Get All Access for $5/mo

"ჩემთვის დაღლა ფსიქოლოგური მომენტია - თუ გადაწყვეტ, რომ არ იღლები, არ დაიღლები." - გიორგი ტუხაშვილი მუშკა ყანჩაველის ინტერვიუ გიორგი ტუხაშვილთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"რამდენიმე წლის წინ, გამორჩეული და საინტერესო თიბისელების შესახებ, არაერთი ბლოგის დაწერა მომიწია. გიორგი ტუხაშვილი იყო ერთ-ერთი. ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათიანი საუბრის განმავლობაში, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ჩვენი გაცნობა და სამსახურეობრივი შეხება სულ ეს რამდენიმე საათი გაგრძელდა, მაგრამ ამ პატარა დროში, მოვისმინე ისტორია, სადაც ყველა მომდევნო ამბავი ადასტურებდა, რომ ადამიანის შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა. სამწუხაროდ, ბლოგის ლინკი ვერ ვიპოვე, ამიტომ ასე ვაზიარებ 2020 წელს დაწერილ ტექსტს ადამიანზე, რომელიც ერთხელ მაინც თუ გყავდა ნანახი და მოსმენილი, ვეღარასოდეს დაგავიწყდებოდა." - მუშკა ყანჩაველი

***

თიბისელი გიორგი ტუხაშვილი

არც ერთ თიბისელთან საუბარი არ ყოფილა ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი - ადამიანის ფიზიოლოგიიდან დაწყებული, სხვადასხვა რელიგიის გავლით, სპორტის სახეობებით დამთავრებული, ყველაფერს შევეხეთ. უბრალოდ კი არ ინტერესდება, საფუძვლიანად სწავლობს ყველაფერს, რაც სამყაროს და ადამიანს უკავშირდება. ამიტომ, 31 წლის ასაკში, დღეღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავს, ყველაფერი რომ მოასწროს.

ექიმმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა მამამ, გიორგი ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ მაშინ აზიარა, როდესაც სხვადასხვა სახის ტექნიკა იშვიათობა იყო. საკუთარ სარდაფში ფირის ფოტოებს ერთად ამჟღავნებდნენ, წერა-კითხვამდე კი კომპიუტერთან ურთიერთობა ისწავლა. პირველი ტექნოლოგიური გამოცდილებები მომავალი პროფესიის - პროგრამირების საფუძველი გახდა.

"რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომ "აიტიშნიკები" უცნაურები ვართ. მე კიდევ პირიქით - შემოქმედის განცდა მქონდა პროგრამირებისას. არაფერი არ არსებობდა და მე ვქმნიდი ისეთ რაღაცას, რასაც შემდეგ სხვები იყენებდნენ და სარგებელი მოჰქონდა."

თიბისის და გიორგის ურთიერთობაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სამჯერ გახდა თიბისელი. თავიდან პროგრამისტად დაიწყო, მეორედ კომპანიის IT პროგრამების არქიტექტურის პროექტში ჩაერთო. 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ახალი როლის მორგება გადაწყვიტა - რამდენიმე მეგობართან ერთად საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ინვესტიცია მოიზიდა და იმ დროს, როდესაც ონლაინ სესხების ერთგავრი ბუმი იყო, პლატფორმა შექმნა.

"მსხვილი კომპანიის ყოველდღიურობაში ვერ აფასებ, რამდენად დიდი კომფორტია, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ადამიანი მუშაობს და მათი იმედი გაქვს. შენს საქმეში კი ყველაფერი შენ ხარ. სულ მიკვირს მათი, ვინც ამბობს, რომ რამდენიმე სტარტაპი აქვთ. 1 სტარტაპი მქონდა და კვირაში 6 დღე, დღეში 12 საათს ვმუშაობდი. შენს ბიზნესში დაცვის უკანასკნელი ხაზი ხარ - ყველა შენთან მოდის პრობლემით, შენ კი ვეღარავისთან."

საბანკო რეგულაციების გამო, 1 წლის შემდეგ გუნდმა ინვესტორებთან ერთად პლატფორმის საქმიანობის შეწყვეტა გადაწყვიტა.

"ასეთი დატვირთული რეჟიმის შემდეგ, უცებ ძალიან დიდი სიცარიელე გაჩნდა. მინდოდა მცოდნოდა, რომ ამ საქმის დასრულება ჩემი ბრალი არ იყო და რომ შესაბამის პირობებში ის წარმატებული იქნებოდა. ფინანსებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გამოცდილება და სწავლა იყო. ვთვლი, რომ ფული "by-product"-ია და არა ძირითადი. ფული ყოველთვის მოვა, თუ იმას აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს და რის გარეშეც არ შეგიძლა. აუცილებად დადგება მომენტი, როდესაც ამას ვიღაც დაგიფასებს."

ვებ-გვერდის დახურვის შემდეგ, უამრავი შემოთავაზებიდან ერთ-ერთი ისევ თიბისი და თიბისი კრედიტის პლატფორმის შექმნა იყო.

"ბევრს არ სჯეროდა ახალი პროექტის და ამტკიცებდა, რომ სესხის აღებისას ბანკის თანამშრომლისა და მომხარებლის პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელი იყო. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ. ასეც მოხდა - დღეს სწრაფი სესხების გაცემის 70% თიბისი კრედიტის პლატფორმაზე მოდის. როდესაც მიზანს მივაღწიეთ და უკვე დიდი რაოდენობით სესხი გაიცემოდა, რაღაცნაირად მოტივაცია დავკარგე. საქმე გზაზე იყო დაყენებული და გამოვიდა, რომ მხოლოდ ხელფასისთვის ვმუშაობდი. ზოგადად რეალიზებული მაშინ ვარ, სხვებს როცა ვეხმარები. როდესაც დემოტივირებული ვიყავი, გავიაზრე, რომ ბანკი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ მარტო მოგება კი არ ნახო, არამედ ხალხს დაეხმარო. უბრალოდ, მთავარია სწორად გვესმოდეს და ავუხსნათ მომხმარებლებს - რა შემთხვევაში და როდის არის ის ადამიანებისთვის სარგბელის მომტანი და არა პირიქით."

ცოტა ხნის წინ თიბისიში კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტი დაიწყო - ონლაინ იპოთეკების პლატფორმა, სადაც გიორგის როლი მთელი პროცესის მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებაა - სესხის პირობებიდან დაწყებული, ვებ-გვერდის ინტერფეისიდან და შინაარსით დამთავრებული.

პარალელურად ისევ სტარტაპერია. უცხოელი სტუმრების ქართული ღვინის სიყვარული ადგილზე დაგემოვნებითა და 2 ბოთლის თან წაღებით რომ არ დასრულდეს, Georgian Wine Finder-ის აპლიკაციით ერთმანეთთან ქართულ ღვინოს და ტურისტებს აკავშირებს. სხვადასხვა ბაზარზე მომწოდებლებთან პარტნიორობს. აპლიკაცია კი ფილტრებით კონკრეტულ ტურისტს მისი საცხოვრებელი ადგილისა და გემოვნური უპირატესობების მიხედვით, სწორედ იმ ღვინოებს სთავაზობს, რომლებიც მის ქვეყანაში მოიძებნება.

"სრინივასა რამანუჯანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მათემატიკური ანალიზის, რიცხვთა თეორიისა და უსასრულობების საკითხებში, იმის მიუხედავად, რომ ფორმალური განათლება არ ჰქონდა მათემატიკაში. მთელი დღეები მწკრივებზე ფიქრობდა, მაგრამ არავითარი შანსი არ ჰქონდა, რომ იმ დროს მისი იდეა და მიგნებები წარმატებული და აღიარებული გამხდარიყო. არც იმიტომ ფიქრობდა ამდენს, რომ ფინანსური სარგებელი ენახა. უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. სტარტაპი არ არის ბევრი ფულის შოვნისთვის. სტარტაპერობა არის იმისთვის, ვინც ძიების პროცესშია, ვისთვისაც რაღაც აკლია ამ სამყაროს და ხვდება, რომ ამ რაღაცის გარეშე ცხოვრება არ არის სრულყოფილი. არავინ იცის, იქნება თუ არა შენი იდეა წარმატებული, მისი აღიარება შეიძლება დროშიც დაგვიანდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა - შენ უბრალოდ ამ იდეის განხორციელების გარეშე არ შეგიძლია."

სწორედ სტარტაპერების მხარდასაჭერად, სულ ცოტა ხნის წინ, "სტარტაპ გრაინდის" რეგიონული ღონისძიების ფარგლებში, თბილისში, 1500 დელეგატი და 30 სპიკერი შეკრიბა. "სტარტაპ გრაინდი" ყველაზე დიდი ქსელია სტრატაპერებისთვის, გიორგი კი Startup Grind Tbilisi-ს დირექტორია. ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თვითონ გაიარეს გზა სტარტაპიდან წარმატებულ კომპანიამდე და ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიარეს: Glovo-ს თანადამფუძნებელი, Google for Startup-ის გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი, 500 Startups Fintech Fund-ის დამფუძნებელი, კომპანია Shift-ის დამფუძნებელი, რომელმაც გადატრილება მოახდინა მეორადი მანქანების ბიზნესში და კიდევ სხვა მრავალი კომპანიის შემქმნელი და ინვესტორი.

"12 წლის ასაკში რელიგიებით და ფილოსოფიით დავიწყე და მას მერე მუდმივად ვცდილობ, ტვინი მხოლოდ ერთ მიმართულებით არ განვითარდეს. ყველაფერი მაინტერესებს - ცხოველების კვებიდან დაწყებული, ეკოსისტემების განვითარებით დამთავრებული. იცი სად იბადება ინოვაცია? - როდესაც ორ საკითხს შორის, იმ კავშირს იპოვი, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი გეგონა. განვითარება სასიამოვნო პროცესი არაა. პირიქით, მიიწევ წინ და ხშირად საშინელ დისკომფორტსაც განიცდი. გინდა, რომ გაჩერდე, მაგრამ სწორედ ამ დროს არ უნდა გაჩერდე! ზუსტად ეს მომცა სპორტმა - დისკომფროტი შემაყვარა. ყოველთვის ვიცი, რომ ერთი ეტაპის შემდეგ, რაღაც ახალი მოდის და სწორედ ეს მაძლებინებს და მაჯერებს, რომ მეტი შემიძლია. ასეთ დროს ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე - კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი!"

კალათბურთი, ცურვა, წყალბურთი, გიმნასტიკა - სწავლის პარალელურად მუდმივად სპორტით იყო დაკავებული, რამაც პირველობისკენ სწრაფვა და არდანებება გამოუმუშავა. წყალბურთის პარალელურად, ყვინთვითაც დაინტერესდა და დღეს ამ მიმართულებით პროფესიონალის სერტიფიკატიც აქვს.

"სპორტი პირველ რიგში ნერვული სისტემის ვარჯიშია, ენერგია კი ტვინშია. დიდ ემოციურ დატვირთვას თუ გინდა გაუძლო, ამისთვის სხეული უნდა მოგყვებოდეს. სწორი კვება, მედიტაცია და ვარჯიში სწორედ იმისთვის მჭირდება, რომ ცხოვრებაში მუდმივ დატვირთვას და სტრესს გავუმკლავდე. კიდევ დარჩა რაღაცეები, რაც მაინტერსებს და ჯერ არ ამითვისებია. პროგრამირება იმდენად ლოგიკური პროცესია, რომ მივხვდი - ჩემი ტვინი ერთი მიმართულებით ვითარდებოდა. გადავწყვიტე რაღაც ისეთი მესწავლა, რაც ძალიან ლოგიკური არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, არაბული ენის სწავლა დავიწყე ჩემით. მინდა ჩინური ენის მანდარინის დიალექტიც ვისწავლო. ტონალური ენაა და ეს ურთულესი გამოწვევა იქნება ჩემთვის იმიტომ, რომ სმენა საერთოდ არ მაქვს. ცოლი რომ მოვიყვანე, მინდოდა განსაკუთრებული საჩუქარი გამეკეთებინა მისთვის. ვფიქრობ, რაც უფრო რთული გასაკეთებელია საჩუქარი, მით უფრო ძვირფასია ის, თუმცა აქ ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა სიმღერა. დავწერე, ძალიან ბევრი ვიმეცადინე და ვუმღერე. ზოგადად, ყოველთვის მინდა იმ თემას შევეჭიდო ხოლმე, რაც შორიდან დაუძლეველი მეჩვენება."

დროს არც სოციალურ ქსელებზე ხარჯავს. Facebook-ზე მხოლოდ დილას, ისიც 10 წუთით შედის. ტელეფონში აპლიკაციაც წაშლილი აქვს. მისთვის Facebook-ის ალტერნატივა Blinkist-ის აპლიკაციაა, სადაც სხვადასხვა სფეროზე წიგნების შემოკლებულ ვერსიებს კითხულობს.

"ჩემთვის დაღლა ფსიქოლოგური მომენტია - თუ გადაწყვეტ, რომ არ იღლები, არ დაიღლები. უბრალოდ უნდა იცოდე მომენტი - სად და როდის შეცვალო რაღაც. ამაში მედიტაცია მეხმარება, რომელიც აღმოსავლურ ფილოსოფიასთან ერთად ვისწავლე. ბევრისთვის სტრესულ გარემოში, მე არასოდეს ვღელავ, ვიცი ტვინის გათიშვა და იმიტომ. ვცდილობ ყველაფერი ავტომატურ ჩვევებში გადავიყავნო. მულტიტასკინგი ადამიანებს ფიზიკურად არ შეგვიძლია, ამიტომ ყოველთვის ერთ საკითხზე ვკონცენტრირდები - რა მაქვს ახლა გასაკეთებელი."

გიორგი 3 ქალიშვილის მამაა და მათთან ურთიერთობაშიც საკუთარი მიდგომები აქვს.

"ვცდილობ ბავშვებთან გატარებული დრო ხარისხიანი იყოს და არა ბევრი. მთავარია, ჩვენ გვქონდეს ურთიერთობა, რომლის დროსაც მათ ადამიანობას და სიყვარულს გავუზიარებ. ვასწავლი, რომ წარუმატებლობა ცუდი სულაც არ არის. პირიქით - ისაა ცუდია, თუკი დამარცხება არ გამოგიცდია - ეს ნიშნავს, რომ არაფერი ცადე. მინდა ვაჩვენო, რამდენად დიდი ღირებულება აქვს საქმეში თავდადებას. მინდა ესმოდეთ, რომ ნიჭიერს და ზარმაცს ყოველთვის აჯობებს ნაკლებად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი. ვცდილობ გავუჩინო ჯანსაღი, არამატერიალური ღირებულებები. განთლებასაც ასე ვუდგები - ჩემთვის მთავარი სულაც არაა გაკვეთილი ჩამაბარონ. ჩემთვის მთავარია ყოველთვის დასვან კითხვა - რატომ?"

არსებობს მიზეზი, რის გამოც ბევრი სხვა შემოთავაზების მიუხედავად, თიბისიში უკვე მესამედ დაბრუნდა, მესამედ წასვლაზე კი ჯერ არ უფიქრია.

"მიზეზი ადამიანებია. ჩემთვის ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი მუდმივად უმჯობესდება, ყოველთვის შეგიძლია შენი ინიციატივები განახორციელო, სადაც დაქვემდებარებულისა და უფროსის ზღვარი ხშირად პირობითიც კია. ყველას, ვინც საკუთარი გზის დასაწყისშია ვურჩევ ხშირად დაუსვან საკუთარ თავს კითხვა - რატომ? სკოლაში კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი, სახლში კი სულ მიმეორებდნენ, რომ ეს უბრალოდ დავალებების შერსულება იყო და არა სწავლა. სულ ვბრაზდებოდი და ვერ ვიგებდი, სხვას რას ითხოვდნენ ჩემგან. ნელ-ნელა მივხვდი, რომ სწავლა კითხვების დასმა და ფიქრია - რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ და საით მიდიხარ - სწორედ ამის გააზრებაა ყველაზე მნიშვნელოვანი."

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე