DeepSeek - სტარტაპი, რომელმაც ახალი AI მოდელით მსოფლიო ტექნოლოგიური სექტორის ყურადღება მიიპყრო

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თარგმანი: ნინო იმერლიშვილი

ჩინურმა სტარტაპმა, სახელწოდებით DeepSeek-ი, 20 იანვარს ხელოვნური ინტელექტის მოდელი - R1 გამოუშვა და მისი შესაძლებლობებით სილიკონ ველი გააკვირვა. R1-მა შეძლო გაეთანაბრებინა ან გაესწრო OpenAI-ის, Google-ისა და Meta-ს AI მოდელებისთვის. R1-მა ამ შედეგს უახლესი AI ჩიპების გარეშე და ბევრად მცირე ბიუჯეტით მიაღწია.

გასული კვირის განმავლობაში DeepSeek-ის აპლიკაციამ პოპულარობა მოიპოვა. ამ პოპულარობით მან ChatGPT-ის გადაუსწრო, შეერთებული შტატების მასშტაბით Apple App Store-ში პირველ ადგილს მიაღწია და ამ Google Play Store-ის უფასო Android აპლიკაციებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ აპლიკაციად იქცა.

როგორც BBC იუწყება, DeepSeek-ის R1-ის გამოშვებამ გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ბოლო წლებში ხელოვნურ ინტელექტზე დახარჯული მილიარდები გამართლებული და გარკვეული ეჭვების წინაშე დააყენა იდეა, რომ შეერთებული შტატები AI-ის სფეროში ლიდერის სტატუსს ფლობს. DeepSeek-ის AI მოდელის გამოშვება დაემთხვა იმ პერიოდს, როცა აშშ ცდილობს, AI-ის განვითარებაზე ხარჯები კიდევ უფრო გაზარდოს. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ერთობლივი პროექტი OpenAI-თან, Oracle-თან და SoftBank-თან. ეს პროექტი Stargate-ის სახელით გააცნეს საზოგადოებას. პროგრამის ფარგლებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მონაცემთა ცენტრებისა და სხვა AI ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 500 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

რა არის DeepSeek?

DeepSeek ჩინური AI სტარტაპია, რომელიც ქმნის ღია AI მოდელებს - რაც ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება და მისი განვითარება ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია. DeepSeek-ი ცნობილი ხელოვნური ინტელექტის მოდელის, ChatGPT-სგან იმით განსხვავდება, რომ პასუხის გაცემამდე მომხმარებელს ჯერ თავისი მსჯელობის ჯაჭვს აჩვენებს. Bloomberg-ის ცნობით, Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მიმოხილვების სექციაში მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს ეს გამჭვირვალობა. მომხმარებელს აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოდ შეუძლია, თუმცა მომხმარებლებს AI-სთან წვდომის მოსაღებად რეგისტრაცია სჭირდებათ.

რამდენი დაჯდა DeepSeek-ის განვითარება?

გასულ თვეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში DeepSeek-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ AI მოდელი 6 მილიონ დოლარზე ნაკლებით, სულ რაღაც ორ თვეში შექმნეს და გაწვრთნეს. მათივე თქმით, პროექტისთვის დაახლოებით 2 000 Nvidia H800 ჩიპი გამოიყენეს, რომლებიც სპეციალურად ჩინეთისთვისაა შექმნილი და მონაცემთა გადაცემის შედარებით დაბალი სიჩქარე აქვს. შესაბამისად, ეს ჩიპები ამერიკული კომპანიების მიერ გამოყენებულ H100 ჩიპებთან შედარებით ნელია. ოქტომბერში აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა აკრძალა H800 ჩიპების ჩინეთში გაყიდვა, რათა ბარიერი შეექმნა ქვეყანაში AI-ის ტექნოლოგიური მიღწევებისთვის, განსაკუთრებით კი სამხედრო მიზნებთან დაკავშირებული მიღწევებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული AI სტარტაპის - Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ ივლისში განაცხადა, რომ AI-ის გაწვრთნა 100 მილიონ დოლარამდე ჯდება. ამასთანავე, დღეს უკვე არსებობს მოდელები, რომელთა გაწვრთნის ხარჯები 1 მილიარდ დოლარს უახლოვდება.

როგორ მოახერხა DeepSeek-მა კონკურენტების უკან ჩამოტოვება უფრო მცირე რესურსით? Meta-ს მთავარმა AI მეცნიერმა, იან ლეკუნმა შაბათს Threads-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ DeepSeek-მა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო ღია კვლევებისა და ღია კოდის გამოყენებით. "ისინი გამოჩნდნენ ახალი იდეებით და ისინი სხვების ნაშრომზე დააშენეს", - დაწერა ლეკუნმა.

რატომ გახდა DeepSeek-ი ასე პოპულარული?

DeepSeek-ი უფასოა და იმავე დონის პერფორმანსს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც ბევრად ძვირიან მოდელებს აქვთ. გასულ კვირას სამეცნიერო ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ჩინეთის იაფი, ღია AI მოდელი DeepSeek-ი მეცნიერების აღფრთოვანებას იწვევს". სტატიაში აღნიშნულია, რომ R1-ის შედეგები მათემატიკისა და კოდირების ამოცანებში შეესაბამება OpenAI-ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მოდელს, o1-ს, რომელიც კომპანიამ სექტემბერში წარადგინა.

გარდა ამისა, R1 ე.წ. Open-weight მოდელია, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ, შეცვალონ და განავითარონ იგი. ამავდროულად, R1 სრულად ღია წყაროს მოდელად არ მიიჩნევა, რადგან DeepSeek-ი მისი გაწვრთნის მონაცემებს არ ასაჯაროებს.

DeepSeek-ის AI მოდელმა ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლების დადებითი შეფასებებიც მიიღო. ინვესტორმა, მარკ ანდრისენმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მას "ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და შთამბეჭდავი მიღწევა" უწოდა, რაც კი ოდესმე უნახავს. Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ კი გასულ კვირას შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე DeepSeek-ის შეფასებისას ახსენა სიტყვა - "სუპერშთამბეჭდავი".

რა გავლენა აქვს DeepSeek- შეერთებული შტატების ტექნოლოგიური სექტორის აქციებზე?

Nvidia-ს აქციები ორშაბათს, ბირჟის გახსნისთანავე 13%-ით დაეცა, რის შედეგადაც AI ჩიპების მწარმოებელი კომპანიის საბაზრო ღირებულება 465 მილიარდი დოლარით შემცირდა. Bloomberg-ის ცნობით, ეს იყო აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა. NBC News-ის ცნობით, Microsoft-ისა და Alphabet-ის აქციები 4%-ით, ხოლო Meta-ს ღირებულება თითქმის 2%-ით შემცირდა.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი