Join our Waitlist for Expert Advice!

CodeMonkey Georgia - ქართულ ენაზე შექმნილი პროგრამირების შემსწავლელი კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CodeMonkey Georgia-ს იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ნიკოლოზ ხურცილავა საკუთარი შვილისთვის პროგრამირების შემსწავლელ, ადვილად გასაგებ კურსებს ეძებდა. ძიების შედეგად კი აღმოაჩინა პლატფორმა CodeMonkey, რომელიც მარტივად აღსაქმელ, თამაშებზე დაფუძნებულ სწავლის მეთოდს სთავაზობს სკოლის ასაკის ბავშვებს და შესაბამისად, აძლევს შესაძლებლობას, ადვილად აუღონ ალღო პროგრამირების შესწავლას. სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი ნიკოლოზ ხურცილავას, სწავლების ეს პლატფორმა ხელმისაწვდომი ქართველი ბავშვებისთვისაც გაეხადა.

CodeMonkey-ის პროგრამა ბავშვებს არა მხოლოდ პროგრამირებას, არამედ ანალიტიკურ, ლოგიკურ, კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებასაც უვითარებს. ბავშვები სწავლობენ როგორ შეხედონ პრობლემას სხვადასხვა კუთხით და როგორ გადაჭრან ის დამოუკიდებლად. უნიკალური პლატფორმის სასწავლო პროგრამები, რომლებიც 1-9 კლასის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი, მომხმარებლებს წუთობრივად გაწერილ სასწავლო გეგმას სთავაზობს.

"მირჩევდნენ, ამ წამოწყებისთვის თავი დამენებებინა. მეუბნებოდნენ, რომ არ გამოვიდოდა. მიუხედავად ამისა, მჯეროდა საკუთარი იდეის და არ დავნებებულვარრადგან ნათლად ვხედავდი, სად იყო საჭიროება და როგორ შემეძლო ამის მოგვარება. მივისწრაფოდი მხოლოდ ჩემი მიზნისკენ და ყველა სხვა დაბრკოლება უბრალოდ იყო შესაძლებლობა უფრო მეტი გამბედაობისა და სიმამაცის გასავითარებლად.

მჯერა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. დიდი სურვილი მაქვს, ქვეყნის ყველა სკოლის მოსწავლეს, საქართველოს ყველა კუთხეში, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი პლატფორმის საშუალებით ისწავლოს და განივითაროს ის უნარები, რომლებიც დაეხმარებათ უკეთესი მომავლის შექმნაში. CodeMonkey უკვე არსებობს 10 წელიწადზე მეტია და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ოპერირება დავიწყეთ სულ რამდენიმე თვეა და უკვე მოვახერხეთ რამდენიმე ათეული მასწავლებლის გადამზადება და სერტიფიცირება. წარმოდგენილი ვართ ოცდაათამდე სკოლაში და დაახლოებით 600 მოსწავლე უკვე სწავლობს ჩვენს პლატფორმაზე. CodeMonkey Georgia- გუნდმა გადავაქართულეთ საგაკვეთილო გეგმები, ვიდეოგაკვეთილები. ვატრენინგებთ მასწავლებლებს, ვატარებთ ვებინარებსა და სემინარებს", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნიკოლოზ ხურცილავა.

CodeMonkey Georgia-ს პირველი ოფიციალური სემინარი სკოლებთან მიმდინარე წლის სექტემბერში შედგა. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, მაშინ გეგმაში ჰქონდა, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 20 სკოლასთან უნდა დაემყარებინა თანამშრომლობა. იმ პერიოდისთვის ეს დიდ გამოწვევად ეჩვენებოდათ, თუმცა გუნდის აქტიურობამ, სკოლებში ვიზიტებმა, პრეზენტაციებმა და სემინარებმა, რომელიც ორ კომპანიასთან − "ექსპლორიუმთან" და "ტელნეტთან" ერთად განხორციელდა, შედეგიც გამოიღო. 3 თვის თავზე კი, CodeMonkey ოცდაათამდე სკოლასთან თანამშრომლობს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

"ინსპირაციას გვძენს რწმენა იმისა, რომ ვაკეთებთ საქმეს, რითაც წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მჯერა, რომ ქვეყნისა და ეკონომიკის პროგრესის წინაპირობა გაუმჯობესებული განათლებაა. ამ ინიციატივით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მომავალი თაობის განათლებაში და შესაბამისად, ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.

მჯერა, რომ განათლების სისტემა, რომელიც პასუხობს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, ბავშვებს ამზადებს გადალახონ პრობლემები რეალურ ცხოვრებაში. თუნდაც ერთ ბავშვს მაინც რომ მიეცეს საშუალება, ისწავლოს მეტი, განივითაროს თანამედროვე უნარები და შეიქმნას უკეთესი ცხოვრება, ჩავთვლით, რომ ჩვენს მისიას ნამდვილად ვემსახურებით", − განმარტავს CodeMonkey Georgia-ს დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და განვითარების ხედვას, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში CodeMonkey Georgia-ს გუნდს აქვს სურვილი, პლატფორმა წარმოდგენილი იყოს საქართველოს ყველა სკოლაში და ამ შესაძლებლობით მინიმუმ 5 000 სკოლის მოსწავლე სარგებლობდეს.


"ამჟამად რამდენიმე სკოლასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება. არაჩვეულებრივი ხალხიაგაოცებული ვარ, რამდენად მონდომებულნი არიან, ბავშვებს უკეთესი და თანამედროვე სწავლების პროგრამები შესთავაზონ. ჩვენი დიდი სურვილია, ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სკოლებთანაც. მათი ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია და მარტივად შევძლებთ პლატფორმის გაშვებას. მოსწავლეების უმეტესობა სწორედ საჯარო სკოლებში იღებს განათლებას და მათთან თანამშრომლობით პლატფორმაზე წვდომის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ქართველ სკოლის მოსწავლეს ექნება", − აღნიშნავს ანტრეპრენერი.

ნიკოლოზ ხურცილავას განმარტებით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ მთავარია გწამდეს საკუთარი იდეის და ეს მოგცემს ძალასა და ინსპირაციას, იდეა ბოლომდე განახორციელო. სწორედ ამას აკეთებს ანტრეპრენერიც − სხვების ნათქვამ "არ გამოვა"-ს საკუთარ მოტივაციად აქცევს, მყისიერად ცდილობს პრობლემის გადაჭრას და არ ნებდება მაშინაც კი, როდესაც ბიზნესიდეა კრახს განიცდის.

"ჩემი ხედვით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ცნობს საჭიროებას/პრობლემას და ხედავს ეფექტიან გზას, როგორ მოაგვაროს ის. აქვს იდეა და საკუთარი ინიციატივით იღებს პასუხისმგებლობასა და რისკს საკუთარ თავზე. პრობლემის მოგვარების გზას/ხედვას ისე გადმოსცემს, რომ ამ გზაზე მას სხვებიც უერთდებიან. აქვს ინოვაციური ხედვა, "დრაივი" და ძლიერი სურვილი, შექმნას ისეთი რამ, რასაც მისი სახელი დაერქმევა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარშემომყოფების ცხოვრებას", − აღნიშნავს ნიკოლოზ ხურცილავა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია