Get All Access for $5/mo

როგორ უნდა დაითანხმოთ ბანკი ბიზნესსესხზე სრულყოფილი ბიზნესგეგმა თქვენი განაცხადის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ჩემი გამოცდილების მიხედვით, საბანკო საქმეში ბიზნესგეგმების ¾, რომელიც განაცხადს ერთვის და პროგნოზებზეა დამყარებული, ერთ ან კიდევ რამდენიმე საკვანძო სფეროს საერთოდ არ შეესაბამება. რაც გეგმები მინახავს, თითქმის ყველა რამდენიმე გვერდზეა წარმოდგენილი და სწრაფადაა მომზადებულია, ბიზნესის არსსა და დეტალებს ვერ წვდება, რომელიც ბანკებისთვის საკრედიტო გადაწყვეტილების მისაღებადაა უცილებელი.

ბიზნესგეგმები სტარტაპებისთვის და სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ისინი დაგეგმარების სასარგებლო ინსტრუმენტებია ნებისმიერი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი სტარტაპებისთვის, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ფინანსური საკრედიტო ისტორია, რომელიც ბანკმა უნდა განიხილოს.

შემდგარ კომპანიებს, რომლებიც სწრაფ ზრდას გეგმავენ, უმეტესად საბრუნავი კაპიტალი, ტექნიკა ან უძრავი ქონების დაფინანსება სურთ. მათთვის აუცილებელია საიმედო ბიზნესგეგმა, რომელიც განსაზღვრავს დაგეგმილი ზრდისთვის რა იქნება მასტიმულირებელი. ამასთან, ისიც უნდა უჩვენოთ, რომ გეგმა მოთხოვნილი კრედიტის დასაფარად აუცილებელ ფულად ნაკადებს წარმოშობს.

კომპანიებმა, რომლებიც სხვა კომპანიების შესაძენად ცდილობენ სესხის მიღებას (ან ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც ბიზნესის ყიდვა სურთ), სრულყოფილი გეგმა უნდა შეადგინონ, თუ როგორ ფიქრობენ ახალი კომპანიის წარმატებით გაძღოლას, რა საბაზრო შესაძლებლობები აქვთ და ვინ არიან მათი მთავარი კლიენტები.

ბიზნესგეგმა ბანკისა და თქვენი გუნდისთვისაა

ბიზნესგეგმა მხოლოდ კრედიტის მისაღები ოფიციალური დოკუმენტების შემადგენელი ნაწილი კი არა, სახელმძღვანელო უნდა იყოს კომპანიისთვის, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტებსა და იდეებს აუწყებს ხელმძღვანელ ჯგუფებს და თანამშრომლებს. მისი შედგენა მფლობელებს ბიზნესის მომავლის დაგეგმვისას მნიშვნელოვან დეტალებზე დაფიქრებაში დაეხმარება.

ძლიერი ბიზნესგეგმა რამდენიმე მთავარ ელემენტს უნდა მოიცავდეს. ეს ეხება როგორც განაცხადს კრედიტის გამოყოფაზე, რომელსაც მცირე ბიზნეს სესხების ადმინისტრაცია (SBA) უზრუნველყოფს, ისე ჩვეულებრივ კომერციულ კრედიტებს:

მსგავსი სტატია: როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

1. დეტალური პროგნოზები

ბანკები კრედიტს იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ დარწმუნდებიან, რომ თქვენს ბიზნესს საკმაო მოგება და ფულადი სახსრების მოდინება ექნება სესხის მომსახურებისთვის. გეგმაში ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული, როგორ შეასრულებს დასახულ გეგმებს კომპანია შემოსავლებისა და ხარჯთაღრიცხვის სფეროში; როგორ ფიქრობს წარმატების მიღწევას გრძელვადიან პერსპექტივაში და არა ორიოდე წელიწადის განმავლობაში. არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ "ჩვენი მომსახურების ან პროდუქტების მთლიანი ბაზარი $100 მილიონია და მისი 5 პროცენტის მიღებას ვფიქრობთ".

თქვენმა ბანკირმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ მიაღწევთ ამ მოგებას, საკვანძო ურთიერთობებიც უნდა აღწეროთ და ისიც, როგორ მოხდება მათი კონვერტირება კლიენტებში. ბიზნესგეგმაში სავარაუდო ოპერაციული ხარჯების საფუძვლიანი ანალიზი უნდა წარმოადგინოთ ეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გავლენის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ადგილობრივ ბაზარზე დაძაბულობაა, ამის შესახებაც უნდა განაცხადოთ (ეს თქვენს ბანკირს უკვე ეცოდინება) და ისიც განმარტოთ, თანამშრომლების დაქირავების როგორი გეგმა გაქვთ და რა გავლენას მოახდენს ეს სამუშაო ძალების ხარჯებზე კომპანიის ზრდისას. გეგმის რეალური არსი თქვენი საკვანძო ვარაუდების იდენტიფიცირება და გააზრებაა.

2. მარკეტინგული სტრატეგია

გეგმაში დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია. ბანკმა კაპიტალის დაბანდებამდე უნდა იცოდეს, როგორ გაყიდის კომპანია საკუთარ პროდუქტებს ან მომსახურებას, და რა კონკრეტულ შესაძლებლობებს გამოიყენებს. გეგმა შემდეგ შეკითხვებს უნდა პასუხობდეს: რა მოთხოვნაა კონკრეტულ ადგილას კომპანიის პროდუქტსა და მომსახურებაზე და როგორ უნდა მიიღოს მან ეს გზავნილი?

მსგავსი სტატია: როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

3. მენეჯმენტისა და საკუთრების გამოცდილება

სესხის გასაცემად ბანკი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კომპანიის მფლობელს კარგი გამოცდილება აქვს ბიზნესის სწორად საწარმოებლად. ეს არწმუნებს ბანკს, რომ პროგნოზები კარგადაა გათვლილი და გეგმების წარმატებით რეალიზება შესაძლებელია. სხვადასხვა ბიზნესის წარმოება სხვადასხვა უნარს მოითხოვს. მფლობელს, რომელსაც გრძელი რეზიუმე აქვს დიდი კომპანიის მენეჯერის პოსტზე, შესაძლოა იდეალური გამოცდილება არ ჰქონდეს რესტორნის გასახსნელად. თუ ბიზნესი დაბალრენტაბელურ სფეროშია და დიდი მოცულობისაა, ბანკებისთვის საიმედო იქნება მფლობელი, რომელიც ხარჯების მართვაში გამოცდილებას დაამტკიცებს. ბიზნესის შეძენისას მნიშვნელოვანია დეტალური ინფორმაციის წარდგენა მენეჯმენტზე გადასვლის გეგმის თაობაზე.

4. ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა, ადგილმდებარეობა

ბიზნესის ფიზიკური ადგილმდებარეობის პატარა დეტალები შესაძლოა უზომოდ მნიშვნელოვანი იყოს მისი წარმატებისთვის. თუ კაფეტერიის გახსნას გეგმავთ, თქვენი დაწესებულება ქუჩის იმ მხარეს უნდა მდებარეობდეს, სადაც ადამიანები დილაობით დადიან. თუ თქვენი ბიზნესი გზის პირას მდებარე რესტორანია, იგი ავტომანქანებისთვის ადვილად მისადგომი უნდა იყოს. ადგილმდებარეობა უზომოდ მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიისთვის, რომელიც რეპუტაციით იზიდავს კლიენტებს. თუ მაღალი კლასის სილამაზის სალონი გაქვთ, სავარაუდოდ არ ისურვებთ მის გახსნას სავაჭრო ცენტრის არცთუ პრესტიჟულ უბანში. ბიზნესგეგმაში კომპანიის ადგილმდებარეობა საჭიროა წინასწარ განისაზღვროს და იმაზეც იყოს ყურადღება გამახვილებული, თუ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ადგილმდებარეობა თქვენი ბიზნესმოდელის წარმატებას შეუწყობს ხელს.

არ დაივიწყოთ, რომ ინვესტორებისგან განსხვავებით, ბანკებისთვის პრიორიტეტი კაპიტალის დაბრუნებაა და არა მოგება კაპიტალიდან. აუცილებელი ფინანსების მოპოვების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება გეგმის სწორად შედგენით და სესხის დაფარვის ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირებით.

მსგავსი სტატია: სტარტაპისთვის კაპიტალის მოზიდვის საფუძვლები