Get All Access for $5/mo

"ცეცხლი აინთო" - სამწვადის ტიპის პირველი სწრაფი კვების რესტორანი თბილისში ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ცეცხლი აინთო" სამწვადის ტიპის სწრაფი კვების რესტორანია თბილისში, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ.

"განსხვავებული სივრცის შექმნა გვინდოდა, რომელიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ვიფიქრეთ, რატომაც არა, ვისაც უყვარს, რატომ არ შეიძლება მიირთვას მხოლოდ მწვადი თუნდაც სამსახურში, შესვენებაზე და ამისთვის რესტორანში წასვლა არ იყოს საჭირო?! ამ კერძის მოყვარულებისთვის შევქმენით სივრცე, სადაც ადამიანები ნამდვილ კახურ მწვადს დააგემოვნებენ განუყრელ, ახალ შოთის პურთან ერთად", − გიორგი ახსაბაძე, რესტორნის "ცეცხლი აინთო" თანადამფუძნებელი.

მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ გადაწყვიტეს მომხმარებლისთვის სწრაფი, ხარისხიანი ქართული საკვები შეეთავაზებინათ, რომელიც ყველას უყვარს.

"პრობლემა, რომელიც დავინახეთ, იყო ის, რომ ბაზარი გაჯერებულია უხარისხო, არაჯანსაღი საკვებით. აქამდე ბევრმა არ იცოდა, რომ ჯანსაღი საკვებიც შეიძლება სწრაფი კვების კონცეფციით იყოს წარმოდგენილი", − ამბობს მიხეილი.

მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ბიზნესის დაწყება გარკვეულ გაბედულებას და სიმამაცეს მოითხოვს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქმნი ახალ, განსხვავებული ტიპისა და კონცეფციის ბიზნესს.

"შედარებით მარტივია, გაიარო სხვის განვლილ გზაზე, მაგრამ როდესაც თვითონ კვალავ ახალ გზას, ეს ყოველთვის ორმაგად რისკიანი და საპასუხისმგებლოა".

მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გამოუცდელობა, რომელიც წარმატებით დაძლიეს, უდიდესი მონდომების, შრომის, სწავლის, შეკითხვების დასმის და სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე.

"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ გვასწავლა საკუთარ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირპროპორციულია ბიზნესში დახარჯულ დროსა და ენერგიისადმი".

მათთვის ანტრეპრენერი არის ის, ვისაც აქვს საკუთარი ხედვა, შეუძლია რისკისა და შესაძლებლობების შეფასება და დასახული მიზნისკენ შეუჩერებლად სვლა. შთაგონებას განსხვავებული იდეების განხორციელებით და უამრავი კმაყოფილი მომხმარებლით იღებენ.

"ჩვენი მიზანია გეგმაზომიერი ზრდა და საკუთარი ბიზნესის სწრაფი კვების კონცეფციის ქსელურ რესტორნად გარდაქმნა".