ლევან შალამბერიძე - ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო მასშტაბით სტარტაპ-ინდუსტრია დღითი დღე ვითარდება და გამონაკლისს რა თქმა უნდა არც საქართველო წარმოადგენს. ტექნოლოგიური ეკოსისტემითა და ახალგაზრდა მეწარმეების მზარდი რაოდენობით, სტარტაპების აქტივობის ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით პერსპექტიულია. აღნიშნული მიზეზების მთავარი მამოტივირებელი კი, რა თქმა უნდა ინვესტორები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო დაფინანსებას და მენტორობას, რათა დაეხმარონ სტარტაპების ზრდასა და წარმატებას.
"საქართველოს ბანკი" კი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც უკვე წლებია რაც აქტიურად უჭერს მხარს ქართულ ბაზარზე სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას. სწორედ ამ მიზეზით, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, ამ ყველაფრის შედეგად კი 6 აპრილს "რესპუბლიკაში" "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს − ლევან შალამბერიძეს Startup Grind უმასპინძლებს.
ლევან შალამბერიძეს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განხორციელებული აქვს 1 000 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები. ის ძირითად აქცენტს ფინტეკზე ამახვილებს, თუმცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მან სადაზღვევო ტექნოლოგიების მიმართულებასაც გაუხსნა გზა.
ქართველი ინვესტორი ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გლობალური ინვესტიციების შესახებ საკუთარ ცოდნას გაუზიარებს, რომელიც მან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით მიიღო. მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა გეგმები აქვს ლევანს Startup Grind-ზე და ზოგადად, ქართულ ფინტეკ-ეკოსისტემის განვითარებაზე, მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ.
გვიამბეთ, როგორ იწყება თქვენი ისტორია ფინტეკ-ინდუსტრიაში მოხვედრამდე.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, განათლებით ფიზიკოსი ვარ, თუმცა მოგეხსენებათ, საქართველოში რთული 1990-იანი წლები გამო, გადავწყვიტე სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. დიდი ხნის შრომისა და დატვირთვის შემდეგ, გავხდი პირველი ქართველი, რომელიც ლონდონის ბიზნესსკოლაში ჩაირიცხა. მას შემდეგ IFC-ში (International Finance Corporation) დავიწყე მუშაობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის კი სინგაპურში Equity პროექტებს ვხელმძღვანელობ ფინტეკისა და საფინანსო სექტორის მიმართულებით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩემი ხელმძღვანელობით IFC-ის 70-ზე მეტი ინვესტიცია აქვს მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული, მათ შორის ბრაზილიიდან დაწყებული სინგაპურამდე დასრულებული. მათ შორის ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილია ახალი საინვესტიციო ვერტიკალი Insurance tech, რომლის შედეგად ინვესტიცია 10 ტექკომპანიაში განვახორციელეთ.
რომელ კომპანიებს გამოარჩევდით მილიარდიანი ფინტეკ-მოლაპარაკებებიდან?
პირველი, რაც მახსენდება, ეს სან ფრანცისკოში დაფუძნებული Branch International-ია. იგი აქტიურად მუშაობს ინდოეთში, კენიაში, ტანზანიასა და ნიგერიაში. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს მიკროფინანსების ციფრულ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც საბანკო სერვისებს ერთ აპლიკაციაში აერთიანებს. გამოვარჩევდი ასევე ერთ-ერთ ე.წ. Merchant cash advance ტიპის კომპანია AwanTunai-ს, რომლის დაფინანსებას ახლა ვგეგმავთ. იგი Digitalizing supply chain სერვისის მქონე სტარტაპია. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტეთ აღნიშნულ კომპანიაში ინვესტიცია, ის იყო, რომ სამწუხაროდ მსგავსი ტიპის კომპანიების გასავითარებლად ბანკები ძირითადად არ გასცემენ სესხებს მათი მცირე ზომის გამო.
რა თემაზე გეგმავთ გაამახვილოთ ყურადღება Startup Grind კონფერენციაზე?
6 აპრილს ჩანიშნულ Startup Grind კონფერენციაზე ჩემი მოვალეობა იქნება დამსწრე საზოგადოებას გავუზიარო მრავალწლიანი გამოცდილება ფინტეკ-ინდუსტრიის სფეროში. ასევე, გავაცნო როგორი სტილის ბიზნესმოდელები არსებობს ფინტეკის კუთხით და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ მხრივ საქართველოს რეგიონში. როგორც ყველასთვის ცნობილია, კონფერენციას დაესწრებიან ადგილობრივი სტარტაპებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ამიტომ ძირითადად ორიენტირებული ვიქნები, კონფერენცია ღია დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს. კონფერენციაზე ასევე განვიხილავთ საქართველოს, როგორც მომავლის ფინტეკ-ჰაბის მოდელს, რომლის რეალობაში განსახორციელებლად დღეს ეროვნული ბანკიც მზადაა.
როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ IFC ქართული სტარტაპების ბაზრით დაინტერესდეს?
წინასწარ არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა უპირველესად, როდესაც IFC ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, დიდ ყურადღებას კომპანიის დამფუძნებელზე ვამახვილებთ, გამოცდილებისა და მიზანდასახულობის კუთხით. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე დაფუძნებული კომპანია არ გეგმავს რეგიონულ ბაზარზე გასვლას, რთულია რაიმე შესაძლებლობა გამოინახოს, რომ IFC-ის სახით მსხვილმა ორგანიზაციამ ინვესტიცია განახორციელოს მსგავსი ტიპის კომპანიებში. თუმცა გაფართოების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მათით შესაძლოა IFC დაინტერესდეს.
რა რჩევას გაუზიარებდით დამწყებ სტარტაპერებსა და ანტრეპრენერებს?
ყველასთვის ცნობილია, რომ სტარტაპის დაფუძნება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და მისი შექმნა დღესდღეობით მარტივია, თუმცა მთავარი გამოწვევა სტარტაპის განვითარებაა, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მაინც ნაკლებადაა დაფუძნებული სარისკო კაპიტალის ფონდები, სახელმწიფო ცდილობს გარკვეულ დონეზე ხელი შეუწყოს ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და ზრდას. რჩევა, რომელიც შეიძლება მივცე დამწყებ სტარტაპერებს, არის ის, რომ თუ მართლაც დარწმუნებული არიან საკუთარ იდეაში და აქვთ შესაბამისი გამოცდილებაც, აუცილებელია მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ თანხების მოზიდვას − როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე. განსაკუთრებით კი ვურჩევდი ყურადღება გაამახვილონ აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთზე, რადგან მთავარ ეკონომიკურ ზრდის ცენტრს სწორედ დღეს ეს რეგიონები წარმოადგენენ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საპილოტე პროგრამის გაშვების მხრივ ქართული ბაზარი სხვა, უკვე განვითარებული ქვეყნების ბაზრისგან განსხვავებით, საკმაოდ მომხიბვლელია. ნიშანდობლივია ასევე ისიც, რომ თუ მსოფლიო მასშტაბით შევადარებთ ადგილობრივ საბანკო სექტორებს, ამ მხრივ გლობალურ ბაზარს საქართველო ნამდვილად არ ჩამორჩება.
ცნობისთვის, Startup Grind-ის ინიციატივით წლების განმავლობაში თბილისმა ისეთ გამოცდილ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებს უმასპინძლა, როგორებიც არიან ბილ რეიჩერტი, მარვინ ლიაო, შილ მოჰტონი და სხვები. ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება, რეგისტრაციის გავლას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://go.bog.ge/3U5O1ld
"საქართველოს ბანკთან" ერთად ღონისძიების პარტნიორები არიან: Nexia TA, Entrepreneur, MediaLab, Dev.ge.