Join our Waitlist for Expert Advice!

''საქართველოს ბანკი ჩემნაირ, ძალიან ჩვეულებრივ გოგონებს, არაჩვეულებრივი გამოცდილებისკენ უხსნის გზას'', - ანანო გაბუნია, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მე ანანო ვარ, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული, რომელიც აგერ უკვე მეოთხე წელია რაც კრეატიულ სფეროში თავითაა გადაშვებული და სულ ცოტა ხანში "ცურვას" Miami Ad School-ში, ქოფირაითინგის მიმართულებით განაგრძობს.

ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ერთად ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი და ერთმანეთს ძალიან ჩვეულებრივ, ძალიან ჩვენს ამბებს ვუცვლიდით. მალევე, ამ ჩვეულებრივობაში უცნაური შარიშური შევამჩნიე. აი, ერთ-ერთმა უცებ ვიდეოს გადაღება რომ დაიწყო, მანდ მივხვდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა, თუმცა ჯერ ის ვერ დამედგინა − ვის თავს. მალევე, ფერად-ფერადი ბუშტები გამოჩნდა და მოლოცვების კორიანტელიც დამატყდა თავს… შარიშურიც ასეთი უნდა!

ამის მერე ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შინ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით და გაბადრული ღიმილით დავბრუნდი.

ნიკას ტრაგიკული ამბავი ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ კრეატიულ სამყაროში ჯერ ფეხიც არ მქონდა ადგმული, სულ რამდენიმე კვირის მისული ვიყავი. ახალი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა და ყველას "მოგვხვდა", არავისთვის აუვლია გვერდი.

ემოცია, რომელიც მაშინ ერთად განვიცადეთ, ნაცრისფრად არ დალექილა და დღეს, "საქართველოს ბანკის" მეშვეობით, უზარმაზარ შესაძლებლობად იქცა. შესაძლებლობად, რომელიც ჩემნაირ ძალიან ჩვეულებრივ გოგონებს არაჩვეულებრივი გამოცდილებისკენ უხსნის გზას.

კრეატიული სფერო განსაკუთრებით დინამიკური, ცვალებადი და ცოცხალი სამყაროა. აქ წამითაც არ უნდა გაჩერდე, ყოველთვის უნდა სწავლობდე, სიახლეებს ეძებდე და შეცდომების არ გეშინოდეს. აქ დრო საათებით კი არა, იდეებით იზომება. დღეს რასაც ფიქრობ, შესაძლოა გუშინ უკვე გააკეთა სხვამ ან ხვალ იწყებდეს კეთებას.

Miami Ad School Europe კი ზუსტად ის ადგილია, სადაც თავს კრეატიული დუღილის ეპიცენტრში გრძნობ. იცნობ ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტური სიგიჟეები უკეთებიათ და შენც, მათ გვერდით, მეტისა და მეტის კეთება გინდება (ამ ამბებს ჯერჯერობით "ნაცნობ ჩიტებს" ვესესხები, მანამ ცხელი წერტილიდან თავად ჩაგერთვებოდეთ).

ძალიან იშვიათი, თუმცა საუკეთესო რამაა, როცა ზუსტად იცი, რა გინდა − იპოვე საქმე, რომლის კეთებაც გაგრძნობინებს, რომ ცხოვრების არცერთ წამს მუშაობაში არ გაატარებ. გსურს მთლიანად გადაეშვა შენს სფეროში, რაც შეიძლება მეტი ისწავლო, მეტად გაიზარდო − ვერაფერი შეგაჩერებს! მაგრამ ცხოვრება ხომ საინტერესო უნდა იყოს და შენც, დრამატურგიის წესების თანახმად, უზარმაზარ წინაღობებს ეჩეხები, რომელთაც ერთი სული აქვთ თვალებში ანთებული ნაპერწკლები ჩაგიქრონ.

ამიტომაა ფასდაუდებელი ძალისხმევა, რომელსაც "საქართველოს ბანკი" დღეს განათლების სფეროს მხარდაჭერაში აბანდებს − უფრო და უფრო მეტი თვალანთებული პროფესიონალი რომ გვყავდეს და თითოეულის ამბის სცენარიც ახდენილი ოცნებების ფაბულას წაუყვეს.

პირადად ჩემთვის, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდია საუკეთესო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა თავს გადამხდენოდა და დარწმუნებული ვარ, "საქართველოს ბანკთან" ერთად, კიდევ ძალიან ბევრი ჩემნაირი შეძლებს საოცნებო განათლების მიღებას და დასახული მიზნებისკენ სვლას.

ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული − ანანო გაბუნია ბერლინში, Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და "საქართველოს ბანკის" თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. Miami Ad School Europe ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. MASE-ის პორტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას − Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია