმავებულმა ინტერვიუებმა გაამყარა მონაცემები კომპანიის შიდა ხედვებისა და CSR-ის სტრატეგიის შესახებ.

კვლევის ძირითადი მიგნებები

კვლევამ გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მიგნება, რომელიც ნათლად აჩვენებს CSR-ის მნიშვნელობას საქართველოში:

1. CSR და მომხმარებელთა ერთგულება

მომხმარებლები აშკარად აფასებენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას. გამოკითხულთა 85%-მა აღნიშნა, რომ CSR კომპანიის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ხოლო 51%-მა აღნიშნა, რომ უფრო ერთგულნი ხდებიან იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი CSR ინიციატივებში. ეს მიგნება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მომხმარებლებს საქართველოში CSR სერიოზულად აინტერესებთ და ამ ფაქტორს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდა თაობას, რომელიც აქტიურად ეძებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც სოციალურ საკითხებს სერიოზულად აღიქვამენ. კვლევამ აჩვენა, რომ CSR არა მხოლოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს მომხმარებელთა ერთგულებაზე, არამედ ამცირებს რეპუტაციულ რისკებს, რაც მომავალში კომპანიისთვის ფინანსურ სარგებელს მოიტანს.

2. CSR და ორგანიზაციული შედეგები

CSR-ს შიდა ეფექტურობაზეც აქვს ძლიერი გავლენა. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს მომხმარებელთა ხედვებს, არამედ კომპანიების შიგნითაც აძლიერებს პროცესებს. ინტერვიუებმა ცხადყო, რომ კომპანიები, რომლებიც CSR-ს აქტიურად იყენებენ, უფრო მოტივირებულ თანამშრომლებს იზიდავენ და მათში ჩართულობას ზრდიან. ეს, თავის მხრივ, აუმჯობესებს პროდუქტიულობას და კომპანიის საერთო ეფექტურობას.

მაგალითად, კომპანიები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ CSR პროექტებში, როგორიცაა გარემოსდაცვითი ან სოციალური ინიციატივები, იტყობინებიან, რომ მათი თანამშრომლები უფრო ჩართულნი და მოტივირებულნი არიან. ეს ნიშნავს, რომ CSR-ს აქვს უნარი, გააუმჯობესოს არა მხოლოდ კომპანიის რეპუტაცია გარედან, არამედ გაზარდოს შიდა პროდუქტიულობა და საერთო ბიზნესშედეგები.

3. გრძელვადიანი ფინანსური წარმატება და CSR

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კომპანიებს ჯერ არ აქვთ სრულყოფილი ინსტრუმენტები CSR-ის ფინანსური სარგებლის გასაზომად, CSR-ის გრძელვადიანი გავლენა აშკარად იგრძნობა. კომპანიები, რომლებიც CSR სტრატეგიებს იყენებენ, უფრო ადვილად მოიპოვებენ ნდობას როგორც მომხმარებლების, ასევე ინვესტორებისგან. მათი ბრენდები უფრო მიმზიდველია საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

მაგალითად, კომპანიები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ინიციატივებს, როგორც წესი, უფრო ადვილად ახერხებენ ინვესტორებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რაც გრძელვადიანი ფინანსური წარმატების წინაპირობას ქმნის.

საქართველოში CSR-ის ზრდა და შესაძლებლობები

CSR საქართველოში მზარდი ტენდენციაა, რაც ხაზს უსვამს კომპანიების მზადყოფნას, შეასრულონ სოციალური პასუხისმგებლობები, რომლითაც მომხმარებლების ნდობას მოიპოვებენ. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა CSR-ის როლი. კომპანიებმა შეძლეს თანამშრომლებსა და საზოგადოებასთან უფრო ძლიერი კავშირის დამყარება, რაც კრიზისული პერიოდების გაუმჯობესებაში დაეხმარათ.

CSR ასევე არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების შესასვლელად. მაგალითად, კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს მიესადაგებიან და CSR ინიციატივებს წარმატებით ნერგავენ, უფრო ადვილად პოულობენ ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე.

მომავლის პერსპექტივები: რა უნდა გაკეთდეს?

საქართველოს ბიზნესებისთვის CSR არის შესაძლებლობა არა მხოლოდ გლობალურ სტანდარტებთან მიახლოების, არამედ გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად. კომპანიებმა უნდა გამოიყენონ CSR, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ ზრდის ბრენდის რეპუტაციას და მომხმარებელთა ერთგულებას, არამედ აძლიერებს შიდა პროდუქტიულობას და ხელს უწყობს ფინანსურ წარმატებას.

დასკვნა

CSR არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გაზარდოს კომპანიის რეპუტაცია, მომხმარებელთა ერთგულება და საერთო ბიზნესწარმატება. საქართველოში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ CSR-ის მნიშვნელობა და ეფექტურობა სწრაფად იზრდება. კომპანიები, რომლებიც დღესვე იღებენ CSR სტრატეგიებს, არა მხოლოდ ადგილობრივ წარმატებას მიაღწევენ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც დაიმკვიდრებენ თავს.

ავტორები: მარიკა მჭედლიძე - CSR -ისა და მდგარდობის სპეციალისტი და ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი

ნინო ჯინჯოლავა - მარკეტერი, "არეა ჯგუფის" მმართველი პარტნიორი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?