Get All Access for $5/mo

"მზიურის" კურსდამთავრებულები წარმატებას საერთაშორისო მასშტაბით აღწევენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპიუტერული სკოლა "მზიური" 1987 წელს დააარსდა. "მზიური" არის პირველი სასწავლო ცენტრი საქართველოში. მისი დაარსების ინიციატორი იყო მაშინდელი განათლების სამინისტრო, ხოლო გიორგი თოდრია და ამირან მეტრეველი შემდგომში "მზიურის" დამფუძნებლები გახდნენ.

"ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში პირველად გაჩნდა ტერმინი "კომპიუტერული წიგნიერება", ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო პროგრამაში შევიდა საგანი - ინფორმატიკა. აქედან დაწყებული, "მზიური" აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო სისტემაში და, ზოგადად, მოსახლეობაში კომპიუტერული განათლების შეტანის საქმეში", - ამირან მეტრეველი, მზიურის თანადამფუძნებელი.

როგორც ამირანი გვიყვება, "მზიურის" საქმიანობის ძირითადი სფერო თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კონცეპტუალური და მეთოდური საკითხების დამუშავება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მოდელების შექმნა და სასწავლო პროცესში რეალიზაციაა.

"მზიურის" მიზანია, რაც შეიძლება მეტ სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს მისცეს ხარისხიანი განათლება ტექნოლოგიების სფეროში. "მზიურის" მოსწავლეები ცენტრის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში. მათ მონაპოვარში მსოფლიო ოლიმპიადების უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია.

ჩვენი ნამოწაფრები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, მათ შორის ისეთ უმაღლესი რეიტინგის უნივერსიტეტებში, როგორიცაა MIT-ი (Massachussetts Institute of Technologies), West Point-ი (American Military Academy), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი, რაისის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა".

ამირანი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტებში დაფინანასების მოპოვებაში მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ის მედლები და დიპლომებია, რომლებიც მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე აქვთ მოპოვებული.

მზიურის კურსდამთავრებულებს წამყვანი პოზიციები უჭირავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ IT პროფილისა და სხვა კომპანიებში. ბევრი მათგანი უცხოურ კომპანიებშიც მუშაობს, როგორიცაა Google-ი, Microsoft-ი, Facebook-ი, Dropbox-ი და სხვა.

"მზიურის" რამდენიმე მოსწავლეს სხვადასხვა დროს დანიშნული ჰქონდა პრეზიდენტის სტიპენდია. ცენტრის სამი პედაგოგი არის ღირსების ორდენოსანი და ჯილდო მინიჭებული აქვთ მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისთვის.

"მზიურში" სწავლების ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: ტალანტების ფაბრიკა (IV-VII კლასი) და პროგრამირების სკოლა (VIII-XII კლასი და სტუდენტები). ყველა მიმართულებაზე მიღება გატესტვა-გასაუბრებით მიმდინარეობს, აზროვნებაში, ლოგიკური ტიპის ამოცანების საშუალებით.

სწორედ ტალანტების ფაბრიკასთანაა დაკავშირებული ნინო ჩხაიძის წარმატება, რომელიც "მზიურის" ყოფილი მოსწავლე და პოტენციური პედაგოგია.

"მათემატიკის ოლიმპიადებში, როგორიცაა "კინგსი" და "ევერესტი", მონაწილეობა მე-3-4 კლასში დავიწყე. ამ ოლიმპიადების დახმარებით აღმოვაჩინე, რომ ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და ფიქრის პროცესი მომწონდა. "მზიურის" შესახებ კი ჩემი ძმებისგან გავიგე, რომლებიც ასევე მზიურელები არიან და მშობლების რჩევით, მე-5 კლასში მეც ამ ოჯახის წევრი გავხდი.

მე-5-6 კლასებში ლოგიკის, პროგრამირებისა და ალგორითმების გაკვეთილები მიტარდებოდა. შემდეგ წლებში C++ - ის საოლიმპიადო პროგრამირების ჯგუფში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, რადგან მინდოდა მეტი ცოდნა და გამოცდილება მიმეღო საოლიმპიადო ინფორმატიკაში", - იხსენებს ნინო.

ნინო ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებს სწავლობდა და საინტერესო იდეებს განიხალავდა, რაც სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნისთვის იყო საჭირო. "მზიურში" მიღებული ცოდნისა და დიდი შრომის დახმარებით, მონაწილეობდა ინფორმატიკის როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონის ოლიმპიადებში.

"ჩემი საოლიმპიადო გამოცდილებიდან ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადას გამოვარჩევდი, სადაც 2023-2024 წლებში 2 ვერცხლის და 2022 წელს 1 ბრინჯაოს მედალი მაქვს მოპოვებული. ასევე ჟაუტიკოვის ინფორმატიკის ოლიმპიადას, სადაც 2 ბრინჯაოს მედალი მივიღე, 2023 და 2024 წლებში. ბალტიისპირეთის ინფორმატიკის ოლიმპიადას, სადაც 2024 წელს ვერცხლის მედალი მოვიპოვე".

ნინომ 2024 წელს კომაროვის სკოლა დაამთავრა და ამერიკაში სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გეგმავს.

"მზიურში" ყოველთვის მომწონდა ის ტრადიცია, რომ ყოფილი ოლიმპიელები ასწავლიან ახალ თაობას და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. უნივერსიტეტში წასვლამდე ვაპირებ, მეც ჩავერთო ამ ტრადიციაში და გაკვეთილები საოლიმპიადო ჯგუფებთან ჩავატარო".

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოფილი მზიურელები საოლიმპიადო ღონისძიებებსა და კონკურსებს აფინანსებენ.

"ბევრი ყოფილი მზიურელი გვეხმარება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაში. მათი განსაკუთრებული აქტიურობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულები არიან, ყოველთვის ნახულობენ დროს, რომ გაგვიწიონ კონსულტაცია, გაგვიზიარონ გამოცდილება, შეხვდნენ და ესაუბრონ ჩვენს მოსწავლეებს, ხშირად ონლაინ რეჟიმშიც. ბოლო წლებში წარმატებული მზიურელები ფინანსური დახმარების სურვილსაც გამოთქვამენ და სხვადასხვა სახით გვეხმარებიან კიდეც", - ამბობს ამირანი.

ნინო პროგრამირებაში ცოდნის გაღრმავებასა და სხვა ენების შესწავლას აპირებს.

"სამომავლოდ მინდა, რომ Software Developer-ი გავხდე და ვფიქრობ, რომ "მზიურში" მიღებული საოლიმპიადო პროგრამირების ცოდნა ძალიან დამეხმარება. ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად, ინტერვიუს დროს საჭიროა ისეთი პროგრამირების ამოცანების ამოხსნა და იმ ალგორითმების ცოდნა, რომელსაც "მზიურის" გაკვეთილებზე ვსწავლობდით. კომპიუტერულ სკოლაში სწავლამ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი განმივითარა. აქ მიღებული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სამომავლო გეგმებისთვის", - აღნიშნავს ნინო.

"მზიურში" სწავლა ორი ფორმით მიმდინარეობს: დასწრებულ და ონლაინ რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში ხდება ისეთი ჯგუფების შეთავაზებაც, როცა კვირაში ერთი მეცადინეობა ტარდება დასწრებულად, ხოლო მეორე – ონლაინ.

"დისტანციური სწავლების მუდმივი სრულყოფა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომსახურების გეოგრაფია გავაფართოოთ და უფრო მეტი მოსწავლე მივიღოთ მთელი საქართველოს მასშტაბით".

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი, რაც მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: მოსწავლის შეფასებები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით; სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (ყოველი სემესტრის ბოლოს) საანგარიშო ონლაინ შეხვედრა მშობლებთან; ელექტრონული ფორმით მშობლის ინფორმირება და ჩართულობა მოსწავლის სასწავლო პროცესში. მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ "მზიური" მშობლებს სთავაზობს მოსწავლეთა დასწრებისა და მუშაობის შეფასების მონიტორინგის გაზიარებულ სისტემურ უზრუნველყოფას. სისტემა საშუალებას აძლევს მათ თვალი ადევნონ მზიურის სასწავლო პროცესს და მუდმივად საქმის კურსში იყვნენ.

"რა გამოარჩევს "მზიურს" სხვა საგანმანათლებლო ცენტრებისგან? მხოლოდ ჩვენ გვაქვს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულებიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა და წარმატებულ IT კომპანიებში მოღვაწეობენ. მხოლოდ ჩვენ გვაქვს მიღება გატესტვა-გასაუბრებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სწორად განვთესოთ მოსწავლეები მიმართულებების მიხედვით.

ძირითადად ჩვენთან არის პრინციპი - ერთი სასწავლო წელი ერთი სასრული კურსი, რომელიც საშუალებას იძლევა, საფუძვლიანად აითვისოს მოსწავლემ ესა თუ ის მიმართულება. ჩვენი სასწავლო პროცესის მონიტორინგის სისტემა გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებითა და მომხმარებლის ადვილი ინტერფეისით, რომელიც საშუალებას იძლევა, თუ მშობელს სურვილი აქვს, მუდმივად ჩართული იყოს სასწავლო პროცესში", - გვიყვება ამირანი.

"მზიური" სრულად თვითდაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციაა. მიუხედავად ამისა, მას აქვს დაწესებული გარკვეული ტიპის შეღავათები. ეს არის 25%-იანი შეღავათი სოციალურად დაუცველთათვის და 10-15%-იანი შეღავათი დედმამიშვილებისთვის.

"ცალკე თემაა "მზიურის" გუნდი. წლებია უკვე დამკვიდრებულია აზრი, რომ გქონდეს მზიურელის სახელი (როგორც მოსწავლე, ასევე თანამშრომელი) ფრიად საამაყო და მოსაფრთხილებელია.

ჩვენი გუნდი, როგორც პედაგოგები (მათი რაოდენობა წინა სასწავლო წელს 50-ზე მეტი იყო), ასევე სტაფი, პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ტრადიციულად, პედაგოგების ძირითადი ნაწილი ჩვენივე ყოფილი მოსწავლეები არიან, რომლებსაც "მზიურის" სკოლა აქვთ გავლილი და ძალიან კარგად იციან, რა ნიუანსებს უნდა მიაქციონ ყურადღება სწავლების დროს.

გამოსარჩევია მათი პროფესიონალიზმი, საქმისადმი პასუხისმგებლობა და მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება. მათ ჩვენგან დიდი ნდობა აქვთ გამოცხადებული. ახალი კადრის მიღებისას გვაქვს სხვადასხვა დონის გასაუბრებები, საცდელი გაკვეთილის ჩატარება და სხვა აქტივობები. ამათ წინ უსწრებს შერჩევა ე.წ. CV - ის მიხედვით", - აღნიშნავს ამირანი.

"მზიურში" იმედოვნებენ, რომ ფინანსური დახმარების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს უნიკალური შანსი, რათა კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწიოს.

რეგისტრაცია "მზიურის" 2024-2025 სასწავლო წლისთვის მიმდინარეობს ვებგვერდზე www.Mziuri.ge

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"

ინდუსტრიული ტრენდები

ფინო - წარმატების 13 წელი

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.