Get All Access for $5/mo

ინოვაციური ბიზნესპროექტები მწვანე მიმართულებით რა არის მწვანე ეკონომიკა?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CENN

"მწვანე", ეკომეგობრული, გარემოსათვის ნაკლები ზიანის მომტანი ბიზნესების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია მდგრადი განვითარებისათვის".

"მწვანე" ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ხელშესახები ბიზნესმოდელების განხორციელების საქმეში, საკუთარი წვლილი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-საც შეაქვს, რომელმაც "მწვანე ეკონომიკის სკოლის" ფარგლებში, სულ ახლახან სტუდენტთა ნაკადს უმასპინძლა. რა არის "მწვანე ეკონომიკის სკოლა"? − ეს არის ინიციატივა, რომელიც მეწარმეობით დაინტერესებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს ბიზნესიდეების გენერირებაში, დამუშავებაში და სახელმწიფო თუ საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან დაკავშირებაში ეხმარება. ინიციატივა უკვე მეორედ ტარდება, რომელიც მოიცავს რამდენიმედღიან ინტენსიურ მომზადებას და ბიზნესგეგმების განვითარებას. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა საკონკურსო ხასიათს ატარებს და სამი გამარჯვებული პროექტი უნდა გამოვლინდეს, თუმცა გარდა ამისა, თითოეული კონკურსანტი, უპირველეს ყოვლისა ვრცელ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას ეცნობა, მუშაობს ბიზნესის მოდელირებაზე და ა.შ.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ასოციაციამ "საქართველოს ტყის პროდუქტი", საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან და CENN-თან ერთად, მეწარმეობით დაინტერესებული საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ტრენინგების ციკლი გამართა. ტრენინგების სერიას მხარს უჭერს ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების სააგენტო და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. ასევე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის", რომელსაც საქართველოში CENN და KRDF, ხოლო სომხეთში Green Lane NGO ახორციელებს.

ამ პროექტის შედეგად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ითანამშრომლონ ტყის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან და მათთან ერთად მოამზადონ კონცეფციები ბიზნესგეგმებისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და ხელი შეუწყონ ტყის ეკონომიკის განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში. "მწვანე ეკონომიკის სკოლის" ფარგლებში, სტუდენტებმა იმუშავეს ექსპერტებთან და მენტორებთან ერთად სატყეო დარგში კერძო ინიციატივების განვითარების პროექტზე, გაეცნენ ტყის არამერქნული რესურსების პოტენციალს საქართველოში და შეისწავლეს ტყის პროდუქტების მდგრადი შეგროვების, წარმოებისა და მარკეტინგის საკითხები. მონაწილეები ასევე შეხვდნენ კერძო კომპანიებს და შეაფასეს ბიზნესში არსებული შესაძლებლობები კონკრეტული მაგალითების მიხედვით, გაცვალეს ინფორმაცია უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება საკონკურსო ბიზნესგეგმების შესამუშავებლად.

რა არის "მწვანე" ეკონომიკა?

ორიოდ სიტყვით, "მწვანე" ეკონომიკის კონცეფციაც რომ მიმოვიხილოთ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. ის ეკონომიკის სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. "მწვანე" ეკონომიკის განვითარება საქართველოში, ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. ეს მიმართულება ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას, სადაც ტყის არამერქნული რესურსების რაციონალურად გამოყენება უდიდეს როლს თამაშობს. გარდა ამისა, "მწვანე" ეკონომიკა დააჩქარებს სუფთა მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის განხორციელებას, მოიზიდავს "მწვანე" ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ასევე, შეაფერხებს გარემოს დეგრადირებას და ნატურალური რესურსების გამოფიტვას, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მომავალი თაობების კეთილდღეობას. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ტყის ახალი კოდექსი და არამერქნული პროდუქტების კომერციული გამოყენება სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცია, რაც ხელს უწყობს "მწვანე" ეკონომიკის დანერგვას საქართველოში.

"მწვანე ეკონომიკის სკოლის" პირველ დღეს, სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს, მათ შორის:

პავლე თვალიაშვილს, ფასილიტატორს და ბიზნესის განვითარების ექსპერტს;

ნინო წილოსანს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს;

ლუს ლამერტსს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილეს;

კარლო ამირგულაშვილს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს;

გიორგი გუჯარიძეს, ასოციაცია "საქართველოს ტყის პროდუქტის" დირექტორს;

რეზო გეთიაშვილს, CENN-ის პროექტების მენეჯერს.

პირველსავე დღეს, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიომასის პოტენციალის შესახებ საქართველოში, ტყითსარგებლობასა და ტყის მდგრადი განვითარების საკითხებზე, ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე ცირკულარულ ეკონომიკაში, რა დროსაც, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" მეწარმეობის პროგრამების მენეჯერმა, თეო ბაბუნაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა და როგორ წარვადგინოთ შეფასების პროცედურული საკითხები. საღამოს ლექცია კი, საქართველოში ეკოტურიზმის პოტენციალსა და მის შესაძლებლობებს დაეთმო.

"იმის გამო, რომ მე პარლამენტსა და კომიტეტს წარმოვადგენ, ეს გარკვეული წლების განმავლობაში გვიქმნიდა განცდას, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო საქმით უნდა დავკავებულიყავით და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში უფრო მინიმალისტურად ვყოფილიყავით წარმოდგენილნი, მაგრამ პარლამენტისა და კომიტეტის მუშაობის ძირითადი დატვირთვიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მუშაობა ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური და ორმხრივი. ერთი მხრივ, ჩვენ მონაწილეებისგან ვიღებთ იდეებს, რომლებიც აუცილებლად იქნება მომავალში გამოყენებული და მეორე მხრივ, მონაწილეები იღებენ იმ რესურსს, რომელიც ამ ეტაპზე სჭირდებათ. ამ პროექტის განხორციელების იდეა იყო, რომ სწორად აღმოგვეჩინა ახალ თაობაში ისეთი გამორჩეული იდეის ადამიანები, რომლებიც ბიზნესის, სახელმწიფოს, ჩვენი ტრენინგების დახმარებით, შეძლებდნენ იდეების განხორციელებას", − აცხადებს ნინო წილოსანი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე.

"ბედნიერი ვარ, რომ აქ ყოფნისა და ქართველი სტუდენტების ახალი თაობის გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. მადლობა CENN-ს და ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომ ინიციატივა გამოიჩინეთ, დაგვიკავშირდით და ნიდერლანდების საელჩო თქვენ გვერდითაა. მთავარი ისაა, რომ სტუდენტებს აქვთ ძალა, იმუშაონ ახალ პროექტებზე და კერძო სექტორისგან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ისწავლონ. ვიმედოვნებ, მონაწილეები ამ პროექტიდან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და ექნებათ შესაძლებლობა, გამოიმუშაონ ანტრეპრენერული უნარები. საქართველოს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს რეალობა და მისცეს ახალგაზრდებს შანსი, განავითარონ საკუთარი იდეები და შექმნან უნიკალური პროდუქტები", − საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე.

Entrepreneur "მწვანე ეკონომიკის სკოლის" სტუდენტებსაც ესაუბრა, რომლებმაც თავიანთ ბიზნესპროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ გვიამბეს.

ეკოტურიზმი, ნინო ხაზიური

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ნინო ხაზიური, 20 წლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გურჯაანის რაიონიდან, რომლის ოჯახი სოფელ ახაშენში საოჯახო ტიპის სასტუმროს მართავს და ტურისტებისათვის გასტრონომიულ მასტერკლასებს ატარებს. ნინოს იდეა ინოვაციური ტურისტული სერვისის შექმნაში მდგომარეობს, რის შესახებაც იგი თავად გვიამბობს:

"პროექტის ფარგლებში, დავესწარი ტრენინგ-კურსს და ჩამოვაყალიბე ბიზნესიდეა, რომელიც გულისხმობს ჩემი საოჯახო სასტუმროს სიახლოვეს, კონკრეტულად − ისტორიულ სოფელ ჭერემში, "სამეფო განძის მაძიებელთა ექსპედიციის" ორგანიზებას. ეს იქნება ერთგვარი სათავგადასავლო, ეკოტურისტული აქტივობა, რომლის მონაწილეებიც ტყეში საგანგებოდ მოწყობილ 20კმ-იან ბილიკზე, ხელოვნურად ჩაფლული განძის ძიების პროცესში ჩაერთვებიან. მთელ პერიმეტრზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი მინიშნებები, დასასვენებელი და საკემპინგო სივრცეები. პროექტის იდეა უკავშირდება ადგილობრივ ლეგენდას, რომლის თანახმად, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის პერიოდში, ამ სოფლის სიახლოვეს დიდძალი განძი დამარხეს. საბჭოთა მმართველობის დროს ექსპედიციებიც კი ტარდებოდა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ეს გახდა განძის მაძიებელთა ხელოვნური სიმულაციის შექმნის ინსპირაცია. აქტივობა გათვლილი იქნება როგორც ტურისტებზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზეც, რომლებიც ბიომრავალფეროვნებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით არიან დაინტერესებული. საბოლოო იდეაზე, პროექტში მონაწილეობის დროს შევჯერდი. ვინაიდან პროფესიით იურისტი ვარ, სოფლად მეწარმეობის განვითარების, აგრონომიისა და ტყის არამერქნული რესურსების გამოყენების შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობდი. ტრენინგ-კურსის დახმარებით კი, მოგვეცა შესაძლებლობა ახლოს გავცნობოდით ამ სფეროებს, გვქონოდა კომუნიკაცია მეწარმეებთან, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს, და მიგვეღო თეორიული, პრაქტიკული ცოდნა. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, 9 მონაწილეს შორის იდეები პრაქტიკულად არ გადაკვეთილა, მრავალფეროვნებაა და მაღალი ხარისხის პროექტებია წარმოდგენილი. შესაბამისად, ვეცადე ტრენინგების მსვლელობისას მიღებული ინფორმაცია მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი პროექტის დასახვეწად".

ეკოსკოლა, რიტა ყუფურია

"მწვანე ეკონომიკის სკოლის" მონაწილე რიტა ყუფურია, წარმოშობით მარტვილის რაიონიდანაა, თუმცა ამჟამად იგი თბილისში ცხოვრობს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე სწავლობს. რიტა დასაქმებულია კომპანია "აგროდეველოპერში", სადაც ბაღის სარწყავი სისტემების დიზაინზე მუშაობს. როგორც თავად აღნიშნა, იგი საკუთარ იდეაზე უკვე რამდენიმე წელია ფიქრობს, თუმცა აქამდე მისი წარდგენისა და ბიზნესპროექტად ფორმირების შესაძლებლობა არ მისცემია. მას სურს საკუთარ რაიონში ეკოსკოლის დაარსება, სადაც მოსწავლეები ეკოლოგიის, გარემოს დაცვის, მცენარეთა მოვლისა და მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას და პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთვებიან.

"პროექტის შესახებ ჩემი უნივერსიტეტის სოციალური ქსელის გვერდზე გაზიარებული ინფორმაციის მეშვეობით შევიტყვე. მსგავს პროექტებში ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემი იდეის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობით ახლაც დავინტერესდი. როდესაც მოსწავლე გახლდით, ერთ-ერთ ასეთ პროექტში მონაწილეობამ მიბიძგა იმისკენ, რომ ჩემი ჰობი პროფესიად მექცია და სწორი ორიენტირი მიმეღო. ამიტომ, ვფიქრობ, რაიონში სკოლის მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შანსი სხვადასხვა პროფესიას უფრო ახლოს გაეცნონ, სიმღერის, ცეკვისა და სპორტის წრეების გარდა, სხვა მათთვის საინტერესო სფეროს ეზიარონ და საკუთარ მომავალზე დაფიქრდნენ", − აცხადებს რიტა ყუფურია, − "აქ მოხვედრამ, გარდა იმისა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები გამაცნო, მიმახვედრა, რომ თურმე შესაძლებელია იდეა რეალობად აქციო და ამისათვის უამრავი ხელშემწყობი პროექტი არსებობს. ჩემი პროექტის მიზნობრივი შედეგია, რომ რაიონისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნას, ახალგაზრდებისათვის ეკო-კუთხით. გარკვეული გამოცდილებაც მაქვს მასწავლებლობის სფეროში − 2 წელი ვმუშაობდი სკოლაში და ეს პროფესია, ჩემს არსებულ პროფესიასთან ერთად, ვფიქრობ მნიშვნელოვანი შედეგის მომცემი იქნება"

ბუნებრივი პროდუქტებისგან დამზადებული საღებავები, ნიკა სულაკაური

Entrepreneur კიდევ ერთ მონაწილეს, 26 წლის ნიკა სულაკაურს გაესაუბრა, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად, თბილისის მწვანე სკოლაში, 5-6 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებას ასწავლის. ნიკას ბიზნესპროექტი ნატურალური, ბუნებრივი პროდუქტებისაგან საღებავების წარმოებას ეხება. როგორც თავად აღნიშნა, მისი ოჯახის წევრთაგან უმეტესობა ხელოვნებასთან საკმაოდ ახლო კავშირშია. მათ შორის არიან მხატვრები, ფერმწერები, არტისტები, ხოლო ბიძამისი ხატმწერია, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში ხშირად იყენებს ბუნებრივ საღებავს.

"ვეცადე კარგად შემესწავლა ეს საკითხი და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დავადგინე. უპირველეს ყოვლისა, ნატურალური საღებავების წარმოება საქართველოში ძალიან შეზღუდული რაოდენობით ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ბუნებრივი რესურსი გვაქვს. მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი ის იყო, რომ გლობალურ ბაზარზეც საკმაოდ დიდია მსგავს საღებავებზე მოთხოვნა. 2017 წელს 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა ეს ინდუსტრია გლობალურად და ყოველ წელს 4,8%-იანი წლიური საშუალო ზრდა აქვს. გარდა ამისა, ქიმიური საღებავები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებსა და მინარევებს, რომლებიც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ხოლო ბუნებრივ საღებავს მსგავსი შემადგენლობა არ აქვს, ნატურალურია და ტექნიკური თვისებებითაც ბევრად აღემატება ხელოვნურ ანალოგებს", − გვიამბობს ნიკა სულაკაური − "რესურსი, რომელიც ჩემი სანაცნობო წრის სახით მაქვს, მსურს მაქსიმალურად ჩავრთო პროდუქტის ბაზარზე გატანის საქმეში. ცხადია, წარმოება უამრავ ნიუანსთანაა დაკავშირებული, თუმცა პროექტის მსვლელობის განმავლობაში ვეცდები რაც შეიძლება მეტი დეტალი დავადგინო. ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა გამარჯვების სურვილით არ ყოფილა განპირობებული. ჩემთვის მთავარი მოტივაცია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვაა, ხოლო "მწვანე ეკონომიკის სკოლა" იდეალური ადგილი იყო ამ მიმართულებით საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ერთობლივი ძალისხმევით ღირებული პროექტების კეთებისთვის და თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროექტს, მენტორებისა და ფასილიტატორებისგან მიღებული რჩევები ძალიან წამადგება. ტრენერებისგან საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია იყო მოწოდებული, ბიზნესის დაგეგმვის, პროექტის მომზადების და სხვა საკითხების შესახებ, რაც მომავალ საქმიანობაში აუცილებლად დაგვჭირდება".

Freeze Tea

რაც შეეხება "მწვანე ეკონომიკის სკოლის" პირველი ნაკადის შედეგებს, ასევე, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ამის შესახებ CENN-ის წარმომადგენელი, გიორგი კავთელაძე გვესაუბრა:

"მწვანე ეკონომიკის სკოლის" პროექტი პირველად 2019 წელს ჩატარდა და საკმაოდ ხელშესახები შედეგები გვაჩვენა. პროექტის პირველი გამარჯვებული, გაყინული მცენარეების ჩაი Freeze Tea გახდა, რომლის რეალიზება უკვე ხდება ქართულ ბაზარზე, ხოლო რამდენიმე კვირის წინ გაიმართა მისი დეგუსტაცია ჰიპერმარკეტ "გუდვილში". ეს ბრენდი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის ბაზარზე გასასვლელადაც და მაქსიმალურად ითვისებს ადგილობრივ პოტენციალსაც. ასევე, გვსურს აღვნიშნოთ ასოციაცია "ტყის პროდუქტი", რომელიც ამჟამინდელი პროგრამის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია. ამ ასოციაციის შექმნის იდეა სწორედ პირველი სკოლის ფარგლებში ჩაისახა და ის უკვე აერთიანებს საკმაოდ დიდ კომპანიებს, რომლებიც ტყის პროდუქტებს იყენებენ თავიანთ წარმოებაში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საკმაოდ დადებითი და პოზიტიური შედეგი იქნა მიღწეული "მწვანე" ეკონომიკის უკვე განვითარებული პროგრამების ფარგლებში. შესაბამისად, იგეგმება ამ პროგრამების გაგრძელება და ფართო მასშტაბებზე გასვლა. მათ შორის, რეგიონულ დონეზე შესვლაც. ამის კარგი მაგალითია ახმეტის რაიონი, სადაც უკვე რამდენიმე კვირაში დასრულდება პირველი საკონკურსო ფაზა. იქ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკის საკითხებზე. ასევე, "მწვანე ეკონომიკის სკოლა" ახმეტაში ხორციელდება GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით და სამომავლოდაც გაგრძელდება რეგიონულ დონეზე დანერგვა პროგრამების, სადაც ჩაერთვებიან ადგილობრივი სკოლები და საკმაოდ დიდ სარგებელს მიიღებენ − როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ისე თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი