აკადემია IDEA - სივრცე სტომატოლოგების პროფესიული განვითარებისთვის
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რამდენიმე წლის წინ, ევროპაში საქმიანი ვიზიტით ყოფნისას, ვიქტორია სურგულაძე ევროპულ სასწავლო ცენტრში აღმოჩნდა, რომელიც სტომატოლოგებისთვის იყო განკუთვნილი. იქ მას საშუალება ჰქონდა, სწავლების ადგილობრივ პროგრამებსა და მეთოდებს გასცნობოდა, რამაც შთააგონა საქართველოშიც შეექმნა მსგავსი მულტიპროფილური სასწავლო ცენტრი, რომელიც ქართველ ექიმებს საშუალებას მისცემდა, მშობლიურ ენაზე უწყვეტი პროფესიული განათლება მიეღოთ. სწორედ ასე შეიქმნა International Dental Educatinal Academy (IDEA).
"აკადემია IDEA-ს არსებობა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეძლება სტომატოლოგიურ სფეროში მომხდარიყო. ჩვენ შევქმენით ის, რისი დეფიციტიც იყო ბაზარზე − პოსტდიპლომური განათლება. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ინოვატორები ვართ", − აღნიშნავს ვიქტორია სურგულაძე.
IDEA ხელს უწყობს ექიმების წინსვლას სტომატოლოგიის ყველა დარგში და მათ მრავალფეროვან კურსებს სთავაზობს, როგორც თბილისში, ისე რეგიონების მასშტაბით სახელმწიფო უნივერსიტეტების კლინიკურ ბაზებზე. აკადემია ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, იწვევს საერთაშორისო სპიკერებს, გეგმავს და ახორციელებს ტრენინგებს ევროპაში და ამით ხელს უწყობს სტომატოლოგიური დარგის განვითარებას.
"საქართველოში მსგავსი სასწავლო ცენტრი არ არსებობდა და შინაარსობრივად არც ახლა არსებობს. ყველაფრის 0-დან დაწყებამ მოგვიწია, უბრალოდ, გვქონდა იდეა, მცირე კაპიტალი და დიდი მონდომება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეგვექმნა მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრი, რომელსაც დღეს საერთაშორისო ბაზარზე იცნობენ და საქართველოში უალტერნატივოა", − ამბობს IDEA-ს დამფუძნებელი.
ბიზნესსაქმიანობის დაწყება ვიქტორიასთვის მარტივი არ ყოფილა. როგორც თავად აღნიშნავს, ყოველივე ამას დიდი შრომა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, დისციპლინა, მუდმივი ფიქრი, ღირებულებების შენარჩუნება და მართვის კარგი უნარი სჭირდება. ერთ-ერთი დიდ გამოწვევა, რაც თავდაპირველად IDEA-ს დღის წესრიგში იდგა, ესაა ტრენერებისა და გუნდის წევრების სწორად შერჩევაა, რომლებიც ზუსტად გადასცემდნენ თავიანთ ღირებულებებს, პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას სხვა სტომატოლოგებს.
"ყველაფერი შენიდან მოდის, მთავარია, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ იმის გარკვევა, რა გსურთ და ყველაფერი თავისთავად ახდება. თუ არ სცადე, არაფერი გამოვა. რამდენჯერაც წაიქცევით, იმდენჯერ ადექით და მიზანმიმართულად იმოქმედეთ. გარისკეთ − წარუმატებლობა ეს მხოლოდ ნაბიჯია წარმატებისკენ", − აღნიშნავს ვიქტორია.
წელს აკადემია IDEA ახალ სივრცეში გადადის და ბიზნესკონცეფციასაც ცვლის − იგეგმება სივრცის შექმნა, სადაც სასწავლო ცენტრი და სტომატოლოგიური კლინიკა გაერთიანდება. შედეგად IDEA-ს არამხოლოდ მეტი პრაქტიკული მასტერკლასის განხორციელების, არამედ პაციენტების მომსახურების შესაძლებლობაც ექნება. მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე პროფესიული კურსები ექიმებისთვის გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. საქართველოს მასშტაბით კი IDEA-ს რიგით მე-3 კონფერენცია ჩატარდება საერთაშორისო სპიკერების მონაწილეობით.
"მინდა რომ ჩემს ქვეყანაში ყველა ექიმს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ყველაზე თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ მკურნალობის პროტოკოლებთან და ფლობდნენ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას თავიანთ პროფესიასა და საქმიანობაზე", − აღნიშნავს ვიქტორია.
გახსოვდეთ, რომ სწავლა ყოველთვის მაგარი IDEA-ა!