Black Friday Sale! 50% Off All Access

ოლიკო ბაბლუანი - ნოვატორის უსასრულო მოგზაურობა მსახიობი, ჟურნალისტი თუ ანტრეპრენერი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა დობროხვალოვა

ცნობილი კინემატოგრაფების ოჯახი, საფრანგეთში ბნელ 1990-იანებში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში პარიზი მათთვის თითქმის ისეთივე მშობლიურ ქალაქად იქცა, როგორიც თბილისია.

თბილისის ქუჩებში მორბენალი, სიახლეებს მოწყურებული პატარა ოლიკო ბაბლუანი ინფორმაციული ვაკუუმიდან სტუდენტობის დროს გამოვიდა – მაშინ, როცა მშობლებმა ძმებთან ერთად ევროპაში სასწავლებლად გაუშვეს. ახალი ცოდნის შეძენის წყურვილით შეპყრობილი გოგონას თვალწინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა – აურაცხელი შესაძლებლობით, ცოდნის მიღების უამრავი შანსით.

შემეცნებისა და ექსპერიმენტების პროცესი დღემდე არ დასრულებულა. ოლიკო ბაბლუანისთვის სიცოცხლე მუდმივი ზრდა, ახლის შემეცნება და განვითარებაა, წარმატების მოტივაცია კი სისუსტეების დამარცხებისა და შეუჩერებელი წინსვლის სურვილი. ამიტომაც დაინტერესდა მისი პერსონით ქართული Entrepreneur.

როცა ოლიკო ბაბლუანთან საუბრობთ, ყველაზე რთულია განსაზღვროთ, რა როლს თამაშობს მის ცხოვრებაში კინო. ან ტელევიზია. ან სხვადასხვა ჟურნალის წარმატებული რედაქტორობა. ან ნებისმიერი პროექტი, რომელიც ოდესმე უკეთებია (მაგალითად, ჩინური თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, მედიაპარტნიორობა ეროვნულ გალერეაში). საუბრის ბოლოს კი ხვდებით, რომ მისი საიდუმლო მარტივი ფორმულაა – ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საქმიანობს, სხვადასხვა ინტენსივობით მონაწილეობს ფილმებში, ან ქმნის ტელეპროექტებს. თუმცა, მთავარი პრიორიტეტი მრავალფეროვნებაა, მუდმივი განვითარება და ცხოვრებისეული პრინციპი – იყოს მუდმივ მოძრაობაში, როგორც თავად ამბობს, "სიცოცხლეში ჩაწერილი", და უკეთესმა დაასრულოს სიცოცხლე, ვიდრე დაიბადა.

თუკი მის დახასიათებას ერთი სიტყვით გვთხოვთ, გეტყვით, რომ ცნობისმოყვარე ადამიანია.

ბავშვობიდან ერთ ადგილას გაჩერება უჭირდა. დადიოდა და დადიოდა – უბნიდან უბანში, სამეზობლოდან სამეზობლოში. აინტერესებდა ახალი ადამიანები, სხვადასხვა სოციუმი. "მთაწმინდაზე, სოლოლაკში გავიზარდე. 11 წლამდე იქ ვცხოვრობდი. შემდეგ დიდუბეში გადავედით. ვერაზე, 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. ყველგან დავდიოდი – გლდანში, ვაზისუბანში, ორთაჭალაში. ყველა უბანში ვმოგზაურობდი, სადაც ნათესავი მყავდა. ვედებოდი უბნებს, მაინტერესებდა, სად როგორი სოციალური ცხოვრება იყო, როგორები იყვნენ ადამიანები განსხვავებულ გარემოში. ყველა უბანში განსხვავებული ტიპისა და ასაკის მეგობრები მყავდა. ბევრს ვკითხულობდი. სადაც შემეძლო რაიმე ახალი აღმომეჩინა და გამეგო, იქით მივიწევდი. ადამიანი რაც უფრო ცნობისმოყვარეა, მით მეტის აღმოჩენა შეუძლია".

ცნობისმოყვარეობა მომავალში მისი ცხოვრების ერთ-ერთ წარმმართველ ძალად იქცა.

ოლიკო ბაბლუანების ოჯახის უფროსი შვილია. მისმა ბავშვობამ ბნელ 1990-იანებში განვლო. მთავარი თავშესაფარი და სიმშვიდის წყარო ოჯახი იყო. მამა ცნობილი რეჟისორი – თეიმურაზ ბაბლუანი გახლდათ. ოლიკო უმცროს და-ძმასთან ერთად იზრდებოდა.

მომავალი მსახიობი და ტელეწამყვანი თეატრალურ უნივერსიტეტში კინომცოდნეობას სწავლობდა, როდესაც ბაბლუანების ოჯახმა დიდი ძალისხმევის შედეგად, 3 შვილის საფრანგეთში სასწავლებლად გაშვება შეძლო. ოლიკოს მესამე, უმცროსი ძმა, პარიზში რამდენიმე წელიწადში ჩავიდა. შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა ოჯახის უმთავრესი პრიორიტეტი იყო. არაფერი არ დაიშურეს, რომ შვილებს სწავლა ევროპაში გაეგრძელებინათ.

"1990-იან წლებში, როდესაც ქალაქი მთლიანად პარალიზებული იყო, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ფრანგული ენის დასაუფლებლად საზღვარგარეთ გაეშვათ. სააგენტოები, რომლებიც მსურველებს ენის შემსწავლელ კურსებზე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ, სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდნენ. ჩემმა ოჯახმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ საფრანგეთში წავსულიყავით. მაშინ, ქვეყანაში, ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა. შუქიც კი არ იყო. ერთადერთი გამოსავალი, განათლების უცხოეთში მიღება გახლდათ. მშობლებისთვისაც მთავარი პრიორიტეტი ეს იყო. მათ მთელი კაპიტალი ჩვენს განათლებაში დააბანდეს".

ოლიკომ ახალ გარემოში თავის დამკვიდრება დაიწყო. მთავარი იარაღი სწავლა იყო. ენის კურსების გავლის შემდეგ, ქვეყნის ისტორიის შემეცნებაზე გადავიდა. "მსურდა მცოდნოდა, რომელ ქვეყანაში მოვხვდი, თავის დასამკვიდრებლად რა უნდა გამეკეთებინა. საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ვიყავი".

ცოტა ხანში, ბაბლუანებმა ფილმების გადაღება უკვე საფრანგეთში დაიწყეს. გელა ბაბლუანის "13" რამდენიმე წელიწადში გამოვიდა. ამასობაში, საფრანგეთში უფროსი ბაბლუანები ჩამოვიდნენ. დედ-მამა შვილების გარეშე ვერ ძლებდა. დღემდე, მთელი ოჯახი საქართველოსა და საფრანგეთს შორის მოგზაურობს.

ოლიკო სწავლობდა ყველაფერს, რაც აინტერესებდა. აგროვებდა ინფორმაციას იმ ქვეყანაზე, სადაც წლები უნდა გაეტარებინა. შეისწავლა ისტორია, მასმედია. თუმცა, კინო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და დღემდე ასეა. "გადასაღებ მოედნებზე ვიზრდებოდით. მამაჩემი მუდამ ფილმებს იღებდა, დედა ბავშვებთან ერთად იყო. კინო ჩვენთვის გარესამყაროსთან კავშირის წერტილი გახლდათ, ბუნებრივი მდგომარეობა. როცა გელა საფრანგეთში ფილმს იღებდა, ქართულ-ევროპული კინოს ახალი პურის მარცვალი ჩათესა, რომელში მონაწილეობაც აუცილებლად მინდოდა.

ოლიკოს მასმედია ყოველთვის აინტერესებდა. სურდა შემეცნებითი ტელეპროექტი გაეკეთებინა. და სად, თუ არა სორბონას უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებით შეეძლო სასურველი ცოდნა მიეღო.

2014 წელს საქართველოში საკუთარი პროექტით დაბრუნდა. "მშვიდობით იარაღო" – ასე ერქვა გადაცემას, რომლის კონცეფციის რეალობად ქცევა საკმაოდ რთული გამოდგა. ოლიკომ სატელევიზიო გადაცემის კონცეპტი შექმნა, რომლის პრინციპიც ასეთი იყო: გადაცემაში განსხვავებული სოციალური სფეროსა და პროფესიის ადამიანებს იწვევდა. მათ შორის იყო ცნობილი პიროვნება, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაზე ახდენდა გავლენას. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხელოვანი იყო თუ პოლიტიკოსი. ფსიქოლოგი, მწერალი, პოლიტიკოსი, მეხანძრე – ერთად სხდებოდნენ და ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირო თემებზე ერთადვე საუბრობდნენ. ადამიანები, რომლებიც ერთად ვერასოდეს გადაიკვეთებოდნენ. როგორც თავად ამბობს, "საქართველოში, ველურ კაპიტალიზმში, კლასობრივი სხვაობა ძალიან დიდია. ეს საბჭოთა ისტორიულ-ფსიქოლოგიური მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ისევ მუშაობს. პატარა პრობლემამ დიდი რეალობა გამოავლინა: ხშირად ადამიანებს "მთავარ ცნობილ სტუმართან" საუბარი უჭირდათ. ამბობდნენ, რომ აზრს ნებისმიერ სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ თემაზე დააფიქსირებდნენ, მაგრამ კამერების წინ აზრს იცვლიდნენ. "დიდი კაცის რიდი", და ზოგადად, "დიდი კაცის ფენომენი", კვლავ ძლიერად მუშაობს. ეს, სამწუხაროდ, შესამჩნევი იყო".

პროექტზე მუშაობა ოლიკომ საკუთარი კომპანიის სახელით დაიწყო. დღემდე ბაბლუანთან 7 ადამიანი მუშაობს: პროექტების მენეჯერი, ჟურნალისტები, მარკეტინგის ხელმძღვანელი. თავად ოლიკო კომპანიას უძღვება და ყველა პროცესში თავადაც ჩართულია. "არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ. ძლიერი ჯგუფია. მათ გარეშე, რაიმეს შექმნა გამიჭირდებოდა".

პირველი პროექტი, რომელიც ოლიკომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ "პირველ არხზე" წამოიწყო, სწორედ "მშვიდობით იარაღო" იყო. ქართულ რეალობაში მუშაობა და აქაური კულტურული თავისებურებების გათვალისწინება არ გასჭირვებია. "როცა პარიზში ჩავედით, ადაპტაციის პროცესი გავიარეთ, იმ კულტურასთან შერწყმა მოგვიხდა. არც აქაურობასთან თავიდან შეგუება წარმოადგენდა სირთულეს. ახლა ბურკინა-ფასოში რომ გამიშვა, არც ეს იქნება პრობლემა. ქვეყნები ჩემთვის უკვე ოფისებია – ჩამოვფრინდები, ვმუშაობ, ვრჩები საქმეს, ვჯდები და მივფრინავ. სოციალურ ცხოვრებაში ჩართული არ ვარ".

ტელეპროექტის ფარგლებში, ბაბლუანმა არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პერსონასთან ჩაწერა ინტერვიუ: ვინსენ კასელი, ფრედერიკ ბეგბედერი, ბეატრის დალი. მათ შორის იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ამ ქვეყნის ყოველდღიურ სასულიერო ცხოვრებაში არ ვიყავი ჩართული და თემისგან დისტანცირება გამიადვილდა. ჩემთვის პატრიარქი საინტერესო იყო, როგორც პიროვნება, ისტორიული პერსონაჟი. მაინტერესებდა ის, როგორც უდიდესი რელიგიური ინსტიტუტის შემქმნელი.

კათოლიკოს-პატრიარქი მოგვიანებით ჟურნალ ОK!-ის ყდაზე ექსკლუზიური ინტერვიუთი დაიბეჭდა. ნოვაცია ქართულ საზოგადოებასა და მედიასივრცეში მისი ინიციატივით განხორციელდა. სწორედ იმ პერიოდში, ბაბლუანი გამოცემის მთავარი რედაქტორი გახლდათ. მასკულტურაზე და პოპულარული ადამიანების პირად ცხოვრებაზე ორიენტირებული გამოცემის ყდაზე, ერის სულიერი მამის გამოჩენა ბევრისთვის გასაკვირი და გაუგებარიც კი იყო. თუმცა, ოლიკოსთვის, ეს ფაქტი გააზრებული და კარგად გათვლილი ნაბიჯი გახლდათ. "ევროპაში მსგავს ჟურნალებში ყველანაირი ინსტიტუციის ლიდერებს ბეჭდავენ. ვფიქრობდი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სულიერი მამისთვის ადგილი დაგვეთმო. როდესაც მსგავსი ტიპის მედია ქვეყნის რომელიღაც ინსტიტუტს ვერ ეხება, ეს რეგრესის მაჩვენებელია და არა პროგრესის. როცა პატრიარქს შეუძლია მსგავს შეთავაზებაზე დაგთანხმდეს, ეს ძალიან კარგია".

გადაცემის კონცეფციიდან გამომდინარე, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გადაცემაში სტუმრობა შესთავაზა. ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადაცემით თავად ავტორიც კმაყოფილი დარჩა. "ის განსაკუთრებული ფენომენია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, მსგავსი ტიპის ადამიანი როგორი წიგნებით ინტერესდება, რა არის მისი ინტელექტუალური რესურსის საკვები, აინტერესებს თუ არა ხელოვნება, როგორ საუბრობს განსხვავებული სოციალური ფენის ადამიანებთან ერთად. მასაც აქვს ინტერესები, აქვს თავისი ხედვა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არც პოლიტიკურ გადაცემას ვამზადებ. სამაგიეროდ, ჩვენივე საზოგადოების სასარგებლოდ, უმნიშვნელოვანესი მგონია, ვიცოდეთ, თუ რა ტიპის ადამიანები ახდენენ სოციუმზე გავლენას, და უკეთ ვიცნობდეთ მათ. "მშვიდობით იარაღო" ეთერში 4 წლის წინ გავიდა და აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მსგავსი ტიპის ტელეპროექტი სიახლე იყო, რაც სრულიად ბუნებრივია. დღესაც, გადაცემა "რა დროს ძილია", ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ყოველ შაბათს, 16:00 საათზე მხოლოდ შემეცნებით თემებზეა ორიენტირებული და ისეა შეფუთული, რომ ნებისმიერისთვის მისაღები და გასაგები იყოს ინტელექტუალური, მარკეტინგული თუ ვიზუალური კუთხით".

ოლიკოსთვის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კომერციულ არხზე გადანაცვლება დიდი გამოწვევა იყო. ავტორს სურდა კულტურულ-შემეცნებითი პროექტი კომერციულ არხზე განეხორციელებინა, საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები სწორედ ფართო მასებზე გათვლილი პლატფორმიდან მიმოეხილა. "როცა საფრანგეთში, სადაც კომერციული არხების "დიქტატურაა", მსგავსი ტიპის გადაცემა სწორედ კომერციულ არხზე გადის, ესე იგი ყველგან გამოვა. ჩვენი მიზანია, ნათქვამი 10 სიტყვიდან 3-4 მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს". სახეცვლილი ფორმატითა და სახელით – "მშვიდობით იარაღო", საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, "მაესტროზე" გადავიდა, საბოლოოდ კი, "იმედის" ეთერში დაიმკვიდრა ადგილი.

"რა დროს ძილია" – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საინტერესო ადამიანებსა და მოვლენებზე მოგვითხრობს. შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი მიზანი არ იცვლება – "ჩვენთვის მთავარია, მაყურებელი მოგვყვებოდეს, ახალ ინფორმაციას იღებდეს, ინტერესდებოდეს ისეთი თემებით, როგორებიცაა კულტურა, სოციალური საკითხები, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა. ვცდილობთ, ეს ინფორმაცია ისეთი ფორმით მივაწოდოთ, რომ სახალისო იყოს. კინოს გამოცდილება ძალიან მეხმარება – გადაცემა მე მიმყავს, სცენარის ავტორიც მე ვარ და სტუმრებსაც პირადად ვარჩევ. ამავდროულად, გადაცემის კომერციულ ნაწილშიც ჩართული ვარ".

"იმედი"ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს, ოლიკო ბაბლუანი კი გადაცემის კონცეფციაზე და ზოგადად, პროდუქტის წარმოებაზე მუშაობს.

"ჩემი პლუსიც, და ალბათ მინუსიც ის არის, რომ საკუთარი უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანაში 20 წელი არ მიცხოვრია. ყოველდღიურობა, რომელმაც შესაძლოა საქმიდან ყურადღება გადამატანინოს, არ არსებობს. ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და სიყვარულს ვგრძნობ, როდესაც ქვეყნის განვითარების პროცესში შემიძლია რაიმე წვლილი შევიტანო", – ამბობს ოლიკო. სწორედ ასე, წინასწარი განწყობის გარეშე ჩათვალა, რომ საქართველოში ცნობილი ფრანგი მწერლის, "99 ფრანკის" ავტორის – ფრედერიკ ბეგბედერის ჩამოყვანა მკითხველისთვის და მაყურებლისთვის საინტერესო იქნებოდა. თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, მწერალი საქართველოში ამხელა პოპულარობით თუ სარგებლობდა. იმ პერიოდში, ჟურნალ XII-ის მოწვეული რედაქტორი იყო. ბეგბედერთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა...

"ბეგბედერს საფრანგეთში შევხვდი. ვისაუბრეთ, ინტერვიუც ჩავწერეთ. ბევრ საინტერსო თემაზე ვისაუბრეთ – განათლება, ევროპა, საფრანგეთში მიმდინარე პროცესები. შემდეგ ვთხოვე, ჩამოსულიყო. ბეგბედერის ვიზიტი ჟურნალის გამოსვლის დროს დავამთხვიეთ. ვაჩვენეთ მისი ფილმი, მოვაწყვეთ შეხვედრა საზოგადოებასთან. მე თვითონ გაოცებული ვიყავი – მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, 3 დღის განმავლობაში მანქანით დავდიოდით მასთან ერთად და კარს ვერ ვაღებდით – თავს ხალხი გვეხვეოდა", – იხსენებს ოლიკო.

ოლიკო ბაბლუანი ენერგიას, ცოდნას, ინტერესს მასმედიასა და კინემატოგრაფიაზე ანაწილებს. არასოდეს ამბობს "არასოდეს". მისთვის კინოცხოვრება არ დასრულებულა – მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საკუთარი კომპანიის საქმეებში ბოლომდეა ჩაფლული, ნებისმიერი საინტერესო შეთავაზებისთვის ღიაა.

სასიცოცხლო ენერგიას ადამიანებთან ურთიერთობიდან,
ახალი ინტერესებიდან და გამოწვევებიდან იღებს. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში გატარებულმა ბავშვობამ ბევრი რამ ასწავლა და დიდი პასუხისმგებლობაც შემატა.

"ჩემი მეგობრების 60% 15-16 წლის ასაკში გაქრა. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამხელა სხვაობა სწორედ მაშინ დავინახე. ასეთ დროს მეტი რაღა უნდა გაშინებდეს? –
ან ხარ, ან არა. და თუ ხარ, არსებობ, ბოლომდე იყავი. ცოცხალი სიცოცხლეშივე უნდა იყო".

ოლიკო ბაბლუანისთვის სიცოცხლე მუდმივი ზრდა,
ახლის შემეცნება და განვითარებაა. "ყველაზე მთავარი საკუთარ თავთან საუბარია. უნდა გვახსოვდეს: არსებობენ ადამიანები, რომელთაც ერი დაუმორჩილებიათ, თუმცა საკუთარი თავი – ვერ".

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

Payze - საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

დამფუძნებლები: გეგა წურწუმია, კახა გელაშვილი