Emerging Europe – "ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის" - ასეთია ევროპული პრესტიჟული ანალიტიკური გამოცემის "Emerging Europe" - ის სტატიის სათაური, რომელიც საქართველოს ეკოსისტემას მიმოიხილავს. სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ კი მეორე ადგილზეა. ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიების დონე მოცემულ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ,,ქართული სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს გლობალურ პროექტებზე მუშაობა, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური გამოწვევების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები და სურთ დაიპყრონ მსოფლიო" - ვკითხულობთ ტექსტში.
სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე განხილულია GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოავლინა 20 გამარჯვებული სტარტაპი, თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.
საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ქართული სტარტაპების გლობალური წარმატების მიმოხილვისას ავტორი კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს. "Stack App - სტარტაპი, რომელიც ინტერნეტში მუშაობაზე წარმოდგენას მთლიანად ცვლის. გლობალური გაფართოების მიზნით კომპანიაში 850,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს 500 Startups -მა (აშშ) და უმსხვილესმა ჰოლანდიურმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital." - აღნიშნულია სტატიაში.