Get All Access for $5/mo

''ამატერა'' - საორსულო სამოსში რეალიზებული ანტრეპრენერული ოცნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ჩვენი მკითხველი კორპორაციულ სამყაროში არაერთ წარმატებულ ადამიანს იცნობს, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი ანტრეპრენერული ოცნების ასრულება გადაწყვიტეს, სტაბილურ სამსახურზე უარი თქვეს და დამოუკიდებელი საქმის კეთებას მიჰყვეს ხელი. სწორედ ასეთი გაბედული ანტრეპრენერია სალომე სიხარულიძე − ბრენდ "ამატერას" დამფუძნებელი, რომელიც სპეციალურად ორსულებისთვის ქმნის მაღალხარისხიან და ელეგანტურ სამოსს.

Entrepreneur-ს სურს გიამბოთ მისი შთამაგონებელი ისტორია, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტობიდან, ქალთა გაძლიერებასა და მათ კომფორტზე მზრუნველი ბრენდის დაარსებამდე.

სალომე სიხარულიძეს ბიზნესში, კერძოდ კი სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაციის მარკეტინგისა და პიარის მიმართულებაში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერული გზა ადრეული ასაკიდან იწყება, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ოჯახთან და შვილებთან მეტი დროის გატარების მიზნით, გამოეყო კორპორაციულ რუტინას და ფრილანსერ-მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად იქცა. "ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებდი ოფისში და ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა ჩემი შვილებისთვის და ოჯახისთვის. ასაკის მატებასთან ერთად, ცხოვრებისეული პრიორიტეტებიც შემეცვალა და მივხვდი, რომ შემიძლია ამ მიდგომით (ფრილანსით) ბევრად პროდუქტიული ვიყო, არც ოჯახმა იცხოვროს ჩემ გარეშე და არც ჩემს საქმეს მოვწყდე, დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით კი, სხვადასხვა ორგანიზაციას მარკეტინგული სტრატეგიის, PR-აქტივობის ან სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯის დაგეგმვაში და განხორციელებაში დავეხმარო", − აღნიშნავს სალომე.

სალომე 3 შვილის დედაა და როგორც ამბობს, "ამატერას" შექმნის იდეაც სწორედ აქედან დაიბადა. ბაზარზე გემოვნებიანი და ხარისხიანი სამოსის შეძენა, მისთვის სამივე ორსულობის დროს პრობლემას წარმოადგენდა. "ეს იდეა მუდამ ტრიალებდა ჩემს თავში. ყოველი ორსულობის პერიოდში, თავად ვაწყდებოდი ჩაცმასთან დაკავშირებულ პრობლემებს და კარგად მესმის, რამდენად დიდი დისკომფორტია ეს მომავალი დედებისათვის. ალბათ ბევრ ქალს, ვინც ოდესმე ორსულად ყოფილა, გასჩენია იგივე იდეა. მე უბრალოდ ეს იდეა რეალობად ვაქციე. რადგან არ არსებობს, მოდი მე გავაკეთებ-მეთქი, და აქ იწყება "ამატერას" ისტორია", − სალომე სიხარულიძე.

მოგეხსენებათ, კორპორაციულ გარემოში დიდხანს დასაქმებული ადამიანებისათვის, ყოველდღიური რუტინიდან და კომფორტის ზონიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია. ასე იყო სალომეს შემთხვევაშიც, რომელსაც დამოუკიდებელი საქმის დაწყების შიშის გადალახვა დასჭირდა და ამაში სალომეს ყველაზე დიდი მხარდამჭერი მისი მეუღლე აღმოჩნდა. "შესაძლოა, ეს საქმე არც დამეწყო, რომ არა ჩემი მეუღლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კარგი იქნებოდა ბაზარზე საორსულო სამოსის მრავალფეროვნება ყოფილიყო, ჩემმა მეუღლემ კი, ამაზე ამდენი ფიქრისა და ლაპარაკის ნაცვლად, საქმის დაწყება მირჩია. სჯობს გააკეთო და არ გამოგივიდეს, ვიდრე არ გააკეთო, ან სხვამ დაგასწროსო, და მეც დავიწყე", − ამბობს სალომე.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს, სალომეს თქმით, მისთვის სრულიად ახალ სფეროსთან ადაპტაცია წარმოადგენდა. "ვინაიდან მოდის ინდუსტრია ჩემთვის სრულიად ახალი იყო, უამრავი დეტალის, ტერმინოლოგიის, საკომუნიკაციო ენისა და ნიუანსის სწავლა მომიწია. სამკერვალო ატელიეები და ქსოვილებისა და საჭირო მასალების მაღაზიები აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა, რომლებიც თავიანთ ენაზე საუბრობენ და მათთვის სწორი დავალების მისაცემად და სასურველი პროდუქტის მისაღებად, აუცილებელია ერკვეოდე ამ სფეროში. ამიტომ დავჯექი და ვისწავლე, ვიკითხე, შევისწავლე, რა ხდება ბაზარზე, სად რა იყიდება, სად რა მზადდება, ვინაა ამ სფეროში საუკეთესო და ა.შ.", − გვიამბობს "ამატერას" დამფუძნებელი.

როგორც სალომე სიხარულიძე აღნიშნავს, ეს ბიზნესი საკმაოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი. გარდა იმისა, რომ მის აუდიტორიას ორსული ქალები წარმოადგენენ, მთლიანი ორსულობის 9-თვიან ციკლში, რეალურად სპეციალური სამოსის ტარების საჭიროება მხოლოდ 4 თვის განმავლობაში დგას, ამიტომ თითოეულ სამოსში გათვალისწინებულია ორსულის მზარდი მუცელი და ტანსაცმელი ისეა შექმნილი, რომ ქალმა ორსულობის დროსაც და ორსულობის შემდეგაც კომფორტულად შეძლოს მისი ტარება.

"საორსულო სამოსს იმდენი დეტალი და იმხელა კონცეპტუალური დატვირთვა აქვს, ვფიქრობ, იგი მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის ბაზრისთვის. მეც თავიდანვე მიზნად დავისახე, რომ ჩემი ბრენდი ყოფილიყო ძალიან ხარისხიანი და ქალთა მხარდაჭერაზე, მათი თვითშეფასების ამაღლებასა და კომფორტზე ორიენტირებული. "ამატერა" არის ბრენდი, რომელმაც საორსულო სამოსზე არსებული წარმოდგენა უნდა შეცვალოს", − აცხადებს სალომე სიხარულიძე.

"ამატერას" სამოსი, ოფიციალურად ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის სექტემბრიდან გახდა, თუმცა ბრენდის შექმნას დაახლოებით ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაო პერიოდი უძღოდა. "ბრენდინგზე, სახელზე, კონცეფციაზე და სამოსის შექმნაზე ჩვენმა გუნდმა დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავეთ. სტრატეგი − თაკო სულაქველიძე და კრეატიული დირექტორი − ბასა მეტრეველი, არიან ის ადამიანები, რომლებმაც "ამატერას" შექმნაში უდიდესი როლი ითამაშეს. ბრენდინგზე ორმა ყველაზე გემოვნებიანმა გოგომ იმუშავა, სოფო გურასპაშვილმა და გვანცა ჩიჯავაძემ − დიზაინ სტუდიომ "ორი", − გვიამბო სალომემ.

საინტერესოა ბრენდის სახელის წარმომავლობაც. "ამატერა" იაპონურ და აღმოსავლურ მითოლოგიაში, მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთად მიიჩნევა. გარდა ამისა, "მატერ" ევროპულ კულტურაში დედასთან და დედობრივ საწყისებთან ასოცირდება, რაც ბრენდის არსს ზედმიწევნით ასახავს. როგორც სალომემ აღნიშნა, მათ სიმბოლოზე გამოსახული ვარსკვლავი, ქალის ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს, ორსულობას განასახიერებს.

"როგორც მარკეტინგში მომუშავე ადამიანისათვის, ჩემთვის ბრენდი და მისი იდენტობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დაგვჭირდა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი, რათა პროდუქტი, მისი ვიზუალური იერსახე, ბრენდინგი, შეფუთვა, სამახსოვრო ბარათები, სოციალურ ქსელებში კომუნიკაცია, ფოტო და ვიდეოგადაღება, და სხვა აუცილებელი დეტალები, პროფესიულად მიგვეწოდებინა მომხმარებლებისთვის", − აცხადებს სალომე სიხარულიძე.

როგორც აღვნიშნეთ, საორსულო ტანსაცმლის შეძენა საქართველოში დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ყოველდღიური, სპორტული სტილის სამოსი ორსული ქალბატონებისთვის რამდენიმე ქსელურ მაღაზიაშია წარმოდგენილი, თუმცა არჩევანი შეზღუდულია, ხოლო ხარისხი − საკმაოდ დაბალი. მომხმარებელთა ნაწილი ტანსაცმელს უცხოური საიტებიდან იწერს, თუმცა ამ შემთხვევაში, რთულია ზუსტი ზომის მორგება და რეალობა ხშირად განსხვავდება მოლოდინისგან. "ამატერა" კი, საკუთარ მომხმარებელს უფასო ტრანსპორტირებას და ზომაში გადაცვლის სერვისს სთავაზობს.

"ამატერას" სამოსის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდიდან www.amatera.ge და ქართველი დიზაინერების კონცეპტუალურ მაღაზიაში "იერი".

ბრენდის მთავარი სათქმელია, რომ ორსულობა მოდაზე, გემოვნებიანად და ლამაზად ჩაცმაზე უარის თქმას არ ნიშნავს და "ამატერა" შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს ქალებს მათი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ცვლილებებით სავსე ეტაპზე შეინარჩუნონ ჩვეული სტილი და თავდაჯერებულობა.

"ამატერა" ორსული ქალებისთვის საინტერესო გამოსავალია. მომატებული კილოგრამები, შეცვლილი სხეული, შეცვლილი გუნება-განწყობა და პასუხისმგებლობის მოლოდინი, რომელიც ცოტათი შიშსაც უკავშირდება... ჩემი ბრენდით მინდა ქალებს ეს ყველაფერი ოდნავ მაინც შევუმსუბუქო, მინდა, დავეხმარო მათ, არ დაკარგონ ჩვეული სტილი, ისევ იყვნენ თავდაჯერებულები, სასურველები და ელეგანტურები", − სალომე სიხარულიძე.

სალომე სიხარულიძემ Entrepreneur-თან საუბრისას, დამწყებ ანტრეპრენერებს რამდენიმე საინტერესო დაკვირვება და რჩევა გაუზიარა. "ჩემმა პირველმა ნაბიჯებმა ანტერპრენერულ სამყაროში კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ყველაზე მთავარია სურვილი და მონდომება. არ არსებობს სფერო, რომელშიც ვერ გაერკვევი, თუ ამის სურვილი გაქვს და ამისთვის იშრომებ. "ამატერაზე" ერთწლიანმა მუშაობამ ცხადად დამანახა, რომ არ არსებობს პრობლემები − ისინი უბრალოდ, კონკრეტული ამოცანებია, რომლებიც უნდა გადაჭრა. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ემსახურები, უნდა შეისწავლო საფუძვლიანად. ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული, თუ დამფუძნებელი ბოლომდე არაა მასში ჩართული და მუდმივად არ შრომობს მის განვითარებაზე. სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ბიზნესში ოპერირება ამ სწრაფად ცვალებად სამყაროსთან მუდმივ ადაპტაციას მოითხოვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოთმინება და თანმიმდევრულობა, დასახული მიზნისკენ სვლა და საკუთარი ბრენდის იდენტობის შენარჩუნება. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენს ბრენდს აქვს საკუთარი კონცეფცია, კონკრეტული ნიშა და სახე, რომელიც უნდა შეინარჩუნო", − აცხადებს სალომე სიხარულიძე, − "ბიზნესში ასევე მნიშვნელოვანია იდეის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეალიზება და პროდუქტის ბაზარზე სწრაფად გამოტანა. უმჯობესია დაიწყო და გზადაგზა განვითარდე, ვიდრე ეს სხვამ დაგასწროს. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას შენ ნაცვლად გააკეთებს, ამიტომ გავიმეორებ − სჯობს გააკეთო და საკუთარ შეცდომებზე ისწავლო, ვიდრე არ გააკეთო და შემდეგ ინანო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემ გარშემო ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებსაც ჩემი წარმატება უხარიათ და მხარს მიჭერენ. ეს განსაკუთრებით მძენს მოტივაციას".

დღეის მდგომარეობით, "ამატერა" დამფუძნებლის მოლოდინს სრულად ამართლებს. ნელ-ნელა იზრდება ბრენდის ცნობადობა და იგი თვითდამკვიდრების და ბაზარზე ნდობის მოპოვების ეტაპზე გადადის. პირველი მომხმარებლები საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებით შეხვდნენ "ამატერას" პროდუქტს და კონცეფციას, რაც მას ახლო მომავალში დიდ წარმატებას უქადის.

რაც შეეხება "ამატერას" სამომავლო გეგმებს, ბრენდი ახალი პროდუქციის დამატებაზე მუშაობს და მალე გაყიდვაში ჩაეშვება სამშობიაროში საჭირო სამოსის ხაზი.

აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბრენდი ძუძუთი კვების აქტიური ლობისტია, ამიტომ სამოსში გათვალისწინებულია და მომავალშიც იქნება ისეთი დეტალები, რომელიც პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს.

"ჩემი მიზანია დავეხმარო ქალებს ორსულობის თანმდევი ფიზიკური და მენტალური პრობლემების დაძლევაში. შევქმნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოახდენს ძუძუთი კვების სტიმულირებას და მივცე ქალებს ინფორმაცია მათთვის საჭირო და ხშირად ტაბუირებულ თემებზე, როგორიცაა სექსუალური პრობლემები ორსულობის დროს და მის შემდეგ, მშობიარობის შემდგომი დეპრესიები და ა.შ. ჩემ მიერ შექმნილი მატერიალური პროდუქტის მიღმა ბევრი მნიშვნელოვანი არამატერიალური ღირებულებაა, რომლებიც მინდა ქალებს გადავცე და გავაძლიერო ისინი. ბრენდის მთავარი ღერძი და კონცეფციაც სწორედ ქალთა გაძლიერებაზე, სიყვარულსა და ზრუნვაზე დგას. მჯერა, რომ სამყაროს სასურველი, თავდაჯერებული ქალები ატრიალებენ და რომ ორსულობა მათ ამ თვითრწმენას არ უნდა აკარგვინებდეს", − აცხადებს სალომე სიხარულიძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!