Get All Access for $5/mo

20 ფაქტი მილიარდერებზე, რომლის გაგებაც ყველას უჭირს 20 საიდუმლო ფაქტი მილიარდელებზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Intercept

ცნობილია, რომ წარმატებულ ადამიანებს მსგავსი ჩვევები აქვთ - დილას ადრე ადგომა, ეკონომია, სხვებისთვის ფასეულობების მიწოდება და როგორც წესი, გათვლილ რისკებზე წასვლა. თუმცა, ამ ადამიანების ან მათი ჩვევების ბოლომდე გაგება ზოგჯერ უკიდურესად ძნელია - არ აქვს მნიშვნელობა იმას, ბევრი იცით თუ არა მათზე და მათ ბიზნესებზე.

ქვემოთ 20 საიდუმლო ფაქტს გაეცნობით მილიარდელებზე, რომლის გაგებაც უმრავლეს ჩვენგანს უჭირს.

1. ისინი სრულიადაც არ არიან უშიშრები

ნებისმიერმა წარმატებულმა მილიარდერმა ამ სტატუსს იმიტომ მიაღწია, რომ არ შეეშინდა, ყველაფერი საქმეს შესწირა და თამამად შეაბიჯა უცნობ სამყაროში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაფერზე ღელავენ. პესიმიზმის პატარა ნასახიც თუ გაქვთ გულში, თქვენი ბიზნესის იმ პრობლემების აღმოჩენას შეძლებთ, რომლებიც სხვა შემთხვევაში მხედველობიდან გამოგრჩებოდათ.

როგორც ერთხელ ბილ გეიტსმა თქვა,- "როდესაც აღმოაჩენთ, რომ ბიზნეში პრობლემები გაქვთ, თავის გადარჩენას ვეღარ შეძლებთ. გამუდმებით უნდა გქონდეთ იმის შიში, რომ საფრთხის წინაშე ხართ".

2. ისინი მხოლოდ საკუთარ ფულზე კი არა, ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ

ყველამ კარგად იცის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა წარმატების აუცილებელი ნაწილია, რადგან სტრესს ამცირებს და ავადმყოფობისგანაც გიცავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ შეძლებთ თქვენს ბიზნესზე ყურადღების გამახვილებას თუ გამუდმებით სტრესის ქვეშ ხართ და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ცდილობთ?

მაგრამ, როგორც მწერალი ჯასტინ მასკი, ილონ მასკის ყოფილი მეუღლე განმარტავს, საკუთარ თავზე მთელი რიგი სხვა მიზეზების გამოც უნდა იზრუნოთ.

"საკუთარ თავზე ზრუნვა ზეადამიანურ ენერგიას მოგცემთ და ამტანს გაგხდით. თუ წინაპრებმა განსაკუთრებული გენეტიკა არ გადმოგცეს მემკვიდრეობით, მიზნად დაისახეთ და თქვენი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენეთ. გზად მრავალი პრობლემა შეგხვდებათ - დაღლილობა ხშირი ფრენების გამო, უმადობა,თავის ტკივილი; გონების გადაღლა, განუწყვეტელი წვეულებები, მარტოობა, უაზრო შეხვედრები, წარუმატებლობები, ოჯახური დრამა; პრობლემები მნიშვნელოვან ადამიანთან, რომელსაც იშვიათად ხედავთ; ბნელი ღამეები, სულს რომ გიფორიაქებთ; ადამიანები, რომლებიც გღლიან და გაღიზიანებენ, აუცილებელზე გაცილებით ნაკლები ძილი და ა.შ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ფუჭად არ ჩაივლის, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და გონებაც გამჭრიახი გექნებათ".

3. ისინი სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ

"თუ ინოვაციების დანერგვას აპირებთ, იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ ვიღაც არასწორად გაგიგებთ", - განაცხადა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა. იცით რას გულისხმობს ბეზოსი? თუ თქვენი იდეები ასეთი მარტივი გასაგებია, მაშინ იგივეს ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. წარმატებულმა მილიარდელებმა დაადგინეს უჩვეულო იდეების მიგნებისა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირების გზები.

4. ისე ფიქრობენ, როგორც ჰაკერები

ჰაკერები ყოველთვის არ არიან ის საძაგელი ადამიანები, რომლებსაც გამორჩენის მიზნით კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა სურთ. როგორც მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის პოტენციურ ინვესტორებს მისწერა, - "ჰაკერული მიდგომა განუწყვეტელ სრულყოფასა და მცდელობების გამეორებას გულისხმობს. ჰაკერები დარწმუნებულები არიან, რომ რაღაც გაცილებით უკეთესი გახდება, და სრულყოფილი არაფერია".

5. ისინი იქამდე სესხულობენ ფულს, ვიდრე დასჭირდებათ

შესაძლოა ეს რჩევა არალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ კარგად დაფიქრდით. გაცილებით რთულია ფულის სესხად აღება მაშინ, როდესაც პრობლემები გაქვთ. ტიმ ფერტიტამ რესტორნებისა და სასტუმრო ინდუსტიის იმპერია $6,000-იანი სესხით შექმნა. მან CNBC -სთან ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ფულის სესხად აღება კარგია, როდესაც კომპანიაში კარგად მიდის საქმეები. ეს შესანიშნავი გარანტიაა იმისა, რომ როდესაც მძიმე დრო დადგება, ხელთ ნაღდი ფული გექნებათ.

6. ისინი მხარს უჭერენ გადარეულებს

"როდესაც ინოვაციური ხართ, მზადაც უნდა იყოთ იმისთვის, რომ ადამიანები გადარეულს დაგიძახებენ, - ამბობს ლარი ელისონი. - და ეს არც ისე ცუდია, იმის მაჩვენებელია, რომ რაღაცას მიაგენით. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ წარმატებას ვერავინ მიაღწევს, როდესაც ყველა ერთსა და იმავეს აკეთებს. არასტანდარტულად იაზროვნეთ, ჩარჩოებში ნუ მოექცევით, მხარი დაუჭირეთ გადარეულებს".

7. ისინი აღიარებენ, რომ შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ყველაფერზე არ აქვთ პასუხი

შესაძლოა კარგად გააზრებული გეგმა გაქვთ შედგენილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გაამართლებს. წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავთ, რაღაც კატასტროფა მოხდება თუ ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. როგორც Google-ის მთავარმა აღმასრულებელმა ერიკ შმიდტმა კარნეგი მელოუნის უნივერსიტეტში 2009 წელს განაცხადა: "მთელი საიდუმლო ისაა, უნდა აღიაროთ, რომ შესაძლებლობა არსებობს".

"გეგმებზე ფიქრით თავს ზედმეტად ნუ შეიწუხებთ. ყველაფერი ამოიგდეთ თავიდან რაც კი დაგეგმარებას უკავშირდება. ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებლობებსა და თქვენს იღბალზეა დამოკიდებული. თქვენ იცით, რომ ყველაზე წარმატებული ადამიანები თავაუღებლად შრომობენ, ყველა შესაძლებლობას იყენებენ. ინოვაციებს ვერასოდეს დაგეგმავთ და მით უმეტეს, ვერც გამოგონებას. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ეცადეთ საჭირო ადგილას და სრულ მზადყოფნაში იყოთ.

8. ისინი გამოწვევებს იღებენ

"ჩემი ტიპის წინააღმდეგობრივი პიროვნებისთვის მხოლოდ ერთს ნიშნავს გამუდმებით რჩევების მიცემა, რომ რაღაც არ უნდა გავაკეთო, - უნდა გავრისკო და რაღაც არაპოპულარული გზა ვცადო", - განაცხადა მაიკლ ბლუმბერგმა.

გამოწვევის ტოლფასია, როდესაც მილიარდერს ეუბნებიან, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. ის ყველანაირად ეცდება, თუნდაც კოლეგებმა არ მოიწონონ, დაამტკიცოს, რომ სკეპტიკოსები ცდებიან.

9. ფიქრობენ რა შეიძლება წავიდეს არასწორი მიმართულებით

როგორც მაიკლ სიმონსმა Medium-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, - "მილიარდერი ჩარლი მანგერის წიგნის, "საბრალო ჩარლის ალმანახის" წაკითხვამდე ვფიქრობდი, რომ წარმატების გასაღები იდეის მოფიქრება, მიზნების დასახვა და მათ შესრულებაზე ყოველდღიური თავაუღებელი შრომა იყო".

თუმცა, უორენ ბაფეტის პარტნიორი, მანგერი სულ სხვაგვარად ფიქრობს. მისი აზრით, აუცილებელია თავიდან ბოლომდე გაიაზროთ, რა შეიძლება წავიდეს არასწორი მიმართულებით. კერძოდ,

"ყველაფერს მეორე მხრიდანაც შეხედეთ: სიტუაცია ან პრობლემა შეატრიალეთ. რა მოხდება თუ თქვენი გეგმები სულ სხვა მიმართულებით წავა? სად არ გვსურს წასვლა და როგორ მოვხვდით იქ? წარმატების გზების ძიების ნაცვლად, სია შეადგინეთ, როგორ მოგეცარებათ ხელი და ყველაფერი შეიტანეთ: სიზარმაცე, შური, არაკეთილგანწყობა, საკუთარი თვის შეცოდება, თვითგანადგურებისკენ მიმავალი ჩვევები. ყველა ჩამოთვლილი ჩვევა დაძლიეთ და წარმატებას მოიპოვებთ. მითხარით სად მოვკვდები და ნამდვილად არ წავალ იქ", - ამბობს იგი.

10. საკუთარ თავში ინვესტირება მფლანგველობა არ არის

მილიარდერები თვითდისციპლინითა და მომჭირნეობით გამოირჩევიან. მაგრამ აქ ერთი გამონაკლისის გაკეთება მაინც შეიძლება: საკუთარ თავსა და გარემოცვაში ინვესტირება. არ აქვს მნიშვნელობა ახალ კომპიუტერს იძენთ, დასასვენებლად მიემგზავრებით თუ ახალ უნარს სწავლობთ. საკუთარ თავში ინვესტირება გაცილებით შრომისუნარიანს გაგხდით და ბალანსის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

როგორც პატრიკ სუნ შიონგი, ბიოტექნოლოგიური სტარტაპის NantHealth-ის დამფუძნებელი ამბობს, - "საკუთარ თავსა და იმ ადამიანებში უნდა განახორციელოთ ინვესტირება, ვისაც თქვენი სჯერა".

11. ისინი მსხვერპლს იღებენ

მილიარდერებს გზად სერიოზული მსხვერპლის გაღება უხდებათ, რაც არც ისე ადვილია. GoPro-ს დამფუძნებელი ნიკ ვუდმანი იხსენებს, - "კომპანიის დასაარსებლად, ჩემს მშობლებთან დავბრუნდი და კვირაში შვიდი დღე, ყოველდღიურად 20 საათი ვმუშაობდი. წარმატების მისაღწევად, საერთოდ უარი ვთქვი ჩემს პირად ცხოვრებაზე".

12. ისინი სრულიად მშვიდად უყურებენ იმას, რომ ყველაზე ჭკვიანები არ არიან ოთახში

მილიარდერები ჭკვიანებიც არიან და კვალიფიციურებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ აუცილებლად ყველაზე ჭკვიანები უნდა იყვნენ. ერთხელ მაიკლ დელიმ ასეთი რამ თქვა, - "ეცადეთ, არასოდეს იყოთ ყველაზე ჭკვიანი ოთახში".

მილიარდერებს ექსპერტების არ ეშინიათ, მათგან სწავლას ცდილობენ, რომ თავადაც ამ სფეროს ექსპერტები გახდნენ.

13. ისინი უახლოეს მოკავშირეებთან მუშაობენ

ადამიანებთან კავშირების დამყარებას დღეს დიდი ყურადღება ექცევა. ისეთმა ადამიანებმა, როგორიც რიდ ჰოფმანია გააცნობიერეს, რომ პროდუქციის გასაყიდად ინფლუენსერებთან, პოტენციურ კლიენტებსა ან ინვესტორებთან დაკავშირების; ან წვეულებებზე და ღონისძიებებზე ურთიერთობების დამყარების ნაცვლად, უახლოეს მოკავშირეებთან სჯობს მუშაობა.

Fortune-ს მიხედვით, როდესაც რჩევა გჭირდებათ, მოკავშირის არსებობა მასთან კონსულტაციების გავლისა და ამასთან, მოსაზრებების გაზიარებისა და შესაძლებლობებზე ერთად მუშაობის შანსსაც გაძლევთ. "PayPal Mafia' სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენების გამო გახდა სილიკონის ველის უმდიდრესი ჯგუფი.

14. მათ უმრავლესობას თავიდანვე ჰქონდა უპირატესობა

მწერალი ბენ მეზრიჩი, ავტორი წიგნისა, "შემთხვევითი მილიარდერები" ამბობს, - "პირველი ტრიუკი თუ როგორ უნდა გახდე მილიარდერი ისაა, რომ მილიარდერად დაიბადო".

მილიარდერები ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი საშუალო კლასის ოჯახებიდან არიან, მაგრამ უოლტონების ოჯახის შემთხვევაში სულ სხვაგვარადაა საქმე. კვლევებმა უჩვენა, რომ მილიარდერების 65-მა პროცენტმა ცხოვრებაში თავად მიაღწია წარმატებას.

15. ეს ჯერ კიდევ ბიჭების კლუბია

ბიზნესმენი ქალების და ანტრეპრენერების რაოდენობა სწრაფად იზრდება და ისინი დიდ წარმატებებსაც აღწევენ, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 88 პროცენტი მამაკაცები არიან.

16. მილიარდერები არჩევნებზე გავლენის მოსახდენად და სახელმწიფო პოლიტიკის შესაცვლელად ბევრს ხარჯავენ

სავარაუდოდ, გსმენიათ, როგორ აბანდებდნენ არჩევნებში მილიონობით დოლარს ჩარლზ და დევიდ კოხები წლების განმავლობაში; ან მაიკლ ბლუმბერგი და მარკ ცუკერბერგი როგორ ცდილობდნენ კონგრესის დარწმუნებას, ყოვლისმომცველი საიმიგრაციო რეფორმა ჩაეტარებინა. ფაქტი ისაა, რომ მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადგან ფული ყოველთვის არ არის პოლიტიკური ძალაუფლების ტოლფასი.

მილიარდერები, რომლებსაც სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას სურთ, ამის მიღწევას სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე ცდილობენ.

17. ისინი დელეგირებას ახდენენ

მილიარდერები როგორც წესი, ყურადღების ცენტრში არიან, მაგრამ გასაოცარი გუნდის გარეშე, მეუღლე იქნება ეს თუ თანამშრომლები, იქ არ იქნებოდნენ, სადაც არიან.

როგორც რიჩარდ ბრენსონმა თქვა, - "თუ ნულიდან აპირებთ ბიზნესის დაწყებას, ძლიერი უნდა იყოთ და დელეგირების ხელოვნებასაც ფლობდეთ. მე ადამიანების დახმარება უნდა შემეძლოს ბიზნესის მართვაში და ამავე დროს, მზადაც ვიყო, გვერდზე გასადგომად. კომპანია ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ჩემს გარეშეც შეძლოს მუშაობის გაგრძელება".

18. ისინი ერთ სამუშაოზე ამახვილებენ ყურადღებას

ალბათ გგონიათ, რომ მილიარდერებმა მხოლოდ ერთ საქმეზე მუშაობით მოიპოვეს დიდი ქონება. როდესაც უორენ ბაფეტზე ფიქრობთ, მხოლოდ ინვესტორად მიგაჩნიათ. როდესაც სტივ ჯობსზე, მხოლოდ iPhone-ის შემქმნელად.

სიმართლე ისაა, რომ ისინი სხვადასხვა საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და სხვადასხვა მოვალეობის შესრულებას ცდილობდნენ. როგორც ჯონ კატსიმატიდისმა, Gristedes Foods-ის მფლობელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ერთხელ განაცხადა, - "თქვენს კომპანიაში ნებისმიერი მოვალეობა უნდა შეასრულოთ, რაც კი ამ სფეროში არსებობს.რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი ხალხისა და კომპანიის ბოლომდე გაგებას".

19. ისინი თავიანთი ფესვების ერთგულები რჩებიან

ხშირად გვგონია, რომ წარმატებულ ადამიანებს ავიწყდებათ საიდან მოვიდნენ და სულ ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. მიუხედავად ამისა, ისინი ნამდვილად რჩებიან თავიანთი ფესვების ერთგულები იმისთვის, რომ თავმდაბლობა შეინარჩუნონ. უორენ ბაფეტი ომაჰაში, ნებრასკაში დარჩა საცხოვრებლად. ხოლო ამანსიო ორტეგა კი მილიარდერი Zara-თი თავის მშობლიურ ქალაქში ლა კორუნაში, ესპანეთში გახდა.

20. ისინი მიღწევებზე არ ამახვილებენ ყურადღებას

პატარა გამარჯვებების აღნიშვნა ხშირად საკუთარი თავის და გუნდის მოტივირების ყველაზე ეფექტურ გზადაა მიჩნეულია. თუმცა, როგორც ინგვარ კრამპადი ამბობს, "ყველაზე სახიფათო საწამლავი მიღწევებზე ყურადღების გამახვილებაა, ამის ნაცვლად ყოველ საღამოს უნდა იფიქროთ, რის გაკეთება შეგიძლიათ უკეთ ხვალ".

მილიარდერებს როგორც წესი, დიდი წარმატებების მიღწევისას კი არ უჩნდებათ კმაყოფილების გრძნობა, განუწყვეტლივ ინოვაციებს ნერგავენ და რაღაც ახლის ძიებაში არიან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი