Get All Access for $5/mo

როგორ მუშაობს და რას ნიშნავს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ტექნოლოგიური სიმწიფის მოდელი დავით შავგულიძის ინოვაციური პროექტი და საერთაშორისო გამოცდილება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს (სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს) უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ სახელმწიფოში საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიან აღსრულებაში. საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო სერვისების მართვის პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად, ჩნდება საჭიროება, აუდიტის სამსახურებმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ როგორც აუდიტის მიმართულებით, ისე საკუთარი ფინანსური პროცესების უფრო ეფექტიანად სამართავად.

როგორ მუშაობს და რას ნიშნავს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების (SAI) IT სიმწიფის მოდელი, რომლის შემუშავებასა და განახლებაზე დავით შავგულიძემ იმუშავა. ინფორმაციული სისტემების სერტიფიცირებული აუდიტორი (CISA) და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი წლების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა IT აუდიტის მიმართულების ჩამოყალიბებაში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. საჯარო სექტორს მალევე კერძო კომპანია, შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილება მოჰყვა. ევროკავშირის ტერიტორიაზე ექსპერტული საქმიანობის პარალელურად, საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კვლევით ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს. სწორედ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ შეძენილი ცოდნა, დავით შავგულიძემ ექსპერტულ გამოცდილებად აქცია და გერმანიის განვითარების სააგენტოსთან (GIZ GmbH) თანამშრომლობით ახლად შექმნილ თანამედროვე პრაქტიკას ახლა საერთაშორისო მასშტაბით ნერგავს.

"სიმწიფის მოდელის მთავარი მიზანია, დაეხმაროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, შეაფასონ და გააუმჯობესონ თავიანთი ტექნოლოგიური მიმართულება. ეს გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას აუდიტის მიმართულებით და, აგრეთვე, შიდა ადმინისტრაციული პროცესების ტრანსფორმაციას. ჩვენ მიერ შემუშავებულ მოდელში ინტეგრირებულია ინოვაციური მიდგომები, პოსტპანდემიური ტექნოლოგიური ტენდენციები და ახალი კონცეფციები", - ამბობს დავით შავგულიძე.

საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და დაკვეთა რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი გერმანიის განვითარების სააგენტოს მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი თანამედროვე SAI ITMA 2.0 მოდელის შექმნა იყო, რომელიც როგორც ტექნოლოგიების, ისე აუდიტის ინსტიტუტების სპეციფიკური აუცილებლობების ღრმა ცოდნას მოითხოვდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - უკვე არსებული SAI ITMA 1.0-ის მოძველებული მოთხოვნები რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებდა. შესაბამისად, თუ პროექტის დასაწყისში დამკვეთი მოდელის მცირე ნაწილის ცვლილებას მოიაზრებდა, საბოლოო შეფასებით, სამუშაო მოდელი თითქმის მთლიანად გადაიხედა, განახლდა და ახალი დამხმარე ნაკრები (implementation toolkit) მომზადდა.

შესრულებული სამუშაო შემდეგ მთავარ ნაბიჯებს მოიცავდა:

  • არსებული მოდელების შეფასება: IT სიმწიფის მოდელების ანალიზი მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად;
  • საპილოტე ტესტირების შედეგების ანალიზი: ინტერვიუებისა და სემინარების გამართვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან (სხვადასხვა ქვეყნის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან);
  • ინოვაციების ინტეგრაცია: უახლესი ტექნოლოგიებისა და ისეთი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება, როგორიცაა დიდი მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების ზეგავლენა აუდიტის სამსახურის შიდა და გარე საქმიანობაზე;
  • საპილოტე ტესტირება: მოდელის ტესტირება რეალურ სამყაროში მისი ეფექტიანობის დასახვეწად და დასადასტურებლად.

ამ ოთხი ძირითადი ეტაპის გავლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა პროექტის პრაქტიკული გამოცდა - როგორ მოერგებოდა საორიენტაციო კრიტერიუმები ქვეყნებს, რომელთაც მსგავსი გამოცდილება განსაკუთრებით სჭირდებათ.

"SAI ITMA მოდელმა საპილოტე ტესტირება გაიარა აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში (სახელმწიფო აუდიტის სამსახურებში). ამჟამად კი მოდელის პარალელური ტესტირება მიმდინარეობს არაბეთისა (ARABOSAI) და აზიის (ASOSAI) 15-ამდე ქვეყანაში. საპილოტე ტესტირებამ აჩვენა მოდელის ეფექტიანობა და, შესაბამისად, დაიგეგმა შემდგომი ფართო გამოყენების (adoption) ფაზაც", - დავით შავგულიძე.

წარსული გამოცდილება და ამ მიმართულებით უკვე არსებული ცოდნა თანამედროვე ინდუსტრიულ რევოლუციაში აუდიტის სამსახურის როლის გადააზრებას მოითხოვს. დავით შავგულიძეს მიაჩნია, რომ მიმდინარე მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურებზე დიდ გავლენას მოახდენს.

"ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში, როგორებიცაა კრიტიკული და განვითარებადი ტექნოლოგიები (CETs), სამთავრობო ტექნოლოგიებისა (GovTech) და ეროვნული კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცვა (CIIP) SAI-ებს უბიძგებს, გადახედონ თავიანთ როლებსა და მიდგომებს ახალ ციფრულ ეპოქაში. ეს ცვლილებები მტკივნეული იქნება მრავალი SAI-სთვის და მოითხოვს აუდიტის ახალ მეთოდებთან, ინსტრუმენტებსა და აუდიტორთა უნარებთან სწრაფ ადაპტაციას. გლობალური ტრანსფორმაციები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აუდიტის ობიექტებზე, არამედ თავად აუდიტორულ ინსტიტუტებზეც. ეფექტიანობა და რელევანტურობა რომ შეინარჩუნონ, SAI-ებმა უნდა აითვისონ ეს ინოვაციები და გადაიაზრონ საკუთარი როლი თანამედროვე ციფრულ მმართველობაში".

სწორედ ციფრული ეპოქის პირობებში ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური ელექტრონული მმართველობა, რომელსაც სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სახელმწიფო სექტორის, ტრანსფორმაციის დიდი პოტენციალი აქვს. ამ ჯაჭვში მოიაზრება უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტებიც, რომელთათვისაც ახალი ITMA მოდელი შესაძლოა, სახელმწიფოსთან ეფექტიანი თანამშრომლობის წინაპირობა გახდეს.

"ITMA მოდელის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია ინოვაციური დიზაინი, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ SAI-ს, დაადგინოს კონკრეტული ქვეყნის კონტექსტი და განსაზღვროს მისი სამიზნე ტექნოლოგიური სიმწიფის მაჩვენებელი. წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ, ხშირ შემთხვევაში, განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი უწყებები ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას ირჩევენ, რომლებიც შეიძლება არარელევანტური იყოს ქვეყნის კონტექსტისა და სამთავრობო ელექტრონული სისტემების გათვალისწინებით. მაგალითად, ნაკლებეფექტიანი იქნება ბლოკჩეინტექნოლოგიების აუდიტის შესაძლებლობების განვითარება, თუ მას მთავრობა სახელმწიფო სერვისებში არ იყენებს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ მთავრობა მას აქტიურად ეყრდნობა, მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრიორიტეტიც ამ ტექნოლოგიის დანერგვა უნდა იყოს.

შესაბამისად, ჩვენ მიერ შემუშავებული მოდელი თითოეულ SAI-ს დაეხმარება, შექმნას განვითარების უნიკალური სამოქმედო გეგმა, რომელიც საკუთარი კონსტიტუციური მანდატის შესრულებაზეა დაფუძნებული. ანუ თითოეულ დაწესებულებას შეუძლია, გაუმკლავდეს კონკრეტულ გამოწვევებს და გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები, რაც განვითარების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის", - დავით შავგულიძე.

წინ ახალი მოლოდინებია - დავით შავგულიძის გამოცდილებით, თანამედროვე მიდგომებითა და ინოვაციური ხედვით მომზადებულ პროექტზე დაყრდნობით 2024 წლის ბოლომდე 15-ამდე ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახალ ტექნოლოგიურ სტრატეგიას შექმნის.

პარალელურად, გერმანიის განვითარების სააგენტო სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას შეიმუშავებს, რომელშიც SAI ITMA მოდელს ჩააშენებს და ორგანიზაციებს მისი გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება შედარებით პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დავით შავგულიძე მიიჩნევს, რომ "გლობალურად აღიარებული ტექნოლოგიური სიმწიფის მოდელის შემუშავების გამოცდილება დამატებით ღირებულებას ქმნის ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. საველე ტესტირებამ აჩვენა, რომ საქართველოში დაგროვებული გამოცდილების გამოყენება სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია უკუპროცესიც, რათა საქართველოს საჭიროებებზე ადაპტირებული და მასზე მორგებული დასავლური სტანდარტები დაინერგოს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია