კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სტარტაპი Tlancer GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპი - Tlancer - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
სტარტაპის დამფუძნებლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები: საბა ასლამაზიშვილი, ნიკა მეტრეველი და ნიკა სუარიშვილი არიან.
Tlancer არის მასწავლებლებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი ციფრული საგანმანათლებლო სივრცე, რომლის მიზანია ამ ორი ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება მათზე მორგებული ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. მომხმარებელი მარტივად უთითებს თავის ინტერესებს საძიებო სისტემის შესაბამის ველში, რის მიხედვითაც პროგრამა სთავაზობს კერძო მასწავლებლების ჩამონათვალს მისთვის საინტერესო დარგში.
საბა ასლამაზიშვილი, რომელიც არის Tlancer-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO), აღნიშნავს:
"ყოველთვის იყო მასწავლებლების მოძიების, კომპეტენტურობის დონის დადგენისა და შემდგომში მათთან დაკავშირების პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახებოდა მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე. შესაბამისად გაგვიჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება შეერჩიათ საუკეთესო მასწავლებლები.
კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ, მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი CU-ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საქმიანობას. დაახლოებით, 1 წლის წინ, ცენტრთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, შევქმენით გუნდი და შევუდექით იდეის განხორციელებას. პროტოტიპის განვითარებამ მალევე გაგვიხსნა ბაზარზე შესვლის გზა. დამატებით, ვმონაწილეობთ CU-ის პრეაქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ში, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეღრმავებინა ცოდნა საჭირო მიმართულებებით, გაგვეცნო პრაქტიკოსი მენტორები და მათგან ღირებული რჩევები მიგვეღო."
სამომავლოდ პროექტი მიზნად ისახავს, განავითაროს გლობალური მასშტაბის ულიმიტო საგანმანათლებლო სივრცე მოტივირებული ადამიანებისთვის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ კომპეტენტური კერძო მასწავლებლები და გაიარონ მათთვის საჭირო და საინტერესო კურსები დისტანციურად.
ამასთან, Tlancer კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრეაქსელერაციის 10-კვირიანი პროგრამის CUnicorn-ის მონაწილეა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ CU-ს სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად. უპირატესობა ენიჭებათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც ავლენენ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალს.