Tsitlanadze Consultancy: Personal Branding & Money Psychology - ნინო წითლანაძის ანტრეპრენერული თავგადასავალი პერსონალურ ბრენდინგში
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
16 წელია, რაც ნინო წითლანაძე შემოქმედებით ინდუსტრიებში, კომუნიკაციებსა და PR სფეროში მუშაობს. რამდენიმე წლის წინ კი ძირითად მიმართულებად პერსონალური ბრენდინგი აირჩია და უკვე სამი წელია, რაც მომხმარებლებს კარიერული განვითარების სტრატეგიის შედგენასა და ზოგჯერ, ცხოვრების შეცვლაშიც კი ეხმარება.
Tsitlanadze Consultancy: Personal Branding & Money Psychology - ასე ჰქვია ნინოს მიერ შექმნილ კომპანიას, რომელიც დღეს მომხმარებლებს ორი სახეობის სერვისს სთავაზობს. ერთ შემთხვევაში ნინო ინდივიდუალურ მომხმარებლებთან მუშაობს და მათთვის პერსონალურ ბრენდბუქსა და სტრატეგიას ქმნის, მეორე სერვისი კი კორპორაციულ მიმართულებას გულისხმობს, სადაც იგი ტრენერი და მენტორია.
პერსონალურ ბრენდინგზე მუშაობა კარიერის მართვის გაწერილ სისტემას გულისხმობს, რომელიც პროფესიონალების ძლიერ მხარეებს, ფასეულობებს, გაზომვად სარგებელს, უნიკალურობასა და შემოსავლის ახალ გზებს მოიცავს. როგორც ნინო აღნიშნავს, პერსონალურ ბრენდზე მუშაობის დაწყება კარიერული განვითარების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, მაშინაც როდესაც დამწყები ხართ და მაშინაც თუ შემდგარი პროფესიონალი ბრძანდებით.
"PR-სა და კომუნიკაციებში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არ არსებობდა სერვისი, რომელიც პროფესიონალებს მათი საქმიანობის წარმატებით დაგეგმვაში დაეხმარებოდა. ასე დავიწყე პერსონალური ბრენდინგის შესწავლა, და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევა. ყველაზე მთავარი, რაც ჩემს კლიენტებს მიაქვთ ჩემგან არის სიცხადე − მკაფიოდ დანახვა იმისა, თუ როგორ ვითარდება მათი კარიერა ამ წამს და როგორ შეიძლება რესურსების გამოყენება საუკეთესო შედეგების მისაღწევად", − აღნიშნავს ნინო წითლანაძე.
Tsitlanadze Consultancy-ის დამფუძნებლის თქმით, დღეს კომპანიას ყველაზე ხშირად პერსონალური ბრენდის აუდიტისთვის მიმართავენ. ამ მიმართულებით კი ძირითადად რამდენიმე გამოწვევა შეინიშნება: აღიარების ნაკლებობა ან არარსებობაა, მოტივაციის ნაკლებობა, სამოქმედო გეგმის არ ქონა, თვითმარქვიას სინდრომი, არასაკმარისი ან დაბალი შემოსავალი, ახალ დონეზე ან ახალ პროფესიაში გადასვლის სურვილი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, საკმაოდ რთულ პირობებში დაფუძნდა − ნინო ოცნების სამსახურიდან წამოვიდა და მთელი ძალებით შეუდგა საკუთარი ბიზნესის მშენებლობას. გზად მას არაერთი გამოწვევა შეხვდა, რომელიც ნიშაში საავტორო მეთოდოლოგიით მომუშავე ანტრეპრენერს წილად ხვდება ხოლმე, როგორც ნინო იხსენებს განსაკუთრებით რთული იყო "პერსონალური ბრენდინგის" შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, რამდენადაც აღნიშნული სფერო სრულიად ახალი იყო იმ პერიოდში ქართული აუდიტორიისთვის.
"ჩემი საგულდაგულოდ დაწერილი ბიზნესგეგმა პირველ ორ თვეში უბრალო ფურცლებად იქცა, რადგან რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა, და ჩემთან ისეთი კლიენტები მოვიდნენ, რომელთა საჭიროებებზე არც კი მიფიქრია. სამაგიეროდ, დღეს ზუსტად ვიცი, ვინ არის ჩემი "იდეალური კლიენტი", და ვისთან მინდა მუშაობა ყველაზე მეტად. ამას დრო და შეცდომები დაჭირდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე", − აღნიშნავს ნინო.
დროთა განმავლობაში ნინოს ბიზნესხედვა მნიშვნელოვნად შეიცვალა, დღეს იგი ნაკლებად მუშაობს კრეატიული სტრატეგიის მიმართულებით, რითიც საქმიანობა თავდაპირველად დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ კრეატივის სფერო ახლოა მისთვის, დღეს იგი ფულის ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს, რომლის მიზანია, ფულის, როგორც რესურსის წარმოჩენა და შემოსავლის ახალი გზების ძიება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ბიზნესლიტერატურის სერია "ლურჯმა ოკეანემ" ნინო წითლანაძე მორგან ჰაუზელის ბესტსელერის "ფულის ფსიქოლოგია. სიმდიდრის, სიხარბისა და ბედნიერების გაუხუნარი გაკვეთილების" კონსულტანტად მიიწვია, გარდა ამისა ბოლო პერიოდში მან რამდენიმე საავტორო კორპორაციული პროდუქტი შექმნა, მაგალითად, Create Your Big Idea, რომელიც კომპანიებს მათი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება. როგორც ნინო აღნიშნავს, ამჟამად იგი საავტორო მეთოდოლოგიით მუშაობს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუდმივი სწავლით დაგროვილ სხვადასხვა მიდგომასა და ინსტრუმენტს აერთიანებს.
"დიდი პრივილეგიაა იყო ქალი. ამაზე ბევრს ვფიქრობ, და მგონია, რომ რაც ქალს შეუძლია შეუძლებელი და უფრო მეტიც. ასევე დიდი პრივილეგიაა იყო სოლოპრენერი. ჩემთვის ეს შეგნებული გადაწყვეტილება იყო − მინდოდა ბიზნესი ჩემთვის კომფორტულ ტემპში მარტოს მეწარმოებინა. მაგრამ, მეორეს მხრივ ეს რთულია, რადგან მხოლოდ შენი თავისა და გამბედაობის იმედად რჩები. დავაკვირდი, რომ ბოლო პერიოდში ჩემი კლიენტები ხდებიან ძლიერი, წარმატებული, მშვენიერი ქალები, რომლებსაც მეტის მიღწევა უნდათ. და მათი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და პატივია", − ამბობს ნინო.
ანტრეპრენერობის გარდა ნინო 5 უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორია სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მან პერსონალური ბრენდინგი აკადემიურ დისციპლინად აქცია და დღეს უკვე რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლის მას. გარდა ამისა, იგი შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის დირექტორია, სადაც ათასზე მეტ კულტურის პროფესიონალს აერთიანებენ საქართველოს მასშტაბით და ცდილობენ აქტუალური სიახლეები გაუზიარონ ერთმანეთს. ნინო ქართულ-უკრაინული პლატფორმის თანადამფუძნებელიცაა, იგი ყოველდღიურად მუშაობს უკრაინელებთან, რომლებმაც საკუთარი სახლები იძულებით მიატოვეს და საქართველოში ნულიდან დაიწყეს ახალ ცხოვრებას.
"შეიძლება უცნაურად და თამამად ჟღერს, მაგრამ მე თვითონ ვარ ჩემთვის მთავარი მოტივატორი. იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ცხოვრებაში არასოდეს მიკეთებია ის, რაც არ მიყვარს. დღეს შევიქმენი ის ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდი. ვარ საკუთარი ბიზნესის მფლობელი და ჩემნაირ გამბედავ და მიზანდასახულ პროფესიონალებს ვეხმარები, რომლიებიც ასევე ჩემი ინსპირაციას წყაროდ იქცევიან, როდესაც მათ პროგრესს და დადებით შედეგებს ვხედავ", − აღნიშნავს ნინო.
ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იზრდება, იცვლება და ვითარდება, შესაბამისად Tsitlanadze Consultancy-საც არაერთი საინტერესო ხედვა აქვს სამომავლო განვითარებისთვის. ნინოს უახლოესია გეგმა, ბრენდის ვებგვერდის − www.personalbrand.ge ამოქმედებაა. დაარსების დღიდან, Tsitlanadze Consultancy-ის მთავარი სურვილია, რომ პერსონალური ბრენდის განვითარება პროფესიონალებისთვის გასაგები და ჩვეული სერვისი გახდეს.
"ნებისმიერ ადამიანს პოტენციურად აქვს პერსონალური ბრენდი, რადგან მაგალითად, გაცნობისას სხვა ადამიანი ჩვენზე ძალაუნებურად რაღაც შთაბეჭდილებას იქმნის. მეორე ამბავია, რომ ჩვენ შეგვიძლია რეპუტაციის ისე მართვა, რომ ჩვენი ნამდვილობა ჩვენსავე სუპერძალად ვაქციოთ. ჩემი კლიენტები არიან პერსონალური ბრენდის ხუთივე ტიპის წარმომადგენლები − მეწარმეები, ფრილანსერები, ექსპერტები, სტარტაპერები და რბილი ნიშის სპეციალისტები. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც მეწარმეებთან და ფრილანსერებთან მიყვარს მუშაობა, რადგან ყოველთვის საინტერესო შემთხვევასთან და რთულ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება", − აღნიშნავს ნინო წითლანაძე.