Get All Access for $5/mo

GLOVO – ტექნოლოგიური კომფორტი და სურვილებზე დისტანციური წვდომა Glovo უკვე თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

Glovo-ს მოტოციკლიანი კურიერი, ბრენდირებული უნიფორმითა და ყუთით, თბილისის ქუჩებში რამდენიმე თვის წინ შევნიშნე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე Glovo – ოთხი წლის წინ ბარსელონაში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი და ტელეფონსა თუ კომპიუტერში რამდენიმე მარტივი დაწკაპუნებით სურვილებს ასრულებს. Glovo დღეს უკვე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მიტანის სერვისს მსოფლიოს 21 ქვეყნის 72 ქალაქში ახორციელებს.

Glovo ქართულ ბაზარზე

გასული წლის ოქტომბერში Glovo ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და დღეს უკვე საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ოპერირებს. Glovo-ს პარტნიორი 600-მდე კურიერი საშუალოდ 30 წუთში მოგართმევთ სპეციალური აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტს – მზა საჭმელი იქნება ეს, ხილი, ბოსტნეული, ფარმაცევტული პროდუქტი თუ ნებისმიერი სასაჩუქრე ნივთი.

Glovo-ს გენერალურ მენეჯერ გიგა ქერქაძის თქმით: "Glovo-ს მთავარი მიზანი ისეთი ტექნოლოგიური კომფორტის შექმნა იყო და არის, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს და უამრავ პარტნიორ კურიერს შემოსავლის წყაროსა და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს".

გარდა მანქანებისა, Glovo-ს კურიერები პროდუქციის მისატანად სკუტერებსა და ველოსიპედებსაც იყენებენ, რაც ქალაქში საცობების განტვირთვას უწყობს ხელს და მომხმარებლებს მიტანის სერვისის ეკომეგობრულ გზას სთავაზობს.

"ისეთი მასშტაბის კომპანიისთვის, როგორიც Glovo-ა, მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების ათვისება, მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვა და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში შესვლა, სადაც მისი მსგავსი ტექნოლოგიური კომპანია არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, საქართველოში ბიზნესისთვის შექმნილი მოქნილი გარემო პოზიციონირებას ამარტივებს.

ქართულ ბაზარზე Glovo-ს გამოჩენა ხელს უწყობს იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური სექტორი გადის. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული უცხოურ ინვესტიციებზე. იმის გარდა, რომ უცხოურ ინვესტიციას ახალი გამოცდილება და საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობის ზრდა მოაქვს, ინვესტიციები ძირითადად უცხოური ვალუტით შემოდის და ლარის კურსის სტაბილურობასაც განაპირობებს", – გვითხრა გიგა ქერქაძემ.

კომპანიაში დასაქმებულების, პარტნიორებისა და მომხმარებლების რიცხვი დღითი დღე იზრდება. საქართველოში Glovo-ს წარმატების მიზეზი, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, აღნიშნული ტექნოლოგიური პროექტისადმი ქართველი მომხმარებლის მზადყოფნა და დაინტერესება აღმოჩნდა. როგორც გიგა ქერქაძე ამბობს, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – თბილისი Glovo-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე "სწრაფად მზარდი" (fast growing) ქალაქი გახდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ Glovo-ს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორ შევუკვეთოთ სასურველი პროდუქტი?

თუ გემრიელი საჭმლის, დესერტის, ფარმაცევტული პროდუქტის, კოსმეტიკური საშუალების, ან თუნდაც საჩუქრის შერჩევა გინდათ და ოფისიდან ვერ გადიხართ, დრო არ გაქვთ, ან უბრალოდ შინიდან გასვლა გეზარებათ, Glovo-ს აპლიკაცია თქვენს კომფორტზე იზრუნებს და სურვილს მაქსიმალურად მოკლე დროში, დაახლოებით 30 წუთში შეგისრულებთ. ამისათვის თქვენს მობილურ ტელეფონში Glovo-ს აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, ან კომპიუტერის საძიებელში www.glovoapp.com აკრიფოთ. შეკვეთის გაკეთებამდე პირადი ელექტრონული ფოსტის ან სოციალური მედიის პროფილის მეშვეობით, Glovo-ს პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეთ.

Glovo-ს აპლიკაციას შემდეგი კატეგორიები აქვს: "სწრაფი კვება", სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ორი გიგანტი სწრაფი კვების ობიექტია; "საკვები" – ორი სექციით: "რესტორნები" ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი რესტორნების ჩამონათვალითა და "სნექები და დესერტები" სხვადასხვა საკონდიტროთი და კაფეებით; კატეგორიაში "მარკეტები" მომხმარებელს ბაზარზე არსებული ყველა მსხვილი სუპერმარკეტის ქსელიდან სასურველი საყოფაცხოვრებო და სასურსათო პროდუქტის შეკვეთა შეუძლია; "სასმელების" კატეგორიაში ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანია; Glovo-ს კურიერები სასურველი ფარმაცევტული პროდუქტის ადგილზე მიტანასაც უზრუნველყოფენ. ამისათვის კატეგორია "აფთიაქი" უნდა იპოვოთ და დანარჩენზე კომპანიის კურიერები იზრუნებენ; კატეგორია "კურიერი" ერთი მისამართიდან მეორეზე სხვადასხვა ნივთების – საბუთების, მობილური ტელეფონის, სახლის გასაღების მიტანაში დაგეხმარებათ; რაც შეეხება კატეგორიას "რაც გინდა", აქ ნებისმიერი ნივთისა თუ პროდუქტის შეკვეთას შეძლებთ – არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნივთი არის თუ არა აპლიკაციის საძიებელში.

უპირატესობები

Glovo-ს მთავარი უპირატესობა სისწრაფე და მოქნილობაა.

ამჟამად Glovo-ში შეკვეთილი პროდუქტის მიტანის საშუალო დრო 29 წუთია და Glovo-ს გუნდი დროის კიდევ უფრო შემცირებაზე მუშაობს; Glovo-ს აპლიკაციაზე მინიმალური შეკვეთის ლიმიტი არ არსებობს. შეგიძლიათ თუნდაც ერთი კოლოფი ხილის წვენი შეუკვეთოთ და კურიერი მას დანიშულების ადგილზე მოგიტანთ; Glovo-ს აპლიკაციაზე ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ისე ბარათით; Glovo-ში მრავალფეროვანი არჩევანი და ხარისხიანი პროდუქციაა. კომპანიას ამ ეტაპზე 150-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს. მისი პარტნიორები არიან როგორც დიდი რესტორნების ქსელები, ასევე პატარა და საშუალო კაფეები, ბარები, საცხობები, საკონდიტროები, ყვავილების მაღაზიები, სუპერმარკეტები, სუნამოს, სათამაშოების მაღაზიები და სხვა.

Glovo მომხმარებლებს სთავაზობს შეუკვეთონ საუკეთესო პროდუქტები ქალაქში სახლიდან გაუსვლელად.

გეგმები

Glovo სამომავლოდ 24-საათიან მომსახურებაზე გადასვლას, ქსელის საქართველოს სხვა ქალაქებში გაფართოებასა და ახალი პლატფორმის – Glovo Business-ის შექმნას გეგმავს, რაც სხვადასხვა ბიზნესკომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს.