SizmarAI - ქართველების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ტექსტს მრავალკადრიან ვიდეოდ აქცევს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუკი ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისში ხელოვნური ინტელექტი მხატვრული ფილმებისა და ლიტერატურის შთაგონების წყარო იყო, დღეს ის კაცობრიობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევაა, რომელიც ცვლის ჩვენს რეალობას და განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს. ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი შემოქმედებით ინდუსტრიებს, ახლებურად ფიქრისკენ უბიძგა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანმა ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობა უნდა ისწავლოს, რათა თავისი შემოქმედებითი რესურსი და ცოდნა მეტად პროდუქტიულად გამოიყენოს.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია და მისი გამოყენების პრაქტიკა დღითიდღე იზრდება. ახლახან საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ამ სტატიაში SizmarAI-ზე მოგიყვებით - ე.წ. Text-To-Video AI ვიდეოს შექმნისა და გაზიარების პლატფორმაზე, სოციალური მედიის ელემენტებით.
SizmarAI მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სპეციფიკური ცოდნისა და რესურსების გარეშე, სრულიად უფასოდ ერთ წუთში შექმნას მრავალკადრიანი კომპლექსური კომერციული და არაკომერციული ვიდეოკონენტი პერსონაჟების გამეორებით, დიალოგებით, ავატარებით, მთხრობლის ხმითა და მუსიკით. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მომხმარებლის დაწერილი ტექსტით გენერირდება. შემდგომ მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ვიდეოპლატფორმაზე აუდიტორიას გაუზიაროს; დააგროვოს კომენტარები, ნახვები, გამომწერები, განავითაროს პროფილი, რაც მონეტიზაციის შესაძლებლობასაც იძლევა.
ახლახან სტარტაპი Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც SizmarAI-ის გუნდს პროდუქტის განვითარებისათვის გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიის ტექნიკური რესურსების უფასოდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
SizmaAI-ის კონცეფციის, მისი შექმნის იდეის, ამჟამინდელი შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების შესახებ SizmarAI-ის დამფუძნებლებს ვესაუბრეთ.
ყველა ინიციატივის წარმატების მთავარი ძალა გუნდია. SizmarAI-ის მიღმა ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტები, ტექნოლოგიურ და ბიზნესსფეროებში მომუშავე პროფესიონალები არიან, რომლებსაც წარსულში ერთად მრავალ პროექტზე უმუშავიათ. როცა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტექსტის ვიდეოდ გარდაქმნის შესაძლებლობები გაჩნდა, გუნდმა ახალი მიზანი დაისახა და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო.
თენგო თადუმაძე, SizmarAI-ის თანადამფუძნებელი:
"როგორც კი Text To Video ML მოდელები ბაზარზე გამოჩნდა, მაშინვე აქტიურად დავიწყეთ ტესტირება და აღმოვაჩინეთ, რომ სამომხმარებლო კუთხით, მისი გამოყენებით კომპლექსური და მრავალკადრიანი ვიდეოკონვენტის შექმნა სპეციფიკური ცოდნისა და დამხმარე პროგრამების გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ კი, აღმოვაჩინეთ, რომ ერთიანი მიზნობრივი სივრცე AI ვიდეოების გაზიარებისთვის არ არსებობდა. ის სოციალური ქსელებიც კი, რომელსაც დღეს აქტიურად ვიყენებთ, მაქსიმალურად ცდილობს, შეზღუდოს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეომასალის გავრცელება. გარდა ამისა, სოციალური ქსელების სიღრმისეული კვლევების შედეგად გავარკვიეთ, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლის 80%-ზე მეტი არ ქმნის კონტენტს და მხოლოდ მაყურებელია. ამის ძირითადი მიზეზებია დროის უკმარისობა, ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა და რესურსები. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო ჩვენ და მივედით SizmarAI-ის იდეამდე".
დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესი მრავალმხრივია. ეს მხოლოდ პროფესიულ საჭიროებებთან არ არის დაკავშირებული. ხშირად მსგავს პლატფორმებს ცნობისმოყვარეობის გამოც ვიყენებთ. SizmarAI-ის პლატფორმაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღიაა. მის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, მეილის საშუალებით მარტივ რეგისტრაციას გავდივართ. შემდგომ მომხმარებელი ირჩევს, თუ რა სტატუსით იყენებს პლატფორმას - როგორც ბიზნესის წარმომადგენელი თუ ფიზიკური პირი. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია ვიდეოს გენერირების ეტაპზე გადასვლა. ვიდეოს შექმნის პროცესიც საკმაოდ მარტივია. შესაბამის ველში წერთ სასურველ ტექსტს, შემდგომ ირჩევთ ვიდეოს ხანგრძლივობას, სტილს. ასევე მიუთითებთ, გსურთ თუ არა მთხრობელი ხმა. ვიდეოს გენერაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ მაქსიმუმ ერთ წუთში უკვე შეგიძლიათ თქვენი შექმნილი ვიდეო გადმოწეროთ, ან გააზიაროთ. აღსანიშნავია, რომ სტანდარტული ვიდეოს შექმნა პლატფორმაზე უფასოა და დამფუძნებლების თქმით, ყოველთვის ასე იქნება. SizmarAI-ის გუნდი უახლოეს მომავალში პირადი პროფილის სხვადასხვა ელემენტის და ე.წ. PRO ფასიანი ფუნქციების დამატებას გეგმავს, რაც მეტად კომპლექსური და მაღალი ხარისხის ვიდეოების შექმნის საშუალებას მისცემს მომხმარებელს.
SizmarAI პირველად ივლისის პირველ ნახევარში გამოჩნდა. პლატფორმა ხუთი დღით სატესტო რეჟიმში, შეზღუდული ფუნქციონალით გაეშვა და დიდი ინტერესიც გამოიწვია. პროექტის შემქმნელების თქმით, ნულოვანი სარეკლამო დანახარჯის მიუხედავად, პლატფორმაზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ვიდეო გენერირდებოდა. ამ პერიოდში ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა გამოწვევა, რაც გუნდმა მომხმარებლის უკუკავშირიდანაც მიიღო. სატესტო რეჟიმის დასრულებისა და განახლებების შემდეგ, SizmarAI აგვისტოში გაუმჯობესებული სახით გაეშვა.
გიორგი ხატიაშვილი, SizmarAI-ის თანადამფუძნებელი:
"ჩვენდა გასაკვირად, ნულოვანი მარკეტინგული დანახარჯებით გაშვებიდან ორ კვირაში მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნიდან გვყავს აქტიური მომხმარებელი და ვიზიტორი. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, გავაგრძელოთ პლატფორმის განვითარებაზე დაუღალავი მუშაობა", SizmarAI-ზე მუშაობა გუნდმა საწყის ეტაპზე საკუთარი ფინანსური დანაზოგით დაიწყო. იხსენებენ, რომ სტარტაპისთვის უჩვეულოდ, ბაზარზე გამოსვლის პირველივე დღიდან არაერთი კომპანია დაინტერესდა.
გიორგი ხატიაშვილი:
"საწყის ეტაპზე პროექტის დაფინანსებისთვის გამოვიყენეთ პირადი დანაზოგები. ასევე, ვმონაწილეობთ ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში. კონკრეტული ინტერესი უკვე არსებობს აღმოსავლეთ ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ფონდისგან, თუმცა ჩვენ ძალიან ფრთხილად ვარჩევთ ინვესტორს. ინვესტიციამდე გვსურს, მაქსიმალურად კარგი შედეგებით მივიდეთ. ინვესტიციების მოზიდვის ეტაპი ოფიციალურად სექტემბერში დავიწყეთ და ახლა აქტიურ ფაზაში ვართ".
იმისათვის, რომ პლატფორმა კონცეფციურად საინტერესო პროდუქტთან ერთად კომერციულად წარმატებული პლატფორმად იყოს, SizmarAI-ის გუნდი რამდენიმე ბიზნესმოდელის განვითარებაზე მუშაობს.
მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია ფასიანი ხელსაწყოები. თუმცა, როგორც SizmarAI-ის შემქმნელები ამბობენ, მათი პრიორიტეტია, რომ პლატფორმა ყველა მსურველისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
"ჩვენი მიზანია, SizmarAI იყოს მასობრივი გამოყენების პროდუქტი. თუმცა ძირითადი სეგმენტი რომ გამოვყოთ, ეს შეიძლება იყოს B2B - როგორც დიდი კორპორაციები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები. მომხმარებლის აუდიტორია შედგება ასევე ფიზიკური პირებისგან. ესენი არიან: ვიდეოედიტორები, ანიმატორები, იუთუბერები და ასე შემდეგ", - განმარტავს თენგო თადუმაძე.
ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას თავისი გამოწვევები ახლავს. SizmarAI-ის დამფუძნებლები ამ ეტაპზე ორ ძირითად გამოწვევას გამოყოფენ.
"პირველი ეს არის დრო. გვსურდა, ბაზარზე რაც შეიძლება მალე გაგვეშვა სატესტო ვერსია. ვფიქრობთ, ეს წარმატებით მოვახერხეთ. ასევე არის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის საკითხი. ML მოდელის განვითარება მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს და ეს სტარტაპისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა", - გიორგი ხატიაშვილი.
ახალი ინოვაციური პროდუქტის გაჩენა და განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურ ბაზარზე შესაბამისი პოზიციონირებისთვის. ამ შესაძლებლობებს SizmarAI-ის გუნდი დიდ მასშტაბებში ხედავს.
თენგო თადუმაძე:
"როგორც უკვე ვიცით, საქართველოს სტრატეგიული განვითარების მიმართულებად AI ტექნოლოგია განისაზღვრა. შესაბამისად, მსგავსი უახლესი ტიპის ტექნოლოგიური პროდუქტები საქართველოს მსოფლიო რუკაზე წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას ჩვენს გეოგრაფიულ არეალში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბოლო წლებში უამრავი ინოვაციური და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების სტარტაპები იქმნება. შესაბამისად, ჩვენ ყველა ერთად ვქმნით მძლავრ სტარტაპ ეკოსისტემას".
ყველა ვთანხმდებით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწია განვითარების დონეს, რაც კაცობრიობის ისტორიაში ახალი თავის წერას იწყებს. გარდაუვალია, რომ AI სრულიად შეცვლის ადამიანების სამუშაო და ცხოვრების სტილს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მთავარი ამოცანაა, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისათვის საკეთილდღეო მიზნებისაკენ მიმართოს. სწორედ ადამიანების შესაძლებლობის გაზრდის საშუალებად აღიქვამს SizmarAI-ის გუნდი ამ პლატფორმას.
თენგო თადუმაძე:
"ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ცვლის ყველა სფეროს, ის გვაძლევს რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, AI სრულიად შეცვლის ადამიანების სამუშაო და ცხოვრების სტილს. შესაბამისად, მომავალში მოგვიწევს ადაპტაცია ახალ რეალობასთან, რაც მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას. SizmarAI-ის შექმნით ჩვენი მიზანია, რომ ყველას შეეძლოს, იდეები რეალობად აქციოს და გაუზიაროს ისინი საზოგადოებას, მიუხედავად მათი ცოდნისა, თავისუფალი დროისა, ბიუჯეტისა თუ სხვა გარემოებებისა".