Get All Access for $5/mo

მარიამ ტონკოს ისტორია Noém-ის წარმატების გზაზე

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

Noém ქართული ტრანსცენდენტური სამკაულის ბრენდია, რომელიც უჩვეულო, ორიგინალური და ელეგანტური დიზაინის მქონე სამკაულს გვთავაზობს. Noém-მა ბრძოლის, გამბედაობისა და წარმატების ხანგრძლივი გზა განვლო, რომლის შემოქმედიც კარგად ნაცნობი მარიამ კვარაცხელია, იგივე მარიამ ტონკოა. Entrepreneur მათი ამბით დაინტერესდა და გვსურს, უფრო მეტი გიამბოთ.

მარიამ ტონკო არა მხოლოდ ანტრეპრენერი, არამედ ინფლუენსერი, ტანსაცმლის დიზაინერი, UX-დიზაინერი, ბრენდინგის სპეციალისტი და კომერციული ფოტოგრაფი გახლავთ. ხშირად "ტონკო" მისი მეტსახელი ჰგონიათ, რაც რეალურად ბაბუას − გიორგი ტონკონოგოვს უკავშირდება და გვარის შემოკლებული ვერსიაა. მარიამს ბაბუასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა. მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებს, მათ შორის პატარ-პატარა ბიზნესების წარმოება, სწორედ ბაბუისგან ისწავლა.

"ეს ბიზნესები, პატარ-პატარა საქმეები, ამ კაცს ჰქონდა და ძალიან საყვარლად მასწავლიდა. ოღონდ მე დრო დამჭირდა, რათა გამეაზრებინა. როდესაც ცუდ გუნებაზე ან მძიმე პერიოდში ვარ, მუდამ ვფიქრობ ხოლმე, მას იმდენად ვუყვარდი, რომ რას მირჩევდა. როგორც ყველა ამბობდა, ის მამასავით მყავდა. 4 თვე ბაბუასთან ვრჩებოდი და საქმეებზე დავყვებოდი. მგონია, რომ ბაბუას ნაწილს ვატარებთ ამით", − ამბობს იგი.

პატარაობაში მარიამი ჩაკეტილი ბავშვი იყო, სავარაუდოდ აუტიზმის სპექტრის გამო, რომლის შესახებ სულ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. მუდმივად შინ ყოფნა და კერვა უყვარდა. კერვა 2 წლიდან დაიწყო, ამ საქმეში განსაკუთრებულ სტიმულს კი ბაბუა სძენდა.

"ბავშვობაში შინიდან არ გავდიოდი, ხმას არ ვიღებდი, მეგობრები არ მყავდა 12 წლამდე. ბაბუასთან ერთად დავდიოდი სოფელში, საქმეებზე. იქ მას სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა. პატარ-პატარა თაფლის საწარმოები და მუდამ სხვადასხვანაირი რაღაცები. მხოლოდ ის იყო ჩემი მეგობარი. არ მთხოვდა, რომ ხმა ამომეღო. მეც ვუსმენდი მოლაპარაკებებს. მაძლევდა ხოლმე ფულს − მიუტანე, გადათვალეო. ში რომ ჩემზე კიოდნენ დებილია, ხმას არ იღებსო, ბაბუაჩემი ამბობდა შეხედეთ, რამდენი ფული დამითვალა, თან როგორ... ამით მუდამ მხარდაჭერას მაჩვენებდა და თავისუფლებას მაძლევდა. ქუდებს ვუქსოვდი, ტანსაცმელებს ვუკერავდი. მოდიოდა, მომიტანდა რაღაცას და ვეუბნებოდი 20 ლარში გაწყობს, გავაკეთებ თუ არადა, არა-მეთქი. მთლიანად მან აღმზარდა და ამას ახლა მივხვდი", − იხსენებს მარიამი.

ნოემის დაარსებამდე მარიამმა საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო. თავიდან სტომატოლოგიაზე სწავლობდა თუმცა შემდგომ გულის ხმას მიჰყვა და მოდის სფეროში შეაბიჯა. სწორედ ნოემთან ერთად ისწავლა ბევრი რამ, რათა ბრენდს დღევანდელი სახე მიეღო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მას პატარაობიდან არაერთი ტრაგედიის გადატანა მოუწია. საყვარელი ადამიანები ბაბუა, დედა და ბებია ერთი წლის განმავლობაში რიგრიგობით დაკარგა. შემდეგ არასრულწლოვანს მთელი ქონება დააკარგვინეს, საბოლოოდ კი მამასთან ერთად მოუწია ცხოვრება, რომელთანაც არც ისე ახლოს იყო.

"აბიტურიენტი ვიყავი და ვფიქრობდი, რა ხდება − არ მაქვს ფული, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, არაფერი. ერთი კომპიუტერი მქონდა, რომ სამყაროს ინფორმაციას არ მოვმწყდარიყავი და მობილური ტელეფონი, რომელიც მაშინდელმა დაქალმა მაჩუქა. კარადაც არ მქონდა, ჩემოდანში ვინახავდი ტანსაცმელს, ლეიბი ძირს იდო. ვოცნებობდი იმაზე, თუ როგორია ტანსაცმლის ჩამოკიდება. არ იყო კომფორტული, არადა, ძალიან შემაჩვია ბაბუამ კომფორტს − ნანახი თუ არ გაქვს, არ მოგინდება. შეგრძნება მქონდა, რომ სხვანაირი ვიყავი და პატრონი, დამცველი არ მყავდა. შიში გამიჩნდა, დეპრესია დამეწყო", იხსენებს მარიამი.

ამ სტრესმა საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩინა. ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკასაც მიმართა, თუმცა არაპროფესიონალები დახვდნენ და ისეთი პრეპარატები დაუნიშნეს, რაც 18 წლამდე ასაკისთვის დაუშვებელი იყო. გამთიშველი წამლებისგან მეგობრის დედამ იხსნა, რომელმაც ოჯახურ სიმყუდროვეში წაიყვანა.

"ისევ გაგრძელდა ჩემთვის ის, რასაც მიკეთებდა ბაბუა. ჩემ მეორე აღმზრდელ მაია. ყოველდღე მეფერებოდა − მერე რა, რომ სხვანაირი ხარ, თუკი რამე კარგად გამომდიოდა, იმ ყველაფერზე მიმახვილებდა აქცენტებს. სწორედ იმ დროს გამიჩნდა მოტივაცია, რომ მე ფული უნდა ვიშოვო, უნდა გავიდე და ვიმუშაო", − იხსენებს იგი.

მარიამი ბავშვობიდან მუშაობდა. 13 წლისა ერთ-ერთ სალონში ნაწნავებს აკეთებდა და შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე ვაჭრობდა. 16 წლის ასაკში გაყიდვებზე მუშაობდა ერთ-ერთი ბანკისთვის, შემდეგ აბიტურიენტი გახდა და სამხატვრო აკადემიაში სურდა სწავლა, მაგრამ გადაიფიქრა − მაშინდელი საზრუნავი უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო, ამიტომ ისეთი პროფესია აირჩია, სადაც ფიქრობდა, რომ ფულს კარგად გამოიმუშავებდა.

"გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში ფულია მნიშვნელოვანი. რადგან გადავრჩი, მე უნდა ვიყიდო სარეცხი მანქანა და სხვა რაღაცები. პირველი, რაც დავინახე, შრომა და ფული იყო. სამხატვროში ძალიან საჩემო ხალხი იყო, მაგრამ შემეშინდა, თითქოს დროის კარგვა დავინახე. რა თქმა უნდა, ეს დროის კარგვა არაა, ხელოვნებაა, მაგრამ როდესაც შენ გიჭირს და ველურ პირობებში ხარ, გჭირდება სტრატეგია. ამიტომ გავთვალე − თან ხალხის დახმარება მინდოდა, რადგან გაბრაზებული ვიყავი, როგორ კლავენ დაავადებები ადამიანებს, თან ფულის გამომუშავებაც მსურდა − გამოცდები ჩავაბარე სტომატოლოგიაზე. ვიფიქრე, გარდაცვალებას ვერ დავინახავ, მაგრამ ხალხს დავეხმარები. პირველესად გავიგე, რომ სტომატოლოგიით კარგი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი", − იხსენებს მარიამი.

სამედიცინო სასწავლებელში სწავლის პარალელურად 3 წელი სტომატოლოგის ასისტენტი იყო. გარდა ამისა, გაყიდვებზეც მუშაობდა და კიდევ სხვა უამრავ პოზიციაზე. მთლიანობაში ასე 24-მდე სამსახური დააგროვა, სადაც პერიოდულობით დადიოდა ხოლმე.

"მუდამ იმას ვაქცევდი ყურადღებას, თუ სად იყო მეტი ფული. კომფორტი და განვითარების მეტი შესაძლებლობა. შორეული სტრატეგია მქონდა, რომ ჩემ სახლში მჭირდება რაღაცები. ყველაფერი გამოვიარე ალბათ, რადგან ყველგან ვცდილობდი მოხვედრას. უმეტესობა სამსახურში სექსუალური შევიწროების მცდელობებიც მხვდებოდა", იხსენებს მარიამი.

"ნოემის" დაარსებამდე მას მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, სადაც აწინაურებდნენ კიდეც, თუმცა ეს სამსახური დატოვა. მუშაობის ხელახლა დაწყებაც არ აშინებდა, რადგან საკმარისი გამოცდილება ჰქონდა. მომდევნო 3 თვე ინფორმაციის შეგროვებას დაუთმო და სწორედ მაშინ გააგრძელა კერვა.

"დრო გამიჩნდა ჩემი თავისთვის. საჭმელი მაქვს, სახლში თბილა, დავიწყე კერვა და ვფიქრობდი რა მიყვარს, რა მინდა, ვინ ვარ, როგორ მოვიქცე. მოკლედ, გამოვცურე უბედურებებიდან",ამბობს მარიამი.

მთელი ეს პერიოდი გაყიდვების სფეროში მუშაობდა. მოდაც მოსწონდა, შესაბამისად, ბევრი რამ აინტერესებდა, მათ შორის სოციალური ქსელი, ციფრული მარკეტინგი თუ სხვა. ონლაინკურსებზე სიარული დაიწყო და 3 თვე ფიქრსა და დაგეგმვას მოანდომა. ნაჭრები იყიდა და ნელ-ნელა "ნოემის" შექმნას შეუდგა.

თავდაპირველად კაბები შეკერა. ბავშვობიდან ძალიან რთულ კაბებს კერავდა. ნამუშევრებს ფოტოები გადაუღო და ვებგვერდზე ატვირთა. თუმცა, კაბებმა არ გაამართლა. იმის ძიებაში, თუ რა იყო მიზეზი, სხვა პროდუქტების შექმნა გადაწყვიტა, რომლის შეძენა უფრო მარტივი იქნებოდა. ამიტომ საყურე აიღო და დიზაინზე დაიწყო ფიქრი.

იმ პერიოდში კონტურინგი იყო მოდაში, ქალებს სახის დათხელება სურდათ, მარიამმა ეს ტრენდი დაიჭირა და საყურე შექმნა, რომელიც ოპტიკური ილუზიით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს სახე თხელდება და გრძელდება. ამ საყურემ გაამართლა, ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა ამ დიზაინის წარმოება მალევე შეწყდა, რადგან მარიამს მიაჩნდა, რომ "სახის დათხელება" ყალბი საჭიროებაა, რომელიც მსოფლიო მოდამ შექმნა და არ ეთანხმებოდა. მალე "ნოემში" ახლებური დიზაინი გაჩნდა, რომელიც უცხო იყო იმ პერიოდისთვის.

"მსოფლიო მოდამ ჩანერგა სახის დათხელების სურვილი ქალებში და მე ამოვიცანი ეს საჭიროება. არ ვეთანხმებოდი − ხალხს რაც უნდოდა უფრო ის იყო, ვიდრე მე რაც მინდოდა და მომწონდა. მაგრამ საწყის ეტაპზე ასე იყო საჭირო − ბიზნესისთვის მომხმარებლების საჭიროების კვლევაა განსახორციელებელი, ვიდრე თავად აჩვენებ სიახლეს, რომელიც არც იციან და შესაბამისად, არც აკლიათ", − ამბობს იგი.

მარიამი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებდა და სხვადასხვა კურსს გადიოდა, რომელიც ბიზნესსა და ფინანსებს შეეხებოდა. "ნოემის" ზრდასთან ერთად, მუდმივად განვითარებაზე ზრუნავდა. პირველი ფოტოაპარატიც მაშინ იყიდა − სამკაულისთვის ფოტოები რომ გადაეღო.

"ვიფიქრე, ჩემ მაღაზიაში ცუდი სურათები ხომ არ მექნება-მეთქ. სწორედ მაშინ უკვე დამჭირდა და პირველი ფოტოაპარატი ვიყიდე, დაახლოებით 400 ლარამდე ღირდა. თუმცა, თავდაპირველად ჩემი დაქალები გადავიღე მობილურით და სურათები Paint-ში დავარედაქტირე", − იხსენებს იგი.

მარიამმა სწორედ "ნოემისთვის" ისწავლა ფოტოგრაფია, გაიარა კერვის, პროდუქტის დიზაინის კურსები. "ნოემის" ჟურნალისთვის, Adobe illustrator და indesign-იც კი ისწავლა, რომელიც იმ პერიოდში გამოდიოდა ხოლმე.

ბრენდის განვითარებისთვის ახალ იდეებს იგონებდა, შემოსულ ფულს კი ქონებაში აბანდებდა. სწორედ ასე იყიდა საკერავი მანქანები და სამკერვალოც გახსნა, რომელსაც ასევე გადაკეთებებზე ამუშავებდა. შემდეგ პიჟამების გაყიდვა დაიწყო. გარკვეული პერიოდი ძაღლებისთვისაც კერავდა საწოლებს, "ჰეფი ფეთი" შექმნა და პირველივე დღეს დიდი შეკვეთა აიღო. თითოეული მათგანიდან თანხას "ნოემისთვის" ზოგავდა და ცდილობდა მყარი ბიზნესი ჩამოეყალიბებინა.

"ბევრი პატარ-პატარა ბიზნესი გვქონდა რეალურად, რათა შემოსავალს ეცოცხლა. კი ვარჩენდით ჩვენსავე თავს, მაგრამ დამატებით მუდმივად მჭირდებოდა თანხა განვითარებისთვის. ამიტომ, რამდენიმე ნაწილად მქონდა დაყოფილი და პრინციპში ძალიან დაზღვეულიც იყო. შემოსავალი სხვადასხვა მცირე ბიზნესიდან ერთიანობაში ნაწილდებოდა 12 თანამშრომელზე − 8 ვიყავით ფიქსირებული და 4 ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა", − ამბობს მარიამი.

"ნოემმა" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ფუნქციონირება, როდესაც ონლაინშოპინგი ახალი ხილი იყო. შესაბამისად, ნდობის მოსაპოვებლად მთელმა გუნდმა უდიდესი შრომა გაიღო. სათითაოდ ურეკავდნენ მომხმარებლებს და აჯერებდნენ, რომ თაღლითები არ იყვნენ. სპეციალურად მოპედებიც იყიდეს კურიერებისთვის. საბოლოოდ კი სანდო და სასიამოვნო მომსახურება დანერგეს, რამაც შემოსავალი მოიტანა.

"ნოემი" ქალებისთვის, გოგოებისთვისაა. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემ გუნდს, რომ ყველა, ვინც მოგვწერს, ხელისგულზე ვატაროთ. მე რომ ცუდად ვარ და დაღლილი ვარ, ვიღაცამ გამიკეთოს, მომიტანოს, მკითხოს, რომელი უფრო მომწონს. მინდა ხალხი გავაბედნიეროთ, ვინმეს თუ რამე არ მოეწონება, ვაჩუქოთ", − ამბობს მარიამი.

"ნოემისთვის" ყველაზე რთული პერიოდი პანდემია აღმოჩნდა − ისევე, როგორც სხვა ონლაინბიზნესებისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ვაჭრობაც აუკრძალეს. თუმცა, ბრენდის გადასარჩენად მარიამმა არაერთ ხერხს მიმართა. რაკი პანდემიის პერიოდში მეორადი ტანსაცმელი დაფასდა − მეორადების, აუთლეტების გაყიდვა დაიწყო და იქიდან შემოსულ ფულს კვლავ "ნოემს" ახმარდა, რითაც 2-3 თანამშრომელი შეინარჩუნა.

მართალია, გაყიდვები პანდემიის პერიოდშიც იყო, თუმცა იმდენი არა, რომ ბიზნესს თავი ერჩინა. მხოლოდ ორი თანამშრომელი − გვერდის ადმინისტრატორი და კურიერი არჩენდა ბიზნესს. მარიამი კი სხვა სამსახურებში მუშაობდა და მათ აძლევდა ხელფასს.

გარკვეული პერიოდი სტუდენტები ჰყავდა, რომლებსაც ლექციებს უკითხავდა ბრენდის შექმნასა და ბიზნესის წამოწყებაზე. კურსის განმავლობაში მოსწავლეებს მინიმალური საწყისი თანხით ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში ეხმარებოდა.

"ეს ფულის გამო არ გამიკეთებია − მჭირდებოდა, რომ ფუნქციური ვყოფილიყავი. ალბათ იმ პერიოდს ველოდებოდი, როდის ჩაივლიდა ეს პანდემია. რამდენიმე ადამიანს რეალურად დავაწყებინე ბიზნესი", − ამბობს მარიამი.

გარდა ამისა, იგი კონსულტაციებს ატარებდა ბრენდებისთვის. არაერთ ბრენდს დაეხმარა გადარჩენაში. შემოსავალს სოციალურ ქსელებში გაკეთებული რეკლამაც დაემატა, არადა TikTok-ი თავიდან გასართობად და მარკეტინგული ტრენდების გასაცნობად ჩამოტვირთა.

"მგონია, რომ სამყარო მომეხმარა. TikTok-ზეც ბევრისთვის გამიკეთებია რეკლამა. ინფლუენსერობა მეზიზღება ეს სიტყვა. ეს არის ყველაზე მარტივი ფული ჩემ ცხოვრებაში, რაც მიმიღია",ამბობს მარიამი.

გარკვეული პერიოდი საკუთარი ნივთების გაყიდვაც დაიწყო, სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნა და იქ ყიდდა. რასაც შოულობდა − "ნოემს" ახმარდა.

ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ პანდემიის დაწყებამდე კომერციული ფართი აიღო. იმედი ჰქონდა, რომ პანდემია დიდხანს არ გაგრძელდებოდა. თუმცა, შეცდა. ბიზნესის პრობლემებთან ერთად, ბანკის ვალების გადახდა უჭირდა, რომლებიც მისი თქმით, მუქარის ენით ესაუბრებოდნენ.

"VIP ბიზნესწევრი რომ ვიყავი, "რაფაელოთი" და იტალიური ყავით მხვდებოდნენ. თუმცა, შემდეგ უც მირეკავს ვიღაც და მეუბნება: სასწრაფოდ ფული მოიტანე. ში მივარდებოდა იზოლაციის პერიოდში. რატომ გაბედა ამდენი, არ ვიცი", − იხსენებს მარიამი.

საბოლოოდ, ბანკის მუქარითა და ტყუილებით ოფისი გაყიდა, მასთან ერთად საკერავი მანქანებიც, თუმცა ვალის გადახდა დღემდე უწევს. ამას ისიც დაემატა, რომ მის ოფისში ქურდი შეიპარა და 13 000 ლარის ღირებულების ფოტოსტუდია წაიღო, პლუს ლეპტოპი.

"ბევრი მეუბნებოდა, ავადმყოფი ხარ, გაანებე თავიო, მაგრამ როგორ გავუშვა-მეთქი?.. 2015 წელს 200 ლარით რომ დავიწყეთ, რამდენი რამ გამოვიარე და რამდენ წარმატებას მივაღწიე. ამ ყველაფრით საქველმოქმედო რაღაცები გავაკეთე ქალთა დახმარების ჯგუფი, ბავშვთა დახმარების ჯგუფი. ახლა ბურუსში მახსოვს ეს ყველაფერი", − იხსენებს მარიამი.

ბოლო გიჟური გადაწყვეტილება, პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი სახლის გაყიდვა და კომერციული ფართის შენარჩუნება იყო, რაც მუშაობისა და "ნოემისადმი" არსებულმა სიყვარულმა გააკეთებინა.

"ზოგადად, საქართველოში ყველანაირი ბიზნესი რისკია, ოღონდ ამტანობა უნდა გქონდეს, რომ არ შეეშვა. აი, ახლა მე გავრისკე, ავიყვანე თანამშრომლები, რომლებიც მენდობიან და თავიდან "წამოვქოქე" ეს ყველაფერი. სად მიდიხარ, ხომ?.. მაგრამ, კომერციული ფართი რომ გამეყიდა, სად უნდა მემუშავა?.. თუ მუშაობას მოაქვს ფული, ისედაც იპოთეკით მქონდა და თავიდან მექნება ბრუნვა ანგარიშზე", განმარტავს მარიამი.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიებისა და ტრავმების არანორმალური წლები გამოიარა, იგი კვლავ განაგრძობს ბრძოლას "ნოემისთვის". ამისთვის კი ძალა, როგორც თვითონ ამბობს, ისევ ხალხმა მისცა.

"ფაქტობრივად ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ თავში და გულში ყველაფერი გატეხილიყო ჩემთვის, მაგრამ ხალხმა მაპოვნინა ძალა. ჯერ TIkTok-ში რომ მიიღეს ჩემი თავი და ის, რაც არ მომწონდა. ჩემნაირები გავიცანი",ამბობს მარიამი.

ამდენი თავგადასავლის მიუხედავად, ტრანსცენდენტური სამკაულის ბრენდი განსაკუთრებული წარმატებით აგრძელებს მუშაობას, ახლებური ტრანსფორმაციული კოლექციითა და შემართებით. "კოლექციის ასეთი ჩაშვება მე არასდროს მქონია", − ამბობს მარიამი. ზრდა გუნდშიც შეიმჩნევა − ახლა "ნოემის" გუნდში 6 თანამშრომელია, რომლებიც საუკეთესოები არიან თავიანთ საქმეში.

"შეიძლება ტყუილად არ გამივლია ეს ყველაფერი ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ქაოსში ვარ. მადლობელი ვარ, რადგან ახლა სულ სხვანაირად ვმართავ, სულ სხვანაირად ვითვლი ფულს და შეიძლება ითქვას, რომ მიხარია ეს ყველაფერი რომ მოხდა", − ამბობს იგი.

მარიამის თქმით, როდესაც გიჟი ანტრეპრენერი ხარ, შორს უნდა გაიხედო − რა გსურს შექმნა ადამიანებისთვის. მისი აზრით, ანტრეპრენერი არ ხარ, თუ მხოლოდ შენი თავისთვის გინდა. საჭიროა შექმნა ისეთი რამ, რაც ადამიანებში ცვლილებას მოიტანს. ეს ცვლილება კი უპირველესად შენში უნდა მოახდინო, თავადვე უნდა გიყვარდეს და გჯეროდეს იმდენად, რომ სხვასაც დააჯერო.

"მე ჩემი თავისთვის შევქმენი "ნოემი", მჭირდებოდა რწმენა და იმედი. ასე უნდა იპოვონ რაღაცის არსი, თვითონ გიჟივით უნდა სჯეროდეთ და თან ყოველივე ეს სასარგებლო უნდა იყოს ადამიანებისთვის. ემოციები გვერდით უნდა გადადონ და გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია. თან უნდა ახსოვდეთ, რომ გამოვა გამოვა, არ გამოვა და ნუ გამოვა. მაგრამ როდესაც კონკრეტულ იდეოლოგიას ატარებ, შესაძლსწორედ ამან გადაგარჩინოს", − ამბობს მარიამი.