ელენე კერძაია - La Clinique "მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.
ელენე კერძაია
ესთეტიკის ცენტრი La Clinique, დამფუძნებელი
რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?
მრავალი წლის სამუშაო გამოცდილებამ სხვადასხვა პოზიციებზე, ძირითადად მარკეტინგის მიმართულებით, მომცა მოტივაცია და გამბედაობა, რომ ერთ დღესაც ჩემი ცოდნა და რესურსი საკუთარი წამოწყებისათვის მიმემართა. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა დამ ერთობლივად დავაარსეთ ესთეტიკური ცენტრი La Clinique.
თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?
ჩემი აზრით, ანტრეპრენერი უამრავი იდეითა და ინოვაციებით სავსე ადამიანია, რომელსაც არ ეშინია ცვლილებების და ახალი გამოწვევების, თამამად შეუძლია ისეთ იდეებს შეასხას ფრთები, რომელსაც სხვები ეჭვის თვალით უყურებენ.
რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?
La Clinique მომხმარებლებს თანამედროვე და მოთხოვნად ესთეტიკურ სერვისებს სთავაზობს.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, ესთეტიკის ცენტრს სასიამოვნო სიახლეები აქვს. განახლებულ ესთეტიკის ცენტრში მომხმარებელს დახვდება მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სამსხივიანი ლაზერული აპარატი – Soprano Titanium, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ სულ რამდენიმეა. ამ აპარატის უნიკალურობა ჭარბთმიანობისგან გათავისუფლების გარანტია! ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხეულის გამაჯანსაღებელი − ანტიცელულიტური და სარელაქსაციო მრავალფეროვანი მასაჟით, სახის გამაახალგაზრდავებელი პრემიუმკლასის პროცედურებით და ასევე ვიზაჟისტის მომსახურებით.
ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?
ცხადია, ყველა ბიზნესის დაწყება მოითხოვს გაბედულობასა და სითამამეს, არ არსებობს ურისკო წამოწყება. სილამაზის სფერო, რომელშიც ვაპირებდით ჩაბმას, საკმაოდ მრავალფეროვანი, კონკურენტული და კარგად ათვისებული იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც დიდი რისკი იყო, მით უმეტეს − შეზღუდული ფინანსური კაპიტალით.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
ვფიქრობ, ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას, კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებლების ნდობას ჩვენი ესთეტიკის მიმართ, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, რაც სურვილს მიჩენს, კიდევ უფრო დავხვეწო და მრავალფეროვანი გავხადო სხვადასხვა სერვისი. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ La Clinique სრულად დაკომპლექტებულია ქალებით. მათთან მუშაობა, კომუნიკაცია და ხედვების გაზიარება კიდევ ერთ დამატებით მოტივაციად იქცა.
მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?
ვფიქრობ, ჩვენს წარმატებაში ბედისა და იღბლის წილი საკმაოდ დაბალია და მიღებული შედეგი თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა. ზოგად ჭრილშიც, ნაკლებად ვცნობ იღბლიანობის ფენომენს და მიმაჩნია, რომ ადამიანი საკუთარ იღბალს თვითონვე ქმნის.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?
მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის დიდი ინტერესი მქონდა, თუმცა პრაქტიკული ბიზნესის მართვის გამოცდილება და ფინანსური კაპიტალი ამისთვის არ გამაჩნდა, საჭირო იყო კლინიკის სათანადო აპარატურითა და მაღალი უსაფრთხოების ნორმებით აღჭურვა. ჩემი მხრიდან ეს საკმაოდ რისკიან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა არაერთი თვალსაზრისით. საქმეში მართლაც უამრავ ბარიერს წავაწყდი, თუმცა საბოლოო ჯამში, სწორად დაგეგმილი სტრატეგიით ნამდვილად შევძელით წარმატებულად გაგვერთმია თავი არსებული პრობლემებისთვის.
რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?
დამოუკიდებელმა ბიზნესმა მასწავლა, რომ რეალური ბიზნესი სულაც არაა მარტივი და უამრავ დეტალს მოიცავს. თითოეულ მათგანს კი სათანადო ყურადღება და ცოდნა სჭირდება. გამოწვევებმა ძალიან ღირებული გამოცდილება შემძინა და ცხოვრების შემდეგი ეტაპებისთვის ახალ მოტივაციად იქცა. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, რომ არასდროს აიღონ ხელი, თუნდაც იმ იდეებზე, რომლებსაც სხვები ეჭვის თვალით უყურებენ და გააკეთონ ყველაფერი მის განსახორციელებლად. ასევე, მიღებული შედეგით არასდროს დაკმაყოფილდნენ, რადგან ან წინ მიდიხარ, ან უკან. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.