7 მიზეზი, თუ რის გამო მოითხოვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირად ურთიერთობებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი ემოციებით, ვნებებითა და მიზნებით. როდესაც საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, ბუნებრივია, შეუძლებელია ვირტუალური ზარის დროს პირადი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა, ვინმეს თვალებში ჩახედვა ან ურთიერთობების დამყარება, რომელიც ერთად ყოფნისას ყალიბდება, სადილობის ან რაიმეს ერთად დალევის დროს.
მე ყოველთვის პირისპირ შეხვედრებს ვანიჭებდი უპირატესობას, როდესაც ამის შესაძლებლობა მქონდა. რატომ? იმის გამო, რომ საუკეთესო ბიზნესპარტნიორობა მხოლოდ წარმატებულ ურთიერთობებზეა დამყარებული, ამას ვერაფრით შეცვლით. საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა, ტექსტური შეტყობინებები და ვირტუალური შეხვედრები, სწრაფად ვითარდება და აუცილებელია, მათ ყოველთვის ვიყენებ, მაგრამ ისინი ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველს არ ქმნიან. Zoom-ზარის დროს ხელის ჩამორთმევა, ვინმეს თვალებში ცქერა ან საჭმლის თუ სასმლის გაზიარება შეუძლებელია.
ბიზნესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, პირადი კავშირის დამყარება აუცილებელია. ჩემს გლობალურ ლიდერობისა და ტალანტების მოძიების საკონსულტაციო ფირმა Boyden-ში, თუ ვინმეს დაქირავებას ვაპირებთ, ან კომპანიაში ვიწვევთ, ან ფასეული კლიენტის მოზიდვას ვცდილობთ, Zoom-ზე არ უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. თვითმფრინავში უნდა ჩავსხდეთ, ადამიანებთან პირადად შეხვედრას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რადგან ადამიანები ვართ. ჩვენ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ. მართალია, ვირტუალურ ზარებს, ტექსტურ შეტყობინებებსა და ელ.წერილებს საკუთარი ადგილი უჭირავთ და ძალზე ეფექტურნი არიან, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ნორმალურ ურთიერთობებს უნდა დავუბრუნდეთ.
ისე გავიზარდე, მუდამ მამასთან ერთად ვმოგზაურობდი მთელ მსოფლიოში, და ვხედავდი, რომ ადამიანები საქმიან ურთიერთობებს პირად შეხვედრებზე ამყარებდნენ. სპორტულ მოედანზე იქნებოდა თუ ჭიქა ღვინოსთან ერთად. როდესაც ჩემი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო SMACK! გავხსენი, ახალი სავაჭრო ნიშანი დავარეგისტრირე − Public Relation(ship)s® (საზოგადოებასთან ურთიერთობები), რადგან მივხვდი, რა მნიშვნელობა აქვს პირისპირ შეხვედრებს.
ქვემოთ შვიდ მიზეზს გაეცნობით, თუ რატომ დაგეხმარებათ პირადი შეხვედრები უფრო წარმატებული გახდეთ, ძლიერი გუნდები გაზარდოთ და უკეთესი ურთიერთობები დაამყაროთ, და იმაზეც ვისაუბრებ, რატომ არასდროს ვიტყვი უარს პირად შეხვედრებზე.
1. ემოციების წაკითხვა
სხეულის ენა და მიმიკა ნატიფი ვიზუალური მინიშნებებია, რომლებიც ავლენენ, თუ რას ამბობენ ან რას არ ამბობენ ადამიანები, ვირტუალური კომუნიკაციის დროს კი ეს "ასპექტი" შესაძლოა საერთოდ დაიკარგოს. პოზა, ხელებისა და ფეხების მოძრაობები და სხვა დეტალებიც, მაგალითად, თუ საუბრისას ვინმე საათს უყურებს, თქვენს ურთიერთობებზე ბევრს მეტყველებს. მე არ დავიქირავებდი ისეთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებული არ ჩანს ან ვისთანაც რაიმე კავშირს ვერ ვგრძნობ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ემოციური "ქიმია" და კავშირი ვირტუალურ შეხვედრაზეც იგრძნოთ.
2. რეალურ დროში საუბარი
ბევრად ადვილია შეფასება, როგორ მიიღეს ჩვენი იდეები და მიზნები იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებენ მათზე სხვები. ვირტუალურ შეხვედრებზე შეფერხებები ჩვეულებრივი მოვლენაა, ბევრი ფაქტორია ყურადღების გასაფანტად და შესაყოვნებლად.
რამდენიმე წლის წინ დიდ კლიენტს ვეძებდი, მასთან შესახვედრად ავტომობილით რამდენიმე საათი ვიმგზავრე და მთელი მისი ყურადღება მოვიპოვე. ჩვენი კითხვა-პასუხის პროცესი კარგად მიმდინარეობდა. ამ კლიენტმა შეხვედრის დასასრულ აღიარა, რომ სხვა სააგენტოებთანაც ჰქონდა ინტერვიუ მარკეტინგის თაობაზე, მაგრამ პირადად მე მოვახდინე მასზე შთაბეჭდილება იმის გამო, რომ ჩემი იდეები კარგად გამოვხატე. კერძოდ, თუ რა სჭირდებოდა მის კომპანიას ზრდისთვის. ჩვენი შეხვედრა მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა და აშკარად ჩანდა, რამდენად დარწმუნებული იყო იგი თავის გადაწყვეტილებაში − მას დაუყოვნებლივ უნდოდა ჩემი აყვანა, რადგან ჩვენთვის არაფერს გაუფანტავს ყურადღება, ლაღად და ძალდაუტანებლად ვსაუბრობდით. და ასეც გააკეთა.
3. უფრო ეფექტიანი კომუნიკაცია არავერბალური მინიშნებებით
არავერბალური მინიშნებების ინტერპრეტაცია პირისპირ შეხვედრისას გაცილებით ადვილია. ღიმილი იქნება ეს თუ თვალის პირდაპირი კონტაქტი, ნებისმიერი უფრო ძლიერ ჩართულობას და სერიოზული ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. პირადი ურთიერთობებისას უმთავრესი არავერბალური მინიშნებებია, რაც სახისა და სხეულის მცირე მოძრაობებსა და ინტონაციასაც მოიცავს.
მთელი მსოფლიო მოვიარე, თავისუფლად ვსაუბრობ სამ ენაზე და კარგად კიდევ ორ სხვა ენაზე. გავიგე, რომ სხეულის ენა და ჟესტები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია და შეიძლება ეკრანზე არასწორად იქნას გაგებული.
4. ყურადღების ნაკლებად გაფანტვა
დამტკიცებულია, რომ ვირტუალური შეხვედრების დროს ადამიანები უმეტესად საკუთარ თავს უყურებენ, და შესაძლოა უხერხულად გრძნობენ თავს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სტატია დავწერე. Zoom-შეხვედრისას კამერის გათიშვა რატომ არ უნდა მოგერიდოთ, და თუ აუცილებელი არ არის, როგორც ხელმძღვანელმა, რატომ უნდა უბიძგოთ იმავე მოქმედებისკენ თქვენს გუნდებს.
ვირტუალური ზარების დროს ადამიანებს, როგორც წესი, ყურადღება ეფანტებათ. ბევრი მათგანი რამდენიმე ამოცანას ერთად ასრულებს: შეტყობინებებს პასუხობს, სტატიებს კითხულობს ან ტელევიზორი აქვს ჩართული დაბალ ხმაზე. პირადი შეხვედრების დროს კი, ადამიანებს თავისთავად აქვთ გამახვილებული ყურადღება.
5. თანამშრომლობა შემოქმედებითი და ახალი იდეებისთვის
ბუნებით ვიზუალური ადამიანი ვარ და დაფები მიყვარს. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თუ როგორ იწერება სიტყვები, ან როგორ იქმნება გამოსახულებები და შემოქმედებითი აზროვნებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა, ახალი იდეების დაბადებას უწყობს ხელს. პირადი შეხვედრები სასარგებლოა სტრატეგიების შესამუშავებლად, როდესაც გუნდის წევრებს საუბარში ჩართვა და თავიანთი აზრების გაზიარება შეუძლიათ. როდესაც გრძნობენ, რომ ვირტუალური ხელის აწევა არ არის საჭირო, ან რომ ერთმანეთს დააცდიან აზრის გამოთქმას. ცოცხალი შეხვედრები მეგობრული ატმოსფეროს შექმნას და კომპანიის კულტურის ზრდას უწყობს ხელს, თან ისიც უნდა ითქვას, რომ სხვისი ემოციებისა და ვნებების წაკითხვა ბევრად ადვილია, როდესაც მათთან ერთად ხართ.
6. ნაკლები დროის დაკარგვა და ნაკლები ტექნოლოგიური პრობლემები
გაიხსენეთ, რამდენჯერ გაწყვეტილა კავშირი ვირტუალურ შეხვედრაზე, რამდენჯერ არ გესმოდათ ვინმეს ხმა, რამდენჯერ გამოხვედით სიტყვით და მიხვდით, რომ თქვენი ხმა გათიშული იყო და არავის არაფერი ესმოდა, ან კიდევ უარესი − თქვენი არ გესმოდათ სხვისი ხმა... პროგრამული უზრუნველყოფა განუწყვეტელი განახლების რეჟიმშია ვირტუალური შეხვედრების პლატფორმებზე, ცუდი მომსახურებაა, პრობლემებია კამერასთან და ხმასთან დაკავშირებით, და ეს ყველაფერი ადამიანებს ყურადღებას უფანტავს. ბუნებრივია, ასეთ დროს ეფექტიანი კომუნიკაცია შეუძლებელია. ჩვენ ყველას გვქონია ვირტუალური ზარები, რომლებიც ტექნოლოგიური პრობლემების გამო დროის ფუჭად დაკარგვა აღმოჩნდა ან არაეფექტიანი იყო.
7. რთული საკითხები და პრობლემები პირად შეხვედრაზე მოაგვარეთ
გამჭვირვალობა, ნდობა და ღია ურთიერთობის კულტურა რთული საუბრების განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიები ბარიერებს ქმნის, რაც საუბრებს კიდევ უფრო ართულებს, რადგან ადამიანები თუ პირადად არ იცნობენ ერთმანეთს, ნაკლებად ენდობიან. როდესაც ერთად ხართ და ვინმეს თვალებში უყურებთ, მის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაც შეგიძლიათ და მისი სხეულის ენის უკეთ წაკითხვაც.
თუ შეხვედრა გამჭვირვალეა და ადამიანები ერთად არიან, საუბარი უფრო მშვიდი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეხვედრის შედეგი უარყოფით გავლენას მოახდენს რომელიღაც დამსწრეზე. მაგალითად, თუ კომპანიის შემოსავალი მცირდება და დირექტორთა საბჭო ბიუჯეტის შემცირებას ითხოვს, ამის პირადად ახსნა უმთავრესად გამჭვირვალობის გამო უფრო ადვილია, ვიდრე სატელეფონო ზარით.
ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი ემოციებით, ვნებებითა და მიზნებით. ჩვენ მოგვწონს, როდესაც გვაფასებენ, ჩვენს ფასეულობებსა და მიღწევებს აღიარებენ, როდესაც სირთულეების დროს გვეხმარებიან − სამუშაოზე იქნება ეს, ოჯახში თუ პირად ურთიერთობებში. ამის მიღწევა ყველაზე ეფექტიანად პირადი შეხვედრისას შეიძლება, რადგან ამ დროს უფრო ღრმად ვუგებთ ერთმანეთს, თანაგრძნობას, პატივისცემას და ნდობას გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ. ეს ყველაზე ეფექტიანად პირადი შეხვედრისას და იმის დემონსტრირებით მიიღწევა, რომ ჩვენ ვზრუნავთ მეორე მხარეზე, ვუსმენთ მას და მთლიანად ჩართულები ვართ საუბარში. ზუსტად ასეა, თუ როკვარსკვლავის ან რომელიღაც დიდი კლიენტის მოზიდვას ფიქრობთ, რადგან იმავე მიზეზების გამო ყველაზე წარმატებული პირადი შეხვედრისას იქნებით.
ელიზეტ კარლსონი
ENTREPRENEUR-ის ლიდერთა ქსელის კონტრიბუტორი
აღმასრულებელი დამსაქმებელი და ჰიპერკონექტორი
ელიზეტ კარლსონი კომპანია Boyden-ის პარტნიორია, სადაც ის პირად ურთიერთობებს, გუნდურ მუშაობას და გულწრფელობას ანიჭებს ყველაზე დიდ მნიშვნელობას. ის ასევე მედია, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო (ship)s® SMACK!-ის დამფუძნებელია, რომელიც ბრენდებს ეხმარება აქტუალურები გახდნენ ჯანდაცვისა და ჯანსაღი ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების სფეროში.