Black Friday Sale! 50% Off All Access

თქვენი კომპანიის ინტერნეტრეპუტაციის დაცვის 4 გზა კრიზისის დადგომამდე ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოიყურება თქვენი კომპანია ინტერნეტში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Photo Mix, Pixabay

ბევრი ანტრეპრენერი ჩქარობს, ერთი სული აქვს ახალ საქმეს როდის დაიწყებს. მიაჩნიათ, რომ არ ღირს დროის დაკარგვა და დიდხანს ცდა, ვიდრე ყველაფერი იდეალური არ იქნება. მთავარი საქმის დაწყებაა, გამოსწორება კი, მოგვიანებითაც შეიძლება. სინამდვილეში, ეს მიდგომა მაშინ ამართლებს, როდესაც ოფისში სხვადასხვა პრობლემაა მოსაგვარებელი − მოკლე ჩართვა იქნება ეს, კომპიუტერის გაუმართაობა, პროგრამების გათიშვა თუ სხვა. ამ ტიპის სირთულეების მოგვარება სწორედ ამ გზით, სწრაფად უნდა მოხდეს. რაც შეეხება თქვენი ბიზნესის ინტერნეტრეპუტაციას, მას მოგვიანებით ნამდვილად ვეღარ გამოასწორებთ, კატასტროფამდე მიგიყვანთ. კრიზისების მართვის კომპანიის Reputation Control Inc. დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჰერშ დეივის-ნიცბერგი ამბობს, რომ ინტერნეტში ინფორმაციის მართვა აუცილებელია და მასზე ანტრეპრენერებმა იქამდე უნდა იზრუნონ, ვიდრე კომპანიის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. იგი შემდეგ ოთხ ნაბიჯს გირჩევთ თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად და დასაცავად.

1. გაერკვიეთ თქვენი ინტერნეტრეპუტაციის ანატომიაში

თქვენი ინტერნეტბრენდი თქვენივე ციფრული ანაბეჭდია − ახალი სტატია იქნება ეს, ვიდეოინტერვიუ, Facebook-გვერდი, მიმოხილვა Yelp-ზე, ფოტო Instagram-ზე და თუ სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენ შესახებაა ინტერნეტში. ნებისმიერი მონაცემი დიდ გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე. ხოლო ის, რომელიც ძიების შედეგებში პირველ-მეორე გვერდებზეა, ყველაზე მნიშვნელოვანია. Hubspot-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Google-ზე ძიებისას მომხმარებელთა 75% პირველ გვერდს ყველაზე დიდი ყურადღებით ეცნობა. თუ რეგულარულად ჩაატარებთ ძიებას, ყოველთვის გეცოდინებათ რა სახის ინფორმაცია ჩნდება ინტერნეტში თქვენს კომპანიაზე., ხოლო მის მართვას იმის მიხედვით შეძლებთ, თუ რისი დემონსტრირებით ხართ დაინტერესებული და რა გინდათ, რომ დაიფაროს.

ამ არასასურველი ინფორმაციის დასაფარ კამპანიას რეპუტაციის მართვის კონსულტანტი დაგიგეგმავთ და ბრენდზე დადებით ინფორმაციას შექმნის. თავის მხრივ, ეს პრესას და მედიას ინფორმაციის განახლებისკენ უბიძგებს, რომ იგი Google-ის ძიების შედეგებს შეესაბამებოდეს. შესაბამისად, არასასურველი ინფორმაცია ყურადღების ცენტრში უკვე ვეღარ მოექცევა და თქვენს კომპანიას ამგვარად ახალი რეპუტაცია ექნება.

2. ბრენდს ვერ შექმნით, თუ არ იცით ვინ ხართ

ხშირად ანტრეპრენერებს დადებითი რეპუტაციის შექმნა სურთ ინტერნეტში, მაგრამ არ იციან რითი დაიწყონ. ბრენდზე ზრუნვა მხოლოდ ცუდი ინფორმაციის ამოღება ან დაფარვა არ არის. მთავარია, თქვენი ინტერნეტრეპუტაცია თქვენს ბრენდს შეესაბამებოდეს. ბრენდს კი ვერ შექმნით, თუ უპირველესად თქვენს მიზნებს არ ჩამოაყალიბებთ. დრო არ დაიშუროთ, დაადგინეთ როგორ გესახებათ იდეალური რეპუტაცია ინტერნეტში. საზოგადოებისთვის რისი შეტყობინება გსურთ? თქვენი სამიზნე აუდიტორია ვინ არის? როდესაც თქვენი მიზანი ნათლად გეცოდინებათ, საზოგადოებას იმ ინფორმაციას მიაწვდით საკუთარ ბრენდზე, რომელიც თქვენს იდეასა და წარმატებას წარმოაჩენს.

3. კარგი რეპუტაციის შექმნა გაცილებით ადვილია, ვიდრე ცუდის გამოსწორება

ინტერნეტში საკუთარი რეპუტაციის იგნორირება მაშინ არის ადვილი, როდესაც საქმეები კარგად მიდის. მაგრამ კრიზისის დროს შესაძლოა ინტერნეტის ინფორმაციამ განსაზღვროს როგორი რეაქცია ექნება მედიას თუ კლიენტს და ამასთან, თქვენს პირად ურთიერთობებზეც მოახდინოს გავლენა. ანტრეპრენერი ინტერნეტში თავიდანვე აქტიური უნდა იყოს, ინფორმაციას ყურადღება იქამდე უნდა მიაქციოთ, ვიდრე კრიზისი მომხდარა. თუ თქვენს კომპანიაზე ინტერნეტში სათანადო ინფორმაცია არ არსებობს ან უარყოფითი რეპუტაცია გაქვთ, კრიზისული სიტუაცია შესაძლოა დღის ყველაზე მთავარი ამბავი გახდეს. ხოლო თუ დადებითი და საიმედო რეპუტაციით სარგებლობათ, იგივე მოვლენა სავარაუდოდ სრულიად უმნიშვნელოდ ჩაივლის. თუ რაღაც მოხდა, შეჩერდით და მთელი სურათი ყურადღებით შეაფასეთ. შესაძლოა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლოთ, მაგრამ გონივრული სტრატეგიით ბრენდის რეპუტაცია გადაარჩინოთ. ყველაზე დიდი შეცდომა კრიზისის დროს დაუფიქრებელი მოქმედებაა. სწრაფ რეაქციას უმნიშვნელო კრიზისის კატასტროფად ქცევაც კი შეუძლია.

4. იცოდეთ თქვენი ინსტრუმენტები

რეპუტაციის გასაუმჯობესებელი, შესაქმნელი ან გასაკონტროლებელი სტრატეგიის დამუშავებისას, სხვადასხვა ინსტუმენტისა და მართვის მეთოდების ერთმანეთისგან განსხვავებაც უნდა შეძლოთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიები რეკლამასა და ინფორმაციის გავრცელებაზე არიან კონცენტრირებული, მათი მიზანი თქვენი და თქვენსავე საქმიანობის მედიაში გაშუქებაა. პრესა შესაძლოა ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს რეპუტაციის შესაქმნელად, მაგრამ სათანადო ოპტიმიზაციის გარეშე, ეს ინფორმაცია ინტერნეტში ძიების შედეგებში დიდი ალბათობით არც კი გამოჩნდება. ინტერნეტრეპუტაციის მართვის კომპანიებს კი, სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვთ. ამ შემთხვევაში, მთავარია ინტერნეტში არსებული ყველა ინფორმაცია თქვენს მიზნებს შეესაბამებოდეს. რეპუტაციის მართვის ორგანიზაციები კამპანიის დაგეგმვის შემდეგ უმეტესად საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმებთან ან პრესის გუნდთან ერთად მუშაობენ. სხვადასხვა მეთოდით ამოწმებენ, განახლებული ინფორმაცია კომპანიის შესახებ ძიებისას გამოდის თუ არა პირველ ორ გვერდზე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გეგმავთ თქვენი ინფორმაციის მართვას ინტერნეტში − ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი მთავარი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ: ეს ინფორმაცია აუცილებლად უტყუარი უნდა იყოს. საკუთარ რეპუტაციაზე იფიქრეთ და არ დაივიწყოთ, რომ იგი თქვენი ყველაზე გამორჩეული სამუშაოს პორტფოლიო უნდა იყოს.

მარკეტინგი

როგორ სურს ვენჩურულ ინვესტორს, რომ იდეის პრეზენტაცია ჩაუტაროთ

Accel-ის პარტნიორი ენდრიუ ბრაჩჩა დაწვრილებით გიხსნით, თუ როგორ უნდა მიყიდოთ თქვენი იდეა ვენჩურულ ინვესტორებს