Get All Access for $5/mo

"ჰობიდან ბიზნესსაქმიანობამდე" - თამარ ქომეთიანის "სისნიცა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამარ ქომეთიანს თიხაზე მუშაობა ბიზნესის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეუყვარდა. როგორც იხსენებს, პირველად თიხით ძერწვის პროცესს არტთერაპიაზე გაეცნო და ასე იქცა საქმიანობა მისთვის საყვარელ ჰობად.

რაღაც დროის გასვლის შემდეგ თამარმა დაინახა, რომ თიხით მის გატაცებას ბევრად დიდი პოტენციალი ჰქონდა - შეეძლო ის ეკეთებინა, რაც უყვარდა და შემოსავალიც ჰქონოდა. პროფესიით ფსიქოლოგმა გადაწყვიტა ბიზნესსაქმიანობა დაეწყო - ასე დაიბადა "სისნიცა".

"ძალიან მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც, პირველ რიგში, იმიტომ გაფასებენ და გენდობიან, რომ ადამიანი ხარ, სადაც საჩუქარს მაინც შეიძენ, მიუხედავად იმისა, იმ მომენტში საჭირო თანხა გაქვს თუ არა. მინდა ჩემი ნამუშევრებით ხალხს შევახსენო, რომ მთავარი სიყვარულია და ისინი ოდნავ მაინც დავაახლოო "შინაგან ბავშვთან", რომლის არსებობაც ხშირად გვავიწყდება რთულ ყოველდღიურობაში", - ამბობს თამარი.

იხსენებს, რომ თავიდან მის წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ. განსაკუთრებით ოჯახი ნერვიულობდა - ფიქრობდნენ, რომ დროს კარგავდა.

"მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია, პირიქით - ჩემი თავი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ საქმეს უზარმაზარი სიყვარულით ვაკეთებ და ამას მომხმარებლებიც გრძნობენ".

ყველაზე რთულ პერიოდად პანდემიის პერიოდს მიიჩნევს. როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, სრული ლოქდაუნისა და ყველაფრის გაჩერების პირობებში მისი წარმოებაც რისკის წინაშე დადგა.

პანდემიის დაწყებამდე სისნიცური სკოლის გახსნას გეგმავდა, სადაც ძალადობაგამოვლილ ქალებს ახალ პროფესიას შეასწავლიდა. თუმცა კოვიდპანდემიამ დიდი გავლენა იქონია "სისნიცაზე" და ამ გეგმის დროებით გადადებამაც მოუწია.

ამბობს, რომ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ძალიან ბევრი ჩვევა განუვითარა, მაგალითად: დროის მენეჯმენტი, შეცდომების დაშვება და შემდეგ მათი გამოსწორება, რესურსების, უნარების სწორად შეფასება და, რაც მთავარია, მომხმარებლების სურვილების ამოცნობა. სწორედ ამიტომ მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებაზე.

კითხვაზე, დამწყებ ანტრეპრენერებსა და მენეჯერებს რა რჩევას მისცემდა, თამარი ასე გვპასუხობს:

"თუ ახლა იწყებ, გეტყვი, რომ წინ რთული და საინტერესო გზა გელოდება. შრომისმოყვარეობა, საქმისადმი ერთგულება და გულწრფელობა უამრავი ადამიანის სიყვარულთან მიგიყვანს. მთავარია, განვითარების გეგმა სწორად შეიმუშაო და შეცდომებმა არ შეგაშინოს. შეუპოვრად გააგრძელე გზა და წარმატებითაც აუცილებლად დატკბები".

თამარი ამბობს, რომ ნამდვილი ანტრეპრენერები არიან ადამიანები, რომლებმაც გარისკეს და დაიწყეს. სიახლის ძიების, საკუთარი უნარების აღმოჩენის არ შეეშინდათ და შეუპოვრად მიიწევენ წინ, საკუთარი წარმატებისკენ, განვითარებისკენ.

საქმიანობაში მისი ინსპირაცია, მთავარი მოტივაცია "პატარა თამოა, ჩუმი და მეოცნებე, ციცქნა გოგონა დიდი წარმოსახვის უნარით". თამარის თქმით, მისთვის თიხაზე მუშაობა ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებაა.

"სისნიცა" ბავშვობაში დაბრუნებაა, ალბათ ზუსტად ბავშვური გულწრფელობაა ის მიზეზი, რის გამოც შეიყვარეს ჩემი ნამუშევრები ადამიანებმა", - გვეუბნება ის.

სამომავლო გეგმებში, პირველ რიგში, პანდემიის გამო გადადებული პროექტების განხორციელებაა. თამარი გვიყვება, რომ წელს სისნიცური, მრავალპროფილური ხელოვნების სკოლა გაიხსნება, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილ კურსებს შესთავაზებენ.

"მოსწავლეები დაეუფლებიან ძერწვას, ვიზაჟის ხელოვნებას, ქსოვას, ასევე, ბისერებით სამკაულების შექმნას შეისწავლიან, ფერწერაში მოსინჯავენ ძალებს. პატარებისთვის კი კრაფტ-შეხვედრები დაიგეგმება, განმავითარებელი აქტივობებით. ვორქშოფზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ბავშვსა და მშობელს ერთობლივად ვუმასპინძლოთ, ყველანაირად ვეცდები, რომ სისნიცური სკოლა ბავშვების საყვარელ ადგილად ვაქციო", - გვეუბნება ანტრეპრენერი ქალი.

თამარი ამბობს, რომ გენდერული სტერეოტიპები ნელ-ნელა ნაკლებად ხვდება გარშემო. ანტრეპრენერის სურვილია, ქალების ემანსიპაციაში მისმა სისნიცურმა სკოლამაც შეიტანოს წვლილი და დაეხმაროს მათ გაძლიერებაში.