Kursi.ge - ვალუტის გადაცვლის პირველი ციფრული პუნქტი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნახევარი წელია, რაც ქართულ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა - kursi.ge გამოჩნდა. ეს არის ვალუტის გადაცვლის პირველი ონლაინპუნქტი, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო კურსს სთავაზობს და ამავდროულად დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

პლატფორმამ გაშვებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მას უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, როგორც ფიზიკური პირების, ასევე ორგანიზაციების სახით. Kursi.ge-ს შესახებ Entrepreneur-ი პლატფორმის დამფუძნებელს, ნინო კუპრაშვილს ესაუბრა.

ნინო კუპრაშვილი:

"Kursi.ge-ზე მუშაობა იდეის ავტორებმა 2022 წლის ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ვალუტის კონვერტაციის მომართულებით ინოვაციური იდეების კონკურსი გამოაცხადა. მას შედეგ, რაც პლატფორმა შეიქმნა, ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვტესტავდით - ვამოწმებდით, თუ რამდენად გამართულად მუშაობდა; ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პარალელურად ვრწმუნდებოდით მის უსაფრთხოებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენმა პლატფორმამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, Kursi.ge ციფრულ სივრცეში გავიდა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა".

პლატფორმის იდეა მარტივი და პრაქტიკულია - ხშირად არ არის კომფორტული, როდესაც ფიზიკურ გადამცვლელ პუნქტებში გვიწევს ფულის გადასახურდავებლად სიარული, კურსის ერთმანეთთან შედარება და ჩვენთვის ხელსაყრელი პირობების პოვნა. Kursi.ge კი მომხმარებელს ციფრულ სივრცეში, საუკეთესო კურსით და უსაფრთხოების სრული დაცვით ვალუტის გადაცვლის საშუალებას აძლევს. თანამედროვე სამყაროში, სადაც მუდმივად დროის დეფიციტით შექმნილი გამოწვევების წინაშე ვართ, ამგვარი სერვისი პრობლემის ინოვაციური, სანდო და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტაა.

Kursi.ge-ს სერვისით სარგებლობის პროცესი მარტივია. ამჟამად პლატფორმას წვდომა აქვს საქართველოში მოქმედ ორ ძირითად ბანკთან. მომხმარებელს შეუძლია, პირველ რიგში, შეამოწმოს კურსი და შემდეგ მიუთითოს გადასახურდავებელი თანხის მოცულობა. კალკულატორი მას კონვერტაციის დეტალებს გამოუთვლის. მომხმარებელი

თავად ირჩევს ანგარიშს, რომელზეც სურს, თანხა აესახოს. ოპერაციის შესრულების შემდეგ დაკონვერტირებული თანხა შესაბამის ვალუტაში მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში მითითებულ ანგარიშზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ ავტომატიზებული სერვისის გარდა, Kursi.ge დიდი თანხის კონვერტაციის შემთხვევაში სპეციალურ კურსსაც გვთავაზობს, რომლის პირობებიც ინდივიდუალურად განიხილება. ამ შემთხვევაში მომხმარებელი პლატფორმის მხარდაჭერის გუნდს უნდა დაუკავშირდეს და მათთან კომუნიკაციით შეათანხმოს კურსი.

Kursi.ge-ს, როგორც რეპუტაციული პლატფორმის წარმატება დამფუძნებელი გუნდის კომპეტენციამ და გამოცდილებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ნინო კუპრაშვილი:

"მე და ჩემი პარტნიორი, გიორგი აგლაძე, ჩვენი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით ერთმანეთს ვავსებთ. გუნდი გამოცდილია როგორც ციფრული პროდუქტების მიმართულებით, ასევე საფინანსო სექტორსა და მარკეტინგში. საჭირო უნარებისა და გამოცდილების ასეთმა ერთიანობამ შეგვიწყო ხელი, შეგვექმნა სრულყოფილი პლატფორმა, რომელიც პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ყველა მოთხოვნას და მომხმარებლის მოლოდინს სრულად დააკმაყოფილებდა. ამ პროექტზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი იყო და ბევრი მიმართულებით ფიქრს მოიცავდა - პლატფორმის ციფრულ ინფრასტრუქტურას, სამომხმარებლო გამოცდილების სრულყოფას, უსაფრთხოებას, დაცვის ძლიერ სისტემას, რაც თავის მხრივ, ძალიან დიდ დეველოპმენტს მოითხოვდა".

პლატფორმას ციფრულ სივრცეში გაშვებიდან დღემდე Kursi.ge-ს ერთგულ მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც ნინო კუპრაშვილი ამბობს, Kursi.ge-ზე უკვე 150 მილიონ ლარზე მეტია დაკონვერტირებული.

"განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ყოველდღე სტაბილურად ვვითარდებით და მომხმარებელთა რიცხვიც იზრდება, რაც სტარტაპის წარმატების მთავარი მაჩვენებელია. ასევე, გვახარებს ის, რომ მომხმარებლის დაახლოებით 70% პლატფორმის სერვისით ერთხელ სარგებლობის შემდეგ ჩვენს სერვისს რეგულარულად იყენებს. გასათვალისწინებელია, რომ დანარჩენ 30%-საც შეადგენს ისეთი კომპანიები და მომხმარებლები, რომლებსაც ვალუტის კონვერტაციის მომსახურება იშვიათად სჭირდებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის ფაქტი, რომ მომხმარებლისგან ძალიან კარგ უკუკავშირს ვიღებთ", - აღნიშნავს ნინო კუპრაშვილი.

როგორც ნინო კუპრაშვილი გვიყვება, სტარტაპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო.

"რამდენადაც საქმე ფინანსურ ნაწილში ნდობას ეხება, ეს გამოწვევა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. თუმცა ჩვენ შევძელით და ძლიერი უსაფრთხოების სისტემით, პლატფორმის მხარდაჭერის გუნდის სწრაფი და გულისხმიერი კომუნიკაციით, ეფექტიანი სერვისით მივაღწიეთ იმას, რომ მომხმარებელი პრაქტიკაში გვენდო და ჩვენი სერვისით სარგებლობა დაიწყო. დღეს იქამდე მოვედით, რომ არამხოლოდ მეტი და მეტი ადამიანი გვენდობა, მომხმარებლები რეკომენდაციასაც ყოველდღიურად გვიწევენ. ეს ძალიან გვახარებს და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია", - ნინო კუპრაშვილი.

მიუხედავად ბაზარზე მიღწეული წარმატებებისა, Kursi.ge-ს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია აქვს. პლატფორმა კიდევ უფრო იხვეწება და მალე ვიზუალურად, დიზაინის მხრივ, მეტად გაუმჯობესებული იქნება.

ნინო კუპრაშვილი:

"ასევე ემატება ე.წ. ღია ბანკინგი. ამ პროცესში ეროვნული ბანკის დიდი მხარდაჭერა გვაქვს, რადგანაც ამ პრაქტიკის განვითარება ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პლატფორმაზე ახლახან გავუშვით პირდაპირ ევროდან დოლარში კონვერტაციის სერვისიც, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს სთავაზობს. Kursi.ge-ზე მალე გააქტიურდება ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადარიცხვის ფუნქციაც. უახლოეს მომავალში ვაპირებთ საქართველოში მოქმედი სხვა ბანკების დამატებასაც. უმთავრესი გეგმა კი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა და ჩვენი სამიზნე სივრცე პირველ ეტაპზე ყაზახეთისა და სომხეთის ბაზრებია".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია