ლეო მეთოდოლოგიით შექმნილი Shell-ის დაუჯერებელი შედეგები საიმონ სინეკის წიგნში "უსასრულო თამაში"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Shell Ursa ყველაზე დიდი ღრმაწყლოვანი საბურღი პლატფორმაა, რომელიც Shell Oil Company-იმ ააშენა. იგი დაახლოებით ორმოცდარვა სართულის სიმაღლის ნაგებობაა და ოკეანის ზედაპირიდან სამი ათას ფუტზე მეტ სიღრმეზე შეუძლია ბურღვა. 1997 წელს მისი აშენება 1,45 მილიარდი დოლარი დაჯდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 5,35 მილიარდი დოლარია.
"ლეო მეთოდოლოგიამ" ნდობაზე დაფუძნებული გუნდი − SHELL URSA შექმნა და ამ პროცესის შედეგები გასაოცარი იყო", − წერს საიმონ სინეკი საკუთარ წიგნში Infinite Game.
როგორც საკმაოდ მასიური და ძვირი პროექტი, Shell Ursa ახალ გამოწვევასა და საფრთხეს წარმოადგენდა კომპანიისთვის. ამიტომ, საქმის სწორად წარსამართად მათ სამუშაოების ხელმძღვანელად რიკ ფიქსი დაიქირავეს. მისი ეს სამსახური ერთ-ერთი ყველაზე საშიში საქმე იყო მსოფლიოში − ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა, ადამიანი მძიმედ მოძრავმა ნაწილმა მოკლას. ფოქსმა ეს იცოდა, ამიტომ უსაფრთხოება მისი ნომერ პირველი საზრუნავი გახლდათ.
"ლეო მეთოდოლოგიის" თანაავტორმა კლერ ნუერიმ შეიტყო Shell Ursa-ს შესახებ და ცდილობდა საკუთარი იდეები რიკ ფოქსისთვის გაეზიარებინა. ფოქსთან საუბრისას, ნუერმა მას იმ გამოწვევების შესახებ ჰკითხა, რომლებსაც ყოველდღიურად უმკლავდებოდა, ფოქსი კი ძირითადად ტექნიკურ გამოწვევებზე საუბრობდა. ამ დროს, ნუერმა მას უჩვეულო წინადადება შესთავაზა. მისი თქმით, იმისათვის, რომ Shell Ursa-ს ეკიპაჟი უსაფრთხო და წარმატებული ყოფილიყო, თითოეული ახალი გამოწვევის წინაშე მის გუნდს გრძნობების გამოხატვა უნდა ესწავლა.
თავდაპირველად ფოქსმა კლერ ნუერის ტექნიკა საკუთარ თავზე გამოცადა და იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ სურდა ეს სხვებსაც განეცადათ. მან შესაბამისი გუნდი დაიქირავა ჩრდილოეთ კალიფორნიიდან, რათა ეს ტექნიკა თავის უხეშ და გულგრილ ეკიპაჟზე გამოეცადა. ფოქსი დარწმუნებული იყო, რომ ეკიპაჟი ამას სერიოზულად არ მიიღებდა, მაგრამ იაზრებდა, რომ ნებისმიერი დამცირება ან დაცინვა, რომლის გადატანაც მოუწევდა, ხანმოკლე იქნებოდა იმ სარგებელთან შედარებით, რომელსაც ისინი მიიღებდნენ.
სწორედ ასე დაიწყო ექსპერიმენტი. Ursa-ს ეკიპაჟის წევრები ყოველდღე, საათობით ისხდნენ წრეზე და საუბრობდნენ თავიანთ ბავშვობასა და ურთიერთობებზე, ბედნიერ თუ სევდიან მოგონებებზე. ისინი არა მხოლოდ საუბრობდნენ, არამედ ერთმანეთსაც უსმენდნენ. ეკიპაჟის ერთმა წევრმა ჯგუფს ჰკითხა: "რომ შეგეძლოთ ერთი რამ შეცვალოთ ჩემში, რა იქნებოდა ეს?". "შენ არ უსმენ სხვებს", "ბევრს ლაპარაკობ" − უთხრეს მას, ის კი მიხვდა, რომ უფრო მეტი უნდა ესაუბრათ მასზე.
ამ სავარჯიშოებით ეკიპაჟის წევრებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს − არა როგორც თანამშრომლებმა, არამედ როგორც ადამიანებმა. მძიმე ატმოსფეროს გამო, ისევე, როგორც სხვა დანარჩენებს, მათაც ჰქონდათ ეჭვები, შიშები და დაუცველობის განცდა, რომელსაც მალავდნენ. თუმცა, კლერ ნუერის ხელმძღვანელობით Shell Ursa-სთვის შეიქმნა გუნდი, რომლის წევრებიც თავს ფსიქოლოგიურად დაცულად გრძნობდნენ ერთმანეთთან.
URSA-ს ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ როდესაც თავს ფსიქოლოგიურად დაცულად გრძნობდნენ, ინფორმაციაც უკეთესად მიედინებოდა. შედეგად, Shell ursa-ს უსაფრთხოების ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერი ჰქონდა ინდუსტრიაში, ხოლო მას შემდეგ, რაც ნუერის ნდობის აღდგენის ტექნიკა მთელ კომპანიაში გავრცელდა, ავარიის შემთხვევები 84%-ით შემცირდა.
"როდესაც ჩვენ სანდო გუნდთან ვმუშაობთ, თავისუფლად შეგვიძლია გამოვხატოთ საკუთარი დაუცველობა. ამ დროს შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ შეცდომა დავუშვით ან რაიმე ხარვეზი გაგვეპარა. შეგვიძლია ჩვენს ქცევაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვითხოვოთ დახმარება. როდესაც დახმარებას ვითხოვთ, ვავლენთ დაუცველობას. თუმცა, როდესაც სანდო გუნდში ვართ, დარწმუნებულები ვართ, რომ ხელმძღვანელი და კოლეგები მზად არიან ჩვენ დასახმარებლად" − წერს სინეკი საკუთარ წიგნში Infinite Game.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის პლატფორმის გამართულად მუშაობის დროის ისტორიული მაჩვენებელი 95% გახლდათ. The Shell Ursa-მ კი, "ლეო მეთოდოლოგიის" მხარდაჭერით, ეს შედეგი 99%-მდე გააუმჯობესა. მათი წარმოება 43%-ით აღემატება ინდუსტრიაში აქამდე არსებულ სტანდარტს. The Shell Ursa-მ წარმოების საკუთარ მიზნებსაც კი გადააჭარბა და 14 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობი აწარმოა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესი შედეგების მისაღწევად, საჭიროა ეფექტიანად მომუშავე გუნდი, რომელიც სრულად ეყრდნობა ნდობის პრინციპებს.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა გამომცემლობა ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ს მიერ და ხელმისაწვდომია, როგორც ონლაინ ისე მაღაზიებში.
ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ბმულს - https://palitral.ge/product/5321/usasrulo-tamashi