"პატარა ნაპერწკლიდან დავიწყე და ახლა ცეცხლი გიზგიზებს ჩემთვის" USAID YES-GEORGIA-ს ბენეფიციარი ქალი მეწარმეები რეგიონებიდან
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღესდღეობით ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნესსექტორში მათი ჩართულობის გაზრდა ერთ-ერთ გლობალურ პრიორიტეტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება რაოდენ მნიშვნელოვანია ქალი და მამაკაცი თანაბრად იყვნენ ჩართულნი ეკონომიკურ საქმიანობაში, დღეს ქალებისთვის ბიზნესსაქმიანობის დაწყება, სხვადასხვა მიზეზის გამო, მაინც დიდ სირთულეებთან ასოცირდება. ხშირ შემთხვევაში დამაბრკოლებელი ფაქტორებია სტერეოტიპები და კულტურული დამოკიდებულებები, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვა, ფინანსებზე წვდომის ნაკლებობა და სხვა. რეგიონში მცხოვრებ ქალებს კიდევ უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურის, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მხოლოდ ქალების მონდომება არ კმარა, მნიშვნელოვანია არსებობდეს ხელშემწყობი პროგრამები და ღონისძიებები, რაც მათ ფინანსურ თუ საინფორმაციო რესურსზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ფონდი "კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად ახორციელებს. Entrepreneur-მა აქამდეც არაერთხელ გიამბოთ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარების შესახებ, რომლებიც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, წარმატებით ახორციელებენ საკუთარ საქმეს. ამჯერადაც გვსურს იმ ქალების შესახებ გიამბოთ, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთი ბიზნესის, არამედ საკუთარი რეგიონების განვითარებისთვისაც შრომობენ და არაერთ საინტერესო პროდუქტს თუ სერვისს ქმნიან.
ნინო ახალაძე − "გოცას მეღვინეობა", GOTSA WINES / ADVENTURE DINNERS
"გოცას მეღვინეობა" საოჯახო მცირე მარანსა და მრავალფეროვანი სახეობის ღვინოს აერთიანებს, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია არსებობს ბაზარზე. მარანი დაბა კიკეთში მდებარეობს, ხოლო ვენახები ასურეთშია გაშენებული. აღსანიშნავია, რომ "გოცას მეღვინეობა" საქართველოში ბიოდინამიკური მეურნეობის ერთ-ერთი მიმდევარია, სადაც ვაზის გარდა ხორბლის სახეობები და სხვა მარცვლეული კულტურები მოჰყავთ. ბრენდის პროდუქციის 95%-ზე მეტი ექსპორტზე გადის, ყველაზე დიდი ბაზარი კი ამერიკის შეერთებული შტატებია.
ნინო ახალაძე, "გოცას მეურნეობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბრენდის განვითარებაში. კორპორაციულ ინდუსტრიაში 25-წლიანი მუშაობის შემდეგ იგი საოჯახო ბიზნესის განვითარების პროცესში ჩაერთო და დღემდე მთელ რესურსს მას ახარჯავს. მართალია, ახალი საქმის დამოუკიდებლად წამოწყება არცთუ იოლი იყო, თუმცა აქამდე არსებული გამოცდილება და ოჯახის წევრების მხარდაჭერა საქმიანობის გაფართოების მნიშვნელოვანი სტიმული გახდა.
როგორც ნინო აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ტურისტების ნაკადის ზრდამ ახალი სერვისების საჭიროება გააჩინა და ასე შეიქმნა ADVENTURE DINNERS, რომელიც ვიზიტორებს ადგილობრივ კერძებთან ერთად, ღვინის დაგემოვნების საშუალებას სთავაზობს. უკვე 3 წელია, რაც ADVENTURE DINNERS კიკეთში წარმატებით საქმიანობს და ამ დროის განმავლობაში უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
"ღვინო და ქართული კულინარია ჩვენი ტრადიციების მშვენიერი მაგალითია. მათი ნაზავი კარგად ასახავს იმ ქართულ შეგრძნებებს, რომელიც სტუმარმა თან უნდა წაიღოს. მთლიანობაში, ჩვენ ვაზიარებთ ქართული ოჯახის ცხოვრების ადათ-წესებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს, რომლებიც ღვინითა და კულინარიით არის გამოხატული. საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემო და ადამიანები, ვინ და როგორი ემოციებით აზიარებს ამ კულტურას. ვფიქრობ, მცირე საოჯახო მარნებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ტურიზმის განვითარებაში, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება", − ამბობს ნინო ახალაძე.
როგორც ნინო აღნიშნავს, ბაზრის მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაჩნდა ახალი იდეები, რომლებიც ასევე ქართული კულტურის, მათ შორის ხელოვნების, მხატვრობისა და მუსიკის გაზიარებას ისახავს მიზნად. ბრენდის სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას გულისხმობს. მათ სურთ არსებული იდეები ბიზნესგეგმად აქციონ, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც კომერციული, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.
ეკატერინე დოჯურიშვილი − "მართა ბებოს დამბალხაჭო"
"მართა ბებოს დამბალხაჭო" 2016 წლის მიწურულს, სრულიად მოულოდნელად, დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიის აღორძინების იდეით, ეკატერინე დოჯურიშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად დააარსა.
ეკატერინეს თქმით, დამბალხაჭოს წარმოების დაწყებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: უპირველესად, სურდა ეს უნიკალური ტექნოლოგია, რომელსაც კულტურის სამინისტრომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, არ დაკარგულიყო და მისი პოპულარიზაცია გაეწია. გარდა ამისა, ბაზარზე ეს სეგმენტი აუთვისებელი იყო და მიაჩნდა, რომ იგი აუცილებლად მოიტანდა მნიშვნელოვან წარმატებას.
"ბებიების თაობების წასვლასთან ერთად იკარგებოდა ეს უნიკალური ტექნოლოგია. მიზეზი ნაწილობრივ დამზადების შრომატევადი ტექნოლოგია გახლდათ, დიდი ნაწილი კი ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. გაჭირვების გამო, მთაში ფერმერებს აღარ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ 2 თვე დაეცადა, მაშინ, როდესაც ყველის ამოყვანის მეორე დღესვე შეეძლოთ მისი გაყიდვა და შემოსავლის სწრაფად მიღება. სწორედ ამ მივიწყებული უნიკალური ტექნოლოგიის გაცოცხლება და გადარჩენა იყო ჩვენი მიზანი, ოდესღაც ჩვენი მართა ბებო რომ ამზადებდა", − აღნიშნავს ეკატერინე დოჯურიშვილი.
"მართა ბებოს დამბალხაჭო" ჯანსაღი კვებისა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციას ეწევა და მომხმარებლებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტების ასორტიმენტს სთავაზობს, ესენია: დამბალხაჭო, სოფლის კარაქი და ერბო. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. გარდა ამისა, წარმოებაზე დაფუძნებულია აგროტურისტული სერვისი, მასტერკლასებითა და გასტრონომიული ტურებით. ბრენდის მომხმარებლები არიან როგორც სპეციფიკური მარკეტები, ყველის სახლები და რესტორნები, ისე B2C კლიენტები და ტურისტები.
ბრენდის შექმნაში ეკატერინესთან ერთად მისი ოჯახი, მშობლები, დები და მეუღლეები მონაწილეობენ − "მათ გარეშე, ამდენს ვერ შევძლებდი. გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრები ვართ, 7-წლიანი ერთად მუშაობის გამოცდილება გვაკავშირებს, რამაც ჩვენი ნდობის ხარისხი გააუმჯობესა, პროფესიონალიზმთან ერთად".
აღსანიშნავია, რომ "მართა ბებოს დამბალხაჭო" 6-8 ნოემბერს როგორც კონკურსის ფინალისტები, აშშ-ში როდ აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, GO GlOBAL Awards-ის მასშტაბურ ღონისძიებაზე იყო მიწვეული.
"ღონისძიება გამოირჩევა მასშტაბურობით − 500+ მონაწილითა და 78 ეროვნების წარმომადგენლით. დაჯილდოების გალა-ვახშამს ამერიკის ვაჭრობის მინისტრი და რამდენიმე სენატორი ხსნის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ასეთ დაჯილდოებაზე ჩვენი ქვეყნისა და მისი იდენტობის ნაწილის წარდგენის პატივი რომ გვხვდა წილად, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და ახალ, საქმიან შესაძლებლობებზე", − აღნიშნავს ეკატერინე.
რაც შეეხება ბრენდის სამომავლო გეგმებს, უპირველესად მათ აგროტურისტული სერვისის გაფართოება და სრული დატვირთვით ამუშავება სურთ, წარმოების ნაწილში კი ექსპორტზე გასვლაა დაგეგმილი.
ეკატერინეს თქმით, ბიზნესის საწყის ეტაპზე მყოფი ადამიანი, უღრანი ტყის პირას მდგარ კაცს ჰგავს, რომელიც ვერასოდეს გაიგებს სად არის გასასვლელი, თუ ტყეში არ შევა და სვლას არ განაგრძობს − "სიარულისას შესაძლოა დაბრკოლებები შეგხვდეს ან გზა აგებნეს, მაგრამ ტყის გავლას მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯებით შეძლებ. მთავარია0, გვჯეროდეს, ვიმოქმედოთ და კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ, რათა რაღაც შევქმნათ და პიროვნულადაც გავიზარდოთ", − აღნიშნავს იგი.
მზეო სურმანიძე − "მზეოს სამკერვალო"
"მზეოს სამკერვალო" წალკაში, სოფელ არწივანში 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივებს, მათ შორის მეზობელი სოფლიდან, შეკერვისა და გადაკეთების სერვისს სთავაზობს.
როგორც მზეო აღნიშნავს, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დაწყებამდე, არასდროს უფიქრია კერვა შემოსავლის წყაროდ ექცია და იგი უბრალოდ ჰობად მიაჩნდა − პატარა ხელის საკერავი მანქანა ჰქონდა და მეზობლებსა თუ ოჯახის წევრებს სრულიად უსასყიდლოდ უკერავდა და უკეთებდა სამოსს.
სამკერვალოს გახსნამდე მზეო ერთი თვის განმავლობაში წალკის ცენტრში, საკუთარი სახლიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამკერვალოში მუშაობდა და პარალელურად სოფლის საქმეებსაც უძღვებოდა.
"დილით ძალიან ადრე მიწევდა ფეხზე ადგომა, რათა სახლის საქმეები დროულად დამელაგებინა, შემდეგ ავტობუსს გავყოლოდი, მემუშავა და საღამოს შინ საქონლისთვის მომესწრო. საკმაოდ რთული იყო, არც ანაზღაურება მქონდა დიდი, ამიტომ გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვსულიყავი და ჩემს სოფელში გამეხსნა სამკერვალო. მეუღლემაც მითხრა, დაგეხმარებიო და ასე დავიწყე მზადება", − აღნიშნავს მზეო სურმანიძე.
მალევე, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ბიზნესგეგმა დაწერა და გაიმარჯვა. მისი თანამონაწილეობა 1500 ლარს შეადგენდა, ხოლო გრანტი − 3 500 ლარს.
მზეომ სამკერვალო შინ, სამი სათავსო ოთახიდან ერთ-ერთში მოაწყო. მის მოწესრიგებასა და რემონტში კი მთელი სოფლის მოსახლეობა ეხმარებოდა. მალევე საჭირო ინვენტარი შეიძინა, თბილისში კერვის კურსებიც გაიარა, რათა სერტიფიცირებული ყოფილიყო და ასე შეუდგა საქმიანობას. დღეს კერავს ტანსაცმელს, ფარდებს, თითქმის ყველაფერს, რასაც მომხმარებელი დაუკვეთავს. როგორ თავად აღნიშნავს, სოფლებთან მიმართებით სამკერვალო კარგად მუშაობს და რაც მთავარია, სახლის საქმეებსაც ასწრებს.
სამკერვალოსთვის პანდემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რეგულაციები მუშაობის პროცესს ხელს უშლიდა, სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა მზეომ ხელნაკეთი სამკაულების დამზადება და ცდილობდა შემოსავალი ონლაინგაყიდვებიდან მიეღო. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი იყო, სოფლის ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოდ შეკერა პირბადეები და დაარიგა. წალკის ერთ-ერთ აფთიაქთან ერთად კი, მოხუცებისთვის სასაჩუქრე ნაკრების შექმნაში მიიღო მონაწილეობა და მათთვისაც სრულიად უსასყიდლოდ შეკერა პირბადეები.
პერიოდულად მზეოს მოსწავლეებიც ჰყავს, რომლებსაც კერვასთან ერთად ხელნაკეთი სამკაულების დამზადებას ასწავლის. ბოლო პერიოდში ადგილობრივ სკოლას ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მომზადებაში დაეხმარა და სურს, რომ მათი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდეს. "ამაში დახმარება ნამდვილად მჭირდება − რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მოსწავლეებთან ჩემი პროგრამა შევიტანო, მათგან თანხა არ ავიღო, თუმცა ხელფასის სახით დაფინანსება მაინც მივიღო".
ამჟამად სამკერვალოში მხოლოდ მზეო მუშაობს, თუმცა ძალიან სურს გაფართოება, დამატებითი ტექნიკის შეძენა და თანამშრომლების აყვანა, ისე, რომ მათ ღირსეული ხელფასი გადაუხადოს. მუდმივად ესწრება სხვადასხვა ტრენინგსა და კურსებს, რათა განვითარება არ შეწყვიტოს.
"ქალებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ, ვეტყვი, რომ ნურაფრის შეეშინდებათ. უკან არ დაიხიონ მაშინ, როდესაც პატარა იმედის ნაპერწკალი აქვთ და ის აუცილებლად ცეცხლად გარდაიქმნება. ისევე, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა − პატარა ნაპერწკლიდან დავიწყე და ახლა ცეცხლი გიზგიზებს ჩემთვის", − აღნიშნავს მზეო სურმანიძე.
სოფიო ბარდაველიძე − ლაზერული ეპილაციის კაბინეტი Skinova
სოფიო ბარდაველიძე ახალბედა ქალი მეწარმეა, რომელიც ქ. თერჯოლაში და ზესტაფონში ლაზერული ეპილაციის კაბინეტებს − "სკინოვას" ფლობს.
როგორც სოფო აღნიშნავს, საკუთარ მცირე ბიზნესზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ყოველთვის განსაკუთრებით იზიდავდა სილამაზისა და მოდის სფერო.
"ეს ოცნება არც მაშინ გამქრალა, როდესაც 15-წლიან, საბანკო კარიერაში გარკვეულ წარმატებას და პოზიციას მივაღწიე. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღესაც ჩემს ოცნებას რეალობად გარდავქმნიდი და მექნებოდა საკუთარი საქმე, რომელსაც დიდი სიყვარულით მივუძღვნიდი დროსა და ენერგიას, ამავდროულად დავასაქმებდი რაიონში მცხოვრებ ქალებს და ჩვენს რეალობაში, თუნდაც მცირედით, უკეთესობისკენ შევცვლიდი მათ ცხოვრებას", − აღნიშნავს სოფიო.
სოფიომ, მისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება 2022 წელს გადაწყვიტა, როდესაც პროექტ "აწარმოე საქართველოში" გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ შეიტყო. იმავე წელს, სოფიო პროექტის გამარჯვებული გახდა და მოპოვებული დაფინანსებით ქ. თერჯოლაში, უკვე არსებულ მცირე სილამაზის სალონთან თანამშრომლობით (აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სალონს 15-წლიანი გამოცდილების მქონე, ადგილობრივი, 3 ქალი მეწარმე სრულიად დამოუკიდებლად უძღვება) მაღალი სტანდარტის მქონე, ულტრათანამედროვე ლაზერის აპარატით აღჭურვილი ეპილაციის კაბინეტი გახსნა.
თერჯოლაში წარმატებული საქმიანობის 1 წლის შემდეგ, "სკინოვას" საიუბილეო თარიღზე, სოფიომ რიგით მეორე კაბინეტი ქ. ზესტაფონშიც გახსნა. დღესდღეობით, კაბინეტებში ლაზეროთერაპევტებად დასაქმებული ჰყავს 4 ადგილობრივი ახალგაზრდა ქალი, ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ და მარკეტინგულ საქმიანობაში კი თავად სოფიო არის სრულად ჩართული.
როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია და არ აპირებს გაჩერებას. სამომავლოდ სურს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება, ასევე გეგმავს სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში უფრო მრავალფეროვანი სერვისი შესთავაზოს რეგიონის მოსახლეობას. უყვარს საკუთარი საქმე და სწორედ ამიტომ, კეთილსინდისიერია მომხმარებლების მიმართ − სთავაზობს მომსახურების მაღალ ხარისხს, უსაფრთხოებას და კომფორტს.
"ჩემს მუნიციპალიტეტში შევქმენი დამატებითი სამუშაო ადგილები. დავასაქმე ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ მუშაობის მოტივაცია და ამით, გარკვეულწილად, ხელი შევუშალე მათ მიგრაციას მუნიციპალიტეტიდან. ოცნება ამისრულდა. მაქვს საყვარელი საქმე და მყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. მომავალში, დიდი სურვილი მაქვს კიდევ უფრო გავაფართოო ბიზნესი და Skinova ქსელურ ბრენდად გარდავქმნა, რომელიც სხვადასხვა ქალაქში შესთავაზებს მაღალი სტანდარტის, ხარისხიან და მრავალფეროვან მომსახურებას მომხმარებელს", − აღნიშნავს სოფიო.
ნინო ჩიტაძე − "თვითი"
"თვითი" ბავშვებისთვის და არა მხოლოდ, განმავითარებელ ავეჯსა და სათამაშოებს აწარმოებს, გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ კონსულტაციასაც უწევს. ბრენდი ქართულ ბაზარზე პირველად 2020 წელს გამოჩნდა სატესტო ნიმუშებით, მას შემდეგ კი, რაც საზოგადოებისგან მოწონება დაიმსახურა, აქტიურად შეუდგა საქმიანობას.
"ინსპირაციის წყარო უნივერსიტეტი იყო, როდესაც ვალდორფის პედაგოგიკას და მარია მონტესორის მეთოდებს ვსწავლობდი. ხოლო იდეის რეალიზებაზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა. ვიფიქრე, რომ იგი მომცემდა საშუალებას შვილი ამ მიდგომებით გამეზარდა და რეალობაში დამენახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ავეჯი და სათამაშოები ბავშვის განვითარებისთვის", − აღნიშნავს ნინო ჩიტაძე.
"თვითი" ნინოს პირველი სტარტაპი არ გახლავთ, 2016 წელს მან აქსესუარების ბრენდი დააფუძნა, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. პარალელურად ქცევის თერაპევტად მუშაობდა. ნინოს სურდა ისეთი კომპანია შეექმნა, რომელშიც მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებდა, როგორც ბიზნესის წარმოების, ასევე პროფესიული კუთხით. სწორედ ასე დაიბადა "თვითი".
"მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმ სახელოსნოების ძებნა, რომლებიც ჩვენს პროდუქციას დაამზადებდა ზუსტად იმავე პასუხისმგებლობით, როგორც ჩვენ ვეკიდებოდით ამ საქმეს. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენი სახელოსნო, მოვიძიეთ კადრები, რომლებიც იდენტური პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით შეხედავდნენ ჩვენს საქმიანობას. გარკვეული დეტალები კი ადგილზევე შევასწავლეთ საკუთარი გუნდის წევრებს", − აღნიშნავს ნინო ჩიტაძე.
"თვითი" რამდენიმე ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ფსიქოლოგს, სპეციალურ მასწავლებელს, ოკუპაციურ თერაპევტს, ხელოსნებს, დიზაინერს, სოციალურ მედიამენეჯერს და სხვა. ბრენდის ძირითადი მომხმარებლები კი სარეაბილიტაციო ცენტრები, ბაღები და სხვადასხვა ორგანიზაციები არიან, რომლებიც ბავშვის მოტორულ და კოგნიტიურ განვითარებაზე მუშაობენ.
როგორც ნინო აღნიშნავს, "თვითი" მისთვის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ პროფესიული სიამოვნება და პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, სურს უფრო პოპულარული გახადოს მსგავსი ავეჯი და სათამაშოები ქართულ ბაზარზე, რისთვისაც სხვადასხვა სტრატეგიას გეგმავს სოციალურ მედიამენეჯერთან ერთად. სამომავლო განვითარებისთვის ბრენდს სხვადასხვა დანადგარი ესაჭიროება, რათა პროდუქციის წარმადობა გაიზარდოს. გარდა ამისა, გეგმაშია სასწავლო კურსები სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რათა მათ პრაქტიკაში ნახონ როგორია ხეზე მუშაობა და ამავდროულად მიიღონ განსხვავებული თერაპიული გამოცდილება.
მაკა ქობალია − "ირიათონი"
"ირიათონი" მაკა ქობალიას ბავშვობის ოცნების ასრულებაა. როგორც თავად აღნიშნავს, პატარაობაში სატელევიზიო გადაცემამ − "ფანტაზია და მარჯვე ხელები" − მოაჯადოვა და მას შემდეგ ხალხური რეწვის სახეობებისადმი ინტერესი და სიყვარული ვერ მოიშალა. მაკა პროფესიით ეკოლოგია, სწავლობდა ხალხური მედიცინის კოლეჯსა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიმართულებით. პარალელურად, პატარაობიდანვე ქარგავს, კერავს და ქსოვს. მოგვიანებით თექის დამუშავებაც შეისწავლა და მალე ჰობი ბიზნესად გარდაქმნა, რომელსაც დღეს "ირიათონი" ჰქვია.
"ისე გამიტაცა ამ საქმიანობამ, რომ ვეღარ შევეშვი. ამასთან, მინდოდა ჩემს სამ შვილთან ახლოს ვყოფილიყავი და საკუთარი შემოსავალიც მქონოდა. მეუღლის დახმარებით თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მცირე სახელოსნო მოვაწყვეთ და დაახლოებით 15 წელია ვქმნი ხალხური რეწვის ნიმუშებს: თექის შარფებს, მოსაცმელებს, ქუდებს, პანოებს, სამკაულებს და ჩემს უსაყვარლეს ყვავილებს. ბუნებისა და მცენარეების სიყვარული ნამუშევრებში გადმომაქვს, ამიტომაა მათი უმეტესობა "აყვავილებული", − აღნიშნავს მაკა ქობალია.
"ირიათონის" თითოეული ნივთი დიდი სიყვარულით მზადდება. მაკა, რომელიც ამ პროდუქტების მთავარი შემოქმედია, მუდმივად სიახლის ძიებაშია. აღსანიშნავია, რომ მისი ყველა ნამუშევარი საავტოროა.
მაკა მუდმივად საკუთარი ბრენდის განვითარებაზე ფიქრობდა და დღემდე ასეა − ეძებს პროექტებსა და დაფინანსების შესაძლებლობებს. რამდენიმე ცდის შემდეგ, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ამ თანხით თანამედროვე დანადგარები, საქარგავი და საკერავი მანქანები შეიძინა.
სამომავლოდ ბრენდის განვითარების კუთხით მაკას არაერთი საინტერესო გეგმა აქვს: სურს თექის სამკურნალო თვისებები წინ წამოსწიოს და ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული ქსოვილი შექმნას, რომელიც გაძლიერებული სამკურნალო თვისებებით იქნება გამორჩეული.
"მეცნიერების დასკვნით ქართული მატყლი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ოცამდე დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება. ბაზარზე არსებული თექის უმეტესობა შეღებილია ქიმიური საღებავებით. იმისათვის, რათა თექა მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო იყოს, ასევე ქიმიური საშუალებებით არ ჩამოირეცხოს ცხვრის ბეწვზე არსებული ძვირფასი სამკურნალო ნივთიერება ლანოლინი, ვაპირებ მატყლი ჩემ მიერ მოპოვებული სამკურნალო მცენარეებით შევღებო. გარდა ამისა, მსურს დავამზადო თექის ორთოპედიული ხალიჩები, რომლებიც მხოლოდ ნეპალში წარმოებს. ორთოპედების თქმით, ასეთი ხალიჩა რელიეფური ზედაპირით კარგია ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით ბავშვებში", − აღნიშნავს მაკა ქობალია.
როგორც მაკა იხსენებს, პანდემიის შემდეგ, როდესაც მისი საქმიანობა დროებით შეჩერებული იყო, მრავალშვილიან დედათა ჯგუფის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომლებმაც სოციალურ ქსელში ნახეს მისი ნამუშევრები და სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენაზე მოიწვიეს. მას შემდეგ მაკა უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენასა და ტრენინგში იღებს მონაწილეობას და არ წყვეტს განვითარებას. ახლახან ბრენდმა სავაჭრო პალატის და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "უფასო ვებგვერდი ბიზნესს" გაიმარჯვა და სულ მალე ბრენდს საკუთარი ვებგვერდიც ექნება.
მაკას ოცნებაა გახსნას მაღაზია-სახელოსნო, სადაც ადამიანებს ხელსაქმეს შეასწავლის და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს, შშმ-პირებსა და მოხუცებს დაასაქმებს.
მაია ყურაშვილი − Luxe Laser
ესთეტიკური ცენტრის გახსნა მაია ყურაშვილის ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ბიზნესსაქმიანობის წამოწყების ინსპირაციის წყარო გახდა. 2021 წელს მან წყალტუბოში დამოუკიდებლად დააფუძნა ლაზერული ეპილაციის კაბინეტი Luxe Laser, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას უმაღლესი თაობის აპარატურითა და პროფესიონალი გუნდით ლაზერული ეპილაციის პროცედურებს სთავაზობს.
მაიას თქმით, პირველი ნაბიჯების გადადგმა არაერთ გამოწვევას უკავშირდებოდა − ჰქონდა მხოლოდ იდეა და არანაირი გამოცდილება ბიზნესში, ფაქტობრივად ყველა დეტალის შესწავლა ნულიდან მოუწია. საბანკო სფეროში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება მას მნიშვნელოვნად დაეხმარა ადმინისტრაციული საქმეების მარტივად მოწესრიგებაში. ბიზნესის სხვა საკითხებში კი კონსულტაცია კოლეგა ნინო ხომერიკმა გაუწია, რომელიც ამავე სფეროში ოზურგეთის მასშტაბით საქმიანობს. Luxe Laser-ის დაფუძნების გადაწყვეტილების მიღებისთანავე მაიამ ლაზეროთერაპევტის გადამზადების კურსი გაიარა და სრული შემართებით შეუდგა საქმიანობას.
"საკუთარი საქმის დაწყება მართლაც საკმაოდ რთული და შრომატევადია, რაც შენგან უდიდეს დროსა და რესურს მოითხოვს. თუმცა მაშინ, როდესაც განვლილ გზას გადახედავ და დაინახავ, სად იყავი და სად ხარ ახლა, რა მოგცა და როგორ გაგზარდა თითოეულმა წარმატებამ თუ წარუმატებლობამ, ხვდები, რომ გაჩერების დრო არ არის და კვლავ წინსვლისა და წარმატებისკენ მიგიწევს გული", − აღნიშნავს მაია ყურაშვილი.
ამჟამად, Luxe Laser ეტაპობრივად განაგრძობს განვითარებას. წელს წყალტუბოს მასშტაბით რიგით მეორე კაბინეტი გაიხსნა, გარდა ამისა, განხორციელდა რებრენდინგი. სამომავლოდ Luxe Laser მომხმარებლებს არაერთ სიახლეს ჰპირდება, მათ შორის საქმიანობის არეალის გაფართოებასა და მრავალფეროვან სერვისს.
ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, მაია მოუწოდებს: "ნუ შეუშინდებიან გამოწვევებს, გააკეთონ რაც სურთ დღეს და არავითარ შემთხვევაში არ გადადონ ხვალისთვის. ისინი თავად შეძლებენ, საკუთარი წარმატებული ცხოვრების შემოქმედნი გახდნენ. მუდამ ახსოვდეთ, რომ მათ შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს".
მარიკა გრიგოლიშვილი − "კოკიტო"
ხის სათამაშოების საწარმო შპს "კოკიტო" 2019 წელს ოჯახური ბიზნესის, ავეჯის მწარმოებელი ქარხანა "ევროსტილის" ბაზაზე შეიქმნა. მარიკა გრიგოლიშვილის ოჯახს ხეზე მუშაობის დაახლოებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს, რაც საწარმოო პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი აღმოჩნდა.
"მამაჩემის, ანტონის ოცნება იყო სათამაშოების წარმოება. ავეჯის პარალელურად მუდმივად ქმნიდა ახალ-ახალ მოდელებს. საბოლოოდ მეც დავინახე ამ სფეროში დიდი შესაძლებლობები და გადავწყვიტე მამაჩემის ოცნება მასთან ერთად რეალობად მექცია. შევქმენით კომპანია, რომელიც სერიულად ხის სათამაშოებს აწარმოებს და ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე. ამ ეტაპზე მთელი ჩემი ოჯახი ჩართულია წარმოების პროცესში და ძალიან ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით", − აღნიშნავს მარიკა გრიგოლიშვილი.
"კოკიტოს" ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის სათამაშოები ბავშვის მრავალფეროვან განათლებასა და განვითარებას ემსახურება. ფუნქციური სათამაშოები ხელს უწყობენ თამაშის დროს გართობას, სწავლას და ახალი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბრენდი დაახლოებით 20 სახეობის პროდუქტს ამზადებს 0-იდან 14 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, მათ შორისაა ხის ცხენები, მაგიდის თამაშები, ასაწყობი კუბები, სხვადასხვა ფორმის ფიგურები, ცხოველები, ფაზლები, მექანიკური სათამაშოები, უპედლო ველოსიპედები და სხვა. თითოეული სათამაშო დამზადებულია ეკოლოგიურად მდგრადი და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან, საწარმოო პროცესები კი სრულიად შეესაბამება EN71 სტანდარტის მოთხოვნებს.
"ჩვენი თითოეული მოდელი შთაგონებულია მონტესორისა და ვალდორფის მიდგომებით, რაც თამაშით განვითარებას გულისხმობს. ჩვენი სათამაშოები არის პრაქტიკული, ამავდროულად ფუნქციური და ვიზუალურად მომხიბვლელი, რომლებიც ბავშვებში იწვევენ აღფრთოვანებასა და ინსპირაციას, თავად შექმნან, განვითარდნენ და გაიფართოონ ფანტაზია. "კოკიტოს" მეგობრულ სათამაშოებთან ყოველი შეხება ემსახურება შემეცნებას, განვითარებას, წარმოუდგენლის წარმოდგენას და სამყაროს ცვლილებას უკეთესობისკენ. "კოკიტო" არის ყველაზე მეგობრული სათამაშოების კომპანია, რომელიც მუდამ მზადაა თამაშისთვის", − ამბობს მარიკა გრიგოლიშვილი.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო ბრენდების პროდუქციის წარმოებაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წარმოების აუთსორსზე გატანით. "თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTI-ის) ფარგლებში, საქართველოში არსებული ჩვენნაირი ტიპის საწარმოსთვის ორმხრივად პრიორიტეტულია ევროკავშირში არსებულ საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ითანამშრომლონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საწარმოებთან", − აღნიშნავს მარიკა.
ამჟამად "კოკიტოს" 10-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით წარმოების პროცესში − როგორც გამოცდილ ხელოსნებს, ასევე დიზაინერებს, რომლებიც განსხვავებულ და საინტერესო მოდელებს ქმნიან. მარიკას თქმით, ბრენდის მთავარი კაპიტალი მამამისის ცოდნა, გამოცდილება და სიყვარულია ინოვაციებისადმი. "მისი დამსახურებაა, რომ დღეს ეს კომპანია არსებობს", − ამბობს იგი.
ამჟამად საწარმო, არსებული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ყოველთვიურად 200-300 ერთეულ პროდუქციას აწარმოებს. თუმცა, როგორც მარიკა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, საწარმოო სიმძლავრიდან გამომდინარე, აქვთ შესაძლებლობა პროდუქციის რაოდენობა მინიმუმ 5-ჯერ გაზარდონ და მისი მიწოდება უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყონ.
"ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, "კოკიტო" გახდეს ევროპული სტანდარტის მქონე სერიული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აითვისებს უცხოურ საექსპორტო ბაზარს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს "კოკიტოს" ბრენდის ქვეშ წარმოებულ პროდუქციას. ვფიქრობ, ჩვენი კომპანია მზადაა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და გაცილებით პროფესიულად წარმოაჩინოს ბრენდის სახე როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო დონეზე", − აღნიშნავს მარიკა გრიგოლიშვილი.
ლიკა მეგრელაძე − ეკო სახლი "კომლი"
ეკო-სახლი "კომლი", როგორც ბრენდი, ოზურგეთში ლიკა მეგრელიძემ, ოჯახის წევრებთან ერთად 2020 წელს დააფუძნა, თუმცა სტუმრებს airbnb და სხვა საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით ჯერ კიდევ 2018 წლიდან იღებს.
ლიკას თქმით, მრავალწლიანმა გამოცდილებამ გამოკვეთა ტენდენციები, რომლებსაც ვიზიტორები ეკო-სახლისგან და ზოგადად რეგიონისგან ელიან, ესენია: ეკოლოგიურად სუფთა და დაცული გარემო, ჯანსაღი და საინტერესო ადგილობრივი საკვები, კომფორტული, ეგზოტიკური განთავსების ადგილები და ა.შ. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია უნიკალური გამოცდილებანი, რომლებიც მოიცავს: სხვადასხვა ტიპის აგროპრაქტიკას, კულინარიულ, სახელობო, ფოლკლორულ მასტერკლასებს და სხვა.
"ჩვენი მომსახურება არ არის ერთგვაროვანი და სხვადასხვა სერვისსა და პროდუქტს მოიცავს. მთავარი პროდუქტი, რითაც ჩვენი ცნობადობა გაიზარდა, არის ჩაის ტური. სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის ტურს და კომლის საავტორო ტურს, ჩვენი ოჯახური რეცეპტებით მომზადებულ განსაკუთრებულ სადილებს და ავთენტურ ასწლოვან მუხის კასრებში მოწყობილ ნომრებში ღამის გათევას. დასაწყისიდანვე ავირჩიეთ ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის ნიშა და წარმატებულად ვმასპინძლობთ მცირე ჯგუფებს, ოჯახებს, მეგობრებს, ინდივიდუალურ მოგზაურებს − პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან", − აღნიშნავს ლიკა მეგრელიძე.
არსებობის განმავლობაში "კომლის" გუნდი არაერთ დაბრკოლებას გადააწყდა. მათ შორის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო გურიაში არსებული განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი ტრანსპორტი, წყალმომარაგებისა და გამწმენდი ნაგებობების არქონა და სხვა. თუმცა, ამის მიუხედავად "კომლის" გუნდი მაინც ახერხებდა, სტუმრებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილება შეეთავაზებინა.
"მალევე დავინახეთ, რომ ბევრი სტუმრისთვის სწორედ ეს თბილი, უშუალო და ოჯახური გარემო იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი − ნამდვილი ადამიანური ურთიერთობები და გაზიარება იმ პირადი ისტორიებისა, რომლებიც ჩვენმა ოჯახმა გამოიარა გასული 2 საუკუნის განმავლობაში. ჩვენი ბრენდი სწორედ ასე შეიქმნა, ეს არის სახლი სიმწვანეში, გარეთ გაფენილი სარეცხით, ეზოში მორბენალი ბავშვებით, საკვამურიდან ამოსული კვამლით და მასპინძლით, რომელიც მუდამ მზადაა მიგიღოს ამ თბილ სახლში", − აღნიშნავს ლიკა.
ეკო-სახლის უკან დიდი ოჯახი დგას, ოთხი თაობით, და თითოეულ მათგანს ბრენდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ამისა, "კომლის" გუნდის წევრები არიან ადგილობრივი თემის წარმომადგენლები − მეზობლები და უცხოელი მოხალისეები.
ბრენდის განვითარების პარალელურად ლიკა მეგრელიძე არაერთ ტრენინგს, მასტერკლასსა და ვორკშოპს ესწრებოდა ტურიზმის თემაზე. მაქსიმალურად ცდილობდა ახალი ცოდნა დაეგროვებინა. მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში და რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტის ბენეფიციარიც გახდა.
რაც შეეხება ბრენდის განვითარების სამომავლო გეგმებს, ეკო-სახლის გუნდი ოდა სახლის ისტორიულ ნაწილში ექსპოზიციის მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, "კომლის" მრავალფეროვანი არქივის გამოყენებით სურთ სტუმრებს XX საუკუნის გურიის ამბები უამბონ, მათ შორის ჩაის გავრცელების ამბავი საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის ისტორიები და პოლიტიკური რეპრესიები. იგეგმება, რომ ეკო-სახლში განავითარონ და მოაწყონ საოჯახო ღვინის მარანი, შექმნან დამატებითი სივრცეები ღვინისა და ჩაის სადეგუსტაციოდ და რაც მთავარია, ააშენონ სამზადი სახლი, რომელიც ბრენდს გასტროტურიზმის განვითარების საშუალებას მისცემს.
USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".